რა ტრაგედიისთვისაა განწირული ერთნაირსქესიანი წყვილის მიერ გაზრდილი ბავშვი
რამდენიმე თვის წინათ სასამართლოში შევიდა სარჩელი – ადმინისტრაციულ კოდექსს დაეზუსტებინა, რომ ქორწინება არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის, სხვათა კავშირიც შეიძლება, იყოს. თუმცა ეს ამბავი ისევე მოულოდნელად ჩაიფარცხა, როგორც ამოიფარცხა. სულ ახლახან კი ცესკომ დაარეგისტრირა სარეფერენდუმო შეკითხვა თემაზე, რომ ქორწინება მხოლოდ და სწორედ ქალისა და მამაკაცის კავშირია. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია თავად რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი. რატომ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს ეს ინიციატივა და, საერთოდაც, როგორ უნდა შეძლოს დასავლეთისკენ ორიენტირებულმა საქართველომ, უარი თქვას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე? – ამ არცთუ მარტივ თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– მესმის, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებით უფრო ადვილია, დაემსგავსო დასავლეთს, ვიდრე ცხოვრების დონით, მათ შორის, პენსიის 1 000 დოლარამდე გაზრდით. მეორე მხრივ, დასავლეთსაც ენდომება, რომ აქ ჩამოსულ დასავლელ მამაკაცს შეეძლოს ადგილობრივ მამაკაცზე დაქორწინება, თუკი მოუნდება. რა შეიძლება იყოს რეფერნდუმის ინიციატორთა მიზანი?
– მხოლოდ საარჩევნო ჭრილი, შესაძლოა, არც იყოს. გახსოვთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი ეწვია პატრიარქს და არწმუნებდა, რომ ევროკავშირი არ გაიძულებთ, ანალოგიური კანონმდებლობა მიიღოთო. ამ დიალოგის ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ის, რომ ევროკავშირმა დაინახა საფრთხე – შეიძლება, ქართველებმა დასავლეთზე უარი თქვან თუნდაც ამ მიზეზის გამო. ჩემი აზრით, რეფერენდუმიც იმას ისახავს მიზნად, რომ ქართველები დაარმწუნოს იმაში, რომ ევროპის გზა საქართველოსთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე არ გადის. ჩემი აზრით, უფრო ევროპული ორიენტაციის პროპაგანდაა ამოცანა და არა – საარჩევნო. საარჩევნო თემები, როგორც წესი, კონკრეტული პარტიების ინტერესია, აქ კი კონკრეტული პარტია არ ჩანს.
– საინიციატივო ჯგუფმა მიმართა ცესკოს.
– ამიტომაც მგონია, რომ მიზანია, ჩვენს დასავლეთისკენ სვლას არ გაუჩნდეს წინააღმდეგობები თვითონ საქართველოშივე.
– რეფერენდუმით თუ დავადგენთ, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, ეს, მეორე მხრივ, ევროპის დამოკიდებულებასაც ხომ გაზომავს ჩვენდამი?
– დასავლეთის დამოკიდებულებას გაზომავს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენს დამოკიდებულებას დასავლეთისადმი მეტ-ნაკლებად გაზომავს.
– ეს იქნება ჩვენი განაცხადი, რომ დასავლეთი გვინდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების უფლებას დაუტოვენენ მხოლოდ ქალსა და მამაკაცს?
– თუ ქართულმა საზოგადოებამ რეფერენდუმზე სერიოზული და მწვავე რეაქცია გამოხატა, ანუ, თუ მთელი საქართველო გავიდა რეფერენდუმზე – არიქა, დავიღუპებით, თუ ხმა არ მივეცითო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრი არ გავა რეფერენდუმზე, იმიტომ, რომ ეს საკითხი არ მიაჩნია სარეფერენდუმოდ, ესე იგი, ქართველი საზოგადოება არ ენდობა ევროპას. საკითხის სარეფერენდუმოდ დასმაც, ფაქტობრივად, უნდობლობის გამოხატულებაა.
– დავამატებდი – უმწეობისაც.
