კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-23(806)

 – გასაგებია.
სიმონმა სისწრაფეს უმატა, მშენებარე კორპუსები გაიარა და უკაცრიელ ადგილზე გაჩერდა. ოციოდე წამში მას გვერდით შავი „რენჯროვერი“ ამოუდგა, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. მძღოლის გვერდით მჯდარი ახალგაზრდა სიმონს ჩაუჯდა და უთხრა:
– წყნეთიდან „გაძოვებთ“. რა ხდება?
– გაგნიძის შვილი სადაა? – იკითხა სიმონმა.
– ყველაფერი რიგზეა. მეორე ჯგუფმა დაითრია და კონსპირაციულ ბინაში ჰყავთ, – მიუგო ახალგაზრდამ.
– შვიდზე ვაკის პარკში გაგნიძეს შეხვედრა აქვს ამერიკელთან და მათი საუბარი უნდა მოვისმინოთ და ჩავიწეროთ. შეძლებთ?
– რა თქმა უნდა, – ჩაეცინა ახალგაზრდას და დაამატა: – უმაღლესი ხარისხის ისარ-მიკროფონებს მივურჭობთ სკამებზე და ისე სუფთად მოვუსმენთ და ჩავიწერთ, ჩამწერ სტუდიაშიც კი შეშურდებათ.
– ერთ ადგილზე რომ არ გაჩერდნენ და გაიარ-გამოიარონ?
– მფრინავ კოღო-მიკროფონებს გამოვიყენებთ.
– ძალიან კარგი, – თქვა სიმონმა და დაამატა: – ისე თუ შეგიძლიათ, ქნათ, რომ მათი საუბარი ჩემს მანქანაში მოვისმინო?
– შეგვიძლია, – ახალგაზრდამ ჯიბიდან ასანთის კოლოფის ზომის ყუთი ამოიღო, რომელზეც ყურსასმენები იყო შეერთებული. სიმონს მისცა და უთხრა: – ამ მწვანე ღილაკს რომ დააჭერთ, საუბრის მოსმენას ათას ხუთასი მეტრის რადიუსში შესძლებთ.
– ძალიან კარგი, – თქვა სიმონმა, მოსასმენი მოწყობილობა ჯიბეში ჩაიდო და ახალგაზრდას უთხრა: – ისინი შადრევანთან უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და ფრთხილად იყავით. არაა გამორიცხული, რომ მათ შეხვედრას ამერიკელთა თქვენნაირი ჯგუფიც ადევნებდეს თვალყურს და არ დაიწვათ.
– არ დავიწვებით, – დამაჯერებლად თქვა ახალგაზრდამ.
– და, კიდევ ერთი: საბრძოლო ჯგუფის საქმე როგორაა?
– ჩვენ გარდა კიდევ ექვსი ჯგუფი გადმოისროლეს და უკვე ადგილებზე არიან; კიდევ ოთხს ცოტა ხანში გამოუშვებენ, ათიც რეზერვსა და სრულ მზადყოფნაში იქნება შუაღამისთვის.
– ოცდაორი ჯგუფი, ოთხმოცდარვა კაცი... არც ისე ბევრია, მით უმეტეს, რომ ამერიკელებზე კონტროლი დაკარგული გვაქვს და მათი შემადგენლობისა და რიცხოვნობის შესახებ არაფერი ვიცით, – თქვა სიმონმა. ახალგაზრდამ კი მიუგო:
– მესამედი ძალით სირიაში გვიმუშავია. იქაც ამერიკელებთან გვქონდა ჯახი და ვაჯობეთ და, რაღა თბილისში წავაგებთ?
– ღმერთმა არ ქნას. აბა, მიდით და საქმეს მიხედეთ. ოც წუთში შეხვედრა უნდა შედგეს. წადით და მეც მოვალ. სადმე მყუდრო ადგილს შევარჩევ და იქ გავჩერდები, – თქვა სიმონმა. ახალგაზრდა კი „რენჯროვერში“ დაბრუნდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა.
