კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე მოუწია ნინა სუბლატს საკუთარი ნებით უარის თქმა და რისი პრობლემა აქვს მის მეუღლეს

„X ფაქტორის“ ჟიურის წევრი, მომღერალი ნინა სუბლატი, პროექტის პარალელურად, მეუღლესთან, მუსიკოს გიორგი შამანაურთან ერთად, ალბომზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ კი მათ ერთობლივი, ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელეს, რომელიც ორივესთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ნინა სუბლატი: პრინციპში, ველოდი რომ ნინა დატოვებდა პროექტს. კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება მაქვს; გარდა ამისა, დიდი ხანია, ვადევნებ თვალს და კარგად ვიცი, უფრო მეტად როგორ ტიპაჟებს გულშემატკივრობს მაყურებელი. როდესაც ბავშვების გუნდი გყავს, რთულია, რომ როგორც კონკურსანტმა, მან ნახევარი კონკურსის განმავლობაში მაინც გასტანოს. თუმცა, ნინას შემთხვევაში, გარკვეულწილად დარწმუნებული ვიყავი, რომ უფრო დიდხანს გასტანდა, გამოცდილიც იყო რაღაც საკითხებში, ექსპრესიულიც იყო და საინტერესო ტიპაჟიც.
– რას ითვალისწინებდი შენს გუნდთან მუშაობისას?
– ნინას შემთხვევაში, ის ყოველთვის თავისუფალი იყო. ჩვენ ერთად ვარჩევდით სიმღერას, შესრულების დროსაც, ძირითადად მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე მივუთითებდი, რომ უკეთესად შეესრულებინა ვოკალურად, რადგან, ვფიქრობ, რომ არტისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა და, შესაბამისად, სრული თავისუფლება ჰქონდა ნებისმიერ დეტალში.
– აზარტი ხომ არ დაკარგე, კონკურსანტის გარეშე რომ დარჩი?
– არ დამიკარგავს. ისევ საინტერესოა „X ფაქტორი“ ჩემთვის, რადგან ძალიან ნიჭიერი ადამიანები დარჩნენ. ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის და, ასევე, მარტოდ დარჩენილი მენტორისთვის, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. გარკვეულწილად უფრო აზარტულიც არის, რადგან, როცა ნინასთან მიწევდა მუშაობა, ყოველდღე დავდიოდი „რუსთავი 2-ში“, ვრეპეტიციობდით და ვხედავდი, ვინ რას როგორ მღეროდა. ახლა მომიწევს, პირდაპირ ორშაბათს მოვუსმინო მათ და, შესაბამისად, ეს უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის.
– ჟიურის წევრობა, ალბათ, გარკვეულწილად, სტრესია შენისთანა ადამიანისთვის.
– გარკვეულწილად არა, ყველაზე დიდი სტრესია, რაც ცხოვრებაში მიმიღია. საკუთარ თავზე არასდროს ვნერვიულობ, მაგრამ, როცა სხვასთან ვმუშაობ, უფრო განვიცდი. ცუდსაც ცუდს რომ ეუბნები, ესეც სტრესია.
– ჟიურის წევრებს შორის ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული ხარ, ზედმეტს არაფერს ამბობ.
– ალბათ, ეს ყველაფერი ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე ხდება. ცხოვრებაშიც გაწონასწორებული ვარ. როდესაც დამწყები არტისტი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია, რას და როგორ გეუბნებიან ის ადამიანები, ვინც შენთან მუშაობენ. ხშირად ხდება, რომ ადამიანს გულში რჩება წყენა და, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ვინმეს გულში ტკივილად დარჩეს ის, რასაც მე ვეტყვი. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, თავს ვიკავებ – ყველანაირად ვცდილობ, ამას თავი ავარიდო. თუმცა, მაინც მიწევს შენიშვნების მიცემა, რაც ძალიან არ მიყვარს არც ცხოვრებაში და არც კონკურსზე.
–  ცხოვრებაშიც ასე ხარ?
– კი, თუმცა, თავშეკავებულობასთან ერთად, ძალიან პირდაპირიც ვარ – შემიძლია, უხეშადაც ვთქვა რაღაც.
– რა შემთხვევაში ხარ უხეში და პირდაპირი?
– მგონი, ყოველთვის. ძალიან პირდაპირი ვარ და ზოგჯერ ჩემი პირდაპირობა უხეშად გამოდის, მაგრამ მეგობრები მიჩვეულები არიან ჩემი საუბრის მანერას და არავის სწყინს.
– მეუღლესთან როგორი ხარ?
– მასთანაც პირდაპირი ვარ. სიხისტესთან ერთად, მაქვს ისეთი თვისებები, რის გამოც მპატიობენ ამ ჩემს პირდაპირობას და დადებითად იღებენ თუნდაც ჩემს ძალიან უხეშად ნათქვამს.
– შენ და გიორგი ჰარმონიული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
– ზოგადად, ორი ძალიან ახლო ადამიანი ვართ და, არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს – ხასიათშიც და სხვა გემოვნებაში. ჩემი გადმოსახედიდან, ჩემთვის ბევრად მარტივია ჩემი პროფესიის ადამიანთან თანაცხოვრება. ვერ წარმომიდგენია, სხვა პროფესიის წარმომადგენელთან როგორ უნდა ვიცხოვრო თუნდაც ერთ შენობაში. არის მომენტები, როდესაც ვიღაცის აზრი გაინტერესებს; გინდა მოასმენინო, ან, პრობლემა გაქვს, გინდა, გაუზიარო და, როცა შენივე პროფესიის ადამიანი გყავს გვერდით, ის ძალიან კარგად გაგიგებს. მთელი დღის განმავლობაში მეც ჩემი საქმით ვარ დაკავებული, გიორგიც და, კიდევ უფრო კარგად გვესმის ერთმანეთის. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით – იმით, რომ ჩემივე პროფესიის ადამიანთან ერთად ვცხოვრობ.
