დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-24(807)
***
ვაკის პარკიდან წამოსულმა ონილმა ასიოდე მეტრი ფეხით გაიარა, შემდეგ ერთ ვიწრო ჩიხში მდგარ, დახურულ მიკროავტობუსში ავიდა, სადაც კიდევ ორი მამაკაცი იჯდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა... ამერიკელი გაცოფებული იყო და ძლივს იკავებდა თავს ღრიალისგან. მან გრიმი და პარიკი მოიძრო და მანქანაში მოისროლა; იგივე ბედი ეწია მეეზოვის უნიფორმასაც. შემდეგ მან სახე სპეციალური ხსნარით გაიწმინდა და გრიმი მოიშორა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოეწყო და სიგარეტი გააბოლა. ფურგონმა ათიოდე წუთი იარა და გაჩერდა. ამერიკელმა კარი გააღო, გადავიდა და პატარა ჩიხში მდგარ „ჯიპში“ გადაჯდა, რომელიც ადგილიდან დაიძრა და „მოდულის“ შენობისკენ აიღო გეზი. თხუთმეტი წუთის შემდეგ დონალდ ონილი უკვე არნოლდ ნიუმანის კაბინეტში, მის პირისპირ იჯდა და ნიუმანმა მას ჰკითხა:
– რაო, რა გითხრა კოლხმა?
– მაშანტაჟებდა. თუ მომკლავთ, ყველაფერი დისკზე მაქვს ჩაწერილი და მსოფლიო სკანდალს ავტეხო, – უხალისოდ მიუგო ნიუმანს ონილმა.
– ეგ ხომ მეც ვიცი, ონილ, – მოულოდნელად აფეთქდა ნიუმანი, – თქვენს საუბარს ონლაინში ვისმენდი აქ, ამ კაბინეტში. მე იმას გეკითხები, რა ვქნათ? ხომ ხედავ, რომ ოპერაცია ჩაშლის პირასაა და, თუ სასწრაფოდ არ ვიღონეთ რამე, კარგი დღე არ დაგადგება?
– შენ ფიქრობ, რომ გადარჩები? – ირონიულად ჩაეცინა ონილს, – ორივეს ტყავს გაგვაძრობენ.
– პირველ ყოვლისა, შენ, – არ დააყოვნა ნიუმანმა.
– შენ რა, დაგაწინაურებენ?
– არა, მაგრამ, იმ კრეტინი პროფესორის გადმობირება შენი იდეა იყო.
– ასე მოითხოვდა საქმე, – თქვა ონილმა.
– საქმე, რომელიც გვიფლავდება, ხომ? თუ მისი მონოლოგი გასაჯაროვდა, მაშინ ჩვენი ოპერაციის ნამდვილი ავტორების, ანუ ამერიკის ვინაობას მთელი მსოფლიო შეიტყობს და ამას არც რუსები გვაპატიებენ. გესმის შენ, რამხელა შარში გვაქვს თავი გაყოფილი? ორ ცეცხლს შუა ვდგავართ, ორ ცეცხლს შუა და ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილი კიდია. ოპერაციის გაუქმება არ შეიძლება – ის ერთხელ უკვე გადავდეთ და მეორედ ამის გაკეთების უფლებას არავინ მოგვცემს. ხოლო, რომ ჩავატაროთ და პროფესორის ჩანაწერი გასაჯაროვდეს, უარეს დღეში ჩავცვივდებით, – თქვა ნიუმანმა და სიგარა გააბოლა.
– რამე უნდა მოვიფიქროთ, – მიუგო ონილმა.
– იქნებ უკვე მოფიქრებულიც კი გაქვს და ამიტომ ხარ ასე არხეინად? – გესლიანად უთხრა ონილს ნიუმანმა.
– დიდი მოფიქრება ამას არ სჭირდება და შენც კარგად იცი, რომ ჯერ კოლხის ჩანაწერი უნდა აღმოვაჩინოთ, შემდეგ კი კოლხი გავაქროთ.
– ეგ – თეორიულად. პრაქტიკულად როგორ აპირებ ჩანაწერის აღმოჩენას, თორემ, კოლხის ლიკვიდაცია ერთი გადაფურთხებაა ჩვენთვის.
