კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-24(807)

 ნანა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მოსაუბრეებს, რომლებიც მაშინვე გაჩუმდნენ და ერთმანეთს შეშფოთებით გადახედეს. ვერცერთი ვერ ბედავდა, რამე ეთქვა. ნანას საკმაოდ მშვიდი სახე ჰქონდა, უემოციო, თუმცა დენი, რომელიც კარგად იცნობდა დედის ხასიათს, მიხვდა – ქალი აფეთქების ზღვარზე იყო.
– მაქს, რას ამბობდი, სად არის ჩემი ქმარი? – იკითხა თითქოს ძალდაუტანებლად, მოგონილი სიმშვიდით.
– ქალბატონო... მე... მე... ეს ჩემი ბრალი არ არის... ვერ წარმოვიდგენდი... საიდან უნდა მცოდნოდა მათი ამბავი? ჩემთვისაც შოკი იყო. ჯერაც ვერ მოვდივარ გონს. მიკვირს, აქამდე როგორ მოვაღწიე... მართლა... თითქოს მანქანას სხვა მართავდა...
– ამბობ, მათი ამბავი არ ვიცოდიო... რას გულისხმობდი? – ნანამ ხელჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, – მაქს, ყველაფერი უნდა მითხრა, რაც იცი.
მაქსმა ყოყმანით გახედა დენის და იმანაც თავი დაუქნია.
– ვერ ვიჯერებ, მაგრამ, როგორც მივხვდი, თქვენი მეუღლე და ჩემი ყოფილი საცოლე ერთმანეთს იცნობდნენ, უფრო მეტიც – ძალიან, ძალიან ახლოს  იცნობდნენ ერთმანეთს. გეფიცებით, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, უსიამოვნო სიურპრიზი და...
ნანამ წარბი შეიკრა, ხელი აიქნია და სახლისკენ წავიდა, თითქოს ამით მაქსს ანიშნა, საკმარისია, მეტის მოსმენა აღარ მინდაო და კარი ხმაურით მიიჯახუნა.
დენი მეგობარს მიუბრუნდა:
– წყალი დალიე და მოყევი ყველაფერი. რაღაცას ხომ არ ურევ?
– დენი, მომისმინე... დედაშენის წინაშე მე ბრალი არ მიმიძღვის.
– დედაჩემზე არ გელაპარაკები. იქ რა მოხდა, გაბრიელასთან? იქნებ საშინელი სკანდალი მოაწყვე, იქაურობა მილეწ-მოლეწე, შემდეგ გამოიქეცი. ლევანი იქ დატოვე, ახლა კი ამბობ, დარჩაო...
– სულელი გგონივარ? შეურაცხადი? არანაირი სკანდალი არ ყოფილა. უნდა გენახა, გაბი ლევანს როგორ შეხვდა. შემთხვევით ნაცნობებს ასე არ ხვდებიან... მერე გაბიმ მე გამომაგდო, ის კი დაიტოვა. რომ იცოდე, როგორი ბედნიერები ჩანდნენ...
დენიმ ამოიოხრა და ხელები გაშალა:
– არ ვიცი, დავიჯერო თუ არა... ლევანი და გაბრიელა – ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, წარმოუდგენლად. სად უნდა ენახათ ერთმანეთი, რანაირად? მაქს, დამშვიდდი. მესმის, რომ ცუდ მდგომარეობაში ხარ გაბრიელას უარის გამო, მაგრამ ლევანი არაფერ შუაშია... დარწმუნებული ვარ, ისე გამოიქეცი, აღარც კი გაგხსენებია. ის დაბრუნდება...
– არ დაბრუნდება, – თქვა უცებ აქამდე ჩუმად მყოფმა სამანტამ. ტანზე საბანაო ხალათი შემოიცვა და დენის დამნაშავესავით შეხედა, – მგონი, უნდა ვთქვა...
– რა უნდა თქვა? სამანტა, რადგან დაიწყე, დაასრულე კიდეც... ოჰო, თვალს მარიდებ? ეს უკვე მაშფოთებს, თანაც, ძალიან...
