პური დაავადებების მიხედვით შეარჩიეთ
ასი გრამი პური ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას, დაახლოებით, 40 პროცენტით აკმაყოფილებს. ახალგამომცხვარი პურის ჭამას უნდა მოერიდოს, ვისაც გასტრიტი ან კოლიტი აწუხებს. საფუარიანი პური გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და უკეთესად შეითვისება. თუ მკაცრი უკუჩვენება არ გაქვთ, პური გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მიირთვათ.
ჯანსაღი კვებისთვის ყველაზე სასარგებლო საკვები ბოჭკოებით გამდიდრებული პურია, რომელსაც ხორბლის ჩენჩო, ღერღილი და მსხვილად დაფქული მარცვლეული შეიცავს. საკვები ბოჭკოები იზიდავს მავნე ნივთიერებებს და შემდეგ ორგანიზმიდან ადვილად გამოდევნის მათ.
მაღალი და უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი გასუფთავების პროცესს რამდენჯერმე გადის, ამიტომ, რიგ სასარგებლო თვისებებს კარგავს. გაცილებით სასარგებლოა მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური.
საფუარით გამომცხვარ პურს უნდა მოერიდოს, ვისაც თირკმელები, ნაღვლის ბუშტი, სანაღველე გზები, სოკოვანი დაავადებები და ალერგია აწუხებს. დიაბეტიანებმა კი აუცილებლად უსაფუარო პური უნდა ჭამონ.
ჭვავის პური დაბალკალორიულია, მაგრამ მდიდარია B1, B3 ვიტამინებით. ასევე, ფოლის მჟავითა და რკინით. ამის გამო, ის ბიოლოგიურად უფრო ხარისხიანია.
მსხვილად დაფქული ხორბლის პური ნაკლებკალორიულია და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ჭარბი წონა და გულის დაავადებები აწუხებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
უმარილო პური კი სასარგებლოა თირკმელებით, ჰიპერტონიით, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებისთვის.
წლების მატებასთან ერთად, ორგანიზმს მეტი მკვებავი ნივთიერებები ესაჭიროება
სწორი კვება ადამიანს ხანდაზმულ ასაკშიც კი უნარჩუნებს ჯანმრთელ ორგანიზმს, მხნეობასა და შრომისუნარიანობას. წლების მატებასთან ერთად, ორგანიზმს ნაკლები საჭმელი, მაგრამ მეტი მკვებავი ნივთიერებები ესაჭიროება. ამის მიღწევა კი მხოლოდ სწორი კვებითაა შესაძლებელი.
* ისპანახი ყველაზე მეტად შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს. მასში ბევრია რკინა, A, C და K ვიტამინები, ანტიოქსიდანტები. ისპანახი იცავს ორგანიზმს ინფარქტისა და ინსულტის, სწორი ნაწლავის კიბოს, ოსტეოპოროზისა და ართრიტის განვითარებისგან. ის მდიდარია ლუთეინით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელი მხედველობისთვის.
* ბრინჯი მდიდარია ნახშირწყლებით. ის კი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ენერგეტიკული დონის შენარჩუნებაში. ამიტომ, ხშირად მიირთვით ბრინჯი, ხორბლისა და შვრიის ფაფები. ნახშირწყლები ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, სწორი ნაწლავის კიბოს, ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებას, დიაბეტისა და სიმსუქნის რისკს. ის ხელს უწყობს, ასევე, ნაწლავების აქტიურ მუშაობას.
* ნიორი აფერხებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ამცირებს ინსულტის რისკს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისება. ის სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
* კვერცხი მდიდარია ცილითა და ლუთეინით. ლუთეინი თვალს კატარაქტის დაავადებისგან იცავს. ასევე, ამცირებს თრომბის წარმოქმნას, ხელს უშლის ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას. კვერცხი ამცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკსაც.
* უცხიმო რძე ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ძვლების გასამაგრებლად და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.
* მოცხარი დიდი რაოდენობით შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს. მასში ასევე, დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უშლის კატარაქტისა და გლაუკომის განვითარებას, ამცირებს ვენების გაგანიერებას, კუჭის წყლულის, გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებათა რისკს. ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას. კარგი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთების დროს.