– ლიკვიდაცია კი არა, გაქრობა. კოლხი, უბრალოდ, უნდა გაქრეს და, სანამ გაირკვევა, რა და როგორ, ჩვენ ჩვენს მისიას შევასრულებთ და კვალსაც წავშლით.
– ჯერ ჩანაწერი უნდა მოვიპოვოთ.
– მოვიპოვებთ.
– როგორ? – ჩაეცინა ნიუმანს, – ალბათ, დაურეკავ და ჰკითხავ, არა?
– გავიტაცებთ, ვაწამებთ და ვათქმევინებთ; შემდეგ კი გავაქრობთ.
– მერედა, ვის დაავალებ ამ მისიას?
– ჯემალ ბარაბაძის ჯგუფს.
– იმ კრეტინების ბანდას, ვისაც კვალიფიციურად კაცის მოკვლაც კი არ შეუძლიათ? – გაეცინა ნიუმანს და დაამატა: – აბრეზას ამბავი მაინც არ გახსოვს, ერთი მაწანწალის მოკვლისას ათასი კვალი რომ დატოვეს?
– კი, დატოვეს, მაგრამ ის სხვა პროფილის მკვლელობა იყო, აქ კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა: წაიყვანენ, გაატყავებენ, ყველაფერს დააფქვევინებენ და ბოლოს შარშანდელი თოვლივით გააქრობენ.
– შარშანდელი თოვლივით გააქრობენ... – გაიმეორა ნიუმენმა, – რომ ვერ გააქრონ და ისევ ჩაფლავდნენ?
– გაბიძაშვილის ლიკვიდაცია ცუდად ჩაატარეს?
– არა უშავდა.
– ჰოდა, ამ მისიას უკეთესად შეასრულებენ. რას იტყვი, ვცადოთ?
– ვცადოთ კი არა, ასი პროცენტით უნდა შეასრულონ.
– შეასრულებენ.
– დარწმუნებული ხარ?
– კი.
– მაშინ, მიდი და დაუკავშირდი. მაგრამ, იცოდე, რომ ჩაფლავდნენ, მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებ.
– კარგი.
– მიდი და იმოქმედე, – უთხრა ნიუმანმა ონილს.
დონალდ ონილმა მობილურიდან დარეკა, ჯემალ ბარაბაძეს დაშიფრულად ელაპარაკა და შეხვედრაზე დაიბარა. ტელეფონი რომ გათიშა, გააბოლა და ნიუმანს უთხრა:
– ათის ნახევარზე ვაკის პარკში უნდა შევხვდე. დღესვე მოგვარდება ეს პრობლემა, დანიშნულ დროს კი შეგვიძლია, ჩვენი მისია განვახორციელოთ და სამშობლოში დავბრუნდეთ.
– რუსებს ერთი ანდაზა აქვთ.
– რა ანდაზა?
– სანამ არ გადახტები, ჰოპს ნუ დაიძახებო, – მიუგო ნიუმანმა.
– ჩათვალე, რომ თითქმის გადამხტრები ვართ და ოპერაციისთვის მოემზადე, – თქვა ონილმა და დაამატა, – ოპერაციის ცენტრალური ფიგურა სადაა?
– რატი?
– ჰო, რატი.
– იზოლირებულია. გუშინ კონსპირაციულ ბინაში მოვათავსეთ, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა გამოირიცხოს.
– ჰმ, რომ იცოდეს, რა ელოდება, – გაეცინა ონილს, – ამას წინათ კარგ ქეიფზე შევთანხმდით ბუნების წიაღში და, ალბათ, ერთი სული აქვს, როდის მიუჯდება სუფრას „ეფბეერის“ მაღალჩინოსანთან. ისე, ხომ მართლა მაგრად „დავკერე“ ეგ ბიჭი?
– ნუ ტრაბახობ, დონალდ, ჯერ ადრეა და არაფერი გაგვიკეთებია. წინასწარ ჰოპს ნუ ამბობ, ჯერ გადახტი და მერე ვნახოთ.
