რატომ დასაჯა ძმამ და სიკვდილით
40 წლის ვადიმ გ-ოვი სამართალდამცველებმა დის, 34 წლის ემა გ-ოვას მკვლელობისთვის დააკავეს. მას ბრალი დაედო ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედის მკვლელობაში, რაც მან კონფლიქტის დროს ჩაიდინა. დაკავებულის ჩვენების მიხედვით, დანაშაულის დროს აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოსთვის, რომელმაც ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რა გახდა და-ძმის კონფლიქტის მიზეზი და რატომ მოკლა ახალგაზრდა მამაკაცმა ორი შვილის დედა, გამოძიებისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრების დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დადასტურდა ბრალდებულის მიერ. მან დანაშაული თავისი სიძის, ემა გ-ოვას ქმრის თვალწინ ჩაიდინა. პირველი ჩვენება გამოძიებას სწორედ მან მისცა. ლევან დ-იას ჩვენების მიხედვით, ცოლისძმა სახლში საღამოს ესტუმრა.
ამონაწერი ლევან დ-იას ჩვენებიდან: „ვატყობდი, რომ ბოლო პერიოდში ემა თავის ძმაზე გაბრაზებული იყო და მასთან შეხვედრას თავს არიდებდა. რამდენჯერმე ვკითხე, მაგრამ მიზეზს არ მიმხელდა. ვადიმთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ორი წლის წინ ქურდობისთვის იყო დაპატიმრებული, მე გარედან ფინანსურად ვეხმარებოდი და ამას არ ივიწყებდა. როცა ციხიდან გათავისუფლდა, მითხრა კიდეც, ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებო. არ ვიცოდი, რა მოხდა და-ძმას შორის, მაგრამ ბოლო თვეებში ურთიერთობა აერიათ, ვადიმი აღარც მოდიოდა ჩვენთან. იმ საღამოს, როცა ჩვენთან მოვიდა, ნასვამი იყო. მე ცუდად ვიყავი, ქიმიოთერაპიის კურსს ვიტარებ და ზუსტად ეს დღე იყო, ვადიმს ბოდიში მოვუხადე და ჩემს ოთახში შევედი დასაძინებლად. ვადიმი და ემა ეზოში დარჩნენ, ბავშვები სტადიონზე იყვნენ გასული სათამაშოდ. ვადიმმა მითხრა, ნუ გერიდება, პირიქით, ემასთან სალაპარაკო მაქვს და მარტო დარჩენა მირჩევნიაო. ალბათ, ნახევარი საათი იქნებოდა გასული, როდესაც ეზოდან ხმაური შემომესმა. ჯერ ჩხუბის ხმა გავიგე, მერე ჭურჭლის მტვრევის, ვადიმი ხმამაღლა იგინებოდა. სანამ საწოლიდან ავდექი და მეორე სართულიდან ეზოში ჩამოვედი, ყველაფერი მომხდარი იყო. ჩემი მეუღლე ეზოში, ასფალტზე იყო დაჩოქილი. სანამ მივუახლოვდი, პირქვე დავარდა. შეშლილი სახე ჰქონდა ვადიმს, რომელსაც ხელში სისხლიანი დანა ეჭირა. ჩემი ცოლი ისე გარდაიცვალა, ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო – როცა მივუახლოვდი, უკვე სული დალეული ჰქონდა, ყელიდან სისხლი მოსდიოდა. არც მახსოვს, რა ვუთხარი ვადიმს, გული გამიხდა ცუდად. ის მახსოვს, რომ მოცვივდნენ ჩვენი შვილები, მათ ტირილი დაიწყეს; მერე ბუნდოვნად დავინახე, რომ ჩვენს ეზოში მეზობლები შემოვიდნენ და გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, ვადიმი უკვე იქ აღარ იყო, მკვლელობიდან ერთ საათში დამირეკა და ბოდიში მომიხადა, რომ ცოლი მომიკლა.”