* მოცვის ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს. ის კუჭში შემკვრელი და დიეტური საშუალებაა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მწვავე ან ქრონიკული აშლილობის დროს. სამკურნალოდ გამოიყენება მოცვის ფოთოლიც, რომელიც რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს. მას ახასიათებს ინსულინის მსგავსი მოქმედება.
* მინდვრის შვიტას შარდმდენი თვისებები აქვს, ამიტომ მას გულის დეკომპენსაციის ნიადაგზე განვითარებული შეშუპებების სამკურნალოდ იყენებენ. მიზანშეწონილი არ არის მისი მიღება ნეფრიტის დროს, რადგან, შესაძლოა, თირკმელების ქსოვილი გააღიზიანოს.
ანწლი კიბოს ებრძვის
მედიცინაში სამკურნალო მიზნით გამოიყენება ანწლის ყვავილები და ნაყოფი. ანწლის ყვავილი შეიცავს გლუკოზიდებს, ეთეროვან ზეთს, C ვიტამინს, რუტინს, ქოლინს, ვაშლის, ვალერიანისა და ძმრის მჟავებს და სხვა. მედიცინაში ყვავილები და გამხმარი ნაყოფი იხმარება როგორც ოფლმდენი, ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება. ნაყოფი, აგრეთვე, გამოიყენება ნაწლავების პერისტალტიკის გასაძლიერებლად, კისელის მოსამზადებლად, რომელიც კარგია კუჭის აშლილობის დროს. ანწლის ყვავილები კი რეკომენდებულია ბრონქიტის, ნევრალგიის, ლარინგიტების, თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. ხალხურ მედიცინაში ანწლის ყვავილების ნახარშს იყენებენ რევმატიზმისა და ნიკრისის ქარების საწინააღმდეგოდ.
1 სადილის კოვზი ანწლის ყვავილისა და ნაყოფის ნარევი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, მეოთხედი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გარდა იმისა, რომ ანწლის მცენარეს ჩვენი წინაპრები იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად, ფაღარათის დროს, ის ასევე, ეფექტურად ებრძვის კიბოს. რეცეპტი ძალიან მარტივია: შეაგროვეთ ანწლის მარცვლები, ჩაყარეთ ფენა-ფენა მშრალ, სუფთა მინის ჭურჭელში. დაახლოებით, 1 სანტიმეტრის კენკრის ფენას დააყარეთ შაქარი და ასეთი მონაცვლეობით გააგრძელეთ, ვიდრე არ გაავსებთ ბოლომდე მინის ჭურჭელს. დადგით ერთი თვე გრილ ადგილას. მზა ექსტრაქტი გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ერთი სუფრის კოვზი, ჭამის შემდეგ, ხოლო ჭამამდე 10 წუთით ადრე, დალიეთ 150 გრამი გამოხდილი წყალი. მკურნალობის კურსია 45 დღე. ერთი თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. ჩაიტარეთ სამი კურსი. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია ერთი ასეთი კურსი წელიწადში. ძალიან სასარგებლოა და არაფერს ვნებს. ეს ექტრაქტი ყველას აძლევს ენერგიასა და მხნეობას.
მოერიდეთ სტრესს და
ხშირად არ იწუწუნოთ
თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესს დაიცავთ, დიდხანს იცოცხლებთ და თან, დაავადებებსაც აარიდებთ თავს. სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამოკლებს მოწევა, ალკოჰოლი, უზომო სმა-ჭამა, უმოძრაობა და ასე შემდეგ. ამიტომ, მეტი იმოძრავეთ, სიარული დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად მარტივი საშუალებაა; მოერიდეთ სტრესს და ხშირად არ იწუწუნოთ.
კარგად გამოიძინეთ. მოუსმინეთ თქვენს სხეულს და დასაძინებლად მაშინ დაწექით, როცა ამის საჭიროებას იგრძნობთ. უძილობის თავიდან ასაცილებლად, დაწოლამდე რამდენიმე ხნით ადრე, თბილი რძე მიირთვით და წყნარ, მშვიდ მუსიკას მოუსმინეთ. კარგია დაძინებამდე სუფთა ჰაერზე გასეირნებაც.
უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ამცირებს კიბოს რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. მაგალითად, ასეთებია: პომიდორი, ისპანახი, ბროკოლი, სტაფილო, ნიორი, ვაშლი, ყურძენი, ქლიავი, მოცვი და ასე შემდეგ.
ხშირად გაიღიმეთ. ხშირად იხუმრეთ საკუთარ თავზე, რომ ასე, ჯანსაღი ცხოვრების წესს შეეჩვიოთ.
იკვებეთ სწორად. ყოველთვის მიირთვით მშვიდ გარემოში. საუზმეს ნუ გამოტოვებთ. ის კონცენტრაციის ერთადერთი მასტიმულირებელი საშუალებაა. ჭამეთ სალათები, თევზი. მოხარშული ან შემწვარი პროდუქტი აუცილებლად უმ პროდუქტს შეუხამეთ. მაგალითად, ასი გრამი ხორცი და ოთხასი გრამი ახალი სალათა.
შაქარი თაფლით შეცვალეთ. ენერგიის ეს შესანიშნავი წყარო ვიტამინებისა და მინერალების საბადოა.
ნუ შეჭამთ ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ საჭმელს, რადგან ეს კუჭისა და კბილებისთვის მავნებელია.
მხოლოდ მაშინ ჭამეთ, როცა შიმშილს იგრძნობთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. როცა კუჭში დისკომფორტს იგრძნობთ, არ ჭამოთ. უმჯობესია, მინერალური წყალი დალიოთ. კვირაში ერთ დღეს კი მხოლოდ წყალი სვით. ის ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ.
კლიმაქსის წინა პერიოდში დაიცავით კვების რეჟიმი
თუ გაწუხებთ გუნება-განწყობის დაქვეითება, ადვილად იღლებით და სახეზე სისხლი გაწვებათ, ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კლიმაქსის წინა პერიოდთან, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონული ცვლილებები.
პროტესტერონის დეფიციტმა და ესტროგენების სიუხვემ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქსოვილებში წყლის შეკავება, ქვედა კიდურების სიმძიმე, თავის ტკივილი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის დისფუნქციონირება, ემოციური აშლილობა. ქალი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლიმაქსის წინა პერიოდის შემაწუხებელ სინდრომს კარგად ებრძვის კენკროვანი ხილი, კერძოდ კი – მაყვალი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ნატურალური, ისე მურაბისა და წვენის სახით. შეშუპების თავიდან ასაცილებლად უნდა შეზღუდოთ მარილის მიღება.
40 წლის ასაკის ზემოთ ქალს ხშირად აღენიშნება ოფლიანობა, რაც ჰორმონულ ცვლილებებთან არის კავშირში, თუმცა, აუცილებელია ზოგადი გამოკვლევის ჩატარება, რათა გამორიცხოთ დაავადების არსებობა.
კლიმაქსის წინა პერიოდში ქალი ხშირად არის დათრგუნული და ზოგჯერ ელემენტარული წესების დაცვაც კი საკმარისია, უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვა, მაგნიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.
ჰორმონული დეპრესია არ არსებობს, მაგრამ, თუ ქალს მანამდეც დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა, კლიმაქსის წინა პერიოდში ის კვლავ იჩენს თავს. შეგიძლიათ, მიმართოთ ანტიდეპრესანტებსაც, რომლებსაც ექიმი გირჩევთ. ასევე, მოამზადეთ გემრიელი წამალი და მიიღეთ კვირაში ერთხელ – ის არეგულირებს ჰორმონებს და ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ:
* 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და მაყვლის წვენი – გემოვნებით და მიიღეთ თბილი.
* ან, 10 გრამ მაყვლის ფოთოლს შეურიეთ 10 გრამი კუნელის ნაყოფი და 20 გრამი ბაბუაწვერა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. ყოველდღე ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ.
კლიმაქსის წინა პერიოდში დაიცავით კვების რეჟიმი. კარგია რძე, ბოსტნეული, ხილი, თევზი, მჭლე ხორცი. მოერიდეთ მლაშე, ზედმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან უარყოფითად მოქმედებს ქალურ ორგანოებზე.