გეშინოდეთ ფანტაზიების!
ნიკოლას ფრეიზერი უცნაური კაცი იყო, უცნაური იმით, რომ შინაარსიან და თითქმის ცხად სიზმრებს ხედავდა, რასაც თავიდან იმას აბრალებდა, რომ, მკაცრი ცოლის პატრონი, ძალიან ხშირად ფანტაზიორობდა და მხოლოდ საკუთარ წარმოსახვაში ბედავდა თავისი სურვილების ასრულებაზე ფიქრს. ნიკოლასის ცოლი, ჰენრიეტა, შესაძლოა, ლამაზადაც მოგჩვენებოდათ, რომ არა მისი მბრძანებლური გამომეტყველება. მთელ ხელფასს ფრეიზერი ცოლს აძლევდა და თანხა ქალის სურვილების ასრულებაზე იხარჯებოდა. თავად ნიკოლასს კი უფერული, უღიმღამო ცხოვრება ჰქონდა. იგი ბუღალტრად მუშაობდა, დილიდან ციფრებში იყო ჩაფლული და, შეიძლება, ამიტომაც დაეწყო ფერადი, მრავალფერადოვანი, საინტერესო და ეგზოტიკური სიზმრები. ამ სიზმრებში ის რეალურად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ხვდებოდა მის მიმართ კეთილგანწყობილ, საინტერესო ადამიანებს და ისეთ რამეებს აკეთებდა, რასაც რეალურ ცხოვრებაში აზრადაც კი ვერ გაივლებდა, ვერ გაბედავდა და არც ცოლი მისცემდა ამის უფლებას. ამიტომ ფრეიზერი ნელ-ნელა მთლიანად ჩაეფლო თავისი ცხოვრების ახალ სტილში და სიამოვნებასაც იღებდა. მისი „ფანტასტიკური რეალობა“ მშვენიერი იყო. ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი არც გახსენებია – არ უნდოდა, ფანტაზიების გარეშე გაეგრძელებინა ცხოვრება. უკვე ვეღარც არჩევდა, რა იყო რეალობა და რა – ფანტაზიის ნაყოფი... ამ დროს კი რას აკეთებდა ჰენრიეტა?! ის ძველებურად ხელშაგლით ხარჯავდა იმ ფულს, რომელსაც მისი ქმარი გამოიმუშავებდა. თავიდან ქმრის პარალელური ცხოვრების შესახებ ქალმა არაფერი იცოდა... ნიკოლასი კი ბედნიერი იყო, თუმცა, ეს უჩვეულო მდგომარეობა აღმოჩნდა მისთვის და რაღაც პერიოდის შემდეგ სინდისმა შეაწუხა – იგი შეშფოთდა და ადგილს ვერ პოულობდა. ვერ გადაეწყვიტა, უნდა ეთქვა ცოლისთვის ეს ამბავი თუ არა: ნიკოლასის პატიოსანი ბუნება ვერ ეგუებოდა იმას, რომ ცოლისგან მალულად იყო ბედნიერი და კიდევ ერთი, განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა; მას ისიც დანაშაულად მიაჩნდა, რომ სწრაფად დაძინებასა და ირეალურ სამყაროში გადაბარგებას ცდილობდა. ბოლოს, ბევრი ყოყანისა და ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ჰენრიეტასთვის ყველაფერი ეთქვა...
ქალმა ყურადღებით მოუსმინა, თან ძვირად ღირებულ ყავას შეექცეოდა. მერე თვალები მოჭუტა და ქმარს მიაშტერდა:
– ესე იგი, რეალობას ფანტაზიისგან ვერ არჩევ?
– ჰენრიეტა, ძვირფასო, ეს არც ისე დიდი დანაშაულია! რეალურ ცხოვრებაში ხომ ისევ მორჩილი და წესიერი ქმარი ვარ...
– ჰო, მაგრამ, ჩემგან შორს ხარ, საკუთარ ფანტაზიებში... – დაფიქრებით თქვა ქალმა.
– მერე, რა მოხდა, ჰენრიეტა... ეს ჩემი პატარა სიამოვნებაა. ხომ შემიძლია, მეც მქონდეს რაღაც ჩემი, საკუთარი, თუნდაც სულ პაწაწინა რამ?! ჰენრიეტა, გახსოვს, როგორ მინდოდა, სახლში კატა გვყოლოდა და შენ წინააღმდეგი იყავი? მეც დაგითმე. ახლა კი, უკვე ორი კვირაა, სიზმარში ფუმფულა კატას ვხედავ და ვეფერები... ისე ცხადია შეგრძნებები, რომ ხელი მის ბეწვში მეფლობა და ენით აუწერელ სიამოვნებას ვგრძნობ...
ქალმა წარბი შემართა:
– ესე იგი, დარწმუნებული ხარ, რომ ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია არ გჭირდება?
– ო, არა, ჰენრიეტა... მომეცი უფლება, ვიყო ბედნიერი, – შეეხვეწა კაცი.
