მარშალ როკოსოვსკისთვის მოპარული მილიონნახევრიანი „გამარჯვების ორდენი“ ქუთაისში აღმოჩნდა
1960 წლის მაისში მოსკოვში, ცნობილი საბჭოთა მარშლის, კონსტანტინე როკოსოვსკის ბინა გაქურდეს. გატაცებულ ნივთებს შორის იყო „გამარჯვების ორდენი“, რომლის დაკარგვასაც სახელოვანი მარშალი ყველაზე მეტად განიცდიდა. ამ დანაშაულს ძალოვანი სტრუქტურების არაერთი მაღალჩინოსნის კარიერა შეეწირა... დღევანდელ პუბლიკაციაში სწორედ ამ დანაშაულის ისტორიაა მოთხრობილი. მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია. ვინმესთან მათი მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიგხდით ბოდიშს.
„გამარჯვების ორდენი“
1960 წლის 9 მაისს, ანუ ფაშიზმზე გამარჯვების 15 წლისთავზე, მოსკოვში სახელოვანი მარშლის, კონსტანტინე როკოსოვსკის ბინა გაქურდეს. დანაშაული დილის 9-დან 10 საათამდე შუალედში მოხდა – იმ დროს, როცა ბინის პატრონი და მისი ოჯახის წევრები წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო პარადს ესწრებოდნენ.
ქურდობა ძალიან ოსტატურად იყო ჩადენილი. მასიური, მრავალსაკეტიანი კარი ყოველგვარი წვალების გარეშე გაეღოთ. ეს კი მოწმობდა, რომ ბოროტმოქმედმა გასაღებების დუბლიკატები გამოიყენა. მრავალ უნიკალურ, ძვირფას ნივთს შორის, ერთი ყველაზე ძვირფასი იყო – „გამარჯვების ორდენი“. ოქროსა და პლატინის შენადნობებისგან ჩამოსხმულ ორდენში 148 ცალი (საერთო ზომა – 16 კარატი) ბრილიანტის თვლები იყო ჩასმული, აგრეთვე 25-კარატიანი ლალი. ეს ორდენი სულ 20 ცალი გამოუშვეს სტალინის ბრძანებით და მსოფლიოში დღემდე ყველაზე ძვირად ღირებულად და უნიკალურადაა მიჩნეული. მისი დღევანდელი საბაზრო ღირებულება მილიონ-ნახევარ დოლარს აჭარბებს.
ამ საქმის გამოძიებას თავდაპირველად „მური“ – მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო შეუდგა. თუმცა, უშედეგოდ, რადგან ვერანაირ კვალზე ვერ გავიდნენ და საქმე „კაგებემ“ წაიღო. მას ქართველი გამომძიებელი ავთო ქავთარაძე იძიებდა.
„წაცლილი თავები“
როკოსოვსკის ბინის ქურდობა პირად კონტროლზე აიყვანა მაშინდელმა საბჭოთა კავშირის მეთაურმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა. მან ჩვეული ემოციურობით ბრძანა, ქურდობის გახსნა და ორდენისა და სხვა ნივთების დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას „თავების წაცლით“ დაემუქრა... ხრუშჩოვის პირველი მსხვერპლი „მურის“ უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ივანოვი და ამ საქმის გამომძიებელი – ვორონოვი იყვნენ. ცეკას გენერალურმა მდივანმა ორივე დააქვეითა – გენერალი რიგით გამომძიებლამდე, მაიორი კი სულაც რიგითამდე, სწორედ ამის მერე გადასცეს ეს საქმე „კაგებეს“ და მაიორი ავთო ქავთარაძე მისთვის ჩვეული ენერგიულობითა და პროფესიონალიზმით შეუდგა საქმეს. მან ხელახლა შეადგინა ეჭვმიტანილთა წრე და მათ დამუშავებას შეუდგა. ეჭვმიტანილებს შორის იყო როკოსოვსკის ერთ-ერთი ადიუტანტი, ეროვნებით ქართველი, მაიორი ვანო ქარქაშაძე. ქავთარაძემ ქარქაშაძე „ლუბიანკაზე“ დაიბარა. დაკითხვის დროს კი, გამომძიებელს თავად კონსტანტინე როკოსოვსკიმ დაურეკა და საკმაოდ უხეშად უთხრა:
– როკოსოვსკი გელაპარაკებათ! იცით, რას გეტყვით? თავი დაანებეთ წყლის ნაყვას და საქმეს მოჰკიდეთ ხელი. ჩემი ადიუტანტი ეჭვსგარეშეა. ის პატიოსანი ადამიანია და ქურდი სხვაგან ეძებეთ...
