მუდმივი ინტერესები
„მეზობლის ვიზას ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო“
მაშინ, როდესაც ჩვენ გულისფანცქალით ველით, როდის ვიფრენთ ევროკავშირში უვიზოდ და 37 ევროდ, „როიტერის“ ინფორმაციამ გულები შეგვიშფოთა.
სახელდობრ, შევიტყვეთ, რომ კიევი ევროკავშირს სთხოვს, არამც და არამც არ დაუწესოს საქართველოს უვიზო მიმოსვლა უკრაინაზე ადრე, ვინაიდან ეს ფაქტი შეასუსტებს პროევროპელი პრეზიდენტის, პიოტრ პოროშენკოს პოზიციებს უკრაინაში.
თუმცა ამ ჩვენი მეგობარი უკრაინის ვიცე-პრემიერის ოფისი იფიცება, რომ არასდროს უთხოვიათ ევროკავშირისთვის მსგავსი რამ. ხოლო, თუკი „როიტერმა“ თავისი ინფო ოფიციალურად გაავრცელა, ზემოხსენებული ვიცე-პრემიერის აპარატმა უარყოფა „ფეისბუქის“ თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
მომყავს ციტატა: „გასაგებია, რომ ასეთი თხოვნა შეუძლებელია, ყოფილიყო (ვითომ რათა?!). უკრაინას თავის მიმართვაში საქართველოს საკითხი არ დაუკავშირებია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ამ ორი ქვეყნის საკითხი ცალ-ცალკე უნდა განიხილონ“.
და გვიმტკიცებენ, მხოლოდ ის სთხოვეს ევროკავშირს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ ევროპულმა ინსტიტუტებმა ზაფხულის არდადეგებამდე მიიღონ.
ხოლო, რაკი ჩვენ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებებიც გვსმენია და უკრაინაში დემოკრატიის მაშენებელი ჩვენი თანამემამულეების განწყობაც მოგვეხსენება (რაღა განწყობა?!), არაა გამორიცხული, რომ მსგავსი რამ ამ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მართლაც ეთხოვათ ჩვენივე ევროპელი მეგობრებისთვის, რაც, სულაც არ გახლავთ საწყენი, რადგან მუდმივი მხოლოდ ინტერესებია, იმას გარდა, რომ უკრაინის ამგვარი ქმედება ჩვენც მოგვცემს სუფთა სინდისით მოქმედების საშუალებას, რასაკვირველია, კრიტიკულ მომენტებში. –