რის მინისტრად დაინიშნა სოფო ბედია და უკავშირდება თუ არა ეს მისი ქმრის საქმიანობას
სოფო ბედია და მიშა მესხი წელიწად-ნახევარზე მეტია, შეუღლდნენ, მათი ურთიერთობა კი თითქმის სამ წელს ითვლის. წყვილის ირგვლივ არაერთხელ ამტყდარა მითქმა-მოთქმა, ზოგს რა არ მოსწონებია და, ზოგს – რა. თუმცა, ფაქტია, რომ მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და, ოჯახური ცხოვრების მიუხედავად, ისევ შეყვარებულ წყვილად რჩებიან.
– სოფო, ცოტა ხნის წინ ჭორი გავრცელდა, თითქოს კულტურის მინისტრად დაინიშნე.
სოფო: ცოტა მეცინება ამ თემაზე. როგორც ჩანს, ხალხი სტატიას არ კითხულობს და მხოლოდ სათაურების მიხედვით მსჯელობს. სიმართლე გითხრათ, ისეთი სათაური ჰქონდა სტატიას, ველოდი, რომ ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. გაჟონა ინფორმაციამ, რომ კულტურის მინისტრი ვხდები – ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. კიდევ ერთხელ გავმეორდები: „ვიპ-კლუბის” კულტურის მინისტრობაზეა საუბარი, რომელიც იქმნება „აკვა პარკში” და სამი თვის განმავლობაში მოიცავს გართობის სხვადასხვა სახეობას, ღონისძიებებს, ივენთებს და ასე შემდეგ. ჩემ გარდა, სხვა ცნობილი სახეებიც არიან სხვადასხვა სფეროს მინისტრები. „მინისტრთა კაბინეტი” ამ შემთხვევაში არის ხუმრობის თემა, მეტი არაფერი.
– იყო საუბარი იმის შესახებ, რომ, მიშას სამსახურიდან გამომდინარე, რატომაც არ შეიძლებოდა, ეს პოზიცია დაგეკავებინა.
– არა, ამხელა ამბიცია ჯერ ნამდვილად არ გამაჩნია. ყველამ თავისი საყვარელი საქმე უნდა აკეთოს. ჩემი საქმე არის სცენაზე დგომა და სიმღერა. არ ვფიქრობ რომ მსგავსი რამ ოდესმე მოხდება და არც მაქვს ამის ამბიცია.
– რადგან ჭორების თემას შევეხეთ, გკითხავ: ხშირად ხარ ხოლმე ჭორების სამიზნე?
– წვრილ-წვრილი ჭორები ყველა ცნობილი ადამიანის ცხოვრებას ახლავს, მაგრამ, რომ გითხრათ, რაღაც სერიოზული ჭორი გავიგე, რომელიც ახლოს არ იყო სიმართლესთან-მეთქი – ასე არ ყოფილა. ისე, ერთი-ორჯერ დაგვაშორეს, ისიც ჩუმად, თავად არ წამიკითხავს. არ დავშორდებით არასოდეს, გიხაროდეს ერო და მოკვდი მტერო! (იცინის).
მიშა: სხვათა შორის რამდენჯერმე მითხრეს ნაცნობებმა, რომ ასეთი რაღაც წაიკითხეს. თან, ისე უხერხულად იყვნენ – ერიდებოდათ იმის თქმა, რომ ოჯახი დავანგრიე და ვერ მეკითხებოდნენ მიზეზს. თუმცა, როცა გაბედეს და მითხრეს, გამეცინა – რა სისულელეა, ღმერთმა დამიფაროს-მეთქი. ყველამ იცის, ჩვენ ერთმანეთი როგორ გვიყვარს და სულ ერთად რომ ვართ. ვფიქრობ, ჭორები უსაქმური ადამიანების თემაა, რომლებიც ამით ერთობიან.
– სოფოს სულ თან დაჰყვები. რატომ?
– ესე იგი, საზოგადოებამ ყოველივე ეს ისე გაიგო, თითქოს ეჭვიანი ქმარი ვარ, არადა, საერთოდ არ არის ასე. ჩვენ გვიხარია ერთად ყოფნა; სადაც სოფოა, იქ ვარ მე და, სადაც მე ვარ, იქ არის სოფო. პარტიული შეკრება იქნება თუ მეგობრული, დავდივართ ერთად და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, ამ ადამიანებს, ალბათ, თვითონ არ აქვთ ის ბედნიერება, რომ მეუღლე დაყვებოდეთ ან, თავადაც იქ იყვნენ, სადაც მათი მეორე ნახევარია. ეჭვიანი ქმარი რომ ვიყო, არსად არ გავუშვებდი.
