როგორ გახდა ლალო ნებიერიძე ამერიკაში ცნობილი მოდელი და რუბრიკა „წითელი ხალიჩის” წამყვანი და როგორ აღმოჩნდა ის ჯასტინ ბიბერისა და „სკორპიონის“ სოლისტის მოწყობილ ივენთებზე
ლალო ნებიერიძის ცხოვრება, რომელიც წლების წინ საქართველოში წარმატებული მოდელი იყო, ამერიკაში რადიკალურად შეიცვალა და, შეიძლება ითქვას, თავიდან დაიწყო. დღეს ლალო ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე ცნობილი დიზაინერების სამოსს აჩვენებს და პარალელურად სხვადასხვა ტელევიზიასთან თანამშრომლობს, ხოლო მისი ფოტოები Vogue-ს, ELLE-ს, LA Weekly-ს, The LA Fashion Magazine-სა და სხვა ცნობილ ინტერნეტგამოცემების საიტებზე, ჟურნალებსა და კატალოგებში იბეჭდება. ცოტა ხნის წინ კი ლალოს ლონდონის მოდის კვირეულზე გამოსვლა შესთავაზეს.
ლალო ნებიერიძე: 13 წლის ვიყავი, როდესაც სამოდელო კარიერა დავიწყე, 14 წლის ასაკში კი პოდიუმზე ვიდექი ცნობილ ქართველ მოდელებთან ერთად. შემდეგ მონაწილეობა მივიღე კონკურსში „მის საქართველო“ და გავხდი „მის ტელეგენურობა“. თუმცა ამ კონკურსს არ დავჯერდი, გავემგზავრე საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც 21 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ მოდელები. გამიმართლა – მეორე ადგილი ავიღე. მოდელობის პარალელურად ვსწავლობდი – დავამთავრე ფინანსები და საბანკო საქმე, ასევე, ჟურნალისტიკა და მუშაობა დავიწყე „რუსთავი 2-ში“, სადაც ხუთი წელი ვიმუშავე.
– როგორ დაიწყო ამერიკაში შენი წარმატებული სამოდელო კარიერა?
– ბუნებით მოგზაური ვარ, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ლოს-ანჯელესშიც სამოგზაუროდ ჩამოვედი, ძალიან მომეწონა ქალაქი, კლიმატი. მოვხვდი იმ სამყაროში, რომელსაც წლების განმავლობაში პრესითა და ტელევიზიით ვადევნებდი თვალს. ვიფიქრე: შემიძლია, მეც გავხდე ამ ყველაფრის ნაწილი-მეთქი და გადავწყვიტე, სამოდელო სააგენტოსთან დამეწყო ურთიერთობა. მოვედი ერთ-ერთ ქასთინგზე და დიზაინერი Dena Burton აღფრთოვანდა ჩემით. ის ძალიან წარმატებული დიზაინერია, ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულზე წელს წლის აღმოჩენად დაასახელეს. მე მასთან ორი წლის წინ მოვხვდი. ქასთინგის შემდეგ ამიყვანა და ეს იყო ჩემს პირველი ჩვენებაზე ლოს-ანჯელესში, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა. ამას მოჰყვა ფოტოსესიები, რის შემდეგაც ჩვენი ფოტოები მოხვდა ვებ-საიტებზე და კატალოგებში, ასე რომ, ავტომატურად ჩავერთე ამ საქმეში. მოდელობას ტელეწამყვანობასაც ვუთავსებ – უმეტესწილად, „წითელი ხალიჩისა” და ლოს-ანჯელესში ივენთების წამყვანი ვარ. რამდენიმე სააგენტოსთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული; გარდა ამისა, მყავს ორი პირადი მენეჯერი, რომლებიც მგზავნიან ქასთინგებზე. ყველაზე დიდი პროექტები არის მოდის კვირეულები – 2014 წლიდან ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულის ყველა სეზონზე გამოვდივარ. წელს პირველად გამოვედი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, რომელიც საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. გავიცანი Irina Shabayeva, ძალიან ნიჭიერი დიზაინერი. მისმა კოლექციამ აღმაფრთოვანა. ის ნიუ-იორკში ხშირად აწყობს ჩვენებებს, სულ სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს. მის ჩვენებას მოდის კვირეულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენების დასრულების შემდეგ მივედი მასთან და ვუთხარი, მეც ქართველი ვარ-მეთქი. ძალიან