რატომ დაამარცხებინა კავკასიაში რუსეთს თურქეთი ქართველმა თავადაზნაურობამ და როგორ დაზავდნენ ისინი ამის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიის გაყოფის ხარჯზე
რთული სათქმელია, რა მიზეზით, თუმცა ფაქტია, რომ ოკუპანტები და სეპარატისტები კვლავ გააქტიურდნენ ცოცვაში და ყოველდღე მოიწევენ წინ, ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ, საქართველოს სიღრმისკენ თავიანთი მავთულხლართებით, იმას გარდა, რომ ჩვენი თანამემამულეების გატაცებაც გაანახლეს „საზღვრის“ დარღვევის მოტივით, თანაც – თბილისს უსაფუძვლო პრეტენზიებშიც სდებენ ბრალს (სავარაუდო მოტივით, რატომ არ გიხარიათ „საზღვრის“ გავლებაო). მეორე მხრივ, „იუჟნაია ოსეტიას“ „პრეზიდენტმა“ თიბილოვმა (რომელიც უკვე არაერთი წელია, გვაშინებს რუსეთთან მიერთების მოთხოვნის რეფერენდუმით) გამოაცხადა, რომ ასეთ რეფერენდუმს 2017 წელს ჩაატარებენ. რატომ აგზავნის მოსკოვი ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს თბილისისკენ და რის მიღწევას ცდილობს, – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარეს, ზაალ კასრელიშვილს გავესაუბრეთ.
– რა გზავნილები იკითხება რუსეთის მცოცავი ოკუპაციის გააქტიურებაში ახლა, როდესაც წყდება ვიზალიბერალიზაციის საკითხი?
– რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მეთოდია – მათრახი და თაფლაკვერი. 1988 წლის შემდეგ, რაც პირველად მოითხოვა ქართველმა საზოგადოებამ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა სსრკ-ს კონსტიტუციაში არსებული მუხლის მიხედვით, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენდამი ძალიან ჰგავს „ბაკულას ღორების“ პათოსს. ჩვენ ვეძებთ დასაყრდენს საერთაშორისო საზოგადოებაში, მაგრამ, როგორც კი საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე მაღალჩინოსანი ჩვენ მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებს, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაახლოვდება საქართველოს საგარეო ინტერესები, რუსეთი მაშინვე იყენებს იძულებით დაყოლიების მეთოდს ჩვენ წინააღმდეგ – სტალინურ ავტონომიებში, რომლებიც სპეციალურად იმისთვის შეიქმნა თავის დროზე, რომ ქართულ სახელმწიფოზე ზემოქმედება მოეხდინათ, იწყება საქართველოს მოსახლეობისთვის მტკივნეული, პანიკური და ისტერიული ზეწოლა.
– ახლა რატომ გააქტიურდნენ? უკვე ითქვა, რომ „ნატოს“ სამიტზე „მაფს“ არ მოგვცემენ, ვიზალიბერალიზაციის მოცემასაც არ ჩქარობენ.
– მთელი საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი ლაპარაკობს ვიზალიბერალიზაციაზე და თითქოს ამ თემას გართულება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის პარალელურად, საქართველოში ჩატარდა „ნატო“-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და ახლოვდება „ნატოს“ მინისტერიალი, სადაც თამამად შეიძლება, თქვას, რომ საქართველო, მართალია, არაოფიციალურად და აუღიარებლად, მაგრამ წარმოდგენილი იქნება, როგორც „ნატოს“ ოჯახის სრულფასოვანი წევრი. წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებს „აისაფის“ მისიებში, თითქმის ყველა შეკრებასა და სხდომაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იმართება „ნატოს“ ეგიდით და ეხება უსაფრთხოებას, რასაც ახლა უკვე დაემატა სწავლებები ტექნიკით, რომელიც შემდეგ საქართველოში რჩება.
– დარჩა აშშ-დან ჩამოტანილი მძიმე ტექნიკა?
– ვერ გეტყვით, მაგრამ რატომ უნდა წაეყვანათ?! მით უმეტეს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. თუ წაღება უნდოდათ, ტექნიკას, ალბათ, უფრო წაიღებდნენ სირიაში, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში დააბრუნებდნენ, თუ არადა, ცუდს ვერაფერს ვხედავთ იმაში, რომ ჩვენი სამხედრო ტექნიკის პარკი განახლდა. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, შევახსენებ, რომ 2008 წლის ომში რუსეთიცა და საქართველოც იბრძოდა საბჭოთა წარმოების, ანუ რუსული ტანკებით.
– გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსეთი აუცილებლად დასჯის საქართველოს „ნატოს“ ბოლო წვრთნების გამო. აბა, „ნატოს“ დასჯის ძალა მას არ აქვს და, ბუნებრივია, ჯავრს ჩვენზე, გაცილებით სუსტზე იყრის. მხოლოდ მცოცავი ოკუპაციით გავალთ ფონს თუ უფრო მნიშვნელოვან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ ჩრდილოეთიდან?
– რასაკვირველია, უნდა ველოდოთ. ცხინვალში რეფერენდუმის 2017 წლამდე გადავადების ორი მიზეზია: მათრახის პოლიტიკას იყენებს მავთულხლართების გადმოწევით, მაგრამ თაფლაკვერის მეთოდია რეფერენდუმის გადავადება. რუსეთი საბოლოოდ მაინც არ იფუჭებს ურთიერთობას და იმედი აქვს, რომ 2017 წელს საქართველოს პარლამენტში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები მოვლენ, ამიტომ არ უნდა, ისე გააუარესოს ურთიერთობა, რომ მერე ამის გამოსწორება ძალიან რთული იყოს; მეორე – რუსეთი ისეა დაპირისპირებული დასავლეთსა და „ნატოსთან“, რომ კავკასიის რეგიონში ამან რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების სახე მიიღო, რაც არ არის მოკლევადიანი პროცესი და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთს რეგიონში პარტნიორი სჭირდება. რადგან, თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების სიმძიმის ცენტრი რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში…
– ანუ კავკასიაში გადმოინაცვლებს?
– ვთქვათ, ასე – შავ ზღვაში, მაშინ თამამად შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა იძულებული გახდება, ბევრი რამ დაუთმოს საქართველოს. მკითხველს მინდა, შევახსენო რუსეთ-თურქეთის ომები: როდესაც რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიასთან შებრძოლება გადაწყვიტა, მანამდე ის ქართველ თავადაზნაურობას გაურიგდა. აფხაზეთისა და აჭარის დაბრუნების სანაცვლოდ, ქართველი თავადაზნაურობა და ქართული ჯარი რუსეთს დაეხმარა თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიაში, საქართველოში. სხვათა შორის, ფიზიკურადაც სჭირდებოდა რუსეთს ქართული ჯარის დახმარება.
– მაშინ გზებიც არ ეცოდინებოდათ ხეირიანად.
– მაშინ რუსეთის არმია მთებსა და ტყეებში, კავკასიის რელიეფის პირობებში კარგად ვერ იბრძოდა. რუსი ისტორიკოსები აღფრთოვანებით წერდნენ შემდგომ, რომ ქართველმა მეომრებმა აფხაზეთის ტყეებში, ხეობებსა და ხევებში არნახული სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. როგორც ყირიმი – უკრაინას, ისე კი არ დაგვიბრუნა რუსეთმა აფხაზეთი და აჭარა. ჩევნ დავიბრუნეთ აფხაზეთი და აჭარა და რუსეთს მორალურადაც დავეხმარეთ და ფიზიკურადაც თურქეთთან ომში. ამდენად, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არა საქართველო, რუსეთი ვერ მიაღწევდა კავკასიაში პოზიციურ უპირატესობას თურქეთთან. შესაბამისად, მისი გამარჯვება რუსეთ-თურქეთის ომში იქნებოდა სათუო. მაგრამ ამის შემდეგ მოხდა საშინელება: ვიღაც ლენინმა, ევროპელი მისიონერების მხარდაჭერით, რუსეთში გადატრიალება მოაწყო და საბჭოთა რუსეთი და თურქეთი დაზავდნენ. მათ ეს ზავი დადეს სწორედ საქართველოს ტერიტორიების გაყოფის ხარჯზე. ეს აღარ უნდა დაუშვას ქართულმა პოლიტიკამ. არ უნდა დაუშვას ვაჭრობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, თურქეთსა და რუსეთს შორის საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე.