სოფო: საერთოდ ამიკრძალავდა სიმღერას და ჩემს გემოზე ჩაცმასაც.
მიშა: ჩემი ცოლი ხან რომელ ქვეყანაშია კონცერტზე და ხან – რომელში, მარტოც წასულა, თუმცა ამით პრობლემა არ შემიქმნია. ეჭვიანობა სხვა რაღაცაა, ჩემი საქციელი უფრო ყურადღების გამომხატველია.
– მიშა, დატვირთული რეჟიმი გაქვთ, სამსახურის მერე სოფოს კონცერტზე გაჰყვეთ და დაელოდოთ, სანამ სიმღერას დაასრულებს, დამღლელი არ არის?
– სხვათა შორის, ძალიან ენერგიული ვარ (იცინის). ხანდახან ვამბობ, დავიღალე-მეთქი, მაგრამ, სინამდვილეში არ დავღლილვარ. ერთი, რაც არ მყოფნის, ეს არის ძილი – გვიან ვიძინებ და ადრე გაღვიძება მიწევს.
სოფო: ორივე ძალიან ძილისგუდები ვართ (იცინის).
მიშა: ჩვენ ვცდილობთ, ცხოვრებით დავტკბეთ, რადგან, როცა დავბერდებით, მერეც გვეყოფა ძილი და სახლში ყოფნა. ახლა ახალგაზრდები ვართ და ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ დრო. თუ სოფოს ისეთი საქმე აქვს, სადაც ხელს შევუშლი, რა თქმა უნდა, არ წავყვები.
– ერთად ყოფნის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
სოფო: დიდად არაფერი შეცვლილა, ჩვენ ისევ ისეთი შეყვარებულები და ისევ ისეთი რომანტიკულები ვართ. ორივე ვცდილობთ, რომ ეს გრძნობა არ განელდეს და იყოს სულ „გიზგიზის” ფონზე. ის ცეცხლი, ის სიყვარული, ის ვნება, თანადგომა და ასე შემდეგ, იყოს ისე, როგორც დღეს არის. არ ვეთანხმები აზრს, რომ დროთა განმავლობაში ოჯახური ცხოვრება სიყვარულს ანელებს. ეს ორ ადამიანზე ერთდროულად არის დამოკიდებული. თუ რომელიმე მოადუნებს ყურადღებას, მაშინ იცვლება ყველაფერი. ჩვენ გვიხარია ერთად ყოფნა, გვიყვარს ერთმანეთი და, რაც მთავარია, ერთად ცხოვრება გვსიამოვნებს. წყვილში ორივე რომანტიკული და ცოტა გიჟი უნდა იყოს, ერთმანეთი უნდა მოწონდეთ ვიზუალურად, ქცევით, საზოგადოებასთან ურთიერთობით; სულ უნდა ეპრანჭებოდნენ ერთმანეთს. ეს რომ განელდება და არ მომაქცევს ყურადღებას, რას ჩავიცვამ, როგორ გამოვიყურები და ასე შემდეგ, უკვე ცუდი ეტაპი იწყება ურთიერთობაში. თითქმის სამი წელია, ერთად ვართ და ეს ყველაფერი ჩვენში არ განელებულა.
– თქვენ რა სიგიჟეებს სჩადიხართ ხოლმე?
– ყველაფერს დეტალურად და საჯაროდ ვერ მოვყვები. შეიძლება უცებ ისეთი რაღაც გააკეთოს, რომ გამაოგნოს, ოღონდ, კარგი გაგებით. იგივე შეიძლება მე გავაკეთო. მხიარული ადამიანები ვართ.
მიშა: შეიძლება სიურპრიზი დაგეგმო და გააკეთო, მაგრამ ეს დაგეგმილი მოდის გულიდან. ყველა მამაკაცი ვალდებულია, თავის მეორე ნახევარს ყურადღება მიაქციოს და სიურპრიზები მოუწყოს. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ კაცმა უფრო უნდა იაქტიუროს, ვიდრე ქალმა.
– როგორ უწყობ ხოლმე სოფოს სიურპრიზებს?
