როგორ გადაატანინეს სტიქიის შემდგომი შოკი სახელგანთქმულ ბეჰემოთს და ვისი გარდაცვალების გამო გრძნობდა ზურაბ გურიელიძე მორალურ პასუხისმგებლობას
13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ამ დღეს მომხდარი სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრი ზოოპარკი იყო, სადაც, სამწუხაროდ, მოვარდნილ ღვარცოფს უამრავი ცხოველისა და სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სტიქიიდან მალევე, ზოოპარკის ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. გაზაფხულზე მას ბევრი ახალი ცხოველი შეემატა და კიდევ ბევრს ელოდებიან. სამომავლოდ კი, ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგემება.
ზურაბ გურიელიძე: ზოოპარკის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – 13 ივნისამდე და 13 ივნისის შემდეგ. იმ დღის შემდეგ, რელიეფიდან დაწყებული უმცირესი დეტალით დამთავრებული, ყველაფერი შეიცვალა. ადგილები, სადაც ადრე განლაგებული იყო ლომების, ვეფხვების, დათვების, აფთრების, ბეჰემოთის ვოლიერები, ზოოპარკში, უბრალოდ, აღარ არსებობს. ჯერ მდინარემ დაანგრია და შემდეგ მიწით ამოივსო. შეძლებისდაგვარად, რომელი ვოლიერის აღდგენაც შეიძლებოდა, აღდგა. აშენდა ახალი ვოლიერები და დავიწყეთ მათი ახალი ცხოველებით შევსება.
– საერთო ჯამში, რამდენი ცხოველი დავკარგეთ?
– საერთო ჯამში 277 ცხოველი დაიღუპა. ძირითადად, სამი კატეგორია შეიძლება გამოვყოთ: მათ შორის, ნაწილი, უშუალოდ ზოოპარკის ტერიტორიაზე დაიხრჩო, რომლებიც ლიკვიდირებულები იქნენ; ნაწილი ქალაქში გავიდა, ნაწილი კი ზოოპარკის ტერიტორიაზე იქნა ლიკვიდირებული. ცხოველების გარკვეული რაოდენობა სტიქიას გადაურჩა, მაგრამ შემდეგ სტრესის შედეგად დაიღუპა. ჩვენ მხარდაჭერისთვის მივმართეთ ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციას. ძალიან გაგებით შეხვდნენ ამ საკითხს და მაშინვე, მათივე ჩართულობითა და კონსულტაციებით, დავიწყეთ ვოლიერების მშენებლობა. გაზაფხულიდან ახალი ცხოველები მივიღეთ ევროპის სხვადასხვა ზოოპარკიდან და ბევრს კიდევ ველოდებით.
– სტრესის შედეგად ბევრი ცხოველი დაიღუპა?
– საკმაოდ. სტრესის შედეგად დაიღუპა რამდენიმე პინგვინი, რადგან ჭამა შეწყვიტეს და წყალშიც არ ჩადიოდნენ. აფთრისებული ძაღლი, რომელიც სტიქიის შემდეგ შოკში იყო და ძალიან მალე დაიღუპა და მგლებიც. სახელგანთქმული ბეჰემოთიც კი, რომელიც გადარჩა, დიდი სტრესის ქვეშ იყო, პირველ დღეებში წყალში არ ჩადიოდა და შლანგით ვასხამდით, რადგან წყალი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– შეგიძლიათ, ტრაგედიის დღე გაიხსენოთ?
– გულახდილად რომ გითხრათ, ეს დღე მთელი ცხოვრება ძალიან მკაფიოდ მემახსოვრება. მანამდე შეიძლება, ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ზოოპარკში შემოსვლის პირველივე წუთებიდან, ყველაფერი დეტალურად შემომრჩა მეხსიერებაში. მახსოვს, ღამით, დაახლოებით, პირველის ნახევარი იქნებოდა, ზოოპარკში რომ შემოვედი. წვიმა გადაღებული იყო, მაგრამ ჯერ წყალი არ ჩანდა და თითქოს სიმშვიდე იყო. ქვემოთ, აფთრების ვოლიერისკენ ჩავედით სანახავად. ცოტა წყალი იდგა, მაგრამ ეს პრობლემა არ იყო. რომ მოვტრიალდით, უკვე ვეღარ მოვასწარით უკან დაბრუნება. მოვარდა ძალიან დიდი რაოდენობით წყალი და ძალიან სწრაფად. მე და ჩემი მეუღლე იძულებულები გავხდით, კედლებზე გვეცოცა და ისე ავსულიყავით სახურავზე. შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. ისეთი ძლიერი დინება იყო, თუ რამეს არ ჩაებღაუჭებოდი, ფეხზე დამდგარი ვერ გაჩერდებოდი. დიდი სისწრაფით ივსებოდა ყველაფერი წყლით. ყველაფერი ვცადეთ, რაც შეიძლებოდა და ერთადერთი, რაც შევძელით, კედლებზე ავძვერით თავის გადასარჩენად.
– დიდი ტრაგედია და დანკლისია ცხოველების დაკარგვა, მაგრამ დაიღუპნენ თქვენი თანამშრომლებიც.
– დაიღუპა ჩვენი სამი თანამშრომელი. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ შორის ერთ-ერთი კარში იდგა, როცა მე შემოვედი. გამოველაპარაკე და გზა განვაგრძე, ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში ის დაიღუპა. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, ადამიანმა, რომელიც კარში იდგა და შეეძლო გასწრება, ვეღარ გაასწრო. წარმოიდგინეთ, როგორი იყო კატასტროფის სისწრაფე, რომ ზოოპარკი წუთებში გაივსო წყლით.
– სამი ადამიანიდან, როგორც მახსოვს, ორი ცოლ-ქმარი იყო. მეუღლე – ქალბატონი გულიკო ჭიტაძე სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო საავადმყოფოდან, სადაც ზოოპარკში მიღებული ტრავმის გამო მკურნალობდა.
– სწორედ მის მეუღლეზე გესაუბრეთ ახლა. შაბათს, გვიან ღამით, შეიძლება ითქვას, კვირა უკვე დამდგარი იყო, როცა ეს ტრაგედია მოხდა. გულიკო ხუთშაბათს გამოწერეს საავადმყოფოდან, ანუ, ორი დღის დაბრუნებული იყო ზოოპარკში. საავადმყოფოში კი უბედური შემთხვევის გამო მოხვდა – როგორც იცით, მას ვეფხვმა მიაყენა ზიანი. ისინი ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. გულიკო პატარა ცხოველებს უვლიდა. ჯიხვის ციკანი, პატარა მაიმუნები და მელია გვყავდა, რომელსაც ხელით ზრდიდა. როცა წვიმა მოვიდა, დამირეკა და მითხრა: წვიმაა, ცხოველები დასველდებიან და შიგნით შევიყვანო. რომ მოვედი, სხვა საქმეები მქონდა და მასთან არ შევსულვარ, არც შევაწუხე. ეს იყო მასთან ჩემი ბოლო საუბარი და ალბათ, ერთ საათში, ის დაიღუპა. მისი მეუღლის შესახებ უკვე გითხარით და მესამე იყო ბატონი გივი. მასთან იმ დღეს არ მისაუბრია. მოხუცი კაცი იყო და ხშირად იცოდა ზოოპარკის ტერიტორიიდან გასვლა. იმედი გვქონდა იქნებ სტიქიის დროსაც გარეთ იყო გასული, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა, თავის ოთახში ვიპოვეთ გარდაცვლილი. გამთენიისას, მახსოვს, მარტორქის ვოლიერთან, ღობეზე გადაკიდებული გოგონას ცხედარი ვიპოვეთ. ეს სცენაც არასდროს დამავიწყდება.
– სტიქიის შემდეგ, ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ნაწილი მაქსიმალურად იცავდა ცხოველების ინტერესებს, ნაწილი კი ამბობდა: რა დროს ცხოველებია, როცა მათ გამო ადამიანების სიცოცხლეა საფრთხეშიო. დაგლიჯა კიდეც ვეფხვმა კაცი.
– ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ბევრი ადამიანი, უბრალოდ, ერთობოდა ამ სიტუაციით და ავრცელებდა ფაბრიკაციებს – თითქოს ლომები და ვეფხვები ქუჩაში ხვდებოდათ. რეალურად, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეს ცხოველი იყო გარეთ, რომელმაც ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია. დანარჩენი ცხოველები იმ დროისთვის უკვე დახოცილები იყვნენ.