გაუხარდა და მამამისი გამაცნო, რომელიც დარბაზში იჯდა. ნიუ-იორკში დაახლოებით 15 დიზაინერთან მომიწია გამოსვლა. ერთ-ერთი იყო Farah Angsana, რომელიც მილანის, პარიზის, ლონდონის მოდის კვირეულებზე გამოდის. მასთან ერთად ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ჩამოვფრინდი და ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულზეც წარვადგინე მისი კოლექცია. გარდა ამისა, ნიუ-იორკში გავიცანი ძალიან საინტერესო დიზაინერი, Alexis Bong Monsanto, რომელიც ლოს-ანჯელესიდან არის და მისი კოლექცია ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ტელევიზიაში Charter TV-ზე წარვადგინეთ „პრაიმ თაიმში“. ის მიიჩნევა მაღალი დონის, სელებრით დიზაინერად და „ოსკარითა” და „გრემით” დაჯილდოების ცერემონიალებზე ექსკლუზიურად აცმევს ისეთ ცნობილ მსახიობებსა და ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: შარლიზ თერონი, ჯესიკა ალბა, მეგან ფოქსი და ჰოლი ბერი. ნიუ-იორკის შემდეგ გავფრინდი ეგვიპტეში, სადაც მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო ფესტივალზე Love and Pease, სტილისტების კონკურსში. მე წარვადგენდი თმის მოვლის ძალიან ცნობილ კომპანიას, რომელიც უშვებს თმის მოვლის საშუალებებს. წამოყვანილი ჰყავდათ სტილისტები, მოდელები, მათ შორის „მის კალიფორნია 2015“. ძალიან საინტერესო იმიჯით წარვდექი – თმა დამიგრძელეს და წითლად შემიღებეს. ეგვიპტიდან პირდაპირ ლოს-ანჯელესში გამოვფრინდი, სადაც მალევე დაიწყო მოდის კვირეული. რამდენიმე დიზაინერის ჩვენებაზე გამოვედი. შემდეგ ჩატარდა ბრიტანელი დიზაინერების მოდის კვირეული, სადაც გამოვედი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ დიზაინერთან, Julien Macdonald-თან და, ასევე, Zandra Rhode-სთან. ჩემი ჩვენებებიდან გამოვარჩევდი Claires Collection-ს, რომელსაც აქვს ულამაზესი კაბები, აცმევს ცნობილ მსახიობებს, ისეთებს, როგორებიც არიან სანდრა ბალოკი, ჰოლი ბერი და ასე შემდეგ. მისი ძვირად ღირებული კოლექცია ცოტა ხნის წინ ვაჩვენე „ვორნერ ბრაზერს სტუდიოში“. ასევე, ვითანამშრომლე დიზაინერ Sen Coutur-თან, ის კაბა, რომელიც მე ვაჩვენე, ერთ-ერთ ივენთზე ეცვა მომღერალ ნიკოლ შერზინგერს – Pussycat Dolls-ის სოლისტს. სხვათა შორის, რამდენიმე კაბა, რომლებიც შარშან ჩვენებაზე მეცვა, შემდეგ „ოსკარით“ დაჯილდოებაზე, წითელ ხალიჩაზე ეცვათ მსახიობებსა და მოდელებს, რადგან ეს კაბები ჩვენებების შემდეგ „ოსკარზე“, „გრემზე“ და სხვა დაჯილდოებებზე მიდის ხოლმე.
– ფოტომოდელადაც მუშაობ?
– დიახ. ამერიკაში არის ჩანთებისა და საფულეების ლაქშერი ბრენდი, რომელიც იკერება საფრანგეთსა და იტალიაში, თითოეულის ფასი 500 დოლარიდან იწყება. ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ფოტო – ბილბორდებზე თუ ხარ გამოფენილი, არ უნდა მითხრაო? მეც არ ვიცოდი, როგორ აღმოჩნდა დიდი სავაჭრო ცენტრის ფოიეში ჩემი 8 ბილბორდი ამ ჩანთებით. ვიბეჭდები მათ კატალოგებში, საიტზე. შარშან, ასევე, ვიყავი „ნაიკის“ სახე - ერთ-ერთ ღონისძიებაზე მათ ფეხსაცმელებს ვუწევდი რეკლამას. ასევე, გადაღება მქონდა „პორშეს“ ცენტრისთვის. გარდა ამისა, შარშან ვიყავი „ოსკარების“ ცერემონიალზე, მოვხვდი 10-კაციან ჯგუფში, რომელიც ესწრებოდა „ოსკარების“ ტურს, ანუ, საშუალება მომეცა, მენახა ყველაფერი შიგნიდან: რა ხდება კულისებში, სად ტარდებოდა პირველი „ოსკარებით“ დაჯილდოება, წითელი ხალიჩა, ბექსტეიჯი...
– როგორც ვიცი, ტელევიზიაშიც მუშაობ და რუბრიკა „წითელი ხალიჩის” წამყვანი ხარ.
– ორი წლის წინ მუშაობა დავიწყე ონლაინ ტელევიზიაში Rullywood, ვაშუქებდი დაჯილდოების ცერემონიალს – წითელ ხალიჩაზე ვიდექი და ინტერვიუს ვიღებდი ვარსკლავებისგან, სტუმრებისგან. შემდეგ ვთანამშრომლობდი Hello Hollywood TV-სთან. ერთი პერიოდი გამოვტოვე ჩვენებები, სამაგიეროდ, ვიდექი წითელ ხალიჩაზე და ინტერვიუს ვიღებდი მოდელებისგან, დიზაინერებისგან, სტუმრებისგან. ნიუ-იორკში FNL Network-ში, რომელიც საერთაშორისო ინტერნეტ-საკაბელო ტელევიზიაა, ჩავწერე რამდენიმე სიუჟეტი და შემდეგ ერთხელ ლოს-ანჯელესშიც მომიწია მათთან მუშაობა. ახლაც სამომავლო პროექტებზე მაქვს მათთან მოლაპარკება. ისინი აშუქებენ კანის ფესტივალს, ნიუ-იორკის, მილანის მოდის კვირეულებს და, არ ვიცი, როგორ შევუთავსებ ამ ყველაფერს ჩემს გრაფიკს, რადგან ცოტა ხნის წინ შემისრულდა ქორწინების ერთი წლისთავი და, მინდა, საოჯახო გეგმებზეც გადავერთო.
– ივენთებზე თუ დადიხარ?
– ლოს-ანჯელესი ნიუ-იორკისგან იმითაც განსხვავდება, რომ აქ პოპულარულია ფართები სახლში. ჯასტინ ბიბერი აწყობს ხშირად ფართს და მეც მოხვდი იქ მეგობრებთან ერთად. ასევე, თავის სახლში ხშირად აწყობს ფართებს ლეონარდო დიკაპრიო. კარგად ვიცნობ „სკორპიონის“ ბენდის წევრს, რომელიც ხშირად აწყობს ფართებს. ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელსაც მე ვმანსპინძლობდი, ქეითი პერი იყო მოწვეული და პირადად მქონდა მასთან საუბარი, ძალიან სადა, უშუალო ადამიანია. ცოტა ხნის წინ ძალიან სასიამოვნო სიახლე მოხდა ჩემს კარიერაში: ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც საკუთარი ივენთ-კომპანია აქვს, შემომთავაზა, ვყოფილიყავი მისი ღონისძიების ივენთ-მენეჯერი, რადგან ამ კუთხითაც დიდი გამოცდილება მაქვს. კოლექციის ჩვენება LA Times-ის შენობაში ჩავატარეთ, მთელი ღონისძიების მენეჯმენტი მე მებარა და ძალიან კარგად ჩაიარა. ზოგადად, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მათ შორის ფოტოგრაფებთან და ორგანიზატორებთან, რადგან აქ, პროფესიონალიზმთან ერთად, შენს გამოცდილებას, ხასიათს, მუშაობას აქცევენ დიდ ყურადღებას. საკუთარ თავს არასდროს მივიჩნევდი ძალიან ლამაზად, გამორჩეულად, მაგრამ, არ არსებობს, ჩვენება იყოს და, სადმე, რომელიმე ჟურნალში ან საიტზე ჩემი ფოტო არ დაიბეჭდოს. ამას რომ ხედავენ სხვა დიზაინერები და ორგანიზატორები უკვე თავად მიკავშირდებიან.
– მომიყევი შენი ოჯახის შესახებ. ვინ არის შენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლეა ლევან ენუქიძე, რომელიც თბილისში დაახლოებით ხუთი წლის წინ გავიცანი. როდესაც ლოს-ანჯელესში ჩამოვედი, ისე მოულოდნელად აეწყო ჩემი კარიერა, რომ ცოტა ხნით ცალ-ცალკე მოგვიწია ყოფნა, თუმცა ის ახერხებდა ჩამოსვლას და ერთად ვმოგზაურობდით. შარშან თბილისში ჩამოვედი, გადავიხადეთ ლამაზი ქორწილი და მერე უკვე ერთად დავბრუნდით ლოს-ანჯელესში. ვიმოგზაურეთ, თაფლობის თვე კარიბის ზღვაზე გავატარეთ და შემდეგ უკვე ჩავერთეთ ამერიკული ცხოვრების რიტმში. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო სერიალში, რომელშიც რამდენიმე წამყვანი მსახიობი თამაშობს, როგორიცაა მაგალითად, ერიკ რობერტსი, ეპიზოდურ როლზე დამამტკიცეს. რადგან წყვილი სჭირდებოდათ, ვუთხარი, მეუღლე მყავს-მეთქი და ისიც დაამტკიცეს, ასე რომ, ორივემ ვითამაშეთ სერიალში. სამომავლოდ, მინდა, ჩვენი ბიზნესგეგმები განვახორციელოთ და შვილზეც ვიფიქროთ. ალბათ, სამოდელო კარიერას დავანებებ თავს. როცა ჩამოვედი, არც მიფიქრია, ჩემი სამოდელო კარიერა ასე წარმატებით თუ გაგრძელდებოდა. მაგრამ, ერთ რამეს მივხვდი: აქ მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის. იოცნებე, ბევრი იშრომე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.