– სოფოს ყველაფერი სიამოვნებს ჩემი მიწოდებული. შევისწავლე მისი გემოვნება და უკვე ვიცი, რა გაუხარდება.
– ანუ, ცოლს არაფერს უკრძალავ.
– სოფოს მოსწონს ჩემი გემოვნება და, ანალოგიურად მეც – მისი. შეიძლება, ვუთხრა, ეს მაისური ამ კაბას არ უხდება, ან რამე მსგავსი, მაგრამ, ისე, რომ რამე ავუკრძალო – არა. იმას თუ არ ჩაიცვამ, რაც მე გითხარი, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდებაო, – მსგავსი რამ ჩვენ შორის გამორიცხულია (იცინის). სოფო არის ძალიან გემოვნებიანი ქალი. სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა, მანამდე უყვარდა ბრენდები და ლამაზად ჩაცმა. ბუნებრივია, დღემდე აგრძელებს ამ კურსს. ასე რომ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არ ვარ ისეთი ქმარი, თუ რამე არ მომეწონება, დავარტყა, ვუყვირო და ასე შემდეგ. ვცდილობთ, ერთმანეთს რაღაცეებში ხელი შევუწყოთ.
– კამათობთ ხოლმე?
სოფო: რა თქმა უნდა. არც არავინ დაიჯერებს, რომ ვთქვა, არ ვკამათობთ-მეთქი.
მიშა: ჩვენ ის ოჯახი არ ვართ, გარეთ რომ გამოდიან და ყველაფერს ლამაზ ფერებში ხატავენ, სახლში კი თეფშებს ისვრიან. ვკამათობთ კიდეც და ერთმანეთსაც ვებუტებით, ნუ, მე არა, სოფო მებუტება ხშირად (იცინის). მერე შერიგება ძვირი მიჯდება (იცინის), მაგრამ, ამ ყველაფერსაც თავისებური სიტკბო აქვს. სამეგობროში თემაა: თუ სოფოს რამეს ვუყიდი, მეუბნებიან: რატომ გააბრაზე, ზედმეტი ფული გაქვს? შენ თავს „უჩალიჩებო” (იცინის). მეც მსიამოვნებს ეს მომენტი, ისედაც კი შევრიგებულვართ, მაგრამ ეს სულ სხვაა.
– სოფო, სპეციალურად არ ებუტები ხოლმე?
სოფო: არა, არ მიყვარს ჩხუბი, მაგრამ ხანდახან ავყვებით ხოლმე ერთმანეთს და ვიბუტები. გაბუტულზე კი მერე საჩუქარს ველოდები (იცინის). თუმცა, ეს ყოველთვის არ ხდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეა. შეიძლება, სულ არ ვიყო ნაჩხუბარი, მაგრამ ისე გამიკეთოს სიურპრიზი.
მიშა: სულ კი არ ვჩხუბობთ საჩუქრებისთვის (იცინის), პირიქით, ხანდახან ვეუბნები, რამდენი ხანია, არ გაბუტულხარ-მეთქი. ღმერთმა ნუ გვაჩხუბოს. ეს ჯანსაღი პროცესია. რაც მთავარია, ეს კამათი არ იზრდება დედის და მამის გინებაში, თეფშების ტრიალში და ასე შემდეგ.
– როგორც ვიცით, ნიკუშასთვის, სოფოს შვილისთვის, მამასავით ხარ.
– ნიკუშა მივიღე როგორც ჩემი შვილი, მაგრამ, არასოდეს მოვინდომებ იმას, რომ მის მამას სტატუსი წავართვა და ვთქვა, მე ვარ ნიკუშას მამა-მეთქი, ღმერთმა დამიფაროს ამისგან! ყველა მამას უყვარს თავისი შვილი და ყველა შვილს – თავისი მამა. ნიკუშას ძალიან უყვარს თავისი მამა და ეს ასეც უნდა იყოს. მეც ვუყვარვარ. ის, რომ გართულება მქონდეს – რატომ არ ვუყვარვარ მამამისზე მეტად-მეთქი, ამას ჩემს თავს არ ვაკადრებ.
სოფო: ეს რომ არ დამენახა ჩემს შვილსა და მიშას შორის, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ბიჭისთვის განსაკუთრებით რთულია, როცა მამის გარდა სხვა მამაკაცს ხედავს დედის გვერდით. შეიძლება, ქალი გიყვარდეს, მაგრამ მისი შვილი ვერ მიიღო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა.