როგორ შეარიგა ერთმანეთზე გადამტერებული ძმები მილიციის ოფიცერმა
წარმოშობით საგარეჯოს რაიონიდან ვარ. სანამ მშობლიურ მხარეში დავბრუნდებოდი სამუშაოდ, თბილისიის მილიციის სამმართველოს „ომონში“ (მილიციის განსაკუთრებული რაზმი) ვმსახურობდი. ერთ დღეს ჩემი თანასოფლელი მიხო მესტუმრა სახლში და აღელვებულმა მითხრა:
– შენს იქით გზა არ მაქვს და უნდა დამეხმაროო.
რა ხდება-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა:
– მე და ვანუას რომ საზიარო ვენახი გვაქვს, იმის დიდ ნაწილს მედავება. წართმევა უნდა და იქნებ ჭკუა ასწავლო. მინდა, ისე სცემო, ერთი თვე საავადმყოფოში დაწვეს და დაფიქრდეს, რომ ფინთად იქცევაო...
ვანუა მიხოს ძმა იყო. ამ სიტყვებზე გავბრაზდი და მიხოს ცემაც კი დავაპირე. მაგრამ, ერთმა აზრმა გამიელვა თავში. არ შევიმჩნიე და მივუგე:
– ვანუას ცემაში რამდენს გადაიხდი-მეთქი?
– ფასი შენ თქვიო, – მომიგო მიხომ და ათას ხუთას მანეთზე შევთანხმდით.
– ერთ კვირაში ჩამოვალ. ფული მომეცი და ვანუას ისე დავზილავ, ვერ იცნობ-მეთქი, – ვუთხარი მიხოს და გავისტუმრე.
მეორე დღეს უკვე ვანუა მესტუმრა სახლში. მანაც ანალოგიური შეკვეთა მომცა – მიხო სცემეო. მასაც ათას ხუთას მანეთზე შევუთანხმდი და გავისტუმრე.
ერთი კვირის შემდეგ სოფელში ჩავედი. ძმებს ცალ-ცალკე ფული გამოვართვი და 3 ათასი მანეთი შევინახე. მეორე დღეს კი ორივე ძმა ჩემთან დავიბარე სხვადასხვა დროს. ჯერ მიხო მოვიდა. ათი წუთის შემდეგ ვანუაც გამოჩნდა და ერთმანეთი რომ დაინახეს, გაკვირვებულები მომაშტერდნენ.
– აბა, ვიწყებ „ზაკაზის“ შესრულებას-მეთქი, – ვუთხარი ღვიძლ ძმებს და ორივე ისე დავზილე, სულ ვაი-ვუი ვაძახებინე... შემდეგ წინასწარ გაშლილ სუფრასთან დავსვი, მთელი ღამე ვაქეიფე და შევარიგე. რომ გათენდა, წინ გავირეკე მათი ფულით ნაყიდი ნაკვეთი ვუჩვენე და ვუთხარი:
– აბა, თუ არ გინდათ ჟაჟი შეგიყენოთ გვერდებში, დაამუშავეთ-მეთქი.
რას იზამდნენ, მიყვნენ და ნაკვეთის დამუშავებას შეუდგნენ, რომელიც მათ საზიარო ვენახზე სამჯერ დიდი იყო და ერთი მტკაველის გამო კი ერთმანეთს არ ინდობდნენ. შრომამ ძმები „პახმელიაზეც“ გამოიყვანა, გონებაც გაუნათა და მას მერე სიამტკბილობით შრომობდნენ ერთად. უზარმაზარი ნაკვეთიდან ჭირნახულს იღებდნენ და არც მე მაკლებდნენ პატივისცემას.
ომარ შავლაშვილის მონათხრობის მიხედვით