– ვნახოთ, ვნახოთ. წინ დიდი დაფასება გველის. წარუმატებლობის ზოლი დასრულდა და ჩვენი დღე დგება, – მხიარულად თქვა ონილმა და დაამატა: – წავედი ახლა, უნდა შევინიღბო, რომ ფორმაში ვიყო. შენ კი უჩემოდ არ მოიწყინო.
ონილი კაბინეტიდან რომ გავიდა, ნიუმანმა ზიზღნარევი ტონით თქვა:
– იდიოტი! ჯერ არ იცის, რომ კანტორაში მასზე კბილებს ილესავენ და, თუკი კვლავ ჩაფლავდა, შუაზე გაგლეჯენ.
***
დონალდ ონილი ჯემალ ბარაბაძესთან შესახვედრად რომ გაემართა, სიმონის გრუელები უკვე ვაკის პარკში იყვნენ მობილიზებულები. გეგეჭკორის ბიჭები უკვე ერთი საათი იყო, რაც ყოფილ „კონტრაქტნიკს“ კუდზე ასხდნენ და მათ ასაყვანად და დასამუშავებლად მზად იყვნენ. ასეთი ბრძანება კი ქართველმა პოლკოვნიკმა მას მერე მიიღო მოსკოვიდან, როცა ცენტრს ოპერატიული ვითარება გააცნო. სიმონი კვლავ ტაქსიში იჯდა და შეხვედრის დაწყებას ელოდა. მსუბუქად ჩაცმული, ჟოკეის ქუდში გამოწყობილი, ბლანჟიანი ონილი შადრევანთან შეხვდა ბარაბაძეს და უთხრა:
– გავიაროთ და ყველაფერს აგიხსნი.
– კი ბატონო, გავიაროთ, – მიუგო ბარაბაძემ.
– ერთი ძალიან სასწრაფო საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ, ისე სუფთად უნდა იმუშაოთ, რომ არანაირი კვალი არ დარჩეს, – დაიწყო ონილმა, ბარაბაძემ კი მას სიტყვა გააწყვეტინა:
– ბოლოს ცუდად ვიმუშავეთ?
– კარგად, – მიუგო ონილმა და დაამატა: – სიტყვას ნუ მაწყვეტინებ და მომისმინე. ეს საქმე ისეთი გასაკეთებელია, რომ აბსოლუტურ სიზუსტეს მოითხოვს და მასზე ბევრი ადამიანის ყოფნა-არყოფნაა დამოკიდებული, მათ შორის თქვენიც.
– მაშინებთ? – გაბრაზდა ბარაბაძე.
– უბრალოდ, გაფრთხილებთ, – ონილმა ბარაბაძეს გაგნიძის ფოტო მისცა, მისი სახლისა და კლინიკის მისამართები უთხრა და დააყოლა, – ეს კაცი უნდა გაიტაცოთ და ათქმევინოთ, სად გადამალა ჩანაწერი; შემდეგ ეს ჩანაწერი მე მომიტანოთ, ის კი უკვალოდ გააქროთ. შეძლებთ?
– შევძლებთ, – მიუგო ბარაბაძემ.
– მაგრამ, კარგად დაიმახსოვრეთ, რომ არ უნდა გადაამლაშოთ და არ შემოგაკვდეთ მანამ, სანამ ჩანაწერს, ანუ დისკს არ მოიპოვებთ. შემდეგ კი გააქრობთ. სამაგიეროდ, კარგ გასამრჯელოს მიიღებთ, სამუშაოც მუდმივად გექნებათ და დაფასებული ხალხიც იქნებით.
– როდის უნდა შესრულდეს ეს საქმე?
– დაუყოვნებლივ.
– კარგი. ახლავე ვნახავ ბიჭებს და ყველაფერს შევასრულებთ.
ონილმა საათს დახედა და ბარაბაძეს უთხრა:
– ახლა საღამოს 10 საათია. დილის 8 საათზე დისკი მე უნდა მქონდეს. ათი საათი გაქვთ დრო და იმოქმედეთ. რვის ნახევარზე დაგირეკავ.