– ცოტა ხნის წინ ერთად გამოუშვით ალბომი, რომელიც უცხოეთში იყიდება.
– რამდენიმე კვირის წინ გავაკეთეთ ახალი პროექტი, რომელსაც „ფონოტეკი“ (Phonothek) ჰქვია და გამოვიდა ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ, შვედურ ლეიბლზე. ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რადგან კარგად იყიდება ამერიკასა და ევროპაში. როგორ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება?! – ჩვეულებრივად, რადგან ძირითადად სტუდიაში ვცხოვრობთ და მუსიკის კეთების პროცესში ვართ.
– როგორი იყო ერთად მუშაობის პროცესი?
– მუსიკის კეთების დროს აუცილებლად გჭირდება ვიღაც მეორე, ვის გემოვნებასაც ენდობი, რადგან, რასაც აკეთებ, გგონია, რომ ის კარგია – იმდენად შენად იღებ, რომ მერე გიჭირს მისი გაანალიზება და გადაკეთება. მაგრამ, როცა ერთად ვართ, უფრო მეტად ვუსმენთ ერთმანეთს, უცხო ყურისთვის უფრო ადვილად აღსაქმელია შესასწორებელი მომენტები. ასე რომ, ძალიან კარგად ვმუშაობდით, კონფლიქტიც არ გვქონია, რადგან ყოველთვის მშვიდად ვსაუბრობთ და განვიხილავთ – რა შეიძლება შეიცვალოს. გიორგი მთელი ცხოვრება მუსიკოსია, ასაკითაც ჩემზე გაცილებით უფროსია და, შესაბამისად, უფრო მეტი გამოცდილება აქვს და მის გემოვნებას ვენდობი. ზოგადად, ის ისეთი ადამიანია, რომელსაც ყოველთვის ვუსმენ და ვენდობი.
– ცოტა ხნის წინ გიორგიმ „ფეისბუქში“ დადო შენი ფოტო წარწერით: „აი, ასეთი ცოლი მყავს მეე...“, რაც, ვფიქრობ, სასიამოვნო იქნებოდა შენთვის.
– ყველა ადამიანისგან სასიამოვნოა დადებითი კომენტარი და შეფასება. ასეთი რამ ნებისმიერისგან მსიამოვნებს და, რა თქმა უნდა, გიორგისგანაც მესიამოვნა.
– თუმცა იქვე დააკომენტარა: დავდებ მუსიკას, რომელშიც მთელი ცხოვრება ჩავდე და რომელსაც 3 დღე ვაკეთებდი და 2 საათში 4 მოწონება აქვს და, დავდებ ნინას ან ჩემი ცუგოს ფოტოს და 5 წუთში 100 მოწონება აქვსო...
– სულ ასეა, რადგან თვალი უფრო მარტივად აღიქვამს ბევრ რამეს, ვიდრე ყური. ყურს უფრო მეტი დაკვირვება, დროის შერჩევა, მოსმენა სჭირდება. არ მგონია, ეს პრობლემა მხოლოდ გიორგის ან მე მქონდეს.
– მახსოვს, ვენის ოპერაში იყავი მიწვეული.
– კი მაგრამ ვერ მივიღე მონაწილეობა, რადგან ავად გავხდი – არყის ხემ მომცა ალერგია. ვენის ოპერაში სიმღერა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო, ამიტომ უარი ვთქვი, თან, მეორე დღეს „ევროვიზიაზე“ უნდა მემღერა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ორივეგან გამოსვლა,  რადგან კრიტიკულ სიტუაციაში ვიყავი. უარი ვთქვი, მაგრამ, მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ თავად მიმიწვიეს.
– ყოველ ლაივზე სხვადასხვანაირი იმიჯი  გაქვს, სხვადასხვანაირი ვარცხნილობა. ხალხი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა და რას უშვრებოდი შენს თმას.
– მსიამოვნებს, როცა საკუთარ თავზე რაღაც ახალს ვაკეთებ. თუ შენი გარეგნობა გაძლევს იმის საშუალება, რომ რაღაცეები მოსინჯო, აუცილებლად უნდა მოსინჯო. თუმცა, ჩემი აზრით, ამის საშუალება ყველას აქვს, უბრალოდ, სწორად უნდა შეარჩიო. ბევრი ვერ რისკავს, ეშინია, მე კი არ მეშინია, რადგან მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები სხვადასხვანაირად. ეს ძალიან დიდი მხიარულება და განტვირთვაა, დაახლოებით ისეთი, როგორც შოპინგი, ოღონდ, უფრო გაორმაგებული რელაქსაციაა და ამიტომაც არ ვერიდები.
– ასეთი რამ ამოვიკითხე: როცა ნინას მეუღლე აბრაზებს, სხეულზე ახალ ტატუს იკეთებსო. მართალია თუ ჭორი?
– ნამდვილად ჭორია. ტატუებს ვიკეთებ, როცა რაღაც იდეა მოდის და მომწონს. ეს სხვას არაფერს უკავშირდება, მით უმეტეს – ბრაზს.

скачать dle 11.3