ცოლები და საყვარლები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-23(806)
ყველაზე ადრე მაქსი მოეგო გონს. ჯერ გაბრიელას შეავლო განცვიფრებული მზერა, მერე ლევანისკენ შეტრიალდა და დამარცვლით, მკაფიოდ წარმოთქვა:
– ამიხსნით რომელიმემ, ეს რას ნიშნავს? თქვენ გეკითხებით! მითხარით, რომ ეს შეცდომაა და არ იცნობთ ერთმანეთს... გაბი, მითხარი, რა ხდება!
– მოკეტე, მაქს! – უხეშად მიუგო გაბრიელამ. ის ისევ ლევანს უყურებდა.
– მოვკეტო? მაშინ, მითხარი, რომ მომეჩვენა და თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ! – შეჰყვირა მაქსმა.
– მოკეტე-მეთქი, მაქს! ჯერ მე თავად უნდა გავერკვიო... არ მითხრა, რომ მაქსი სპეციალურად მოძებნე, რომ მე გეპოვნე... მოიცა, ცოტა კიდევ დავფიქრდე... ჰო, სამანტა! როგორ დამავიწყდა ერთგული და გულისხმიერი მეგობარი! ეს ყველაფერი მისი ხრიკებია? მან მოაწყო? – გაბრიელა დამცინავი ღიმილით მიაჩერდა ლევანს.
მაქსმა ხელები აიქნია და აყვირდა:
– ახლავე მითხარით, თქვენ შორის რა ხდება, ახლავე!
– ფეხზე მკიდია და სულ არ მადარდებს შენი ყვირილი, მაქს. თუმცა, აჯობებს, ეზოში შემოხვიდეთ ორივე, – ერთბაშად მიიღო გადაწყვეტილება გაბრიელამ და დაცვას ანიშნა, ეს ორი შიგნით შემოუშვიო.
ლევანმა, იმის მიუხედავად, რომ გაბრიელასთან შეხვედრამ საერთოდ ამოაგდო კალაპოტიდან, მაინც შეამჩნია ეზოსა და სახლის შთამბეჭდავი ვიზუალი. უჩვეულო არქიტექტურით გამორჩეული შენობა ერთბაშად იტაცებდა თვალს. იქაურობა გაჩახჩახებული იყო სხვადასხვა ფერის ფანრებითა და ლამპიონებით. თეთრი მარმარილოს ფხვნილით მოფენილ ბილიკებზე უნიფორმებში გამოწყობილი ოფიციანტები დარბოდნენ ლანგრებით ხელში...
– როგორ მოხვდი აქ? – გაბრიელა უცებ შეჩერდა და შემოტრიალდა, – მეძებდი?
ლევანმა უხმოდ გააქნია თავი. სახელოზე მაქსი ექაჩებოდა და ხვდებოდა, რომ მისთვის რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სათქმელს თავს ვერ აბამდა. სიტუაცია საკმაოდ მძიმე და უსიამოვნო იყო.
– უნდა ვილაპარაკოთ სამივემ, – გადაჭრით თქვა მაქსმა და ხმას აუმაღლა, – ტყუილად ცდილობ, გამაჩერო... გესმის, გაბრიელა? უნდა მითხრათ, რა ხდება.
მაქსს ისე კატეგორიული და მკაცრი ტონი ჰქონდა, რომ გაბრიელასაც კი შეეცვალა სახე.
– კარგი, ვილაპარაკოთ, – თქვა უხალისოდ და ყოყმანით, – ვილაპარაკოთ სამივემ, რადგან ასე გინდა. აქვე, ბაღში გავაკეთოთ ეს, თუ სახლში შევიდეთ?
– სულერთია, – ტონი არ შეუცვლია მაქსს, – მთავარია, დროულად მივიღო ჩემს შეკითხვებზე პასუხი. ნერვიულობისგან ერთიანად მაკანკალებს, სანამ რამეს მეტყოდეთ. ორივე კარგად დაფიქრდით, იმიტომ, რომ ტყუილს არ გაპატიებთ.
– არც ვაპირებ, რომ მოგატყუო, თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ მემუქრები აქ, ჩემს სახლში. იცი, რომ შემიძლია, გაგაგდო? მაქს, შენ გელაპარაკები!
