როგორ მიიწვიეს მიშიკო კობახიძე მსოფლიოში ცნობილ შოუში ქორეოგრაფად და რატომ დაინტერესდნენ მისი ცეკვით Step Up-ის მოცეკვავეები
მიშიკო კობახიძემ ცეკვა 6 წლის ასაკში დაიწყო და დღეს ის საკმაოდ წარმატებული მოცეკვავეა. მიშიკო 11 წლის განმავლობაში ცეკვავდა აკადემიურ ანსამბლ „ერისიონში” და არაერთ ცნობილ შოუში მიიღო მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ კი ის ლოს-ანჯელესში სალსას მსოფლიო ფესტივალზე გამოვიდა, რომელსაც ცნობილი მოცეკვავეები და მსახიობები ესწრებოდნენ და მათ შორის იყვნენ ფილმ Step Up-ის მოცეკვავეებიც. ქართველების შესრულებამ როგორც ჟიურის, ასევე მსახიობებისა და მოცეკვავეების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მიშიკო კობახიძე: ცეკვა 6 წლის ასაკში, ქალაქ ხობში დავიწყე. მთელი მონდომებით ვვარჯიშობდი და ვითვისებდი ყველა ახალ მოძრაობას. 2004 წელს კი თბილისში წამოვედი და ცეკვა აკადემიურ ანსამბლ „ერისიონში“ განვაგრძე. კარგად მახსოვს, 16 წლის ასაკში როგორ დავდექი „ერისიონთან“ ერთად ფილარმონიის სცენაზე – ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი წუთები. ანსამბლში 11 წელი ვიცეკვე, ძალიან ბევრ კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მალევე ჩამოვყალიბდი წამყვან სოლისტად. ჩემი კარიერა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გრძელდებოდა; ვმონაწილეობდი ცნობილ, წარმატებულ შოუებში და სერიოზულ გამოცდილებას ვიძენდი.
– რომელი გასტროლი იყო შენთვის ყველაზე გამორჩეული?
– ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი გასტროლი გვქონდა კარიბის კუნძულებზე, კერძოდ, მარტინიკზე, სადაც ანსამბლთან ერთად 3 კონცერტი გავმართეთ. ყველაზე მეტად გამაოცა მაყურებლის ემოციამ – კონცერტის დასასრულს, ტაშის ნაცვლად, ფეხებს ურტყამდნენ იატაკს, რაც მათი მხრიდან კარგ შეფასებასა და მოწონებას ნიშნავდა.
– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიწვეული ქორეოგრაფიც იყავი.
– წილად მხვდა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მემუშავა ჯაბა კილაძისა და ჯულიანა ბარგნარის წყვილთან – მათ დავუდგი ცეკვა „აჭარულის“ ნახაზი, რომელიც შესანიშნავად აითვისეს. ყოველდღე ვმუშაობდით ნომერზე, რათა თითოეული მოძრაობა ახლოს ყოფილიყო პროფესიონალურ შესრულებასთან. რამდენიმე შტრიხი შევიტანე ცეკვაში, რაც ორივემ კარგად მოირგო. ჩემმა დადგმულმა ცეკვამ და ვარსკვლავების მიერ მისმა შესრულებამ მაყურებლის დიდი მოწონება და ჟიურის მხრიდან კარგი შეფასებები დაიმსახურა.
– ცოტა ხნის წინ ამერიკაში, სალსას მსოფლიო ჩემპიონატზე მიგიწვიეს.
– დიახ. ეს იყო ჩემთვის და ასევე ჩემი მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა. სალსას მსოფლიო ჩემპიონატი ლოს-ანჯელესში, „ბონა ვენტურაში” ჩატარდა და ჩვენ გავხსენით ქართული ცეკვებით. სამი ნომერი ვაჩვენეთ მაყურებელს ორ გამოსვლაში. ფესტივალში ცნობილი მსახიობები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ფილმ Step Up-ის მოცეკვავეებიც. ჩვენი ნომერი ამერიკელი მაყურებლისთვის უცხო იყო, თავიდან ვერ მიხვდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, რადგან ქართულ კულტურას ნაკლებად იცნობენ. მაგრამ, საბოლოოდ, ძალიან აღფრთოვანდნენ და დადებითი შეფასებები მივიღეთ როგორც ჟიურის, ასევე მონაწილეების, მსახიობებისა და მაყურებლის მხრიდან. Step Up-ის მოცეკვავეებს „იუთუბიზე“ ნანახი ჰქონდათ ჩვენი ნომრები და, როგორც გვითხრეს, ქართული ილეთების შესწავლაც უცდიათ, მაგრამ არ გამოსვლიათ. ჩვენც ვეცადეთ, მათთვის მცირე გაკვეთილები ჩაგვეტარებინა, რათა შეესწავლათ ქართული ცეკვის ილეთები. ამ ნომერზე თვე- ნახევრის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდით და ამიტომაც გამოვიდა ლამაზი და საინტერესო, რაც დაგვეხმარა იმაში, რომ სხვადასხვა შოუდან ახალი შემოთავაზებები მიგვეღო.