როგორ გახდა ლუკა კორინთელი ამერიკის ჩემპიონი ძიუდოში და არაერთხელ – ამერიკის პირველი ჩოგანი
20 წლის წარმატებული ჩოგბურთელი, ლუკა კორინთელი ნიუ-იორკში, ლიკა და ზაზა კორინთელების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მისი ბებია და ბაბუა ცნობილი ჟურნალისტები არიან. ლუკა ქართულად ძალიან კარგად ლაპარაკობს, რადგან ოჯახში მის ქართულად აღზრდას დიდ ყურადღებას აქცევდნენ.
ლუკა კორინთელი: დავიბადე ნიუ-იორკში ლიკა და ზაზა კორინთელების ქართულ ოჯახში. ბავშვობიდან მშობლებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ჩემს ქართულად აღზრდას, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ – ჩემი ქართველობა მეამაყება. დედის, ლიკა სულხანიშვილის მშობლები არიან ჟურნალისტები – თენგიზ სულხანიშვილი და ნანა ღონღაძე, რომლებიც დღეს ამერიკაში ცხოვრობენ. ბებია „ამერიკის ხმაში“ მუშაობდა, ხოლო ბაბუა კერძო ბიზნესითაა დაკავებული. მამაჩემის მამა იყო სოსო კორინთელი, რომელიც როგორც მამა მეუბნება, წლების განმავლობაში ტელევიზიის მთავარი რედაქტორი და მწერალი გახლდათ. მამა 1982 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში, დედაც აქ გაიცნო. შეუყვარდათ ერთმანეთი და შექმნეს ოჯახი. გავჩნდით მე და ჩემი და, რომელიც ჩემზე უფროსია და ძალიან ლამაზი, ჭკვიანი გოგონაა. 5 წლამდე ერთი სიტყვა არ ვიცოდი ინგლისურად. შემდეგ დედამ საქართველოდან ნათესავი ჩამოიყვანა, რომელიც ჩემს გაზრდაში ეხმარებოდა, რადგან ძალიან ფათერაკიანი ბავშვი ვიყავი. ისიც მხოლოდ ქართულად მესაუბრებოდა.
– მომიყევი, როგორ დაიწყო შენი ამერიკული კარიერა.
– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, სახლში ყველაფერს ვამტვრევდი. ბაბუაჩემს უთქვამს: სანამ ყოველ ორ თვეში მოგვიწია ავეჯის გამოცვლა, ეს ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაზე შევიყვანოთ, რომ ენერგია დახარჯოსო. შემიყვანეს ძიუდოზე. 5 წლის ვიყავი, ჩემპიონატზე რომ გამიყვანეს და მოვიგე ერთი ჩემპიონატი. 6 წლის კი ამერიკის ჩემპიონი გავხდი 8-წლიანებში. 7 წლის რომ ვიყავი, 10-წლიანები მოვიგე; შემდეგ, 10 წლის ასაკში – 12-იანები. 12 წლამდე ვიყავი სპორტის ამ სახეობით დაკავებული, ანუ ძიუდოში საკმაოდ კარგი წარმატებები მქონდა – ზედიზედ 4-გზის ამერიკის ჩემპიონი გავხდი, რაც ამერიკის ძიუდოს ისტორიაში მხოლოდ ჯიმი პედრომ მოახერხა. შემდეგ ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დავიწყე ჩოგბურთის თამაში. ნელ-ნელა წარმატებებს ვაღწევდი. 11 წლის ასაკში 12-წლიანებში გავხდი ამერიკაში პირველი ჩოგანი. ამ ეტაპზე მომიწია, არჩევანი გამეკეთებინა ძიუდოსა და ჩოგბურთს შორის. საბოლოოდ, გადავწყვიტე, ჩოგბურთი ამერჩია. შემდეგ ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA) წამიყვანა ფლორიდაში და ყველაფერი თავის თავზე აიღეს: ვარჯიში, ტურნირები. ჩოგბურთი ამერიკაში ძალიან ძვირად ღირებული სპორტია და ისე განვითარდა ყველაფერი, რომ ოჯახს არცერთი ცენტი არ გაუღია, ყველაფერს ასოციაცია უზრუნველყოფდა. მათ აირჩიეს ამერიკიდან 8 ბავშვი, ერთ-ერთი მე ვიყავი და ვვარჯიშობდით ასოციაციის ხარჯზე. 13 წლიდან ვმონაწილეობდი ყველა მნიშვნელოვან მსოფლიო დონის ტურნირში. ასოციაციას დავყავდი ტურნირებზე ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, ვითამაშე უიმბლდონზე, „იუს ოფენზე“. იუნიორებში მსოფლიო რეიტინგში 25-ე ვიყავი. 16 წლისამ კიდევ ერთხელ მოვიგე ამერიკის ჩემპიონატი ქვიშაზე, იმავე ზაფხულს კი პირველი ჩოგანი გავხდი ამერიკაში. სააგენტოებიდან მოვიდნენ და შემომთავაზეს, გავმხდარიყავი პროფესიონალი ჩოგბურთელი, სხვადასხვა თანხებსაც მთავაზობდნენ – 300 ათასი დოლარი, 250 ათასი დოლარი. მაგრამ, თუ პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდები, ვერ მიიღებ სტიპენდიას უნივერსიტეტში. ჩემი ოჯახისთვის განათლება, გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მითხრეს: ჯობია, დიპლომი გქონდეს და შემდეგ გახდე პროფესიონალი ჩოგბურთელიო. ასე რომ, ვარჩიე, უნივერსიტეტში მეთამაშა 4 წელი და თან, განათლებაც მიმეღო. მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან შევძელი, ისევ გავმხდარიყავი ამერიკის ჩემპიონი, და არა ერთხელ, არამედ ორგზის.
