კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა ამხილოთ მღვდელმსახური და როდის აბრკოლებენ ერთმანეთს სასულიერო პირებისა და მრევლის მოდური ურთიერთობები

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი უღირსი მღვდლობის შესახებ წერდა: „მე მინახავს მდინარე, კლდიდან რომ იღებდა სათავეს და ხეობაში მოედინებოდა. ქვები, რომლებსაც ის ეცემოდა, ქვებადვე რჩებოდნენ, ყვავილები და ბალახები კი ისრუტავდნენ წყალს და ცოცხლდებოდნენ“ – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ღმერთის მადლი, რომელიც მღვდლის საშუალებით მოქმედებს მრევლზე, ღირსეულ ადამიანებს განწმენდს, უღირსი მღვდლის სულს კი დამწველ ცეცხლად ეფინება. მღვდლის სული, რომელსაც შეუნანიებელი ცოდვები აწევს –  ქვასავით მკვდარი და უნაყოფოა; ხოლო ტაძარში, ღვთისმსახურებაზე მდგარი ადამიანების სულები ცხოველ წყალს, ღვთაებრივ მადლს ისრუტავენ. მღვდელმსახურებს განსაკუთრებით ძლიერი განსაცდელები აქვთ. ამიტომაც‚ ზოგიერთი მოძღვარი მღვდლად ხელდასხმის შემდეგ ისეთ ცოდვებში ვარდება, რომელთა არსებობა მანამდე არც კი იცოდა. ცოდვა ქრისტეს მოციქულთა შორისაც ბუდობდა. შესაბამისად‚ ცოდვა ეკლესიაში იმთავითვე არსებობდა, მაგრამ, თავად ეკლესია წმიდა იყო.
– დღეს მრევლი ხშირად ბრმად ემორჩილება მოძღვარს, მის ყველა მითითებას ასრულებს, რომელიც‚ შეიძლება‚ სულაც არ იყოს მისი ცხოვრებისთვის, თუნდაც სულისთვის სასარგებლო. როგორ უნდა მოექცეს ერისკაცი უღირს მღვდელმსახურს?
–  ისე, როგორც შვილი ექცევა ცოდვილ მამას. პატივს უნდა სცემდეს უფლის მცნებების გამო, მაგრამ, არ უნდა მიჰბაძოს. წმიდა მაკარი ალექსანდრიელს ასეთი გამოცხადება ჰქონდა: „ჯოჯოხეთის უღრმეს ჯურღმულებში ავაზაკები და კაცისმკვლელები, ჯადოქრები და კერპთაყვანისმცემლები კი არ იტანჯებიან, არამედ, ის მღვდლები, რომლებიც უწესოდ ცხოვრობდნენ, სინანული არ ჰქონდათ და საღმრთო ლიტურგიის აღსრულებას ბედავდნენ“. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვები: „მღვდელი მხოლოდ პირს აღებს, ყველაფერს კი ღმერთი აღასრულებს“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვრის მორჩილება არ არის მონობა. ადამიანებს სულიერ საკითხებშიც გვჭირდება წინამძღოლი, რომელიც გვიწინამძღვრებს და‚ რა თქმა უნდა‚ ამას არ უნდა ჰქონდეს მონობის ხასიათი. დღეს გარკვეულწილად მოდასავით იქცა სულიერი შვილისა და მოძღვრის ურთიერთობა. ბევრი ადამიანი ამაყად აცხადებს: ამ ეკლესიაში ცნობილი მოძღვრის სულიერი შვილი ვარო. მაგრამ, ეს მოჩვენებითია, რადგან, მათი ურთიერთობა არ არის ისეთი, როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს. ეკლესიაში იმიტომ დავდივართ, რომ სულის ცხონება და სულიერი გადარჩენა გვინდა. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მოძღვრის დარიგება, მისი მითითებების აღსრულება, არის მორჩილება და არა მონობა და მასზე თავიდან ბოლომდე, ყველა საკითხში მთლიანად დამოკიდებულება. თუ გინდა, იყო კეთილი, სულიერების მქონე ადამიანი, გერქვას მართლმადიდებელი, მაშინ იყავი მორჩილი, ოღონდ, მორჩილი იესო ქრისტეს სწავლების, სიკეთისა და არა მოძღვრის პირადი მოსაზრებების, რომელიც შორს დგას ქრისტიანული სწავლებისგან. მორჩილება ნუ გგონიათ სისასტიკე, მონობა. მორჩილება არის პატივისცემა, დაჯერება. ადამიანის პიროვნული თავისუფლების დაფასება და პატივისცემა მართლმადიდებლობის არსია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ‚ როგორიც არის მოძღვარი, სწორედ ისეთია მრევლი. მოძღვრები ახლოს უნდა იყვნენ სულიერ შვილებთან, უნდა ინტერესდებოდნენ მათი სულიერი, ოჯახური, ფიზიკური მდგომარეობით და შეძლებისდაგვარად, უნდა დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში.
– დღეს არსებობენ ლიბერალი ქრისტიანები. ეკლესია თუ ცნობს ლიბერალ მართლმადიდებლებს?