– ჩვენ მტკივნეულად ვრეაგირებთ, რომ უმწეოები ვართ, მაგრამ მე ასეთი მტკივნეული რეაქცია არ მაქვს, იმიტომ, რომ რომელი ნიშნით ვართ ანგარიშგასაწევი?! რა თქმა უნდა, ვართ სხვებზე დამოკიდებულები და ამის შემდეგ დგება საკითხი, ის სხვა ანგარიშს გაგვიწევს თუ არა. ეტყობა, არ გვაქვს განცდა, რომ ის სხვა ანგარიშს გაგვიწევს. ალბათ, ვერ გაამტყუნებ საზოგადოებასაც, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო ძალიან დაპატარავდა, ინფორმაცია ორ წუთში ვრცელდება და ეს სკანდალური ინფორმაციაც, რომ ზოგან ქალაქის თავი გახდა ადამიანი, რომელსაც ქორწინების თავისებურებები აქვს, ზოგან – სხვა პოლიტიკური თანამდებობები დაიკავეს. დასავლეთი ამას აღიქვამს როგორც დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. რეალურადაც ასეა, რადგან საკითხი ხომ ასე დგას – ქვეყნის დემოკრატიულობა გაიზომოს იმით, თუ რამდენად ლოიალურია იგი სხვადასხვა უმცირესობის, მათ შორის, სექსუალური უმცირესობის მიმართ?! საქართველოს კი არ მიაჩნია, რომ სექსუალური უმცირესობის მიმართ ლოიალობის გამოხატულება არის ნებართვა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე. ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, მეც არ მიმაჩნია, რომ ქორწინების ნებართვა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ნიშნავს, რომ ტოლერანტული ხარ.
– ჩემი აზრით, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, ერთნაირსქესიანთა კავშირი არის კავშირი, მაგრამ, არა ქორწინება და, შვილად აყვანის საკითხიც საეჭვო მგონია.
– ნებისმიერი ქორწინება, უპირველესად, არის ზნეობრივი აქტი და არა – სექსუალური. ამ თვალით თუ შევხედავთ, პრობლემა ის მგონია, რომ ამგვარი ქორწინების დროს სწორედ მორალური მხარეა ძალიან მძიმე და არ ვგულისხმობ სექსუალური ქცევის მორალს, ვლაპარაკობ ბავშვის მიმართ მორალზე. რა ბედისთვის იმეტებენ ბავშვს?! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ აინტერესებთ არა ბავშვის ბედი, არამედ მხოლოდ ის, მათ წყვილს როგორი სტატუსი ექნება საზოგადოებაში, თორემ, ბავშვი ბედნიერი იქნება თუ უბედური, ეს არავის აღელვებს და, ბავშვი, დიდი ალბათობით, უბედური იქნება, რადგან ჩვენ ვიცით ბავშვის ტრაგედია, როდესაც მას არ ჰყავს მამა ან დედა: ის ამას მძაფრად განცდის, იმიტომ, რომ ყველას ჰყავს, მას კი არა. ახლა წარმოიდგინეთ ბავშვის მდგომარეობა, რომელიც დაინახავს, რომ ყველას ჰყავს დედა და მამა და მას კი მამა და მამა ან დედა და დედა ჰყავს?! მესამე არსების, ბავშვის მიმართ ეთიკური დამოკიდებულების საკითხი ხშირად ავიწყდებათ მათ, ვინც ადამიანის უფლებების ფორმალური მხარითაა გატაცებული. იმ ბავშვსაც აქვს უფლებები და არა მხოლოდ წყვილს.
– ახლახან ჩატარდა კვლევა, რის მიხედვითაც გამოიკვლიეს, იქნება თუ არა ჰომოსექსუალურ ოჯახში აღზრდილი ჰომოსექსუალი. როგორ შეიძლება, არაკომპეტენტურმა მოქალაქეებმა დაადგინონ ამ კითხვაზე მართებული პასუხი? ამ კითხვას უპასუხებს ის კვლევები, რომლებიც ჩატარდება ბავშვებზე, რომლებიც გაიზრდებიან ჰომოსექსუალთა ოჯახებში.
– ჩემი აზრით, უპატიოსნო კვლევაა, იმ თვალსაზრისით, რომ გათვლილია არა ჭეშმარიტების დადგენაზე, არამედ ამ იდეების პირდაპირ თუ ირიბ პოპულარიზაციაზე. რაც შეეხება თვითონ კითხვის შინაარსს, გახდება თუ არა ბავშვი ჰომოსექსუალი, – თუ ასე დგას საკითხი, ესე იგი, ჰომოსექსუალობა ცუდია და, მაშინ, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! მაგრამ არც ეგაა პრობლემა, აქ მთავარი პრობლემა ისაა, იქნება თუ არა ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი ბედნიერი.
– ეს შეკითხვა იქ არ ყოფილა დასმული. ასევე, ამ კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობა გაცილებით ლოიალურია ამ თემისადმიო.
– რატომ უნდა იყოს ახალგაზრდა თაობა არალოიალური?! ახალგაზრდა იმიტომაა ახალგაზრდა, რომ ყველაფერ იმაზე, რაც ძველებს ახასაითებთ, უნდა უარის თქმა. ახალგაზრდა თაობა უფიქრდება კი ბავშვის თემას?! იმ თემებს, რასაც გამოიწვევს ჰომოსექსუალობის ამ ფორმით დამკვიდრება?!
– და ეს ბავშვები ხომ უნდა გააჩინოს ვიღაცამ?
– ეს უკვე ის ერთ-ერთი თემაა, რატომაც თქვა უარი კაცობრიობამ თავის დროზე ცხოვრების ამ წესზე. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ყველა რელიგია წინააღმდეგია ჰომოსექსუალური კავშირისა, არის ის, რომ შთამომავლობის შექმნა არის ბუნებრივი, ღვთით ბოძებული წესი ადამიანის არსებობის და, თუ ეს წესი დაირღვევა, დაირღვევა ჩვენი ცხოვრების ხილული კანონები. ასე რომ, მხოლოდ ადამიანის უფლებებზე არ არის, ალბათ, აქცენტი გადასატანი. გაცილებით რთულადაა საქმე და მხოლოდ ადამიანის უფლებებით შემოსაზღვრა საკითხის გამარტივებაა. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მანდ კიდევ ერთი რამ შეიძლება გავიხსენოთ: უამრავი კულტურა იყო, რომლებშიც ნორმად მიიჩნეოდა ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური ურთიერთობა და, სხვათა შორის, საქართველოსთვისაც არ იყო ეს უცხო.
– როსტომ ხანის დროს ჩვენთან ისეთები ხდებოდა, „ელ ჯი ბი თი“ თემის დღევანდელ დამცველებს არც კი დაესიზმრებათ.
– ქართულმა კულტურამაც გაიარა ეს ეტაპი, გვიან პერიოდშიც. გვქონდა ჰომოსექსუალური ტიპის რიტუალური ცეკვებიც. „პატარა ბიჭი დამეკარგა“ ბიჭისთვის მიძღვნილი სიმღერაა და არა ქალისთვის და ძალიან უყვართ ქართველებს ეს სიმღერა.
– ოღონდ, ქალი მღერის – ბიჭი დამეკარგაო, კაცი – გოგო დამეკარგაო.
– რეალურად აქცენტი გადავიტანეთ მელოდიაზე და არა იმაზე, ვის და რას ეხება ეს სიმღერა, ანუ ჯანსაღი რეაქცია გვქონდა, არ გავხადეთ იდეოლოგიის საგნად ხელოვნება. ამდენად, ამგვარი ფაქტები ჩვენთანაც არის, სხვა ქვეყნებშიც. ამისგან ცდილობენ, არ შექმნან ტრაგედია და საზოგადოებამ ამას ისე მოუაროს, რომ არც დევნა იყოს. დევნა, რა თქმა უნდა, მიუღებელია.
– ცხადია.
– მაგრამ არც დამატებითი სირთულეები უნდა გაჩნდეს ზედმეტი ყურადღების მიქცევით, ანუ, არც მწვადი დაიწვას და არც შამფური.
– ჩვენი ავისმოსურნენი კავკასიაში ხელზე იხვევენ თემას, რომ თბილისი გახდა გეი-აღლუმების ცენტრი; რომ ქართველები, ყველანი, გახდნენ ჰომოსექსუალები და უამრავი შეურაცხმყოფელი ეპითეტით გვამკობენ და დაგვცინიან. კავკასიას აქვს თავისი სპეციფიკა და, თუ აქ აბუჩად აგიგდეს, ამას რთული შედეგი ექნება ჩვენთვის. უპასუხისმგებლობა ხომ არ არის უფლებადამცველების მიერ „ელ ჯი ბი თი“ თემით სპეკულირება?