ამ სიტყვების შემდეგ ავთო ქავთარაძე იძულებული გახდა, დაკითხვა შეეწყვიტა და ვანო ქარქაშაძე გაუშვა... „კაგებეს“ ქართველმა მაიორმა საგამოძიებო მოქმედებები სხვა ეჭვმიტანილებთან გააგრძელა. თუმცა, ყველა მათგანი „სუფთა“ აღმოჩნდა და საქმე ერთ ადგილზე გაიყინა. ერთი თვის შემდეგ ხრუშჩოვმა ქავთარაძის უშუალო უფროსი, „კაგებეს“ პოლკოვნიკი ზახარ ანტონოვი დააქვეითა, ქავთარაძეს კი, სულაც დათხოვნას უპირებდა. თუმცა, ქართველი მაიორი პავლე ინაურმა შეიფარა და გამოცდილი პროფესიონალი თბილისში, საქართველოს „კაგებეს“ საგამოძიებო ნაწილში გადმოიყვანა გამომძიებლად. 1964 წელს კი, როცა ხრუშჩოვი დაამხეს, ქავთარაძე განყოფილების უფროსად დანიშნა და პოდპოლკოვნიკის ჩინიც უბოძა.
დახმარების მიუხედავად, ავთო ქავთარაძის კარიერული წინსვლა მნიშვნელოვნად დამუხრუჭდა და ხრუშჩოვის მიერ „თავწაცლილი“ ქართველი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, მორალურ დაუკმაყოფილებას გრძნობდა. ხრუშჩოვის გარდა, ქავთარაძე თავად მარშალ როკოსოვსკიზეც იყო განაწყენებული და მიაჩნდა, რომ როკოსოვსკიმ ძიებას ხელი შეუშალა – თავისი უხეში ჩარევით, თავადაც (როკოსოვსკი) დაზიანდა და მაიორი ქავთარაძეც დააზიანა.
ძველი ნაცნობი
ავთო ქავთარაძემ 1970 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიიღო და მუშაობას კვლავ თბილისში, „კაგებეს“ საგამოძიებო ნაწილში აგრძელებდა. ის უკვე 65 წლის იყო და მიუხედავად ასაკისა, თავისი პროფესიოანლიზმითა და გამოცდილებით ვერავინ შეედრებოდა. მას ცოლი, ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი – მისი სეხნია, ავთო ქავთარაძე ჰყავდა. 25 წლის ავთო მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტს ამთავრებდა და იქვე ცხოვრობდა. 1970 წლის ზაფხულში ავთო-უმცროსი თბილისში ჩამოვიდა არდადეგებზე და ბაბუას განუცხადა, რომ ცოლის მოყვანას აპირებდა.
– ვინაა, ბაბუ, შენი რჩეული? – ჰკითხა პოლკოვნიკმა ქავთარაძემ შვილიშვილს.
– ძალიან კარგი და ლამაზი გოგოა. სულ მალე ჩამოვა და გაიცნობ. ნიშნობას ვაპირებთ და მის ოჯახში შენ უნდა წამომყვე, – მიუგო უმცროსმა ავთომ ბაბუას.
– სახელი და გვარი არ აქვს? – გაეცინა ბაბუას.
– ნატო ქარქაშაძე. ქუთაისელია. ბაბუა პოლკოვნიკი ჰყავს და მაგარი კაცია.
– რა ჰქვია ბაბუამისს? – დაინტერესდა პოლკოვნიკი.
– ივანე, – მიუგო შვილიშვილმა.
– ვანო ქარქაშაძე? – თქვა პოლკოვნიკმა.
– კი. ვანო ქარქაშაძე. შენ რა, იცნობ?
– ქუთაისში გადმოსახლდა?
– ჰო, შარშან. რა იყო, იცნობ?
– მგონი, კი. თუმცა, ზუსტად არ ვიცი და რომ შევხვდები, მაშინ გავიგებ, – მიუგო ბაბუამ შვილიშვილს და დააყოლა, – როდის ჩამოდის შენი საცოლე?
– ერთ კვირაში, ბაბუ და ქუთაისში უნდა წამომყვე. ხომ ხარ თანახმა?
– რა თქმა უნდა, – გაეცინა ავთო ქავთარაძეს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილიშვილის საცოლის ბაბუა მისი ძველი ნაცნობი, მარშალ როკოსოვსკის ყოფილი ადიუტანტი, ვანო ქარქაშაძე იყო.