– ესეც ერთგვარი დაპირისპირების მიზეზი გახდა და თქვენ მიმართაც სამართლებრივ პასუხისმგებლობას განიხილავდნენ. ერთი მხრივ, გარდაცვლილი ადამიანები, უამრავი დაკარგული ცხოველი და მეორე მხრივ, საუბარი სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. წარმომიდგენია, რა რთულ მდგომარეობაში იყავით.
– არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით რა გიპახუსოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო. განცხადებაც გავაკეთე, რომ, მე, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვგრძნობდი დაღუპული ადამიანის მიმართ მორალურ პასუხისმგებლობას. აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპირო მონაცემების შემოსვლამ გამოიწვია სწორედ ეს. ანუ, ერთი მოკლული ვეფხვი ორჯერ აღირიცხა. ალბათ, დაღუპული ცხოველები რომ შეგროვებულიყო ერთად და აღრიცხულიყო, ასეთი შეცდომა არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამას არ ვწყვეტდით და მე ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან ვიღებდი. თავისთავად, ამან გამოიწვია შეცდომა. როგორც ჩანს, მოსახლეობის უმეტესობამ ეს ყველაფერი ისე დაინახა, როგორც რეალურად იყო, ამიტომაც, მხარდაჭერა გამომიცხადა. რაც მთავარია, მე ამ მხარდაჭერას დღესაც ვგრძნობ. საბედნიეროდ, ისეთი ექსტრემალური სიტუაცია არ გვაქვს, არც სამართლებრივად და არც სხვა მხრიდან, მაგრამ ქუჩაში თანამოქალაქეები, თუ ზოოპარკში დამთვალიერებელი, ყოველთვის მხარდაჭერას გამოხატავენ, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა.
– რა სიხშირით დადიან ახლა ზოოპარკში დამთვალიერებლები?
– თავიდან მათი რაოდენობა მცირე იყო, მაგრამ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, გააქტიურდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველი ცხოველები შემოვიდნენ რიგის ზოოპარკიდან. ახლა, ალბათ, კიდევ უფრო გააქტიურდებიან. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ის მონაცემები არაა, რაც წყალდიდობამდე იყო. სტიქიამდე, წელიწადში საშუალოდ, 600 000 დამთვალიერებელი გვყავდა. წელს იმის ნახევარიც თუ მოვიდა, ძალიან კარგი იქნება. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი აღდგება.
– რაც შეეხება ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლას...
– ზოოპარკისთვის გამოყოფილი ადგილი უკვე შემოღობილია და მიმდინარეობს პირველი ვოლიერების მშენებლობა. არ მკითხოთ, როდის გადავალთ, რეალურად, ეს ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ყველაზე მთავარი, ფინანსებია. თუ ყველაფერი გეგმაზომიერად წავიდა, დაახლოებით სამი-ოთხი წელი მაინც დასჭირდება ახალი ზოოპარკის აშენებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე იქნება რეკრეაციული ზონა, გამწვანებული ფართი.
– ახლაც თითქმის ყოველდღე წვიმს. ტრაგედიის დღის მოახლოებასთან ერთად, ხალხიც უფრო ღელავს – ხომ შეიძლება, კიდევ რამე მოხდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საინტერესოა, ზოოპარკში თუ შეიცვალა ზომები უსაფრთხოების თვალსაზრისით?
– „შეიცვალა ზომები უსაფრთხოების თვალსაზრისით” – ასეთი ფორმულირების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მაშინაც იყო უსაფრთხოების ყველა ზომა ზოოპარკში დაცული, მაგრამ ეს იმ დონის კატასტროფა გახლდათ, ვერანაირი უსაფრთხოების ზომა ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ფაქტობრივად, რაიმეს გაკეთება შეუძლებელი იყო. ვერცერთი წინასწარ დაგეგმილი სცენარი ასეთ სიტუაციაში ვერ მოქმედებს. ფიზიკურად შეუძლებელი იყო რამის გაკეთება, თორემ უსაფრთხოების ზომები მაშინაც დაცული იყო და ახლაც დაცულია.
– 13 ივნისისთვის რაიმე ღონისძიებას თუ გეგმავთ?
– კი. მაგრამ, თავისთავად იგულისხმება, რომ ეს არ იქნება დღესასწაული. ეს იქნება ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, იმისთვის, რომ ეს დღე გვახსოვდეს. ამ დღეს ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება ზოოპარკში შემოსვლა.