– ჰო, ვიცი, მაგრამ ამას ხომ არ გააკეთებ? – ჰკითხა მაქსმა.
– არა, იმიტომ, რომ დროა, რაღაც-რაღაცეებს წერტილი დავუსვა. აღარ მინდა, გავიდეს დრო და პრეტენზიებით მომადგე.
– ეს რას ნიშნავს? – შეცბა მაქსი.
– იმას, რომ მზად ვარ, შენს ყველა შეკითხვას პასუხი გავცე.
გაბრიელას ამ სიტყვებმა ლევანი ისე შეაშინა, ფერიც კი დაკარგა. გასაქცევად მზად იყო, მაგრამ ხვდებოდა, რომ ამას ვერ გააკეთებდა. მახეში გამომწყვდეული ნადირივით აცეცებდა თვალებს. ასეთ სიტუაციაში არასოდეს ყოფილა. ყოველთვის ახერხებდა, თავიდან აერიდებინა ის, რაც დისკომფორტს უქმნიდა. თუმცა, მხოლოდ აქამდე, ამ საზიზღარ დღემდე...
ეზოს იმ მხარეს, საითკენაც გაბრიელამ თავისი კაცები წაიყვანა, საგრძნობლად გრილოდა და შემთვრალი სტუმრების შეძახილებიც ნაკლებად ისმოდა...
– ვეტყვი და სასმელს მოგვიტანენ, – გაბრიელა რბილ სავარძელზე ჩამოჯდა და უტიფარი ღიმილით მიაჩერდა ორივე მამაკაცს.
– მე არ მინდა, – თავი გააქნია მაქსმა, გაბის წინ გაჩერდა და მუდარით შეხედა, – სიმართლე უნდა მითხრა, იცოდე...
– სრული უფლება მაქვს, ის ვთქვა, რაც მინდა და შენ ამ უფლებას ვერ წამართმევ.
– გაბი, არაფრის წართმევას არ ვაპირებ, აზრადაც კი არ მომსვლია. პირიქით, მენატრები და ვერ გივიწყებ... დამიბრუნდი...
გაბის გაეცინა:
– ესე იგი, ამ ადამიანზე აღარ ეჭვიანობ? – გოგომ ხელი გაიშვირა და ისე მიუთითა ლევანზე, რომელიც გულაფართხალებული ელოდა, როდის აღმოჩნდებოდა ყურადღების ცენტრში.
მაქსი თითქოს ძილიდან გამოერკვა:
– ესე იგი, არ შევმცდარვარ და ერთმანეთს იცნობთ... – მან შეხედა გაწითლებულ ლევანს და პასუხის მოლოდინში ხელები მომუშტა. ლევანს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი ეს ჟესტი და ფსიქოლოგიურად შეემზადა კიდეც ჩხუბისთვის. მართალია, ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ, თუ სიტუაცია ჩიხში შევიდოდა, უკან დახევას არ აპირებდა.
– მაქს, ჩხუბისთავი არასოდეს ყოფილხარ. ახლაც გამოიჩინე გონიერება და აქ აურზაური არ ატეხო. ხომ იცი, მამაჩემს ეს არ მოსწონს, იმიტომაც დაიქირავა კუნთმაგარი ბიჭები. საშიშები არიან და არ გირჩევ, მათი რისხვა დაიმსახურო.
– შენ რა, მემუქრები?! – განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა მაქსს, – ამით პასუხს თავს აარიდებ და, გგონია, რომ მომიშორებ კიდეც? ქორწილი ჩაშალე, მერე კი, გაუჩინარდი. ახლა მოვედი და აღმოჩნდა, რომ სიურპრიზებით სავსე ხარ...
– მაქს, მე აგიხსნი... – ლევანმა გადაწყვეტილება მიიღო, სიტუაციის განეიტრალების მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე აეღო, მაგრამ გაბრიელამ ხელის აქნევით შეაჩერა:
– მოიცადე, პასუხის გაცემა მეც შემიძლია. ჰო, მაქს, ვიცნობ ამ კაცს, მერე რა? პრობლემას სად ხედავ ან შენ რატომ უნდა გაწუხებდეს ეს ამბავი?
– იმიტომ, რომ ეს ამბავი ძალიან უცნაურად მეჩვენება. გაბრიელა, არ მომატყუო, – მაქსს ხმა აუთრთოლდა.
გაბიმ გაიცინა და ხელი ხელს შემოჰკრა.
– რა გაინტერესებს, მაქს? პირდაპირ მითხარი. ხომ იცი, ჩემი ხასიათი – მიყვარს პირდაპირობა, თამაშს კი ვერ ვიტან, მძულს და ქორწინებაზეც ამიტომ ვთქვი უარი.
– შეგეძლო, გეთქვა, რომ არ გიყვარდი.
– მაქს, შენ ხომ არც კი გიკითხავს ეს? საშუალება არ მომეცი, რომ რამე ამეხსნა. მარტო იმას მეუბნებოდი, რომ ბედნიერი იქნებოდი ჩემთან ერთად. არც კი დაინტერესებულხარ, მე თუ ვიქნებოდი ბედნიერი. ჰოდა, წავედი...
– ესე იგი, აქ ტყუილად მოვედი?
გაბიმ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი. თუმცა, რადგან მოხვედით, შეგიძლიათ, გაერთოთ.
– გავერთო? – წამოიყვირა მაქსმა, – კი მაგრამ, ლევანზე რას მეტყვი?
– რა გინდა, რომ გითხრა? ვიწექი თუ არა მასთან?
ლევანი გაფითრდა, ტუჩებიც კი გაუთეთრდა. მაგრამ მაქსის რეაქცია ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდა. მაქსი შეცბა და ნირწამხდარმა უხერხულად გაიღიმა:
– არა, მე ეგ არ მიგულისხმია... – ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ლევანს გულზე მოეშვა, მაგრამ გაბიმ ყველაფერი წყალში ჩაუყარა.
– ძალიანაც ცდები, თუ არ გიგულისხმია. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ საერთოდ არ მიცნობ. მგონი, ყველაფერი გავარკვიეთ... ახლა კი შეგვიძლია, გავერთოთ, მოწყენის საფუძველი აღარ გვაქვს.
– მოიცა, მოიცა, – როგორც იქნა, გამოერკვა მაქსი და ლევანს შეუბღვირა, – ეს რას ნიშნავს? უბრალო ნაცნობები არ ხართ? გაბრიელა, არ დავუშვებ, რომ მომატყუო!
– მაქს, გეყოფა, ადრე ასეთი აბეზარი არ იყავი. ძალიან დამღალე. გავარკვიეთ უკვე, რომ ჩემს ცხოვრებაში შენი ადგილი აღარ არის; ვისთან დავწვები, ამასაც თავად გადავწყვეტ.
მაქსი გაჩუმდა. მოღუშული იდგა და ლევანს დაჟინებით შესცქეროდა.
– მინდა, ყველაფერი მითხრა, რაც თქვენ შორის მოხდა!
ლევანი მიხვდა, რომ აუცილებლად რაღაც უნდა ეთქვა და ხმა ამოიღო:
– მომისმინე... მე ახლა გარეთ გავალ, მანქანაში ჩავჯდები და დაგელოდებით. გაუგებრობაში ბოლომდე რომ გაერკვევით, მოდი და უკან დავბრუნდებით...
– შეცდომა დავუშვი, შენ რომ წამოგიყვანე, მაგრამ, ამას როგორ წარმოვიდგენდი! ჩემს გაბრიელასთან იწექი... ერთად იწექით... ეს როგორ მოახერხე, რანაირად?!
– მაქს, რა გინდა?! მსოფლიოში ყველაზე მომაბეზრებელი ყოფილი ბოიფრენდი ხარ.
– ჰო?! მე მარტო ბოიფრენდი კი არა, შენი ოფიციალური საქმროც ვიყავი და ნუთუ ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს?
გაბრიელამ ლამაზი თვალები მოწკურა და ორივე ხელი კიდევ უფრო ლამაზ მკერდზე დაიწყო. ლევანმა შეხედა და გაიფიქრა, რომ ამ გოგოსთვის ჩხუბზეც არ დაიხევდა უკან...
