კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან გადმოფრინდა სოფიკო ჭიაურელი 65 წლის ასაკში პარაშუტით და როგორ ცურავდა ის თურქეთამდე

„ღმერთმა გვაჩუქა სიცოცხლე, ეს დიდებული რამ. მე არ მესმის, როცა ამბობენ: აი, მე რომ ახალგაზრდა ვიყო… მე არ მსურს უკან დაბრუნება. ცხოვრებაში იმდენი რამ იყო და ისევ თავიდან? არ არის საჭირო,“ – (ავტორი რეზო  შატაკიშვილი). სოფიკო ჭიაურელი, ნამდვილი ვარსკვლავი კინოსა და თეატრის, მას არა მხოლოდ საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც დიდ პატივს სცემდნენ და ეთაყვანებოდნენ. პატივისცემა და აღიარება არც უცხოეთის ქვეყნებში  აკლდა, მაგრამ ვარსკვლავური ცხოვრება ერთი დღეც არ ჰქონია. ის ოჯახისთვის თავგადადებული მსახიობი იყო – მსახიობი, რომელიც თვითონ იკერავდა სასცენო კოსტიუმებს, აქსესუარებს, აწყობდა სამკაულებს, თავად იკეთებდა გრიმს და იწესრიგებდა თავს. ის არც მაღალი კლასის   სილამაზის სალონებით ყოფილა განებივრებული და არც დიზაინერებსა  და ძვირად ღირებულ მაღაზიებს აკითხავდა ტანსაცმლისთვის. სახლშიც ყველაფერს თავად უძღვოდა, დაწყებული სახლის დალაგებით, დამთავრებული ელიავას ბაზრობით. მამაკაცის საქმეებსაც მშვენივრდ ითავსებდა. დიახ, ყველა ეს გამორჩეული და სასიამოვნო თვისება ქალისთვის, ერთ სოფიკოში იყო თავმოყრილი. სწორედ ამიტომ მინდა, დღეს მისი დღიურები წარმოგიდგინოთ – ქალის, რომელმაც ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლო თავის ცნობილ ოჯახთან და გარშემო მყოფ ადამიანებთან ერთად.  
ვერიკოს აჩრდილი          
„ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც  დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს „დისქავერის“ გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე. გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს… დედა ჩემთვის იყო დედა და სხვა არაფერი. ასე გრძელდებოდა ჩემთვის დიდხანს… ეს გავაცნობიერე მერე, თვითონ რომ გავხდი მსახიობი, როცა დავინახე, როგორ აფასებდნენ. მაგრამ, ნამდვილად ბოლომდე გავაცნობიერე მაშინ, როცა ის აღარ იყო ამქვეყნად…“ – მიამბობდა ქალბატონი სოფიკო... „დედა, მალე მოხვალ? – ეს კითხვა დღემდე თან მდევს… გასტროლებზე სულ თან დამათრევდა ბოშასავით, მაგრამ გასტროლებზეც რა ხდება? ისევ რეპეტიციები, სპექტაკლები და აი, 6 წლის რომ ვიყავი, დედამ მოიცალა და ათი დღით გაგრაში წამიყვანა დასასვენებლად. ჩავედით და მეორე დღეს დეპეშა მივიღეთ, რომ დედას ძმა გარდაეცვალა. სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით უკან. იქ ისვენებდა დედასა და მამას მეგობარი სოლიკო ვირსალაძე და შესთავაზა, მასთან დავეტოვებინე. დედამ დამტოვა და თვითონ წამოვიდა. სოლიკო ამ დროს ერთ ძალიან ლამაზ გოგონას დასდევდა, უგზავნიდა ყვავილებს. უცებ მე დავიწყე ეჭვიანობის სცენების მოწყობა – თქვენ თუ კიდევ ერთხელ მიართმევთ მას ყვავილებს და მე არ მომაქცევთ ყურადღებას, წავალ-მეთქი. ის იყო თხემით ტერფამდე არისტოკრატი, 6 წლის ღლაპს თქვენობით მელაპარაკებოდა. მომიბოდიშა და შემდეგ ყოველ დილით, რომ გავიღვიძებდი, ყვავილების თაიგული მხვდებოდა. ჩემი მხრიდან ეს იყო ძალიან სერიოზული გრძნობა. გადავიქეცი რაღაცნაირ მხეცუნად. მე კარგად ვცურავდი (5 წლის რომ ვიყავი, დედამ ნავიდან გადამაგდო წყალში და გავცურე. დღემდე შემიძლია გავცურო თურქეთამდე). სოლიკომ კი ცურვა არ იცოდა. მე შევდიოდი ზღვაში და მივცურავდი შორს, შორს. ის კი ნაპირიდან მომძახოდა: გემუდარებით, დაბრუნდით! გუშინ რა მოხდა, ის აღარ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დგას ის ნაპირთან და როგორ მეძახის: დაბრუნდით, მინდა დაგხატოთ! შენახულიც მაქვს მისი ნახატი – მე ვდგავარ თეთრად დაწინწკლულ წითელ ტრუსიკში. ასეთი იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც 6 წლის ასაკში განვიცადე… 
სულ ვცდილობდი, არ დავმსგავსებოდი. არ ეთქვათ: აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, სხვანაირი, დედასგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი – ჰარა „ბაფთიან გოგონაში“ – ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან. „ურიელ აკოსტაშიც“ ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმდენად მისთვის იყო ეს როლი გაკეთებული. დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია… მინდა გითხრათ, არ მსურდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა. ამიტომ, არ ვითამაშე, სხვათა შორის, კლეოპატრა, არადა ძალიან მინდოდა თავის დროზე კლეოპატრას თამაში. სულ დედა მედგა თვალწინ და მივხვდი, მის ხატებას ვერ ავცდებოდი და არ ვითამაშე… მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედა კრიტიკულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც არტისტის მიმართ. და ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით, დალია სადღეგრძელო და განაცხადა: „დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე“. იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა. ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა. დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის…    
გიორგის გვერდით 
ჩვენ ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი, უბრალოდ, „დავდიოდით“ – კინოში, მეგობრებთან სტუმრად. ახლა კი, ეგრეთ წოდებული, თავისუფლებაა. დღეს გაიცნობენ, ხვალ კოცნიან და ლოგინში წვებიან. სამი დღის მერე კი აღარ ცნობენ ერთმანეთს… 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა. ის იღებდა კარგ ფილმებს, მე ვთამაშობდი თეატრში, მიღებდნენ კინოში. მაგრამ, წლების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე, დიდმა სიყვარულმა – კოტემ… ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში, არ მოქმედებს არანაირი კანონები. მე მეწერა, რომ ორჯერ მეყვარებოდა…
სიყვარულის ღუზა – კოტე
კოტეს მანამდეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ედგა, ვიდრე რომანტიკული. ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი. მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. 30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში. მასთან ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ის იყო ფაქიზი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი. ტყუილად ჰქონდა დონ ჟუანის სახელი გავარდნილი. მე ეს არ მაღელვებდა, ეს ხომ ჩემს ერამდე იყო… როცა დავქორწინდით, მეგობრებმა საჩუქრად ღუზა მოუტანეს, ნამდვილი, თუჯის. რომ ოჯახურ ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს, ჩაეშვა ღუზა… გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო, ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს, პოდმოსკოვიეში ვიყავით, ზამთარი იყო, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა: ან მეტყვი ჰოს, ან არადა თავს მოვიკლავო. მე ვუთხარი: „კარგად იყავი“. ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას, რაც იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც, არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე, გადავყევი ხრამში, სიბნელეში. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან… მე საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ. ვთქვი, გადმოვხტები პარაშუტით-მეთქი და გადმოვხტი კიდეც. ცხადია, 65 წლის ასაკში ამის დაწყება საკმაოდ გვიანია. მე და კოტე ქობულეთში ვისვენებდით. კოტესაც უნდოდა გადმოხტომა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ, მე კი გადმოვხტი. მთელი პლაჟი მიყურებდა და ტაშს მიკრავდა. წარმოიდგინეთ, ასკილოიანი სოფიკო მოფრინავს ჰაერში. მარტო იმის მეშინოდა, ვაითუ პარაშუტმა ვერ  გამიძლოს-მეთქი.
ჟერარ ფილიპი, ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი...
15 წლის გოგო ვიყავი, ჟერარ ფილიპი რომ ჩამოვიდა მოსკოვში. მახსოვს, „წითელი და შავი“ ჩამოიტანეს და პრემიერა იყო, მამამ იმ წუთას წამიყვანა მოსკოვში. გავგიჟდი, რომ დავინახე. მამამ მიმიყვანა მასთან: ჩემი გოგოაო. გადამეხვია. არ მეგონა, რომ ოდესმე მას ხელით შევეხებოდი… ეს რა იყო ჩემთვის, იცი? ჟერარ ფილიპი, ცოცხალი ჟერარ ფილიპი… ჯულიეტა მაზინა პირველად მოსკოვში, სტუდენტობისას ვნახე. ინსტიტუტში მოვიდა, ნახა ჩვენი საკურსო ნამუშევრები. ძალიან მოეწონა, გვაქო სტუდენტები. მერე გავიდა დრო, უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, გასტროლებზე ვიყავი ლენინგრადში. უცებ მირეკავს ლენინგრადის კინოკავშირის განყოფილება, ჯულიეტა მაზინა არის ჩვენთან სტუმრად და გვინდა, თქვენ გაუძღვეთ მასთან ინტერვიუსო. გამიკვირდა, ლენინგრადში ისეთი მსახიობები არიან, მე რატომ უნდა ავიღო ინტერვიუ-მეთქი. არა, თვითონ მაზინამ თქვენ გახსენათო. რომ შევხვდი, მივხვდი, ნანახი ჰქონდა ფარაჯანოვის „საიათნოვა“ და ამიტომ ვახსოვდი. მე ავიღე ინტერვიუ ჯულიეტა მაზინასგან… საოცარი მსახიობია, სულ ცხრა ფილმში იყო გადაღებული ამხელა მსახიობი. მითხრა, ძალიან არ მიყვარს კინო, მით უმეტეს, თუ ჩემი ქმარი – ფელინი მიღებსო. გიჟდებოდა ფელინი, ისე უყვარდა მაზინა, მაგრამ უნდოდა, თავისი ცოლი გადაეღო, რაც შეიძლება კარგად. არ აკმაყოფილებდა და ათ დუბლს უღებდა თურმე. სულ მიწუნებდა და მაკომპლექსებდაო. ჯულიეტა ვერ იტანდა მარჩელო მასტროიანის. იმიტომ რომ, ფელინის მარჩელოსი პირველივე დუბლიდან მოსწონდა ყველაფერი. მასტროიანის მოსკოვშიც შევხვედრივარ და აქაც, თბილისში რომ იყო ჩამოსული. მასტროიანი იცით, როგორია? როგორც კინოში, სულ თამაშობდა, სულ კეკლუცობდა…
რა ვერ აპატია საკუთარ თავს?
ბედმა გამიღიმა, ყველა ფილმმა, სადაც კი ვითამაშე, უდიდესი წარმატება მომიტანა. პირველივე ფილმმა „ჩვენი ეზო” ოქროს მედალი მომიტანა მოსკოვის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე. პირველი დეპეშა იყო რაჯ კაპურისგან, გამარჯვებას მილოცავდა. მაშინ რაჯ კაპური, აუუუ… რის ლოურენს ოლივიე, რაჯ კაპური იყო ყველაფერი. ყველა ფილმი იყო პრემირებული. სომხების სამ ფილმში ვითამაშე და სამივე ფილმმა მომიტანა რამდენი პრემია, სომხეთის სახალხო არტისტობა მომანიჭეს. მომანიჭებდნენ, აბა, რას იზამდნენ, არცერთ მაგათ ფილმს არ აუღია იმდენი პრემია ერთად, რაც ჩემმა სამმა ფილმმა აიღო. მარტო „არევიკმა“ 4 პრემია აიღო, „საიათნოვაზე“ აღარაფერს ვამბობ. მახსოვს, „ხევსურული ბალადა“ ნახა სერჟიკამ, ფარაჯანოვმა და გადაწყვიტა, მე გადავეღე საიათნოვას როლში. სომხებს რომ უთხრა, საიათნოვას ქალი ითამაშებს, თანაც ქართველიო, გადაირივნენ, გაგიჟდნენ, მაგრამ სერჟიკამ დაუსვა მათ ასეთი პირობა – თუ სოფიკო არ ითამაშებს, მე არ გადავიღებო. მართლაც გადაიღო და მარტო საიათნოვა კი არა, ექვსი სახე ვითამაშე. გამოვიდა რაღაც სასწაული. არ დამავიწყდება, პარიზში რომ ჩავედით, გავგიჟდი, ყველა ტაქსიში ჩემი სურათი იყო „საიათნოვადან“. მარტო იმ ტაქსებში კი არა, რომელიც ფესტივალს ემსახურებოდა, უბრალო ტაქსებშიც. პატარა სასტუმროც კი არის, სადაც ჩემი სურათი აქვთ, როგორც ლოგო. მე ერთი რამე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის. ფარაჯანოვმა „შუშანიკის წამების“ სცენარი მე მომიძღვნა. მაშინ ეს ჩვენთან ეროვნული მოძრაობის აღზევებას დაემთხვა. „შუშანიკის წამებას“ სომხები ისედაც თავის ნაწარმოებად მიიჩნევენ და სერჟიკას სომხობაც რომ დაემატა, სულ გაგიჟდნენ ეს პეტრიაშვილები, არ მისცეს გადაღების საშუალება. ამ დროს ჩამოვიდა ჩვენთან ფრუნზიკა დავლათიანი, „არმენფილმის“ დირექტორი. დამიჩოქა, წამოდით და ხვალვე დავიწყოთ გადაღება სომხეთშიო. აი, მე რომ წავსულიყავი და „შუშანიკის წამება“ სომხეთში გადაგვეღო, მაშინ ნამდვილად ჩამქოლავდნენ. მაგრამ, მე დღეს ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის. ეს არ გავაკეთე, იმიტო, რომ, დარჩებოდა ერთ-ერთი გენიალური ფილმი. რა ვქნა, შემეშინდა ჩემი შვილების, შვილიშვილების. აქ ისეთი ამბავი იყო, რაღაცას მიზამდნენ.“

скачать dle 11.3