– კარგი, შევთანხმდით, – მიუგო ბარაბაძემ და პირველი წავიდა. ონილი კი ხეივანს გაუყვა, გააბოლა და ათიოდე წუთის შემდეგ თავადაც დატოვა ვაკის პარკი.
სიმონმა ონილისა და ბარაბაძის დიალოგი რომ მოისმინა, სასწრაფოდ იხმო ახალგაზრდა გრუელი და უთხრა:
– სასწრაფოდ მოძებნეთ გაგნიძე და ყველაფერი მოუყევით, ქილერების ბანდა კი აყარეთ და საიმედოდ გამოამწყვდიეთ. დილის რვის ნახევრამდე ამერიკელები ვერფერს შეიტყობენ, მე კი მანამდე მოსკოვს დავუკავშირდები და რჩევას ვკითხავ...
***
სანამ ჯემალ ბარაბაძემ თავისი ოთხეული შეკრიბა, „გრუს“ მესამე და მეოთხე ჯგუფი უკვე დაქირავებული მკვლელების დასახვედრად იყვნენ მზად და პროფესორის ბინასა და საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრდნენ. გაგნიძემ კი, რომ შეიტყო, რას უმზადებდნენ, ფერი დაკარგა და გულის წვეთებიც კი დალია დასამშვიდებლად.
ღამის 11 საათი სრულდებოდა, როდესაც პროფესორის კარზე დააკაკუნეს. გაგნიძე მართლა ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ გრუელებმა ის წინასწარ დაარიგეს. პროფესორიც კართან მივიდა და იკითხა:
– ვინ ბრძანდებით?
– ბოდიშს გიხდით, ბატონო, – მიუგო გაგნიძეს გაზის კორპორაციის თანამშრომლის სამოსში გამოწყობილმა ბარაბაძემ, რომელსაც ერთი კაცი ახლდა. ორი კი ეზოში, მანქანაში ელოდებოდა, – რაიონში გაზის ავარიული გაჟონვაა. ძალიან სახიფათოა და უნდა შევამოწმოთ, სად არის მილი გახეთქილი. სულ რაღაც ათიოდე წუთს წაგართმევთ.
– ერთი წუთით დამელოდეთ, – მიუგო გაგნიძემ და გვერდით მდგომ გრუელს ანიშნა – რა ვქნაო.
გრუელმა ხელით ანიშნა – გაუღეო, თავად კი კარს აეკრა და თავის მეწყვილეს ანიშნა, მოემზადეო.
პროფესორმა ბინის კარი გააღო. ბარაბაძემ მასპინძელს გაუღიმა და ოთახში ფეხი შედგა. მას მეორეც მიჰყვა, მაგრამ გრუელებმა დაქირავებული მკვლელები იქვე შებოჭეს და, სანამ გონს მოვიდოდნენ, იატაკზე დაყარეს.
– რაშია საქმე? – იკითხა ბარაბაძემ.
– მოკეტე, თორემ მოგკლავ! – შეუღრინა გრუელმა ბარაბაძეს. რაცია მოიმარჯვა და თქვა:
– ორივე ავყარეთ. თქვენ?
– ტომარაში გვყავს. ჩამოათრიეთ და წავიყვანოთ, – მიუგო გრუელს კოლეგამ.
ბარაბაძის ოთხეული „გრუს“ ორმა ჯგუფმა ორი მანქანით წაიყვანა კონსპირაციულ ბინაში. ორი გრუელი კი გაგნიძის სახლში შეყოვნდა და ერთ-ერთმა მათგანმა პროფესორს უთხრა:
– როგორ ხართ?
– გმადლობთ. არა მიშავს, – მიუგო გაგნიძემ გრუელს და ჰკითხა: – ჩემი საქმე როგორ იქნება?
– თქვენთან დაკავშირებით ინსტრუქციას ველოდები, – მშვიდად თქვა გრუელმა. პროფესორმა კი აკანკალებული ხმით უთხრა:
– უნდა მომკლათ?