– ძალიან ბევრ რამეს არ ითვალისწინებენ. დასავლეთი ისეთივე ადამიანებისგან შედგება, როგორებიც ჩვენ ვართ.
– მე ამჯერად ჩვენი თანამემამულეები ვიგულისხმე, ისინი რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენს ადგილმდებარეობას და მის სპეციფიკას?
– ჩვენები არიან და მენანება თქმა.
– მოყვარეს პირში უძრახეო, – წინაპარი გვასწავლიდა.
– წინაპარი იმასაც გვასწავლიდა, სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო. მგონია, რომ უფლებადამცველებს ცოტა სხვა ამოცანები ამოძრავებთ, როგორც ჩანს. მათ ძალიან ხშირად ურჩევნიათ დასავლეთის ქება და დასავლეთი არ ითვალისწინებს ბევრ რამეს, ამიტომ მეგონა, რომ იქითკენ წაიყვანეთ კითხვა. მათ მოწაფური დამოკიდებულება აქვთ დასავლეთისადმი – აი, ეს დამოკიდებულება გახდა ბევრის გაღიზიანების მიზეზი და ეს ყბადაღებული რეფერნდუმიც ხომ იმის გამო აღმოჩნდა საჭირო, რომ მოწაფეეებივით ვიქცევით დასავლეთთან და ამიტომ სხვა გარანტიებიც გვჭირდება. არასამთავრობოები კი კიდევ უფრო მეტად არიან ორიენტირებულები ასეთ მოწაფეობაზე, თუნდაც იმის გამო, რომ ფინანსურად მათზე არინ დამოკიდებულნი და, ამიტომ, რასაც დაუწერს დამფინანსებელი ან რაზეც ეტყვის, კარგიაო, იმისთვის მიიღებენ დაფინანსებას. დამფინანსებლები კი ისეთ სიღრმეებში არ შედიან. რაც თქვენ იკითხეთ, იმის პასუხად ერთ ისტორიას გავიხსენებ: ჩემი მეგობარი ისტორიკოსი მეგობრობს ერთ საკმაოდ მაღალი რანგის იტალიელ მკვლევართან. ბოლო დროს შევნიშნე, რომ დაბალი დონის წერილებს წერდაო; ერთხელაც, ტაქტიანად, ხუმრობით ვკითხე – რატომ წერ იმას, რასაც არ ფიქრობ-მეთქი, რადგან ძალიან დაბალი დონის იყო მისი ბოლოდროინდელი ნამუშევრებიო. ამ დონეზე თუ არ ვწერე, გრანტის მომცემი ფულს არ მომცემსო. ანუ, მეცნიერების გრანტული დაფინანსებაც კი ძალიან ხშირად უფრო ზერელობას აიძულებს ავტორებს, ვიდრე სიღრმეებში ჩასვლას. ეს თვითონ გრანტული სისტემის ერთ-ერთი გარდაუვალი წესია. შეიძლება, ჩვენს შემთხვევაშიც ასეა ან არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ხშირად გრანტზე ორიენტირებულ ადამიანებს ახასიათებთ ზედაპირულობა და ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანების ბრალი, ეს გრანტული დაფინანსების შედეგია. რაღა შორს წავიდეთ: ადამიანის უფლებების თემამ მიგრაციის პრობლემა გაუჩინა ევროპას. იმაზე აღარ დაფიქრდნენ, რომ ასეთ უკიდურესობაში გადასვლა ქვეყანას ლოგიკურად შეუქმნიდა საფრთხეს. ანუ თავიანთ საფრთხეზე არ დაფიქრდნენ და ეს ამ ზერელობის ერთ-ერთი შედეგია. ანალოგიურად, არ ვარ დარწმუნებული, რომ სქესთა შორის ურთიერთობასაც იმავე ზერელობით არ უდგებიან და რაღაც პერიოდის შემდეგ არ მოუწევთ ევროპელებს ფიქრი იმაზე, იქნებ რამეა შესაცვლელი და ამ პრობლემას უფრო რთული გამოსავალი აქვს, ვიდრე სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვააო. ამ სირთულეებს ვერ აქცევენ ევროპელები ყურადღებას, ვიმეორებ, დღესაც კი.