– დენი, ალბათ, აქამდეც უნდა მომეყოლა, მაგრამ, მეშინოდა, რომ ეს ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებდა...
– სამანტა! – დენის მოთმინება დაეკარგა და იფეთქა, შემდეგ გოგოს ორივე მკლავზე მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია, – ახლავე ყველაფერი მითხარი!
– კარგი, ოღონდ, პირობა მომეცი, რომ ძალიან არ გადაირევი...
– სამანტა, – შეჰყვირა დენიმ და გოგოს ისე მრისხანედ შეხედა, სამანტამ სახეზე ხელები აიფარა.
– არ შემიძლია, ასე არ შემიძლია... ისე ნუ მიყურებთ, თითქოს მე ვარ დამნაშავე იმაში, რომ გაბრიელა და შენი მამინაცვალი საყვარლები არიან...
დენი გაშრა. მაქსმა სარკასტულად გაიცინა და ხელი ხელს შემოჰკრა:
– ასეც ვიცოდი! არ შევმცდარვარ... კახპა!
– მაქს, ზედმეტი ხომ არ მოგდის? – აღშფოთდა სამანტა, – მე რა შუაში ვარ?! მერე რა, რომ ვიცოდი და არ ვთქვი, ასე ადვილი გგონია სხვის პირადზე საჯაროდ ლაპარაკი?!
– ტყუილად აღშფოთდი, გაბრიელაა კახპა და კიდევ უარესი... ყოველთვის ვიცოდი, რა ნაგავიც იყო...
– არ გინდა, მაქს... ნუ გავიწყდება, რომ ეგ ნაგავი ცოლად მოგყავდა... მაგრამ მე ახლა დედაჩემი მაფიქრებს და მადარდებს... ეშმაკმაც წაგიღოთ ორივე... – დენიმ სირბილით გადაჭრა ბილიკი და სახლში შევარდა.
– ნამდვილი იდიოტი ხარ, – სამანტამ მაქსს შეუბღვირა, – გამოუსწორებელი იდიოტი... შენი საქმე ხომ გააფუჭე, ჩემი მომავალი ბედნიერებაც ქარს გაატანე.... მხოლოდ სულელი თუ მოიქცეოდა ასე... ახლა რა უნდა ვქნა? დენი არასოდეს მაპატიებს, რომ ვიცოდი და არ ვუთხარი.
– მოიცა, ჩემგან რა გინდა? რა ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა? იმ იდიოტს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, არადა, სულ გაბრიელაზე ვლაპარაკობდი. დიდი ხანია, ერთმანეთს ხვდებიან?
– რა მნიშვნელობა აქვს? – მხრები აიჩეჩა სამანტამ, – უნდა მოვიფიქრო, დენი როგორ შემოვირიგო.
– მომიყევი. დიდი ხანია, ერთად სძინავთ? – მაქსი გაწითლდა.
– იმ დღეს შეგვხვდა ეს ლევანი ბარში, როცა გაბი სახლიდან გამოიქცა.
– აი, ასე, შემთხვევით შეგხვდათ? არ მჯერა მაგის...
– რატომ? ბარში ვისხედით და ვსვამდით, მერე ის შემოვიდა... ჩვენ, უფრო სწორად, გაბრიელამ, მასთან გართობა მოინდომა... მერე ერთად წავიდნენ. მეგონა, ამით დამთავრდებოდა, მაგრამ შევცდი – მერე გავიგე, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ.
მაქსმა კბილები გააღრჭიალა:
– ასეც ვიცოდი... ვგრძნობდი... იმიტომაც არ პასუხობდა ჩემს ზარებს. აქამდე რატომ არ მითხარი?
– მაქს, გეყოფა... მე ნუ გამომიყვან ამ ყველაფერში დამნაშავეს... თქვენს ურთიერთობაში ჩარევა არ მინდოდა.
– დენის რატომ არ უთხარი?
– ასე ადვილი გგონია? რანაირად უნდა მეთქვა? რა ჩემი საქმეა, მისი მამინაცვალი ვის ხვდება?  გაბრიელას პონტში, მით უმეტეს, არ ვიტყოდი – რაც არ უნდა იყოს, ჩემი მეგობარია.
