კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ააწყო „სამოსელი პირველისთვის“ 10-მეტრიანი საყელოს დეკორაცია ლაშა ონიანმა და რატომ აიყვანა მან მსახიობები და მომღერლები ოპერის სცენის ყველაზე მაღალ წერტილში

1-2 ივნისს ოპერის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ქართველი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის ყველასთავის საყვარელი ნაწარმოები „სამოსელი პირველი“ გაცოცხლდა. დამდგემლი რეჟისორი ლაშა ონიანი იყო, რომელმაც წლების განმავლობაში დაგროვილი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ოპერების სცენაზე მიღებული გამოცდილება, თბილისის ოპერის სცენაზე გადმოიტანა და ქართველ მაყურებელს სრულიად განსხვავებული სანახაობა შესთავაზა.
– ლაშა, ფოტოები ვნახე, სადაც „სამოსელი პირველის“ დროს მსახიობივით ხარ ჩაცმული.
– როდესაც დიდ პროექტს ვდგამ, ყველაფერი ზეპირად ვიცი ვინ, სად, როგორ, როდის გამოდის, რას ამბობს. შეიძლება, უცებ სცენაზეც აღმოვჩნდე, ოღონდ ისე, რომ ვერავინ დამინახოს. ამას სპექტაკლის კონტროლი ჰქვია. პირველად რომ იდგმება, ახალია, პრემიერაა, ასეთ დროს  ეს საჭიროა. ყველა პირველ სპექტაკლზე აუცილებლად ვარ სცენაზე.
– მოგიწია სცენაზე შემოსვლა და კონტროლის გამკაცრება?
– სპექტაკლი ისეა აწყობილი, ბევრი რეპეტიცია სჭირდებოდა, მაგრამ არ მოხერხდა და ამის გამოც უფრო ვიყავი ჩაცმული სპექტაკლის კოსტიუმში. არის სცენა, სადაც მსახიობები მთაზე მეორედ გადადიან, მივხვდი – მთელი მსახიობები, მონაწილეები, რომლებიც მთაზე უნდა გადასულიყვნენ, რაღაც მომენტში ჩამორჩებოდნენ. წუთისოფელი ორკესტრის ორმოში მქონდა, სადაც შედიოდნენ ადამიანები და იქიდან, ასე ვთქვათ, მიწიდან  ამოდიოდნენ. კულისებში რომ შევიხედე, მსახიობები ორმოში ჩასავლელად ემზადებოდნენ და მივიწყებული ჰქონდათ, რომ ამის წინ არის წამოსვლა და გადასვლა. მივხვდი, მათ მობილიზებას უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე მთლიან საბალეტო დასს, რომელიც იმ დროს კულისებში იდგა. ამიტომ, მათ ვთხოვე,  მე გამომყოლოდნენ და პირდაპირ სცენაზე წავედით. ვერც ვერავინ ვერაფერს მიხვდა, რადგან იქ სულ ასეთი სცენებია – ვიღაც პარტერში გარბის, ვიღაც სცენაზე ამორბის. ის ხიდი, რომელიც პარტერსა და სცენას შორისაა გადებული, შემაერთებელი ხიდია რეალურ და არარეალურ ცხოვრებას შორის. ანუ, გაუთვალისწინებელი რაღაცეები ხდება ასეთი დიდი პროექტის დროს და ეს რომ არ მოხდეს, ბევრი რეპეტიციაა საჭირო, რაც ვერ მოხერხდა. თან, მოგვიანებით მივხვდი, რომ აქ, ამ სტილში არ მუშაობენ მსახიობები. ამიტომ, ვფიქრობ: კარგია, რომ მსახიობებმა სურათებით აწყობილი სპექტაკლი ითამაშეს. დაახლოებით 180 ადამიანამდე მონაწილეობდა სპექტაკლში და შესაბამისად, სინთეზიც არ იყო მარტივი. ეს არ არის სტანდარტული სპექტაკლი. მსახიობებს მოეთხოვებოდათ პირდაპირ, იმ მომენტში თამაში. მეორე სპექტაკლი ბევრად სუფთად იყო შესრულებული, ვიდრე პირველი. კიდევ 4 რომ ჩატარდეს, საუკეთესო ვარიანტი იქნება. მსოფლიოს ბევრ ქალაქში დავდივარ, საოპერო დადგმებს ვაკეთებ, ვესწრები და ვფიქრობ: ნებისმიერი ქვეყნის ქალაქის ოპერის სცენაზე შეუძლია ამ პროდუქციას შესვლა და მუშაობა.
–  ბატონი გურამ დოჩანაშვილიც ჩართული იქნებოდა თავიდან ბოლომდე მისი ნაწარმოების გაცოცხლებაში. თუ იყო მისი მხრიდან შენიშვნები, რჩევები?