ახალგაზრდა, რომელსაც სიმონი ელაპარაკა, „გრუს“ სპეციალური ოპერატიული ჯგუფის წევრი გახლდათ. რუსეთის დაზვერვის ეს ოთხკაციანი ჯგუფი საგანგებოდ იყო გაწვრთნილი. ისინი უმაღლეს დონეზე იყვნენ აღჭურვილები და შეიარაღებულები და მათ განსაკუთრებული სირთულის საიდუმლო სპეცოპერაციების შესასრულებლად იყენებდნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და მათი ეფექტურობის კოეფიციენტი უმაღლესი იყო. როდესაც მოსკოვში თბილისური ანტიტერორისტული ქსელის ჩავარდნის ამბავი შეიტყვეს, ცენტრში ოპერაცია „დედაქალაქის გადასარჩენად“ შეიმუშავეს და მის განსახორციელებლად სწორედ ეს ჯგუფები გამოგზავნეს. ტაქსისტი სიმონი, სინამდვილეში, „გრუს“ პოლკოვნიკი ნოდარ გეგეჭკორი იყო. ის რუსეთის დაზვერვას „დაკონსერვებული“ ჰყავდა და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდა. ამიტომ მის შესახებ ამერიკელებმა არაფერი იცოდნენ და სწორედ პოლკოვნიკი გეგეჭკორი უწევდა კურატორობას ამ ოპერაციას.
გეგეჭკორმა სამიოდე წუთი მოიცადა, შემდეგ თავისი ტაქსი  ადგილიდან დაძრა და ვაკის პარკისკენ გაემართა. შვიდს რომ სამი წუთი  აკლდა, ნოდარი უკვე ერთ-ერთ შესასვლელთან იდგა მანქანით და აბოლებდა. ელექტრომოწყობილობა ჯიბეში ედო, ყურში „ნაუშნიკები“ ჰქონდა გარჭობილი და ისეთი პოზა ეჭირა, თითქოს მუსიკას უსმენდა. სინამდვილეში კი დონალდ ონილისა და მერაბ გაგნიძის შეხვედრას ელოდა, რომ მათი საუბარი მოესმინა...
ვაკის პარკში კი მერაბ გაგნიძე უკვე დანიშნულ ადგილზე უცდიდა ონილს და ღელავდა. პროფესორი სკამზე იჯდა, აქეთ-იქით იყურებოდა და აბოლებდა, მაგრამ ამერიკელი არ ჩანდა. პროფესორმა უნიფორმაში გამოწყობილ მეეზოვეს შეავლო თვალი, რომელიც მას გვერდით მიუჯდა და ჰკითხა:
– ასანთი არ გაქვს, ბიძა?
– არა, – მოკლედ მოუჭრა გაგნიძემ წვერიან მეეზოვეს, ის კი არ მოეშვა:
– არც პაპიროსი?
– არა, – გაიმეორა გაგნიძემ.
– ონილი ვარ და არ შეიმჩნიო. აბა, რისთვის დამიბარე? – უთხრა მერაბ გაგნიძეს მეეზოვის უნიფორმაში გამოწყობილმა დონალდ ონილმა.
– საგანგებო შემთხვევაა, ბატონო დონალდ და თქვენი რჩევა მიჭრდება.
– თქვი, გისმენ.
– ვასო რუხაძე მოვკალი.
ონილს ამ სიტყვების გაგონებაზე ელდა ეცა და სახე წამოეჭარხლა, მაგრამ თავი მოთოკა და პროფესორს ჰკითხა:
– რატომ, რა მოხდა?
– რა და, ვასოსგან შევიტყვე, რომ „გრუ“ თავის ქსელში გამალებით ეძებს „ცეერუს“ აგენტ „კოლხს“ – თქვა გაგნიძემ და დაამატა: – მეტი რაღა დამრჩენოდა?
– რუხაძემ გაგრძნობინა, რომ ეჭვი შენზე აქვთ?
– არა, – მიუგო გაგნიძემ.
– აბა, რატომ კლავდი?
– იმიტომ, რომ სხვებს არ გაეგოთ კოლხის არსებობის შესახებ. კიდევ იმიტომ, რომ ვასოს ჩემი ძებნა არ დაეწყო.