– ეკლესია არ ცნობს არავითარ ლიბერალურ მართლმადიდებლობას, ეკლესია ცნობს ერთადერთ მართლმადიდებლობას – იმას, რომელსაც ჩვენამდე მოაქვს მოციქულთაგან მომდინარე საეკლესიო გადმოცემის არსი და სული. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არც ლიბერალური და არც თეოსოფიური მართლმადიდებლობა. რელიგიური თანასწორობის მეთოდი, რომლის ცრუ სწავლების თანახმადაც, ყველა ადამიანი ცხონდება, სულერთია, რას იწამებს ის – ცრუ და მიუღებელია. მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, არ განიცდის ევოლუციას, რადგან‚ როგორც დედაეკლესია გვასწავლის: დოგმატების სფეროში ევოლუცია არ არსებობს. როცა მეოთხე საუკუნეში საქართველოში მართლმადიდებლობა ფეხს იდგამდა, პირველი მართლმადიდებლები სწორედ არაქართველები ხდებოდნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები არ იყვნენ მოწამეები, მარტვილები, უბრალოდ, ჰაგიოგრაფებმა, უპირველეს ყოვლისა, დააფიქსირეს არაქართველი ადამიანების მარტვილობა, რათა ეს ჩვენთვის მაგალითი ყოფილიყო. დღეს, სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ქრისტიანები სხვადასხვა სექტაში ერთიანდებიან და გაბრწყინებული სახეებით ქადაგებენ.
– დღეს ამის მაგალითები ძალიან ხშირია. რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცეთ?
– როცა ოცდამეერთე საუკუნეში ქრისტიანი ისლამს იღებს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ კარგი ქრისტიანები, კარგი მქადაგებლები, ყველაფერი ხიბლის მდგომარეობაშია.  საჭიროა, დავფიქრდეთ ერთ რამეზე: თუ გვგონია, რომ რაღაც ვიცით, კარგად დავფიქრდეთ, ეს ნამდვილად ვიცით თუ არა. თუ ხარ მართლმადიდებელი, იცი კი, რას გასწავლის ეკლესია, ვინ ხარ და რა გევალება, საიდან მოდიან შენი წინაპრები, რა არის კეთილი და ბოროტი? თუ ადამიანს არ გააჩნია ცოდნა და არც უნდა, რომ გაიგოს, ისწავლოს რამე, მაშინ, ჯობია, მას გაერიდოთ, რადგან, ყველასთვის არ არის სიბრძნე. სიბრძნე იმისთვის არის, ვინც ეძებს, რადგან, ვინც ეძებს, ის პოულობს. მეორე, შედარებით საინტერესო სწავლება ასეთია: ის, ვინც არ იცის, მაგრამ, იცის, რომ არ იცის – ესენი აცხადებენ, რომ არ იციან რაღაც, მაგრამ, შეუძლიათ ამის აღიარება და სურთ, ისწავლონ. არ რცხვენია იმის აღიარების, რომ რაღაც არ იცის, რომ უმეცარია და იწყებს სწავლას. იმას კი არ ამბობს, რომ 10 თუ 20 წელია, ეკლესიაში დადის, ამდენჯერ ეზიარა, ამდენჯერ თქვა აღსარება, პირიქით, ამბობს: ვკითხულობ ბიბლიას, საეკლესიო სწავლებებს და ვხვდები, როგორი უმეცარი ვარ, ამიტომ მასწავლე. ეს არის გულმართალი მდგომარეობა. ხშირად ადამიანები ბევრ რამეში ვერ ერკვევიან, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს ამბობენ. ამპარტავნები არიან და რცხვენიათ იმის ხმამაღლა აღიარების, რომ რაღაც არ იციან ან ვერ გაიგეს. დღეს, როგორც ეკლესიაში, ისე ერში, ძალიან ბევრი რამ არის სამარცხვინო და ეს უნდა ვიცოდეთ, ვიფიქროთ ამაზე. თუ ამ ცოდნას არ ჩავწვდებით, არ გავიაზრებთ იმას, რაც იყო წარსულში, მოტყუებულები დავრჩებით აწყმოშიც და მომავალშიც. დასაფიქრებელია ის, თუ როგორ იქცევიან თანამედროვე მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, სასულიერო პირები: არ უყვართ საქართველო, ქადაგებენ საკუთარ აზრს, სისულელეს, ეჭვქვეშ აყენებენ წმიდა მამების სიწმიდეებს; ხოლო მართლმადიდებელი ქრისტიანები სჩადიან მკრეხელობას, მრუშობის ცოდვაში არიან და ეს უარესია, ვიდრე რომელიმე სექტაში ყოფნა. ამიტომაც, უნდა ამხილო ის, ვინც შენსავით არის შემოსილი, გაბრწყინებული პანაღია უკეთია და მკრეხელობას ქადაგებს – ეს ცუდი კი არ არის, რადგან, სანამ ის ჯოჯოხეთში აახელს თვალს, მანამდე უნდა დაისაჯოს, შეინანოს; უნდა ილოცო მისთვის, რომ მისი სული გადარჩეს და ერი ბოლომდე არ გაირყვნას.

скачать dle 11.3