– მეგობარი... – გამოსცრა მაქსმა, – ქალები ყველანი ერთნაირები ხართ – ბოზები...
– გეყოფა-მეთქი! მე რას მერჩი?
– იმას, რომ დენის ხელში ჩაგდების სურვილის გამო დამალე ეს ამბავი. გგონია, ვერ ვხვდები?
– ასეც რომ იყოს, რა პრობლემაა? არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა, თავი დამანებე! – შეუბღვირა გოგომ, ხალათი გაიხადა და აუზში ჩახტა...
დენიმ დედას ვერანდაზე მიაგნო – ქალი მოწნულ სავარძელში იჯდა და ჩაფიქრებული ეწეოდა სიგარეტს. ბიჭი მივიდა და მხარზე დაადო ხელი.
– შენს ნერვიულობად არ ღირს, დამიჯერე...
– ვიცი. შეგიძლია, ვისკი მომიტანო? ოღონდ, არ გააზავო და არც ყინული ჩააგდო.
ბიჭმა ამოიოხრა და ბრაზით წამოიძახა:
– ვნახავ და თავ-პირს დავუმტვრევ!
– ზოგჯერ როგორ ყივის შენში ქართული სისხლი, – სევდიანად გაეღიმა ნანას, – მუშტებით პრობლემა არ მოგვარდება, ეგ კაცი კი უკვე პრობლემაა ჩემთვის...
– არ მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ, რადგან შენ თვითონ დაიწყე... დიდი სისულელე იყო მასზე ოფიციალურად  დაქორწინება, ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ახლა რას აპირებ?
– ჯერ არ ვიცი... მგონი, უნდა ვნახო და დაველაპარაკო.... როგორ გგონია, დიდი ხანია, მღალატობს?
– დედა! – აღშფოთებით შესძახა დენიმ, – ამას რა მნიშვნელობა აქვს? ხომ არ ფიქრობ, რომ უნდა აპატიო?
– არ ვიცი, დავიბენი. უნდა დაველაპარაკო.
– დედა! ადრე ასეთი არ იყავი... გიყურებ, გისმენ და ვეღარ გცნობ. ასე მგონია, სხვა ხარ. ასეთი რა გაგიკეთა ამ კაცმა? ოღონდ, არ მითხრა, რომ გიყვარს...
ქალმა არ უპასუხა, სიგარეტს მოუკიდა და თვალები ცრემლებით აევსო.
 – წავალ, ვისკის მოგიტან...
როცა დენი ორი ჭიქით და ვისკის ბოთლით დაბრუნდა, ნანას გაცილებით მშვიდი სახე ჰქონდა.
– აბა, როგორ ხარ?
– ვისკი დამისხი, ცოტა უნდა დავლიო... დენი, დამპირდი, რომ შენ ამ საქმეში არ ჩაერევი.
დენი გაწითლდა.
ნანამ ხელის მკვეთრი აქნევით საშუალება არ მისცა, რაღაც ეთქვა.
– მომისმინე! პატარა გოგო აღარ ვარ, რომ ცხოვრება კიდევ ერთხელ დავიწყო თავიდან... ბევრჯერ გამიკეთებია ეს და, ვგრძნობ, რომ აღარ მინდა. არც მე ვარ ანგელოზი... ჰო, ასე ნუ მიყურებ, ღალატი არც ჩემთვის არის უცხო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქალთან დიდხანს ვერ გაძლებს, დაბრუნდება და ბოდიშს მომიხდის...
– ნანა, რას ამბობ, შენ დაელოდები? და მერე მიიღებ, თითქოს არაფერი მომხდარა? გავგიჟდები! – დენი წამოხტა და წინ და უკან სირბილს მოჰყვა.
– ძალიან გთხოვ, ჩემი გადმოსახედიდან შეხედე ამ ყველაფერს, – სთხოვა ნანამ.
– ვერ შევხედავ, იმიტომ, რომ არ მესმის... არ მესმის, რაში გჭირდება ეს კაცი!
– იმავეს მეკითხები... რომ გითხრა, მარტო დარჩენის მეშინია-მეთქი?!
– კარგი, რა, მარტო არ დარჩები... სტივენი ელოდება, ხელს როდის დაუქნევ, რომ შენკენ გამოქანდეს.
ნანამ თავი გააქნია:
– არც ასეა საქმე... ჯერ ერთი, სტივენი ნაწყენია და ასე ადვილად არ დაბრუნდება. რომც დაბრუნდეს, როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ცხოვრება?
– სტივენი არ გღალატობდა მაინც...
– სამაგიეროდ, მე ვღალატობდი და ეს მღლიდა... არ არის მარტივი ტყუილში ცხოვრება. ხომ ნახე, ლევანმაც ვერ გაუძლო და იმასთან დარჩა... ჰმ, ასეა... მოპარულ ბედნიერებას ერთხელ შენც მოგპარავს სხვა...
დენი უსმენდა და ნერვიულობისგან ტუჩებს იკვნეტდა.
– შენი არ ვიცი, მაგრამ, მე არ ვაპატიებ...
– დენი, რა გთხოვე?!
– არ შემიძლია! ჩემი კაცური თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას, შენი შეურაცხყოფა ვაპატიო იმ არარაობას.
– არ გთხოვ, აპატიე-მეთქი, მაგრამ შურისძიება საჭირო არ არის.
– ის თუ ამ სახლში დაბრუნდება, მე აქ ვეღარ მნახავ! – გადაჭრით თქვა დენიმ.
– აბა, რას ამბობ, გინდა, გული გამიხეთქო? ხომ იცი, რომ შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის? – ხმა აუკანკალდა ნანას.
– მაშინ, უნდა აირჩიო: ან – ის, ან – მე...
– დენი, ნუ მაიძულებ ამის გაკეთებას, – ქალი თვალებგაფართოებული და შეძრწუნებული მიაჩერდა ბიჭს. ასეთი დენი არასდროს ენახა.
– ადექი და წამოდი! – თქვა უცებ ბიჭმა.
– სად მიგყავარ?
– ის ნაძირალა ვნახოთ და დაველაპარაკოთ.
– არა, ახლა ამის გაკეთებას აზრი არა აქვს, – თავი გააქნია ნანამ, – იყოს ჯერ მასთან. ასე აჯობებს. გპირდები, რომ ძალიან არ ვინერვიულებ.
– დედა, გაეყარე და მოშორდეს აქაურობას. მე დაგეხმარები, რომ დეპორტი არ ასცდეს.
– დენი, ეს ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია!
– როგორ ამბობ, ამას? ტანსაცმელი რომ აცვია, ისიც კი შენი დამსახურებაა...
– ჰო, ასეა, მაგრამ მას არაფერი არ უთხოვია.
დენიმ დედას შეხედა:
– როგორც ვხვდები, აზრი არა აქვს ჩემს ლაპარაკს. კარგი, ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი. მე მივდივარ!
– სად?
– ჩემს სახლში ვბრუნდები და მაქსსა და სამანტასაც წავიყვან. იმას მაინც ნუ იზამ, რომ მუხლებში ჩაუვარდე იმ ნაძირალას და პატიება სთხოვო.
– ამას არ გავაკეთებ, – გაეღიმა ნანას, –  მაგრამ, ერთი-ორი დღე დარჩი – გამიჭირდება მარტოს.
დენი შეყოყმანდა.
– არ შემიძლია, – თქვა ბოლოს, – მართლა არ შემიძლია. მარტო იმაზე კი არა, შენზეც ვბრაზობ... ძალიან ვბრაზობ.
ნანამ თავი დაუქნია:
– ჰო, მესმის.
***
ლევანი დაბნეული იდგა და უცნაური, შიშნარევი მორიდებით შესცქეროდა გაბრიელას მამას, ტიპური ამერიკელი განგსტერის შეხედულების მამაკაცს, რომელიც  დამცინავად ათვალიერებდა შვილის ახალ „სათამაშოს“. გაბრიელა მუხლზე ჩამოუჯდა და აკისკისებულმა ორივე ხელი კისერზე შემოხვია მამას.
– ასე ნუ უყურებ, თორემ, აშინებ, ვერ ხედავ?
– ვაშინებ? მე? მაშინ, შენ გვერდით რა ესაქმება?! მომისმინე, გოგონი, ახლა მე უნდა ვარჩინო ეს გაუგებარი სუბიექტი?
– არა, რატომ? – მხრები აიჩეჩა გაბრიელამ, – ვიმუშავებ და ვიცხოვრებთ.
– შენ იმუშავებ? ალბათ, ისევ ბარში, მიმტანად...
– მერე რა მოხდა? სულაც არ ვიღლებოდი. ისე, თუ გინდა, შენი კომპანიის სახე გავხდები...
კაცმა მსუბუქად უბიძგა შვილს ზურგში და აიძულა მისი მუხლიდან ამდგარიყო. მერე სიგარა აიღო, აკურატულად მოაჭრა თავი მოოქრული საჭრელით და გააბოლა.
– გაბრიელა, უკვე ძალიან დიდი ხანი ველოდები იმ დღეს, როცა საბოლოოდ მიხვდები, ვინ ხარ და რას წარმოადგენს შენი ოჯახი.
– ვიცი, მამა, ვიცი...
– გაჩუმდი და მომისმინე! – მრისხანედ დაუყვირა კაცმა და ისე შეუბღვირა, რომ გაბრიელას მაგივრად ლევანი გაფითრდა, – ჰო, მომისმინე, იმიტომ, რომ უკანასკნელად გელაპარაკები ამ ყველაფერზე. მე უკვე ძალიან დიდი ხანია, ვიცდი და დავიღალე, დაღლილი კი ძალიან ბრაზიანი ვხდები. მინდოდა, გესწავლა და ნორმალური ოჯახი შეგექმნა, როგორც მე და დედაშენს ან შენს დას და ძმას აქვთ... არ მოინდომე და გრანდიოზული ქორწილი ჩაშალე – ჭიპში პირსინგი გაიკეთე და სახლიდან გადაიხვეწე... მაგრამ, გაპატიე, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ხარ... იმიტომ, რომ მიყვარხარ... იმიტომ, რომ მეგონა, გონს მოეგებოდი და მაქსს შეურიგდებოდი, რომლის მამასთანაც საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს, სხვათა შორის...
– მერე, მაგიტომ უნდა გავყოლოდი ცოლად?
– გაბრიელა, მაქსზე გათხოვება შენი გადაწყვეტილება იყო, – გამაფრთხილებლად დაუქნია თითი კაცმა.
– მეგონა, მიყვარდა... –  მხრები აიჩეჩა გაბრიელამ.
– ჰო?! ასე არ შეიძლება, გაბრიელა... შესაძლოა, ახლაც გგონია, რომ ეს მაწანწალა გიყვარს – ხომ ხვდები, რომ საერთოდ არ მაინტერესებს ამ კაცის ვინაობა? იმით, რომ შენს სათამაშოდ იქცია თავი, უკვე ყველაფერია ნათქვამი, იმაზე აღარაფერს ვამბობ, მამად რომ შეგეფერება...
– მე... მე მიყვარს თქვენი შვილი, – გაბედა და ხმა ამოიღო ლევანმა.
გაბრიელას მამა მთელი ტანით შებრუნდა მისკენ და მთელი ხმით ახარხარდა:
– გიყვართ?.. ჰა, ჰა, ჰა!.. გაბრიელასნაირი ნორჩი და სულელი გოგონების სიყვარულის უფლებას მხოლოდ მდიდარი... ძალიან მდიდარი მამაკაცები აძლევენ თავს. იმიტომ, რომ მათ აქვთ ამისი ფუფუნება... თქვენ რამდენი მილიონი გაქვთ ანგარიშზე?! ჰა, ჰა, ჰა! გაბრიელა, შეგიძლიათ, ეს ღამე აქ გაათიოთ, დილით კი მოჰკიდე ხელი შენს სიყვარულს და თვალით არცერთი აღარ დამენახოთ! მორჩა, მე დავამთავრე! ახლა კი მოშორდით ჩემი კაბინეტიდან!
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3