– და როგორ არ უნდა დაუშვას? აქვს ამის ძალა? აი, ესაა, მგონი, კითხვათა კითხვა.
– რუსეთმა ეს პროცესი უკვე დაიწყო: ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის სწორედ უკრაინისა და საქართველოს გამო დაიძაბა. ჩვენ ეჭვი გვეპარება, დასავლეთი ამ თამაშს აჰყვეს, მაგრამ მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ. დასავლეთს ხშირად უნდა შევახსენოთ ის მარადიული ფასეულობები, რომლითაც თავი მოსწონს და რომელთა შეუსრულებლობის გამო, გვიწელავს საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესს. დასავლეთს და აშშ-ს ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტიორები არიან და მათი საგარეო პოლიტიკური კურსი მთლიანადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა განწყობა ექნებათ კავკასიელებს დასავლეთისადმი. საქართველოს კი შეუძლია, რომ მნიშვნელოვანი იდეოლოგიური გავლენა მოახდინოს კავკასიაში მცხოვრებ კავკასიელებსა და კავკასიის ფარგლებს გარეთ მსოფლიოს 24 ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ კავკასიელებზეც, ვინმეს საწინააღმდეგოდ ან სასიკეთოდ. ამას გარდა, კიდევ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტიც: 2020 წლამდე სწორედ საქართველოზე უნდა გაიაროს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალმა ყველა ენერგომატარებელმა. ენერგოდერეფანი კი „პრახადნოი დვორი“ არ არის, ეს ჩვენი ტერიტორიაა და ამ ენერგოდერეფანსაც და მის ფასებსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ამდენად, ბერკეტები გვაქვს.
– როდესაც რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგ, რუსეთის იმპერია გაურიგდა ქართველ თავადაზნაურობას და მხარდაჭერის სანაცვლოდ, აჭარა და აფხაზეთი შესთავაზა, მაშინ აჭარა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, აფხაზეთი კი – გავლენის ქვეშ. დღეს სხვაგვარი ვითარებაა: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთისაა, ფაქტობრივად, დღეს შეუძლია რუსეთს მათი შემოთავაზება მხარდაჭერის სანაცვლოდ?
– რუსეთს, თავისდა საუბედუროდ, კავკასიური პოლიტიკა არ აქვს. ის რეაგირებს ფაქტებზე და შედეგების ნეიტრალიზაციით ან ჩაფარცხვითაა დაკავებული. ამდენად, ჩვენ არ ველოდებით, რომ რამეს შემოგვთავაზებს, მაგრამ ვაკვირდებით გლობალური პოლიტიკური პროცესების გავლენას რეგიონზე და დარწმუნებულები ვართ, ბოლოს და ბოლოს, კრემლში გამოჩნდება საღად მოაზროვნე რეგიონული ანალიტიკოსი. დღეს, ძირითადად, ეთნიკური სომხები არიან მათი მრჩევლები, რომლებმაც არ იციან კავკასიის ისტორია ან შეგნებულად მალავენ. თუ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კავკასიასთან ურთიერთობა სომხებთან ურთიერთობაზე აქვს აწყობილი, მაშინ ის ძალიან მალე მიიღებს უარყოფით შედეგს; თუ არა და, იმედი გვაქვს, ვიღაც საღი აზრის მქონე ანალიტიკოსიც გამოჩნდება, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შესთავაზებს კავკასიური პოლიტიკის თანამედროვე ხედვას, მორგებულს გლობალური პოლიტიკური პროცესების მოთხოვნებზე. ამ შემთხვევაში, რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინტერესები ისე იქნება გათვალისწინებული, რომ რუსეთს რეგიონში თავისი პოზიციაც შერჩება, ავტორიტეტიც და არც თოფი დასჭირდება. ვფიქრობთ, ეს გამოსავალი არსებობს, მაგრამ რუსი ვერ პოულობს, იმიტომ რომ, რუსეთის ხელმძღვანელობა დღეს უფრო მეტ ამპარტავნებაშია, ვიდრე ჩვენ ვიყავით გასული საუკუნის 90-იანებში. ცხოვრება და ურთიერთობა კი მხოლოდ ბირთვული ქობინების ფლობა არ არის.
