როგორ დაასახელეს მანუჩარ მარკოიშვილი იტალიური გუნდის – „კანტუს“ ლეგენდარულ კალათბურთელად
ცნობილი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მხოლოდ ქართული კალათბურთის სიამაყე როდია, ცოტა ხნის წინ, იტალიურმა გამოცემა „პროვინცია დი კომომ” ჩაატარა გამოკითხვა, რის მიხედვითაც გამოვლინდა ორი ლეგენდარული კალათბურთელი „კანტუს” მოთამაშეთაგან. გამოკითხულთა 57-მა პროცენტმა თავის ფავორიტად სწორედ მანუჩარ მარკოიშვილი დაასახელა. ქართველი კალათბურთელი ამჟამად თურქეთში მოღვაწეობს. ჩვენ მას დავუკავშირდით და გთავაზობთ ინტერვიუს.
მანუჩარ მარკოიშვილი: დაახლოებით რვა-ცხრა წლის ვიქნებოდი, კალათბურთზე რომ შემიყვანეს. იქამდე ქართულ ცეკვაზე დავდიოდი. ჩემი ძმა, გიორგი დადიოდა კალათბურთზე. ისე მოხდა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთ ტურნირს დავესწარი. ჩემი ძმა გუნდის კაპიტანი იყო. თასი მოიგეს და ეს თასი ერთი დღით გვათხოვეს სახლში წასაღებად. მახსოვს, მე მეკავა ხელში და სახლში რომ მივიტანე, დედაჩემს ვუთხარი: მეც მინდა, ვითამაშო კალათბურთი და თასი მოვიგო-მეთქი. ამის შემდეგ მეც შემიყვანეს კალათბურთზე. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ზურაბ სამხარაძე, რომელისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მასთან დღემდე ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა მაქვს. იქიდან წავედი ბათუმის „ბასკოში,” სადაც ორი წელი ვითამაშე. ამის შემდეგ გადავედი საქართველოს კადეტთა და ჯუნიორთა ნაკრებში. როდესაც იტალიას ვეთამაშეთ, მათი გუნდის მწვრთნელმა შემნიშნა და რეკომენდაცია გამიწია ერთ-ერთ იქაურ გუნდთან. მალევე მომივიდა მიწვევა იტალიიდან და წავედი სინჯებზე. იქ დამიტოვეს – „ბენეტონ ტრევიზონში”. მის შემდეგ ბევრი ქვეყანა მოვიარე. ვიყავი გერმანიაში, უკრაინაში, იტალიაში, თურქეთში, რუსეთში და ასე შემდეგ.
– უცხოეთში რომ გადახვედით, როგორ შეეჩვიეთ მარტო ცხოვრებას?
– მარტო ცხოვრებას ბევრად უფრო ადრე შევეჩვიე, დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი ბათუმის „ბასკოში” რომ გადავედი და ორი წელი ბათუმში მარტოს მომიწია ცხოვრება. იტალიაში რომ ჩავედი, გუნდს ძალიან კარგი ორგანიზება ჰქონდა – საჭმლის მომზადება, ტანსაცმლის გარეცხვა და დალაგება მე არ მეხებოდა. ჩემი ერთადერთი მოვალეობა იყო, მევარჯიშა და მესწავლა.
– რომელი მნიშვნელოვანი გამარჯვება გახსენდებათ?
– მთელი სეზონის განმავლობაში გვაქვს თამაშები და გამარჯვება ყოველთვის ძირითადი მიზანია. ამიტომ, სეზონის დროს მოგებულ არც ერთ თამაშს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ საბოლოოდ, სეზონს წარმატებით არ დაამთავრებ. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ჩემპიონი ხდები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთ– ერთი ბოლო გამარჯვება, როდესაც „გალათასარაისთან” ერთად, თურქეთის ჩემპიონატი მოვიგეთ. გუნდს 25 წელი ჩემპიონობა არ ჰქონდა მოპოვებული და ეს კიდევ უფრო მეტად სასიხარულო და დასამახსოვრებელი იყო. ასევე, იტალიურ გუნდ „კანტუში” თამაშის დროს „სიენას” მოვუგეთ და სუპერთასი დავიმსახურეთ. როცა გამარჯვებას მოაქვს ჩემპიონობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
– ოჯახზე გვიამბეთ, მეუღლე როგორ გაიცანით?
– ჩემი მეუღლე უკრაინელია. კიევში რომ ვთამაშობდი ორი წელი, იმ პერიოდში გავიცანი. მე რუსული არ ვიცოდი, მან – ინგლისური. ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა და ამის გამო, ხშირად აღმოვჩნდებიდით ხოლმე კურიოზულ სიტუაციებში. ნელ-ნელა დავხვეწე რუსული და მალევე დავმეგობრდით. შემდეგ ჩემთან, საქართველოში დავპატიჟე. ძალიან მოეწონა ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და საქართველო, რაც მთავარია. იტალიაში რომ გადავედი სათამაშოდ, უკვე დავქორწინდით. გვყავს სამი წლის თინათინი და ვცხოვრობთ ბედნიერად.
– სიურპრიზების გაკეთება თუ გიყვართ?
– საერთოდ არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, ეს ალბათ, ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ. სიურპრიზები მიყვარს, მაგრამ ზომიერად. არც მე ვარ გათამამებული და არც სხვას ვათამამებ.
– მეუღლის მხრიდან განსაკუთრებული ხელშეწყობა თუ გჭირდებათ თამაშის წინ?
– ძალიან დაკავებული ვარ. ზოგჯერ დღის განმავლობაში, ორჯერ მიწევს ვარჯიში. მეუღლე მიჩვეულია ჩემი ცხოვრების სტილს და ცდილობს, მაქსიმალურად შემიწყოს ხელი. არის მომენტები, როცა გასვლითი თამაშები გვაქვს და შეიძლება, ერთი ან ორი კვირაც არ ვიყო სახლში. საბედნიეროდ, მეუღლე ამას არასდროს აპროტესტებს. მან კარგად იცის, რომ, რაც გამაჩნია ცხოვრებაში, ეს ყველაფერი კალათბურთით. როცა ოჯახში ქალია, მე არაფერზე მიწევს ფიქრი – იქნება ეს საჭმლის მომზადება თუ სხვა. მან იცის, რომ თამაშის წინ განსაკუთრებული დასვენება მჭირდება და ცდილობს, იმ დღეს მაქსიმალურად მომარიდოს ბავშვი. თუ ადრე გაიღვიძებენ, მარტო მტოვებენ ოთახში, რომ კარგად დასვენება და გამოძინება შევძლო. თავისუფალი დრო რომ მაქვს, მთლიანად ოჯახს ვუთმობ და იმ დროს ვინაზღაურებ, რომელსაც მათ გვერდით ვერ ვატარებ.
– სახლში რა ენაზე საუბრობთ?
– ჩემს მეუღლეს ცოტ-ცოტა ესმის ქართული. თუმცა, ჩემ გარდა, არავისთან აქვს ყოველდღიური ურთიერთობა, ვინც ქართულად დაელაპარაკება. საქართველოში რომ ვართ, ნელ-ნელა აჩვევს ყურს ქართულ ენას და დარწმუნებული ვარ, მალე ალაპარაკდება კიდეც. მე ძალიან იშვიათად ვლაპარაკობ სახლში ქართულად. ბავშვიც რუსულად საუბრობს ჯერჯერობით.
– ცოტა ხნის წინ იტალიურ გუნდ „კანტუს” ლეგენდარულ კალათბურთელად დაგასახელეს...
– ეს იყო 1990 წელს შექმნილი ფანკლუბი და დაასახელეს მათთვის მნიშვნელოვანი ფიგურები „კანტუს” ისტორიაში, ვისი ნახვაც უნდათ ვარსკვლავთა მოედანზე, უმეტესობამ მე დამიჭირა მხარი. „კანტუ” ისტორიულად ძალიან წარმატებული გუნდია. მის შემადგენლობაში არაერთ ვარსკვლავს უთამაშია და მათ გვერდით მოედანზე ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. სიტყვებით ვერ გამოვხატავ მადლიერებას მათ მიმართ, ვინც მე თავიანთ ფავორიტად დამასახელა. ჩემთვის ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია და მითამაშია. ყველა ქვეყანა თავისებურად შემიყვარდა და თურქულის გარდა, ყველა ენაზე ვსაუბრობ, სადაც კი მიცხოვრია. თუმცა, განსაკუთრებით იტალიას და სლოვენიას გამოვარჩევ, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. იტალია ჩემთვის ფავორიტი ქვეყანაა, სადაც ვიცხოვრებდი. თუმცა საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც საბოლოოდ ვაპირებ ცხოვრებას. ამჟამად ვარ თურქეთში, კლუბ „დარიუშაფაქაში” და კონტრაქტის მიხედვით, კიდევ ერთი წელი ვიქნები ამ გუნდში.
– ყველაზე მეტად რა გენატრებათ საქართველოდან შორს?
– მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოსთან ყველაზე ახლოს ვარ, წლის განმავლობაში მაინც ვერ ვახერხებ ჩამოსვლას – იქამდე, ვიდრე სეზონი არ დასრულდება. თავიდან, იყო პერიოდი, როცა ხაჭაპური და ხინკალი მენატრებოდა, მაგრამ ახლა, რაც ყველაზე მეტად მენატრება, ეს არის: ჩემი ოჯახი, ჩემი ძმა, ძმისშვილები და მეგობრები. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ საქართველოში.