საქმის მასალების მიხედვით, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევმა მამაკაცმა და ღალატის გამო მოკლა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ემა გ-ოვას ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მას ჩუმად ხვდებოდა, რაც ვადიმ გ-ოვისთვის თავისი მეგობრებისგან გახდა ცნობილი. მკვლელობამდე სამი თვით ადრე მან პირველად უთხრა დას, რომ მან ყველაფერი იცოდა და მოსთხოვა, რომ ის ურთიერთობა დაესრულებინა და ავადმყოფი ქმრისთვის პატივი ეცა. გამოძიების მასალების მიხედვით, და-ძმას შორის კონფლიქტი და ურთიერთობის დაძაბვა სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა. ვადიმი დას დაემუქრა, რომ ქმრის ღალატს არ აპატიებდა. მოგვიანებით, დაკავებულმა ვადიმ გ-ოვმა გამოძიების პროცესში დეტალურად მისცა ჩვენება მომხდარის შესახებ.
ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „როდესაც გავიგე, რომ ჩემს დას საყვარელი ჰყავდა, ლამის ჭკუიდან შევიშალე. არ მეგონა, ამას თუ გაბედავდა და ქმარს უღალატებდა, თან, ლევანი ავად იყო და ბოლო ექვსი თვე ექიმებთან დადიოდა. ერთმა ჩემმა უბნელმა მითხრა: შენს დას როსტომთან ვხედავთ, როგორც ამბობენ, მისი საყვარელიაო. როსტომს, რომელიც ასევე ჩვენი უბნელია, ბავშვობიდან ვიცნობ, მასთან ადრე კონფლიქტიც მქონდა – ერთად ვაპირებდით მანქანების სამრეცხაოს გახსნას, მაგრამ მან ჩემი ფულით თავისი საქმე წამოიწყო და მე გვერდზე დამტოვა. მერე კი დამიბრუნა ის ფული, თუმცა, დიდი ბრძოლის შემდეგ. ჩემი სიძე ღალატს არ იმსახურებდა. სანამ ჯანმრთლად იყო, კარგი შემოსავალი ჰქონდა და გადაყოლილი იყო ცოლ-შვილზე. გარდა ამისა, ჭკუიდან გადავყავდი იმ ამბავს, რომ ჩემს დას ჩემს მტერთან ჰქონდა რომანი. როსტომისთვის რა უნდა მეთქვა, მეტყოდა, შენს დას მიხედეო, მაგრამ, შევუთვალე, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას თავი დაანებე-მეთქი; ჩემი დაც რამდენჯერმე გავაფრთხილე, ამ ამბავს გადაყვები-მეთქი, მაგრამ, ისე იყო გაგიჟებული იმ კაცზე, არაფრის გაგონება არ უნდოდა. ლევანი ძალიან მეცოდებოდა, ვერაფერს ვეტყოდი და ისევ ემაზე მინდოდა გავლენის მოხდენა. მოკვლითაც კი დავემუქრე, მაგრამ ვერ შევაშინე. იმ დღეს, დილით, ჩემი დის ბინაში დავრეკე და ბავშვმა მიპასუხა, დედა საყიდლებზეა წასულიო. მივხვდი, რომ ტყუილი იყო, რადგან მანამდე როსტომის სამსახურში შევიარე და იქაც მითხრეს, ჯერ არ მოსულაო. ეს უკვე ვეღარ ვაპატიე. საღამოს ოდნავ ნასვამი მივედი ემასთან. ლევანი სახლში იყო, მაგრამ მასაც არ მოვერიდე და ვუთხარი, რომ ჩემს დასთან სალაპარაკო მქონდა. ეზოში, „ბესედკაში” დავსხედით. მე დანა მქონდა ემას შესაშინებლად, მაგრამ, ისე გამომიყვანა მოთმინებიდან, ჩხუბის დროს ყელში დავარტყი – ორი ჭრილობა მივაყენე და სისხლმა იფეთქა არტერიიდან. არც მახსოვს, რას ვაკეთებდი, როგორ დავტოვე იქაურობა. ჩემს მეგობართან წავედი, სისხლიანი დანა მასთან დავაგდე და არ დამიმალავს, რაც მოხდა. მან მირჩია, პოლიციაში საკუთარი ფეხით მივსულიყავი. დამალვას არც ვაპირებდი. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ჩემს სიძეს დავურეკე და ბოდიში მოვუხადე, რომ ცოლი მოვუკალი, თუმცა მიზეზი მაშინაც არ ვუთხარი.”
სასამართლომ ბრალდებული ვადიმ გ-ოვი დის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.