– თუ დაპირისპირება გამძაფრდა და სამხედროში გადაიზარდა, ეს არ იქნება მხოლოდ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება, ფაქტობრივად, ეს იქნება რუსეთ-„ნატოს“ დაპირისპირება. ანუ სტრატეგიული არჩევნის გაკეთება მოუწევს საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ?
– ეს არჩევანი არ იქნება ჩვენზე დამოკიდებული. ეს არჩევანი არ იქნება მხოლოდ ჩვენი არჩევანი. თუ ჩვენ უარს ვიტყვით დასავლეთთან ურთიერთობასა და პარტნიორობაზე, ტერიტორიების სანაცვლოდ, ჩვენ მაშინ პირისპირ ვრჩებით რუსეთის იმპერიულ აბიციებთან. რუსეთს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია ახალი, არაიმპერიული პოლიტიკა კავკასიის მიმართ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ტერიტორიას მოგვცემენ, თუ ჭკუით მოვიქცევით, მაგრამ არანაირ გარანტიას არავინ გვაძლევს.
– ჭკუით რომ მოვიქცევით, მართლაც მოგვცემენ თუ არა?
– და ამის მერე რა იქნება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ საქართველოს არც ერთხელ არ გაუტეხავს სიტყვა, მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული მაგალითია, როდესაც რუსეთმა ჩვენთვის მოცემული სიტყვა გატეხა. ვიმეორებ: არავინ ლაპარაკობს, რა იქნება მერე, არც კრემლში არ ლაპარაკობენ ამაზე ერთმანეთთან და ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებს რუსეთს. რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები მობილიზებულია დასავლეთის წინააღმდეგ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სანქციების მოსახსნელად და „ნატოს“ ეგრეთ წოდებული ანტისარაკეტო სისტემების განლაგების საწინააღმდეგოდ. მაგრამ აღარ ფიქრობენ კავკასიის რეგიონზე, იმ მარტივი მიზეზით, რომ აქვთ დაკონსერვებული კონფლიქტები და ძალიან პრიმიტიულად გეგმავენ: თუ დასჭირდებათ, ამ დაკონსერვებული კონფლიქტის კერებს ისევ ააფეთქებენ და ჩვენ აღარ გვექნება საშუალება, ვიფიქროთ სხვა რამეზე.
– მაგრამ მუშაობს.
– ოღონდ დიდხანს ვერ იმუშავებს და ნუ დაგვავიწყდება უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველოში უკვე გაიზარდა თაობა, რომელმაც რუსულიც კი არ იცის და ისინი რუსეთს აღიქვამენ, როგორც აგრესიულ მეზობელს. საქართველოს ახალგაზრდობას, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში გაიზარდა, ჰონკონგისა და ჩინეთის მაგალითი მოჰყავთ. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-თურქეთის ომებამდე აფხაზეთი 50 წელზე მეტ ხანს იყო დაკარგული. ბუნებაში კი არაფერი იკარგება, ერთი რომ კარგავს, მეორე პოულობს. ასე რომ, 2017-2020 წლების განმავლობაში პოლიტიკური პროცესები მთლიანად კავკასიის გარშემო დატრიალდება როგორც კარგი, ისე ცული გაგებითაც. კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების დაპირისპირება არის პრელუდია და ძალის დემონსტრირება იმისთვის, რომ აქ უნდა გაიაროს ენერგომატარებელმა და ეს ყველას ინტერესია, მათ შორის, რუსეთისაც. ამდენად, უნდა ვინმეს თუ არა, მოსწონს ვინმეს თუ არა, საქართველოს, ესე იგი, კავკასიას აქვს პერსპექტივა და ამიტომ კეთილს ინებებენ და დაგველაპარაკებიან.