–  რა თქმა უნდა. როგორც იცით, ნაწარმოები რამდენიმე ბლოკად არის დაყოფილი – რამდენიმე ქალაქი და მასში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, გადმოცემული, პლუს სოფელი, აღმართი და ასე შემდეგ. თითოეულ ნიუანსს რომ დავამუშავებდით, დავჭრიდით, შევამცირებდით, მივდიოდით ბატონ გურამთან და გავაცნობდით. მაქსიმალურად ვეცადე, ხაზი არ დამეკარგა და ვფიქრობ: არ დამიკარგავს. წამყვანი გმირები არ შემიცვლია – პერსონაჟები, სულ, თვალშისაცემად არიან სცენაზე – შემოდიან, გადიან თავისი დიალოგებით, მონოლოგებით, პარალელურად, მიმდინარეობს სხვა სურათებიც. ერთი კარგი შენიშვნა მომცა ბატონმა გურამმა სპექტაკლის შემდეგ. ვთხოვე: მითხარით რამე, ნასიამოვნები თუ ხართ-მეთქი. გაეცინა, ნასიამოვნები იყო, რომ ცოცხლად ნახა თავისი პერსონაჟები, ისე როგორც მე მქონდა წარმოდგენილი. ერთადერთი მინდა, გითხრა: მარშალს რატომ მოჰკვეთე ისე თავი, რომ პირდაპირ სამოთხეში წასულიყო, ის ხომ ძალიან ცუდი ადამიანიაო. წინა სცენებში, როდესაც მწყემს ბიჭებს ტყვეებად აიყვანენ, მარშალი ეუბნება მანუელო კოსტას: შვილო, პირობები შეგისრულე და ახლა გვითხარი: სად არის საიდუმლო ხვრელიო. მანუელო ანახვებს ხვრელს და ეუბნება: მეორედ შვილო აღარ მითხრათ, მამაჩემი გარეწარი არ იყოო. ამ გარეწრობის გამო მოვკალი მარშალი-მეთქი, – ვუთხარი ბატონ გურამს. როგორც მითხრეს, ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა.
– მსგავსი მასშტაბური პროექტი არ დადგმულა ოპერის სცენაზე.
– დრეზდენში მიმუშავია ოპერაში, ჰამბურგში ვიმუშავე „ოპერეტენ ჰაუზში“, ფრანკფურტში და პრინციპში, წლებია, ამ სტილში ვმუშაობ. დაახლოებით 16-ს სცდება სპექტაკლების რაოდენობა. შეიძლება, ამას ექსპერიმენტი დაერქვას, თუმცა ამ სცენაზე ყველა პროფესიონალი იდგა და ბოლომდე ექსპერიმენტი არ გამოდის. მთლად გამოცდის წინაშე არ დამდგარა საქმე, ყველამ ვიცოდით, რას ვაკეთებდით.
– დეკორაციებიც გახდა განხილვის თემა, რადგან საკმაოდ მასშტაბური იყო.
– როცა ზაზა მარჯანიშვილმა სპექტაკლის დადგმის იდეა შემომთავაზა, ჩანახატი გავაკეთე, გამოვუგზავნე. როცა თანამედროვედ უდგები სპექტაკლს, არ მიყვარს ორკესტრი ორმოში. ამიტომ, სულ ვცდილობ, ზემოთ მყავდეს, ამას კი მთელი ფიქრი და იდეაზე მორგება სჭირდება. შემდეგ ეს ჩანახატი გადავეცით ლევან სალუქვაძეს, რომელმაც გაასუფთავა თავისებური ხედვით. საბოლოოდ იდეა იყო სამოსელის საყელოს გაკეთება, რომელშიც ზის ორკესტრი, ვოკალისტები, გუნდი, ბენდი. ძალიან დიდი საყელოა, რომელიც ახლავს „სამოსელი პირველის“ სახეს, რითაც ბოლოს დომენიკოს შემოსავენ და ჩამოდის ზემოდან. საყელოს აქვს აივნები და ბოლო აივნის სიმაღლე 10 მეტრია, როდესაც თავად ოპერის ჭერი დაახლოებით 12 მეტრია იქ, სადაც განათების ხარაჩოები მთავრდება. ჩვენ კი 10 მეტრზე ვიყავით ასულები. დრამატული და კინოს მსახიობებისთვის სიმაღლე არ იყო პრობლემა, ოპერის მომღერლებისთვის, მუსიკოსებისთვის შეიძლება, ყოფილიყო ცოტა მიუღებელი, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ორკესტრი იჯდა ფრთებზე მარჯვნიდან – მარცხნივ. ეს ფრთები ოდნავ დაბლა იყო, მერე იზრდებოდა, ზედა აივანზე 10 მეტრზე უკვე მსახიობები თამაშობდნენ, ბრძოლები, ომები მიმდინარეობდა. ბოლო აივანზე რომ ადიხარ, მიუხედავად სიმყარისა, მაინც ჰქონდა რყევა. კასრების, ახალი წლის, პირველი ღამის სცენა გაერთიანებული მქონდა. ნანა შონია და თორნიკე ბზიავა თამაშობდნენ დომენიკოს და ტერეზას სცენას. ცოტა ირყეოდა დეკორაცია და ამბობდნენ:  როგორ ირყევაო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თან, მე არ ვიყენებ წინა ფარდას, მუდმივად ღია მაქვს. ჩემი აზრით, შენ თვალწინ რომ იცვლება ყველაფერი, უფრო ეფექტურია მაყურებლისთვის, ვიდრე ის, რომ დახურული ფარდის გახსნის შემდეგ სიხარულისგან გული გაგიხეთქო. პარტერში რომ შემოდიხარ, წინასწარ ხვდები რასთან გაქვს ურთიერთობა. თან, სპექტაკლი პარტერიდან იწყებოდა... მთაზე, ხარაჩოებზე გადასვლა. დაახლოებით ოთხმოცმა ადამიანმა გადაიარა პარტერი, ხიდი, სცენა, ხარაჩოებზე ავიდა, მთა გადაიარა და უკან, უზარმაზარი კიბეები ჩაიარა – ყველა ამბობდა: რამხელა სვლა იყოო.

скачать dle 11.3