ჩიტი
– კაი ბატონებიო!
– კეთილი ბატონებიო!
– სახე არ მოიქავო, თორემ დაგემჩნევაო!
– რომ მექავებაო?!
– არ მოიქავო და ამბავს მოგიყვებიო:
– იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტიო!
***
ერთხელ ერთმა საწყალმა კაცმა მოქანდაკეობა გადაწყვიტა. შეაგროვა ფული, იყიდა თაბაშირი, შეკრა რკინის კონსტრუქცია და დაიწყო ძერწვა. ძერწა და ძერწა, ძერწა და ძერწა, ბევრი ძერწა თუ ცოტა ძერწა, ქანდაკება გამოძერწა. თვითონ მოეწონა. ახლობელს აჩვენა. ახლობელმა:
– ხა-ხა-ხა, ეს რა გამოქიგანდაკებიაო, შენი მოქანდაკეობა ვის გაუგონიაო?!
– ამას აღარ ვაჩვენებ, შურიანი ყოფილაო! – მაინც კიდევ ერთხელ შეათვალიერა. რაღაც არ მოეწონა, ჩაასწორა. სხვას აჩვენა. იმ სხვამ:
– პროპორციები არ მომწონსო!
– ესეც შურიანი რომ იყო, ხომ ვიცოდი, რას ვაჩვენებდიო?! – მაინც შეამოწმა, პროპორციები შეასწორა. მოეწონა. ახლა სხვას აჩვენა.
– არა უშავს, მაგრამ, დასახვეწიაო! – უთხრა იმ სხვამ.
– აღარც ამას ვაჩვენებო! – მაინც შეათვალიერა, დეტალები დახვეწა. გამოფენაზე დადო. ხალხმა მოიწონა. კარგი გამოხმაურება მიიღო.
***
– ხოდა, ეს ჩიტი ზამთარში მავთულზე იჯდა და სიცივისგან იყინებოდა. დაუბერა ძლიერმა ქარმა, ჩიტმა გასაფრენად ფრთები ვეღარ გაშალა. ძირს ჩამოვარდა, თოვლში ჩავარდა და გაიყინა. ამ დროს გამოიარა ძროხამ. ჩიტი ვერც კი შეამჩნია, ისე დაანეხვა ზემოდან. გათბა ჩიტი და გამოცოცხლდაო.
აქედან მორალი პირველიო:
– ვინც თავზე გიშვრება, ყველა მტერი არ არისო!
***
მიეცა იმ კაცს ძერწვის ხალისი. ძერწა და ძერწა, ძერწა და ძერწა, ბევრი ძერწა თუ ცოტა ძერწა, მეორე ქანდაკება გამოძერწა. ერთ კარგ კაცს აჩვენა, ვისაც არ შეშურდებოდა.
– აი, ეს არის ხელოვნებაო! – შეაქო იმ კაცმა.
– ძლივს არ ვნახე კარგი შემფასებელიო?! – გაიხარა მოქანდაკემ. მესამე ქანდაკება გამოძერწა, აჩვენა.
– შენ ნამდვილი მოქანდაკე ხარო!
ძერწა და ძერწა, მიაყოლა და მიაყოლა, გული ამოიღო, სული ჩააქსოვა. ...ათი, ოცი, ოცდაათი.
– შენ გენიოსი ხარო, შენი შედევრები ლუვრს უნდა ამშვენებდესო!
– ა, კაციო, რა კარგად ერკვევა ხელოვნებაშიო! – აიღო და პერსონალური გამოფენა მოაწყო. რეცენზიები მიიღო – ერთმანეთზე უარესი. ყველაზე მწარედ ის კაცი დასცინოდა, რომელმაც ქანდაკებები მოუწონა.
***
– ჩიტს სითბო ესიამოვნა, ამოყო ფუნიდან თავი და დაიწყო ჭიკჭიკი. გაიგო ჩიტის ჭიკჭიკი მელიამ, მოცუნცულდა, ამოიყვანა ჩიტი ფუნადან, გაასუფთავა და შეჭამაო.
აქედან მორალი მეორეო:
– ვინც ნაქნარიდან ამოგიყვანს, ყველა მოკეთე არ არისო!
***
ჩამოყარა იმ საწყალმა კაცმა ყურები, დანა პირს არ უხსნიდა.
– ეს რა მომივიდაო, თავი შევირცხვინეო. რომელი მიქელანჯელო მე ვიყავი, ამ გაჭირვებაში მაღალი იდეალები რომ მოვინდომეო! ცხოვრებაში აღარაფერს გამოვაქანდაკებო!
***
მორალი მესამე და მთავარიო:
– ნაქნარში როცა ზიხარ, არ უნდა იჭიკჭიკოო!
***
თვითონაც არ უნდოდა, თავისით იპოვეს ხელებმა თაბაშირი, თავისით მოზილეს თითებმა ნაზავი. თავისით გამოიძერწა – მავთულზე ჩიტი.