– კრეტინი ხარ, გაგნიძე, კრეტინი! მთავარია, რომ „კოლხის” არსებობის შესახებ ცენტრში იციან. მოსკოვი კი მხოლოდ რუხაძეს არ დაავალებდა შენს ძებნას, ისინი პარალელურად, თქვენი ქსელისგან დამოუკიდებლად იმოქმედებენ და, ალბათ, უკვე მოქმედებენ კიდეც. რუხაძის მოკვლით შენ მათ საქმე კი არ გაურთულე და კვალი კი არ დაფარე, არამედ, გაუადვილე და თავი გაიშიფრე. რუსებს უკვე ეცოდინებათ, რომ მათ ქსელს ჩვენ ვაკონტროლებთ და ზომებს მიიღებენ. კრეტინი ხარ, გაგნიძე, კრეტინი! – გაიმეორა ონილმა და გააბოლა.
პროფესორმა მშვიდად მოისმინა ონილის სიტყვები და კბილებში გამოცრა:
– აქ მე შენი ლანძღვის მოსასმენად არ მოვსულვარ და, თუ ენას არ დაიმოკლებ, ამოგაგლეჯ!
– მემუქრები კიდეც? – გაეცინა ონილს.
– გინდა, ახლავე აგისრულო? – თვალები აენთო გაგნიძეს და დაამატა: – მაინც განწირული ვარ და შენ მაინც გაგიყოლებ საიქიოში, შე ნაბიჭვარო!
ონილი „ცეერუში“ კარგად ჰყავდათ გამოწვრთნილი, გაგნიძის თვალების დანახვისას მიხვდა, რომ, ცოტაც და, პროფესორი უმართავი გახდებოდა, ამიტომ მისი დამშვიდება გადაწყვიტა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ბატონო მერაბ, დამშვიდდით. თავი ვერ შევიკავე, დამნაშავე ვარ. გთხოვთ, დამშვიდდეთ.
– დავმშვიდდე? – ირონიით თქვა პროფესორმა.
– დიახ, ძალიან გთხოვთ, – მიუგო ამერიკელმა.
– შენ გგონია, არ ვიცი, რომ ჩემს კოტიკოს ბერლინში პროვოკაცია მოუწყვეთ და მას არაფერი ჩაუდენია? ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააკეთეთ, რომ მე დაგეშანტაჟებინეთ.
– მოდი, წარსულს ნუ გავიხსენებთ, აწმყოსა და მომავალზე ვიფიქროთ. იმაზე ვიზრუნოთ, როგორ დავძლიოთ ეს კრიზისი. რაც იყო, იყო. მთავარი ახლა ისაა, რომ მომავალში იყოს ყველაფერი კარგად.
– და, როგორ წარმოგიდგენია ეს მომავალი?
– თუ დამიჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება. უპირველეს ყოვლისა, უნდა დამშვიდდეთ და მომისმინოთ.
– დავმშვიდდი და გისმენ. აბა, თქვი, რისი თქმა გინდა!
– სრული სიმშვიდის მოპოვებაში თამბაქო დაგეხმარებათ. მოწიეთ და რამდენიმე წუთი უხმოდ ვიყოთ, მერე კი რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, – უთხრა გაგნიძეს ონილმა და დაამატა: – გნებავთ, ნამდვილ ამერიკულ თამბაქოს მოგაწევინებთ?
– არ მინდა, – თავი გააქნია პროფესორმა. ჯიბიდან სიგარეტი ამოაცურა და უხმოდ გააბოლა. მოწევა რომ დაასრულა, ნამწვი იქვე დააგდო და ონილს უთხრა:
– მშვიდად ვარ. გისმენ.
– ბატონო მერაბ, სად და როგორ მოკალით ვასო რუხაძე? – ჰკითხა ონილმა პროფესორს.
– პისტოლეტით, მისსავე ბინაში, – მიუგო გაგნიძემ.
– მკვლელობის მომენტში ბინაში თქვენ ორის გარდა კიდევ ვინმე იმყოფებოდა?