– როგორც ვიცი, ძალიან კარგ გუნდში თამაშობ და ბევრ წარმატებასაც მიაღწიეთ.
– ვსწავლობ ვირჯინიის უნივერსიტეტში და ჩვენმა გუნდმა – UVA-მ შარშანაც მოიგო ამერიკის ჩემპიონატი და წელსაც გავიმეორეთ. გარდა ამისა, ბოლო 4 წელიწადში 3-ჯერ მოვიპოვეთ ეს ტიტული. ამაზე დიდი შედეგი ამერიკაში არ არსებობს. ეს არის ნომერი პირველი შედეგი. ჩემი გუნდი უკვე 10 წელია, ყველაზე ძლიერი გუნდია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბიჭები, ვინც გუნდში თამაშობენ, ძალიან ძლიერები არიან. კოლეჯში 6 კაცი თამაშობს მარტო, წყვილის გარეშე, ხოლო 3 – წყვილში. საკმაოდ კარგი მოთამაშე ვარ, მაგრამ ჩემს გუნდში ხანდახან მეხუთე ან მეექვსე პოზიციას ვთამაშობ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სუსტი ვარ, უბრალოდ, გუნდია ძალიან გიჟური. ჩვენი პირველი და მეორე ნომერი „იუს ოფენში“ გამოდის მამაკაცებში. დიდი სიამაყეა, ერთხელ გახდე ამერიკის ჩემპიონი, მაგრამ, ზედიზედ ორჯერ, ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა... საზღაური იმდენი ვარჯიშისა და დილის 6 საათზე ადგომისთვის, ფიზიკურად და მენტალურად უძნელესი ბარიერების გადალახვისთვის. კიდევ ერთი წელი დამრჩა უნივერსიტეტის დამთავრებამდე და მინდა, ზედიზედ მესამედ, მოვიპოვოთ ჩემპიონობა. ძალიან კარგი გუნდი გვყავს – მეგობრული და შეკრული, ახლოს ვართ ერთმანეთთან. 2017 წელსაც აუცილებლად მოვიგებთ, თან, ჩვენს გუნდში მოდის ერთი შვედი ბიჭი, რომელიც ძალიან მაგარია.
– როგორც ვიცი, წყვილშიც თამაშობ. რა წარმატებები გაქვს?
– წყვილში პირველი ნომერი ვიყავი ამერიკაში უნივერსიტეტებს შორის. ახლა მეორე ნომრად დავამთავრეთ. ყველა თამაში მოვიგეთ, მაგრამ ქულები დაგვაკლდა. ორი წელია, ერთად გამოვდივართ და კარგად მიგვდის თამაში. ბოლო შედეგამდე ჩემპიონები ვიყავით.
– როდესაც უნივერსიტეტს დაამთავრებ, რას აპირებ, დარჩები კვლავ უნივერსიტეტის გუნდში?
– ის შემოთავაზება რომ მიმეღო, მაშინაც შემეძლო მესწავლა, უბრალოდ, სკოლისგან სწავლის დაფინანსებას ვერ მივიღებდი. როცა პროფესიონალი ხარ, სტიპენდიაზე უარს ამბობ. ახლა ყველაფერს სკოლა მიხდის. 4 წელია, მაღალ დონეზე ვთამაშობ ჩოგბურთს, ძალიან ძლიერ ჩოგბურთელებთან ერთად და ზოგადად, მთელ ამერიკაში ჩვენი დონე ძალიან მაღალია. ახლაც ვთამაშობ პროფესიონალურ ტურნირებს, სადაც ფულსაც მიხდიან, მაგრამ არ ვიღებ, რადგან მაშინ დაფინანსებაზე უარი უნდა ვთქვა. უნივერსიტეტში სწავლა წელიწადში 70 ათასი დოლარი ღირს, მე კი ტურნირზე შეიძლება ავიღო 1 ან 2 ათასი დოლარი. შესაბამისად, არ მიღირს და უარს ვამბობ, უბრალოდ, ქულებს ვაგროვებ. რომ დავამთავრებ უნივერსიტეტს, შემდეგ შემიძლია, პროფესიონალურ დონეზე ვითამაშო. ერთ წელიწადში დავამთავრებ და ვცდი, პროფესიონალურად თამაშს. ვიცი, ძნელია. ვნახოთ, როგორ წავა ყველაფერი. გარდა ამისა, ვირჯინიის უნივერსიტეტი ძალიან პრესტიჟულია და როცა მას ამთავრებ, ბევრი კარი იღება შენ წინ. წყნარად ვიქნები, რადგან ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი მექნება, როგორიც UVA არის. ყველანაირად ვეცდები, წარმატებებს მივაღწიო როგორც პროფესიონალმა. მჯერა, ყველაფერი შესაძლებელია, როცა ამის დიდი სურვილი და შრომის უნარი გაქვს. მთელი ჩემი სპორტული ცხოვრების განმავლობაში ვიწყებდი არაფრიდან და რაღაცას ვაღწევდი.
– საქართველოში თუ ჩამოდიხარ?
– 10 წლამდე ხშირად ჩამოვდიოდი. ახლა, დაახლოებით, 7-8 წელია, არ ვყოფილვარ. ძალიან მიყვარს საქართველო, მშობლებისგან, ალბათ, გადმოვიდა სენტიმენტები. დიდი პატრიოტი ვარ, სულ ვგულშემატკივრობ ქართველებს კინოში, სპორტში. ქართული საჭმელებიც მიყვარს. დედაჩემი აკეთებს და ხშირად მივირთმევთ ქართულ კერძებს – ძალიან გვიყვარს. ჩურჩხელა მიყვარს განსაკუთრებულად.