– ასეთი ინსტრუქცია არ მიმიღია, – უფრო მშვიდად თქვა გრუელმა. გაგნიძე კი უკვე მთელი სხეულით კანკალებდა და ამოილუღლუღა:
– რომ დაგავალონ, შეასრულებთ?
– ბრძანება ბრძანებაა და მისი შესრულება ჩვენი მოვალეობაა. გირჩევთ, დამშვიდდეთ, რომ რამე არ დაგემართოთ, – მიუგო გრუელმა პროფესორს, რომელსაც კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ რუსმა ოფიცერმა ის ხელით შეაჩერა – გაჩუმდიო. შემდეგ აციმციმებული რაცია ჩართო და სიმონს უპასუხა: – გისმენთ.
– როგორაა საქმე? – იკითხა სიმონმა.
– ყველაფერი რიგზეა. საქონელი გავგზავნეთ, ჩვენ კი ინსტრუქციას ველოდებით, – უპასუხა გრუელმა.
პროფესორი დაძაბული უსმენდა გრუელს. სიტყვა „ინსტრუქციის“ ხსენებაზე კი სახე წამოეჭარხლა და ცივმა ოფლმა დაასხა მთელ სხეულზე.
– ბაზაზე წამოიყვანეთ, მეც მალე მოვალ. სიახლეა და უნდა დაგელაპარაკოთ, – უთხრა სიმონმა გრუელს და რაცია გამორთო.
რაცია გამორთო გრუელმაც და შეინახა. უკიდურესად შეშინებულმა და უკვე გაფითრებულმა პროფესორმა კი ოფიცერს ენის ბორძიკით ჰკითხა:
– რაო, რა გიბრძანეს? დადგა უკვე ჩემი აღსასრულის დრო?
©გრუელის სიტყვებმა ოდნავ დაამშვიდა გაგნიძე. მან სწრაფად შეასრულა ოფიცრის მითითება და შვიდიოდე წუთის შემდეგ პროფესორი და „გრუს“ ორი ოფიცერი უკვე ღამის თბილისის ქუჩებში მიჰქროდნენ „ჯიპით“. მანქანამ სწრაფად გაიარა ქალაქი და რუსთავის გზატკეცილს დაადგა, სოღანლუღთან კი მარჯვნივ აუხვია, სამიოდე კილომეტრი გაიარა, სასაფლაოს გასცდა და გზატკეცილის მარჯვენა მხარეს განლაგებული, ერთ-ერთი ახალაშენებული ორსართულიანი აგარაკის ეზოში შევიდა. ეზო სქელი, მაღალი ქვის ღობით იყო შემოფარგლული. სახლის ქვეშ კი უზარმაზარი სარდაფი იყო, სადაც ათი მანქანა ეტეოდა და იქ უკვე „გრუს“ ის ორი „ჯიპი“ იდგა, რომლებითაც ბარაბაძის ოთხეული მოიყვანეს. „გრუს“ ოფიცრებმა, რომლებმაც გაგნიძე წამოიყვანეს, თავიანთი „ჯიპიც“ იმ სარდაფში გააჩერეს და ერთ-ერთმა გრუელმა პროფესორს უთხრა:
– მოვედით. გადმოდით.
მანქანიდან გადმოსული პროფესორი მეორე სართულზე აიყვანეს, სადაც „გრუს“ ოთხი ოფიცერი იმყოფებოდა, ორი ოფიცერი კი სარდაფში მოწყობილ საკანში ჩავიდა, სადაც ბარაბაძის ოთხეული იყო გამომწყვდეული და მათ სდარაჯობდა. გაგნიძე სავარძელში მოკალათდა. მისმა თანმხლებმა ერთ-ერთმა ოფიცერმა კი თავის კოლეგას ჰკითხა:
– სიახლე არაფერია?
– სიმონი მოვიდა, – თქვა ერთ-ერთმა გრუელმა, რომელიც ფანჯარასთან იდგა და დაამატა: – ჩავალ, კარს გავაღებ.
ხუთიოდე წუთის შემდეგ სიმონი ოთახში შევიდა, იქ მყოფთ მიესალმა და თქვა:
– ახალი ინსტრუქციაა ცენტრიდან და უნდა დავილაპარაკოთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში