ინტიმური საუბრები
მამამ მაშინ მიგვატოვა, ყველაზე მეტად რომ გვიჭირდა
მე 5 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 2-ის, მამამ რომ მიგვატოვა და სხვა ქალთან წავიდა (მერვე კლასში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ის „სხვა ქალი” დედაჩემის უახლოესი მეგობარი და ჩემი ნათლია იყო). ჩემი ძმა, აკო, მაშინ ძალიან პატარა იყო და დიდად არც განუცდია ეს ამბავი, თუმცა საღამოობით მოიკითხავდა მამას და ზლუქუნს ამოუშვებდა ხოლმე, მამა რომ არ მოდიოდა მასთან, მაგრამ მალე ავიწყდებოდა და მშვიდად იძინებდა. აი, მე კი ძალიან განვიცდიდი, მაგრამ თავიდან მეგონა, რომ მამაჩემი ბოროტმა ადამიანებმა გაიტყუეს სადღაც შორს და მას საფრთხე ელოდა. განსაკუთრებით ის მაშფოთებდა, რომ სწორედ იმ პერიოდში დედას რაღაც დაავადება შეეყარა, ლოგინად ჩავარდა და, ჩვენც და მასაც მოხუცი ბებია გვივლიდა. ახლა რომ ვფიქრობ, როგორც ჩანს, მამაჩემს მობეზრდა ავადმყოფი ცოლის, ორი აღნავლებული ბავშვისა და ხანდაზმული სიდედრის ყურება, დაჰკრა ფეხი და გაექცა არასასურველ რეალობას, თუმცა, ეს საქციელი სულაც არ მეტყველებს მის სასარგებლოდ; უფრო მეტიც, ხაზს უსვამს მის სიმხდალეს, სილაჩრეს, არაკაცობასა და ნაძირლობას. შეიძლება, ყველაფრის მიუხედავად, ასე მაინც არ უნდა ვლანძღავდე მამას, რადგან მისი წყალობით მოვევლინეთ ქვეყნიერებას მე და ჩემი ძმა, მაგრამ, რად მინდოდა გაჩენა, თუკი ასეთი ტანჯული ცხოვრება მექნებოდა სწორედ იმიტომ, რომ უსაქმურმა და ალფონსმა მამაჩემმა ვერც მამობა და ვერც ქმრობა ვერ გაქაჩა? თუ მარტო ის არის კაცობა, შარვალი რომ გაცვია, წვერს იპარსავ, ბირჟაზე დგახარ და ქალების ავ-კარგს მათი მამების ჯიბის სისქით აფასებ?
ვიცი, რომ ძალიან სასტიკი ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ისიც დანამდვილებით ვიცი, მამაჩვენს რომ არ მივეტოვებინეთ, არც დედა მოგვიკვდებოდა ასე ახალგაზრდა ასაკში და არც ჩემი ძმა ასცდებოდა გზას და ციხეში არ აღმოჩნდებოდა ჯიბგირობისა და ბანდიტობის გამო. სხვამ თუ არა, მე ხომ ზუსტად ვიცი, როგორი კეთილი და საყვარელი ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებამ გააავა და გააბოროტა. გარდა იმისა, რომ მამაჩვენმა უპატრონოდ დაგვყარა, დედას რამდენიმეწლიანი ავადმყოფობის შემდეგ ისე გაგვიჭირდა, რომ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა ბებიამ, რომ უფრო პატარა ბინაში გადავსულიყავით და დარჩენილი ფულით ვალებიც გადაგვეხადა და გვეარსება კიდეც, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ბინა მამაჩემის სახელზე ყოფილა გადაფორმებული. მართალია, ჯერჯერობით არ გვყრიდა სახლიდან, მაგრამ, ვგრძნობდით, რომ ეს დღეც მალე დადგებოდა, რადგან, გავიგეთ, რომ ეგრეთ წოდებული ჩემი ნათლია ფეხმძიმედ იყო და ხელის მოწერასაც აპირებდნენ. ის ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით, დედაჩემის მშობლების ნაყიდი იყო. მამაჩემს, სოფლიდან ჩამოსულ უსაქმურ ბიჭს, თავისი საკუთარი მუყაოს ყუთიც კი არ ჰქონდა, წვიმაში თავი რომ შეეფარებინა; იმ სოფელშიც კი წაფერდებულ ქოხში ცხოვრობდნენ მისი მშობლები. კი არ დავცინი, მაგრამ, დღემდე მიკვირს, როგორ შეაყვარა თავი დედაჩემს და როგორ გადაიფორმა ჩუმად ცოლის ბინა თავის სახელზე.
დღეს უკვე მე თვითონ ვარ მშობელი და სამ შვილს ვზრდი. არც პირად ცხოვრებაში გამიმართლა – ძალიან ახალგაზრდას გარდამეცვალა ქმარი და არავინ მყავს დამხმარე, მაგრამ შვილების გამო ყველაფერს ვუძლებ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მამაჩემი მეხვეწება შერიგებას და ათას ვინმეს მიგზავნის თხოვნით, რომ ვაპატიო. თავისი ჭკუით ცდილობს, იმ ქონებით დამაბრმავოს, რომელიც ვინ იცის, რა გზით დააგროვა. იცის, რომ ძალიან მიჭირს და, ჰგონია, ამით მომისყიდის, მაგრამ, ვერაფრით ვერ ვაპატიებ ჩემი დედისა და ძმის დაღუპვას (ერთის – ფიზიკურად, მეორის – მორალურად) და არც მისი ცოდვიანი ქონება მჭირდება. მინდა, რომ წაიკითხოს ეს წერილი და, თუ ერთი ნამცეცი სინდისი შერჩენია, სიცოცხლის ბოლომდე იმაზე იფიქროს, რა ცოდვაც ჩაიდინა თავისი ოჯახის წინაშე და ღმერთს სიკვდილამდე ევედროს პატიება.
გვანცა, 33 წლის.