ქალმა ჩაიცინა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და ფრეიზერმაც განაგრძნო ცხოვრება თავის ტკბილ ფანტაზიებთან ერთად. მალე შენიშნა, რომ ჰენრიეტა შეიცვალა – სულ გაღიმებული და ნასიამოვნები სახე ჰქონდა, თუმცა, ყურადღება არ მიაქცია, რადგან, გადაწყვიტა, რომ ესეც მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. მერე, ერთ დღეს, ჰენრიეტა უძვირფასეს ქურქში გახვეული მოევლინა. საუზმობისას ჰკითხა ახალი შენაძენის შესახებ, რომელსაც აშკარად არ ეყოფოდა ბუღალტრის ორი თვის ხელფასიც კი. ჰენრიეტამ გაიცინა და უთხრა: ძალიან შეიჭერი შენს ფანტაზიებში. ეტყობა, სულ ქურქზე რომ გელაპარაკებოდი და სახლიც ქურქების ჟურნალებით ავავსე, დაგესიზმრაო... ასე ჩნდებოდა ჰენრიეტას გარდერობში ძვირფასი სამოსი, ძვირფასეულობა: ყელსაბამები და სამაჯურები ძვირფასი ქვებით... ფრეიზერი ჩუმად იყო, დარწმუნებული იმაში, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ წარმოსახვაში ხედავდა და რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, ჰენრიეტასთვის კიდევ რამის კითხვა უაზრობად ჩათვალა – შეეშინდა, რომ ქალი ამჯერად ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტზე დაითანხმებდა, ფრეიზერს კი სულაც არ უნდოდა, თავის ტკბილ მეორე ცხოვრებას შელეოდა. მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როცა ჰენრიეტა ვიღაც უცხო მამაკაცთან ერთად ნახა... ვერ მიხვდა, როგორ შეიძლებოდა, ეს თავის წარმოსახვაში დაეშვა. მაგრამ ცოლმა მშვიდად აუხსნა ფარული ეჭვის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე და ბევრიც იცინა, როცა ნიკოლასმა ჰკითხა, საყვარელი ხომ არ გყავსო. კაცსაც შერცხვა, ძალიან შერცხვა... მართალია, ჰენრიეტა აწვალებდა, მაგრამ, უყვარდა. საკუთარ თავზე მოერია ბრაზი – ფანტაზიებში როგორ დავუშვი, რომ ცოლი მღალატობსო... თუმცა, ამით არ დამთავრებულა: ნიკოლასმა უცხო კაცი ჰენრიეტას საძინებელშიც ნახა, სასადილო ოთახშიც... ის უტიფრად იცინოდა და მის ცოლს ურცხვად ეხვეოდა, ნიკოლასი კი საკუთარ თავს არწმუნებდა, ეს ყველაფერი რეალური არ არისო, თუმცა ამით ბრაზი არ განელებია, პირიქით, ნელ-ნელა ემატებოდა კიდეც და, ბოლოს მისმა გაბრაზებამ კულმინაციას მიაღწია, ლამის აღარ დაეძინა. ჰენრიეტა კი მხოლოდ დასცინოდა... ნიკოლასის არსებაში ნელ-ნელა იღვიძებდა მხეცი – ეს მისდა უნებურად ხდებოდა და ფიქრობდა, რომ ბრაზიც, ეჭვიანობის შეტევებიც და ცოლის მოკვლის სურვილიც წარმოსახვითი იყო, ფანტაზიის ნაყოფი. ეს კი უკვე აღარ ანიჭებდა სიამოვნებას და აღარც სიზმრები იყო სიამოვნების მომტანი... სიზმარში რამდენჯერმე გაგუდა ჰენრიეტა და შეგრძნება ჩადენილი დანაშაულისა ისეთივე რეალური იყო, როგორც მისი დანარჩენი ხილვები...
... იმ დილითაც, ჰენრიეტა საწოლში, ბალიშით გაგუდა, მძინარე. ღამით სკანდალი ჰქონდათ. იჩხუბეს – ნიკოლასმა ისევ იეჭვიანა და ჰენრიეტამაც ისევ დასცინა...
პოლიციელებმა სახლი დაათვალიერეს. ნიკოლას ფრეიზერი გაოგნებული დასჩერებოდა ხელბორკილებს. სჯეროდა, რომ ესეც მისი ცუდი სიზმრის, ფანტაზიების ნაწილი იყო.
– როცა გავიღვიძებ, ჰენრიეტას პატიებას ვთხოვ, – თქვა და გაიღიმა.
პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს.
– თამაშობს? – ჰკითხა ერთმა მეორეს.
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა მან და მოღიმარ ფრეიზერს გადახედა, – წავიყვანთ და იქ გაარკვევენ. ეჭვი არაა, რომ ცოლი მოკლა. ყოველგვარი ფანტაზიებისა და სიზმრების გარეშე – ეს ქალი მკვდარია...