ჯოს-ჯოს-ჯოს!
ამ პატარა სასმისით და დიდი გულით...
ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გერმანია მოიარა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე თვით ქართულად იმეტყველა (ეს ფაქტი კი იმადაა აღნიშვნის ღირსი, რომ ჩვენი მაღალ-მაღალი თანამდებობის პირები, ტრადიციულად, არ სწყალობენ ამ ჩვენს 3 000-წლოვან სახელმწიფო ენას და, ჩვეულებისამებრ, ინგლისურს ეძალებიან), ქ-ნი მერკელი კი დაგვპირდა, რომ „საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გრძელ ვადაში არ იქნება საუბარი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განხილვის პროცესი მალე დასრულდეს“ და ისიც დასძინა, რომ გერმანიაში ჯეროვნად არ იცნობენ საქართველოს წარმატებებსო (მოკვდი, მტერო! იხარე, ჭერო!).
და თუმცა აუზში ჯერჯერობით წყალი არ ჩაუსხამთ, სამაგიეროდ, 2017 გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადდა.
ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისეთი სადღეგრძელო შემოგვთავაზა, გულჩვილ კაცს თვალზე კურცხალიც კი მოადგებოდა (მომყავს ნაწყვეტი ციტატიდან): „მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა შეგვიძლია და ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხებისთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ მანამდე, ვფიქრობ, რომ საჭიროა ჩვენი სიმტკიცე, გულმოდგინე შრომა და ერთად დადგომა. …მოდი, ერთად ავწიოთ სასმისი და გაუმარჯოს გერმანია-საქართველოს მეგობრობას. გაუმარჯოს!“
ჩვენ არ ვიცით, გასცდება თუ არა „გაუმარჯოს“ გერმანულად „ჯოს-ჯოს“ ქართულ პათოსს, ანუ მოგვცემენ კი ვიზალიბერალიზაციას? მაგრამ უკვე ვიცით, რომ ამ პატარა სასმისითა და დიდი გულით დალოცვილები მაინც ვივლით. –