– ბოდიში მაინც მომიხადეთ... ორივემ!
მაქსს მოულოდნელად გული აუჩუყდა. იქვე, მწვანე კორდზე ჩაჯდა და ხელები სახეზე აიფარა.
– თუ ტირილს აპირებ, აჯობებს, უჩემოდ გააკეთო ეს, უკვე დავიღალე. სხვათა შორის, ეს სწორედ ის მიზეზი იყო, რატომაც მიგატოვე... მღლიდი...
– მიყვარხარ, გაბრიელა. ამიტომ საშინელი ადამიანი ვარ? ამიტომ დაწექი პირველივე შემხვედრთან? კაცთან, რომელსაც ცოლად ჩემი მეგობრის დედა ჰყავს?
გაბრიელამ მშვიდად გაიღიმა. ლევანს ანცვიფრებდა მისი თავდაჭერილობა.
– მაქს, წადი, აზრი არა აქვს ამ ლაპარაკს. შეეგუე იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა!
– ჩემთან დამთავრდა, იმიტომ, რომ ამ არარაობასთან დაიწყო?
– ეს შენი საქმე არ არის. თავი დამანებე, სტუმრები მელოდებიან... წაიყვანე ეს აქედან – როგორც მივხვდი, შენ მოიყვანე...
– გაბრიელა, მეც, მეც მინდოდა შენი ნახვა, ძალიან მინდოდა! – ლევანი თვითონაც ვერ მიხვდა, ისე წამოსცდა ეს სიტყვები.
მაქსმა კბილები გააღრჭიალა.
– ნაძირალა ხარ... თავიდანვე იცოდი, ხომ, გაბის შესახებ და თამაშობდი, თითქოს არაფრის აზრზე არ იყავი. ახლა ცხვირ-პირს გაგიერთიანებ, მერე კი დენის მოვუყვები ყველაფერს!
ლევანმა თავი ასწია და შუბლზე მოისვა ხელი. სწორედ იმ წუთში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ შეცვლიდა მის ცხოვრებას ძირფესვიანად. გაბრიელა ისე უყურებდა, დაუნანებლად მოკვდებოდა მის მკლავებში, მის ულამაზეს მკერდზე თავმიდებული...
– შენ წადი, მე გაბრიელასთან ვრჩები, – თქვა გადაჭრით, – რაც შეეხება დენის და ნანას, თავად მოვუყვები ყველაფერს...
მაქსმა კბილები გააღრჭიალა. ერთი სული ჰქონდა, ლევანისთვის სახეში გაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო.
– მანქანის გასაღები მომეცი, – თქვა ჩამწყდარი ხმით და ლევანს ხელი გაუწოდა.
ლევანმა სწრაფად ამოიღო ჯიბიდან გასაღები. რაღაცის თქმასაც აპირებდა, მაგრამ მაქსმა ხელი აუქნია.
– არ მინდა, სათქმელი აღარაფერია... ოღონდ, დანდობის იმედი ნუ გექნება – ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაგანადგურო.
– შეგიძლია, ყველა საშუალება სცადო, არ მანაღვლებს. ოღონდ, სანამ რამეს გააკეთებ, დარწმუნდი, რომ მაგ საშუალებებმა თავად არ დაგაზარალოს.
– ინანებთ, ასე რომ მომექეცით... – ბოღმიანად ჩაილაპარაკა მაქსმა, ორივეს ზურგი აქცია და ეზოს გასასვლელისკენ გაემართა.
ლევანმა ადროვა, სანამ მაქსი თვალს მიეფარებოდა და გაბრიელას მიუბრუნდა:
– გადაწყვეტილება მივიღე... შენთვის უნდა მეკითხა?
გაბიმ მაცდურად გაიღიმა და ტუჩები ვნებიანად გამობურცა:
– მიყვარს გამბედავი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები. ესე იგი, რჩები?
– ჰო. უკან დასახევი გზა, უბრალოდ, აღარ მაქვს.