საბედისწერო ნიშნობა
ავთო ქავთარაძე არ ცდებოდა. მან თავისი არხებით დაადგინა, რომ მისი შვილიშვილის საცოლის ბაბუა, მარშალ როკოსოვსკის ყოფილი ადიუტანტი, ვანო ქარქაშაძე იყო. პოლკოვნიკი ახალი გასული იყო პენსიაზე და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშიც ჰქონდა ბინა, საცხოვრებლად მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა.
დათქმულ დროს, ორივე ავთო, ბაბუა და შვილიშვილი ქუთაისში გაემგზავრნენ ნატო ქარქაშაძის დასანიშნად. ნატოს ბაბუას არ გასჭირვებია ავთო ქავთარაძის ცნობა. მაგრად ჩამოართვა ხელი და მოუბოდიშა კიდეც:
– იცით, მე ყოველთვის მინდოდა თქვენთან შეხვედრა და მარშალ როკოსოვსკის გამო ბოდიშის მოხდა. მაშინ მან თქვენ, ცოტა არ იყოს, უხეშად გელაპარაკათ ჩემ გამო და ბოდიშს გიხდით. ის მაშინ ზუსტად ვერ გაერკვა საქმის ვითარებაში. მას ეგონა, რომ თქვენ მე დამაკავეთ და ამიტომ აღშფოთდა. მერე კი ავუხსენი, რომ უბრალოდ, დაკითხვაზე ვიყავი და მეტი არაფერი. მას თქვენთან დარეკვა და ბოდიშის მოხდაც კი უნდოდა...
– რაც იყო, იყო. მას მერე ათი წელი გავიდა, – ხელი ჩაიქნია ავთო ქავთარაძემ და სუფრას მიუჯდა.
შუა ქეიფის დროს საფიჩხიაზე მცხოვრები ქარქაშაძეების სახლში ნიღბიანი, პისტოლეტებითა და რევოლვერით შეიარაღებული სამი ახალგაზრდა შევარდა. მათ მოქეიფეებს იარაღები მიუშვირეს. ერთ-ერთი ნიღბიანი კი ნატო ქარქაშაძეს მიუახლოვდა. გოგონას კეფაზე „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი დაადო და ბაბუამისს უთხრა:
– ჩქარა ფული და ოქრო გამოაჩინე, შე ბებერო ნაბოზარო, თვარა ავხადე შენს ნატოიას თავის ქალა!..
შექეიფიანებული და ერთადერთი შვილიშვილის მოკვლით შეშინებული პოლკოვნიკი ქარქაშაძე სკამიდან წამოდგა. კედელზე ჩამოკიდებული სურათი ჩამოიღო. საიდუმლო სეიფი გააღო და მძარცველს უთხრა:
– აი, მთელი ჩემი დანაზოგი. წაიღეთ, ოღონდ ნატოს ხელი არ ახლოთ...
მძარცველმა სეიფიდან ყუთი გამოიღო. გახსნა და შიგთავსი მაგიდაზე გადმოყარა. შემდეგ ოქროულობა და ფული ჯიბეებში ჩაიყარა. რამდენიმე ნივთი კი მაგიდაზე დატოვა. სანამ წავიდოდა, მასპინძელს უთხრა:
– ეს მედლები ტრაკში შეიტენეო...
დატოვებულ „მედლებს“ შორის სწორედ როკოსოვსკის ბინიდან მოპარული, 78-გრამიანი, ბრილიანტებითა და ლალებით მოჭედილი „გამარჯვების ორდენი“ იყო...
ვანო ქარქაშაძე ისე იყო შეშინებული, თავდაპირველად, ვერც აღიქვა, რა მოხდა და თავის გადარჩენილ შვილიშვილს ეხვეოდა. ავთო ქავთარაძემ კი ორდენი ყურადღებით დაათვალიერა. შემდეგ ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გავიდა, თან ოჯახის უფროსიც გაიხმო.
მეორე დღეს პოლკოვნიკი ვანო ქარქაშაძე ქუთაისის მილიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, „გამარჯვების ორდენი“ ჩააბარა და აღიარებითი ჩვენება დაწერა, რომ როკოსოვსკის ბინა მან გაქურდა. ყოფილი ადიუტანტი გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მისცეს. თუმცა, 14 თვეში გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ნატომ და ავთო-უმცროსმა კი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც იქორწინეს და დღეს მათი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობს.