როგორ იხსნა სტალინმა გაზეთი „პრავდა“ დახურვისგან და ბოლშევიკური მოძრაობა – დაკნინებისგან
მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინზე უამრავ ტყუილს წერენ და საბჭოთა ბელადს მრავალ უარყოფით თვისებას მიაწერენ, ჯერ არავის უთქვამს, რომ ის მშიშარა და მხდალი ადამიანი იყო. სტალინის ყველაზე დიდი მტერი და ცილისმწამებელი ლევ ტროცკიც კი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავდა კობას (სტალინის პარტიული ფსევდონიმი) უპრეცედენტო სიმამაცეს. პროფესორი პავლე ნილინი წერს: „როდესაც შენი მოსისხლე და დაუძინებელი მტერიც კი ვერ ახერხებს შენი დადებითი, განსაკუთრებულად გამორჩეული თვისების გვერდის ავლასა და მიჩქმალვას, ეს ბევრს ნიშნავს... ლევ ბრონშტეინი, იგივე ტროცკი, თავის წიგნში „სტალინი“ წერს: „ორატორული ნიჭის არქონის, საშუალოზე დაბალი ინტელექტისა და საერთოდ, პიროვნული შეზღუდულობის მიუხედავად, სტალინს გამორჩეული თვისებაც გააჩნდა – ეს იყო ეშმაკობა და, გამორიცხული იყო, რომ სტალინი ვინმეს გაეცურებინა, თავად ის კი ნებისმიერს გააცურებდა. სწორედ იმიტომ გზავნიდა მას ილიჩი (ლენინი) სხვადასხვა რანგის მოლაპარაკებებზე, რომ დადებითი შედეგი მიეღო და სტალინს მოჰქონდა კიდეც ეს შედეგი... სტალინის ყველაზე გამორჩეული პიროვნული თვისება კი მისი სიმამაცე იყო, რომელიც მის სატანურ ნებისყოფას ემყარებოდა და ამ მხრივ ის მთელი თავით მაღლა იდგა იმ ადამიანებს შორის, რომელთა გვერდითაც ის მოღვაწეობდა.“
ტროცკიმ, თავისი ამ უნებლიე გულახდილობით ხაზი გადაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რომელიც იმავე ორტომეულში („სტალინი“) უხვად აქვს მოყვანილი და ამ რამდენიმე წინადადებით დახატა საბჭოთა ბელადის ჭეშმარიტი, მართალი და საქვეყნოდ ცნობილი ისეთი პორტრეტი, რომელსაც დღემდე ეთაყვანება მილიონობით პატიოსანი ადამიანი მთელ დედამიწაზე.
ცნობილი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, „საკავშირო მამასახლისად“ წოდებული მიხეილ კალინინი, 1922 წელს, ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში გამოცემული თავისი მოგონებების ერთ-ერთ ეპიზოდს ასე აღწერს: „1907 წელს მე და იაკოვ სვერდლოვი ილიჩს ჟენევაში ვესტუმრეთ, სადაც ის ცხოვრობდა და საიდანაც ჩვენს მოძრაობას ხელმძღვანელობდა. ჩვენი ვიზიტი გაზეთ „პრავდის“ გამოცემის შეფერხებით იყო გამოწვეული. 1905-1907 წლების რევოლუციების წარუმატებლობას ცარიზმული რეჟიმის სასტიკი რეპრესიებიც დაერთო და, ყველა ცნობილი რევოლუციონერი, ვინც ემიგრაციაში არ წავიდა, ციხეებში გამოამწყვდიეს ან ციმბირში გადაასახლეს. კატორღაში იმყოფებოდა მაშინ ჯერ კიდევ კობა (სტალინი), რომელიც თბილისში ღალატის შედეგად დააპატიმრეს და კატორღაში გაუშვეს. ერთი სიტყვით, ბოლშევიკური პარტიის მებრძოლი ბირთვი დროებით განეიტრალებული იყო, ამიტომ, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიც, ფაქტობრივად, ნულს გაუტოლდა და გაზეთ „პრავდის“ გამოცემა შეიზღუდა. სულ მალე მისი გამოცემაც შეწყდებოდა და ჩვენ, ბოლშევიკებს, მძლავრი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ბერკეტი ხელიდან გამოგვეცლებოდა. სწორედ ამან დააფიქრა ილიჩი და იმიტომაც დაგვიბარა თავისთან, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად სასწრაფო ზომები მიგვეღო. იაკოვ მიხაილოვიჩმა (სვერდლოვმა) ილიჩს დაწვრილებით აღუწერა რუსეთის იმპერიაში შექმნილი ვითარება და გაჩუმდა. ლენინმა მისთვის ჩვეული სისხარტით გაიარ-გამოიარა ოთახში, ბოლოს ჩვენ წინ შეჩერდა და გვითხრა:
– ჩვენი „მგზნებარე კოლხიდელი“ სადაა? უკვე ერთი თვეა, რაც მასზე არაფერი გამიგია და არც მას მოუწვდენია ჩემთვის ხმა.
„მგზნებარე კოლხიდელს“ ლენინი სტალინს უწოდებდა მისი ქართველობისა და რევოლუციური მოღვაწეობის გამო.
სვერდლოვმა დააზუსტა:
– თქვენ, ალბათ, იოსებ ჯუღაშვილს, იგივე კობას გულისხმობთ, ხომ, ვლადიმირ ილიჩ?
– დიახ, სწორედ მას, – დაუდასტურა სვერდლოვს ლენინმა.
– კობა ამ ერთი თვის წინ თბილისში, კონსპირაციულ ბინაში დააპატიმრა „ოხრანკამ“ (მეფის უშიშროების სამსახური) – ის დეპოს ერთ-ერთმა მუშამ გასცა, რომელიც პროვოკატორი და აგენტი იყო, – მიუგო იაკოვ მიხაილოვიჩმა და დაამატა: – მართალია, კამომ (სიმონ ტერ-პეტროსიანი) მოღალატე მოკლა, მაგრამ კობა გაასამართლეს და ახლა ის ციმბირის კატორღაშია, ირკუტსკის მახლობლად.
– კამო სადღაა?
– ეძებენ, თუმცა, ის საიმედოდ იმალება, ეშმაკიც ვერ მიაგნებს. მასაც უნდოდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ეს ძალიან საშიში იყო და თბილისში დავტოვეთ, – მიუგო სვერდლოვმა.
– ახლა კი ჩემთვის ყველაფერი ნათელია. აი, რატომ დავიდა ნულამდე ჩვენი ფინანსური სახსრები, – თქვა ილიჩმა. ჩაფიქრდა და ბოლოს დაამატა, – მოკლედ, ასე ვქნათ, ამხანაგებო: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, კობა კატორღიდან უნდა გავაქციოთ, რათა მან მთელი ძალების მობილიზება მოახდინოს, პირველ ყოვლისა კი – ფინანსურის, რომ ჩვენი მოძრაობა არ გაჩერდეს.
ილიჩმა, რომელიც იმ პერიოდში თავად განიცდიდა ფინანსურ სიდუხჭირეს, ბოლშევიკ ემიგრანტთა საერთო სალაროს („ობშჩიაკი“) დარჩენილი 600 ოქროს მანეთიდან 500 ოქროს მანეთი მე და იაკოვ სვერდლოვს გამოგვიტანა და გვითხრა:
– აი, ამხანაგებო, თითქმის ბოლო კაპიკებს გატანთ. ეს ფული ციმბირიდან კობას გამოხსნაში უნდა გამოიყენოთ. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ბადრაგი უნდა მოისყიდოთ, რომ მას გაქცევა მოუწყონ...
სანამ ჟენევიდან თბილისში დავბრუნდით, რომ კამო გვენახა და მისი მეშვეობით კობას ციმბირიდან გამოხსნაზე გვეხლაფორთა, გზაშივე შევიტყვეთ, რომ მას უკვე მოესწრო გაქცევა და მთელი „ოხრანკა“ ფეხზე იდგა მის ხელახლა დასაპატიმრებლად...“
სტალინის მორიგი გაქცევა, რომელზეც კალინინი თავის მოგონებებში წერს, 1907 წლის 20 ნოემბერს განხორციელდა და იმით იყო გამორჩეული, რომ ის ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე მოხდა. 27 წლის კობამ 60 კილომეტრი ფეხით იარა თოვლით დაფარულ და მშიერი მგლებით სავსე ტაიგაში და მხოლოდ ორლესული ხანჯალი ჰქონდა თავის დასაცავად, რაც იმ ველურ პირობებში დიდი ნუგეში და იმედი ნამდვილად არ იყო. თუმცა, თითქმის 24-საათიანი შეუწყვეტელი სიარულის შედეგად, მისთვის სასიკეთო ბედისწერის წყალობით და, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო სიმამაცის მეოხებით, სტალინმა წარმატებით განვლო ის ჯოჯოხეთი და 6 დღის შემდეგ თბილისში ჩამოაღწია... სწორედ თბილისში შეხვდნენ სტალინს ლენინისგან წამოსული კალინინი და სვერდლოვი და „მგზნებარე კოლხიდელს“ დაწვრილებით გააცნეს ილიჩთან საუბრის შინაარსი. ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ სტალინის დაქვემდებარებაში მყოფმა საბრძოლო რევოლუციურმა ჯგუფმა ბათუმის პორტში მდგარი ინგლისური ხომალდიდან 200 ათასი მანეთის ეკვივალენტის ოქროს ზოდები გაიტაცა და ევროპაში გაიტანა, სადაც ის გადაახურდავეს და „პრავდის“ გამოცემის განახლებასა და ემიგრანტი რევოლუციონერების ევროპაში ცხოვრებასა და მოღვაწეობას მოხმარდა. მოგვიანებით თავად ლენინი ამბობდა, რომ ამით სტალინმა გაზეთი „პრავდა“ დახურვას გადაარჩინა და ბოლშევიკური მოძრაობის შესუსტება აღკვეთაო.“