– ვხვდები – ცოლი უკან აღარ მიგიღებს. ესე იგი, მაიძულებ, ისე შეგიფარო, როგორც უპატრონო ძაღლი? – გაბრიელამ თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გადაიკისკისა, მერე ლევანს მაჯაში ჩაავლო ხელი და გაიყოლა, – წამოდი, უპატრონო ძაღლო, მაქვს შენთვის გემრიელი ძვალი. იმედია, ყელში არ გაგეჩხირება...
***
მაქსი მეორე დღეს დაბრუნდა დენისთან. შუადღე უკვე გადასული იყო. ოცდაოთხი საათის განმავლობაში მობილურისთვის არ უპასუხია. დენი ბოლთას სცემდა ნერვიულობისგან. ადგილს ვერ პოულობდა და ბოლოს ნანას დაურეკა:
– შეგიძლია, სახლში მოხვიდე? ძალიან ვნერვიულობ. როგორ მოვძებნო, სად წავიდე და რა გავაკეთო, არ ვიცი. სისულელეს ვერ ჩავიდენ და პოლიციაში ვერ გამოვაცხადებ... კარგი, გელოდები...
სამანტამ წვენი მოსვა და მკერდზე ბიუსტჰალტერი შეისწორა.
– მაქსი დიდი ბიჭია, შენი მამინაცვალიც... არ დაიკარგებიან...
– სამანტა, შენთვის აჯობებს, თუ გაჩუმდები! – შეუბღვირა დენიმ.
– მართლა? მეგონა, წუხანდელი ღამის მერე ლაპარაკის უფლება მაინც მქონდა.
– კარგი ღამე გვქონდა, უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ, უნდა ხვდებოდე, რომ ახლა ძალიან ვნერვიულობ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ოცდაოთხი საათია, მათ შესახებ არაფერი გამიგია, არც მობილურებს პასუხობენ... მომისმინე, შენ იცი, სად ცხოვრობს გაბრიელა?
სამანტა უსიამოვნოდ აიმრიზა:
– რა მნიშვნელობა აქვს, ვიცი თუ არა? ხომ არ აპირებ, მასთან წახვიდე? რა სისულელეა...
– შენი აზრი არ მიკითხავს, მარტო ის მაინტერესებს, მისამართი თუ იცი.
სამანტამ უხალისოდ დაუქნია თავი:
– ძალიან გთხოვ, იქ მისვლა საჭირო არ არის. დამიჯერე, გამოჩნდებიან...
– სამანტა, ჩადი, რა, აუზში. მოდუნების საშუალება მიეცი საკუთარ თავს და მე შემეშვი.
– რატომ მეჩხუბები? კარგი, შეგეშვები... ეს სექსსაც ეხება?
– სამანტა! – მოთმინებადაკარგულმა დენიმ გოგოს ავად შეხედა, – გაჩუმდი!
– მითხარი, რომ სექსი კიდევ გვექნება და გავჩუმდები.
– ღმერთო, ეს უკვე მეტისმეტია! ისე ნუ იზამ, წუხელ რაც მოხდა, ვინანო.
სამანტას ეწყინა ბიჭის სიტყვები, პირიც კი გააღო, რაღაც საშინელების სათქმელად, მაგრამ ვეღარ მოასწრო – ჭიშკარში მანქანა შემოვიდა და იქიდან მაქსი გადმოხტა გინებითა და ხელების ქნევით...
– მადლობა ღმერთს, გამოჩნდი... – გულზე მოეშვა დენის და გაუღიმა.
– ჰო, გამოვჩნდი... საერთოდ რისთვის მივდიოდი, ხომ ვიცოდი იმ კუდიანი ქალის ამბავი?
სამანტა ადგა და მაქსს მიუახლოვდა:
– გასაგებია – გაბრიელამ კარი ცხვირწინ მოგიჯახუნა... აბა, რას ელოდი?!
– ყველაფერს, გარდა იმისა, რომ დენის მამინაცვალს დაიტოვებდა თავისთან.
– რა?! – დენი გაშრა.
– ჰო, შენი მამინაცვალი იქ დარჩა, გაბრიელასთან...
მაქსის ეს სიტყვები გარკვევით გაიგონა ნანამ, რომელიც სწორედ იმ დროს გადმოვიდა ეზოში უხმაუროდ შესული მანქანიდან...
გაგრძელება შემდეგ ნომერში