– არა.
– რუხაძის ოჯახის წევრები სად არიან? უფრო სწორად, იმ მომენტში სად იყვნენ?
– მისი ოჯახის წევრები რაიონში არიან წასულები და მხოლოდ ორი დღის შემდეგ ჩამოვლენ.
– რომელ საათზე მოხდა მკვლელობა?
– დილის ოთხს გადაცილებული იყო.
– გამოსვლის წინ რამე კვალი ხომ არ დაგიტოვებიათ ბინაში?
– არანაირი.
– ზუსტად გახსოვთ?
– ყველაფერზე აბსოლუტურად ზუსტად გპასუხობ.
– კარი გამოიკეტეთ?
– საიმედოდ და არც სახელურზე დამიტოვებია კვალი.
– რომ გამოხვედით, საცხოვრებელ კორპუსში ან ქუჩაში ვინმე ხომ არ შეგხვედრიათ? თუნდაც უცნობი.
– არა.
– შემდეგ სად წახვედით?
– სახლში. მანამდე კი პისტოლეტი დიდუბის ხიდიდან მტკვარში გადავაგდე – თავიდან მოვიშორე.
– მკვლელობის შემდგომ პერიოდში ვინმეს ხომ არ დაურეკავს თქვენთვის ან თქვენ ხომ არ დაგირეკავთ ვინმესთვის?
– ტელეფონი გამორთული მქონდა და მხოლოდ შენ დაგირეკე.
– ვინმეს ხომ არ შეხვედრიხართ?
– მხოლოდ შენ.
– ძალიან კარგი. როგორც ვიცი, რუხაძის კორპუსში ვიდეოთვალი არ არის და არ დაფიქსირდებოდით. მანქანა სად გეყენათ?
– იქვე, საიმედო ადგილზე. არც იქაა ვიდეოთვალი და ვერც ჩემს მანქანას დააფიქსირებდა კამერა. ეს მე წინასწარ ვიცოდი და, ვასო რუხაძესთან რომ მივდიოდი ხოლმე, ყოველთვის იქ ვაყენებდი მანქანას.
– ძალიან კარგი... სუფთა ყოფილხართ და ვერავინ  ვერაფერში შეგედავებათ. ეს კი დროს მოგვაგებინებს. ასე რომ, ორი-სამი დღე გვაქვს, – თქვა ონილმა, ჩაფიქრდა და დაამატა: – თქვენი ოჯახის წევრებმა ხომ არაფერი იციან?
– არაფერი.
– თქვენი ვაჟი, კოტიკო, სადაა?
კოტიკოს ხსენებაზე კვლავ ჯოჯოხეთურად აენთო თვალები გაგნიძეს, მაგრამ აფეთქებისგან თავი შეიკავა. ირონიულად ჩაეცინა და ონილს უთხრა:
– ყველა საიმედო ადგილზე მყავს გადამალული და ჩემს ცოლ-შვილს ვერ მისწვდებით. ხოლო, თუკი ჩემს მოშორებას დააპირებთ, გლობალურ სკანდალში გაგხვევთ.
– რას ბრძანებთ, ბატონო პროფესორო, თქვენ რატომ უნდა მოგიშოროთ თავიდან? დამშვიდდით...
– მე მშვიდად ვარ, – სიტყვა გააწყვეტინა პროფესორმა ონილს, – დასაკარგი არაფერი მაქვს და, გიმეორებთ, რომ, თუ ჩემს მოკვლას შეეცდებით, ძალიან დიდ უსიამოვნებაში გაეხვევით.
– რა, სკანდალს გულისხმობთ, ბატონო მერაბ?
– ყველაფერი დისკზე ჩავწერე და საიმედოდ გადავმალე. თუ რამე მომივა, მაშინ ჩემს მონოლოგს ორმაგი ჯაშუშობის თემაზე მთელი მსოფლიო შეიტყობს. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო პროფესორო, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა საჭირო არ იყო. ჩვენ რუსები არ ვართ და ჩვენს ხალხს ვუფრთხილდებით.
– ბატონო დონალდ, – ირონიულად ჩაეცინა პროფესორს, – ქართული კარგად იცით და ქართული ანდაზით გიპასუხებთ: სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მეყო, რაც ავიტკიე და რაც დამმართეთ და სწორედ ამიტომაც დავიზღვიე თავი.
– გასაგებია, ბატონო მერაბ, მაგრამ იმის საშიშროება ხომ არაა, რომ თქვენი ჩანაწერი არასასურველ ხელში მოხვდეს?
– დარდი ნუ გაქვს, ონილ, ჩანაწერი საიმედოდაა შენახული და ჩემი ნების გარეშე მას ვერავინ მისწვდება.
– კარგი, ბატონო მერაბ. თუ ასეა, სანერვიულო არაფერი გვქონია.
– რას მირჩევ, ონილ, როგორ მოვიქცე?
– ისე, როგორც იქცეოდით – სიმშვიდე შეინარჩუნეთ და არაფერი შეიმჩნიოთ; იმუშავეთ. დაისვენეთ, ერთი სიტყვით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდით. მე აღარ დამირეკოთ, თუ საჭირო იქნება, თავადვე მოგძებნით.
– რამე ახალი ინფორმაცია რომ გამოჩნდეს, არც იმ შემთხვევაში შეგეხმიანოთ?
– არა, ბატონო პროფესორო. ჩემთან კავშირი ამ სიტუაციაში ძალიან სახიფათოა და, შეიძლება, საქმე გაფუჭდეს. ამიტომ, მოიქეცით ისე, როგორც გითხარით. ახლა მე წავალ. თქვენ კი ათიოდე წუთი მაინც გაჩერდით აქ და მერე წადით, – თქვა მეეზოვის უნიფორმაში გამოწყობილმა ონილმა, წამოდგა და წავიდა.
***
სიმონმა, იგივე პოლკოვნიკმა ნოდარ გეგეჭკორმა, რომელიც თავის „მერსედესის“ ტაქსიში იჯდა და თავიდან ბოლომდე მოისმინა ონილისა და მერაბ გაგნიძის საუბარი, ყურსასმენები მოიხსნა. ელექტრომოწყობილობა გამორთო და ჯიბეში შეინახა. შემდეგ რაციით მობილურ ჯგუფს დაუკავშირდა და თქვა:
– სად ხარ?
– ახლოს. გხედავ.
– მოდი, გელოდები, – თქვა სიმონმა, რაცია გათიშა და ჯიბეში ჩაიდო.
ხუთიოდე წუთის შემდეგ, „გრუს“ სპეცოთხეულის ის წევრი, რომელმაც სიმონს მოსასმენი მოწყობილობა  გადასცა, გეგეჭკორს ტაქსიში ჩაუჯდა და უთხრა:
– ყველაფერი ჩავიწერეთ.
– რა ხდება, როგორი ოპერატიული ვითარებაა? – ჰკითხა პოლკოვნიკმა ახალგაზრდა გრუელს.
– ონილი წავიდა და მას მეორე  ჯგუფი „აძოვებს“. ამ შეხვედრას კი ამერიკელების ოპერჯგუფი უთვალთვალებდა. ჩვენსავით, ისინიც ყველაფერს იწერდნენ და იღებდნენ.
– ხომ არ შეგამჩნევდნენ?
– გამორიცხულია.
– მაშინ, ასე ვქნათ: თქვენი როლები დანაწილებული გაქვთ და შემუშავებული გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. თუ ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა და დაგჭირდით, სასწრაფოდ კავშირზე გამოდით. მე თუ დამჭირდებით, დაგიკავშირდებით. ახლა წადი და იმოქმედე, მე კი მოსკოვს დავუკავშირდები და ოპერატიულ ვითარებას გავაცნობ, – უთხრა სიმონმა გრუელს და გაისტუმრა, თავად კი, მანქანა ადგილიდან დაძრა და კონსპირაციული ბინისკენ აიღო გეზი, საიდანაც „გრუს“ შტაბ-ბინას უკავშირდებოდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3