მოკალი და გაიქეცი
ჩარლი კელერმანი შესამჩნევად ნერვიულობდა. პოლიციელი მის წინ იჯდა და თვალებში მიშტერებოდა. ოთახში შერიფიც შემოვიდა...
– საავადმყოფოდან მოვდივარ. მისი გადარჩენის შანსი არ არსებობს, ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვს... წითელმა მანქანამ გაიტანა. სულ ეს არის, რაც ვიცით. ძალიან ვწუხვარ, ჩარლი... ვიცი, შენი გრძნობები მის მიმართ. ჯინა ტატლი ყველას უყვარდა, მაგრამ შენი საცოლე იყო. ვშიშობ, მკვლელის მოძებნა გაჭირდება. ჩვენს ოლქში ყოველი მეორე მანქანა წითლად არის შეღებილი.
ჩარლიმ თავზე იტაცა ხელები.
– როგორი მოულოდნელი იყო!.. იმედია, ჩემზე არ გაქვთ ეჭვი... იცით, ხომ, რომ ერთი დანჯღრეული, მწვანე ფურგონი მყავს და აქვე მიგდია, გარაჟში. შეგიძლიათ, ნახოთ. ღმერთო, ვის უნდა მოეკლა ჩემი უწყინარი ჯინა.
შერიფმა მხარზე დაადო ხელი და ამოიოხრა.
– ეჰ, ჩარლი... შეიძლება სატრანზიტო მანქანა იყო. ჩვენ ყველას შევამოწმებთ. თუმცა, შენი ჯინა დიდი ხანია, უსიამოვნებებს იზიდავდა. გახსოვს, ჩხუბი ბარში, როცა დაჭრეს. ექვსი თვის წინ ხელი მოიტეხა... ასეა თუ ისე, ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა.
როცა პოლიციელები წავიდნენ, ჩარლიმ კარი შიგნიდან ჩაკეტა, დივანზე ჩამოჯდა და სახე ორივე ხელით დაიფარა. ჯინაზე ფიქრს ვერ იშორებდა. მერე გარეთ გავიდა – იმ იმედით, რომ სუფთა ჰაერი ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა მდგომარეობას. ჯინა მართლაც მაგარი „ნაშა“ იყო და ნებისმიერი მამაკაცისთვის შეეძლო თავგზა აებნია. იქნებ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო კიდეც, მაგრამ ამის გაფიქრებამ ჩარლის მაინც ვერ უშველა.
ბობ ჰუელინმა, საგრაფოს შერიფმა ყურმილი მაშინვე აიღო. საავადმყოფოდან რეკავდნენ – ჯინა ტატლი გარდაიცვალა... მაინც, რამ აფიქრებინა ამ გოგოს შუაღამისას მაგისტრალზე ხეტიალი. სწორედ ამ დროს იქ საშინელი მოძრაობაა. ჯინა პრობლემებს მარტო საკუთარ თავს კი არ უქმნიდა, საგრაფოს ახალგაზრდა მამაკაცებსაც ხშირად აგდებდა შარში. ბოლოს ეს ჩარლი ამოიჩემა – ავტოგასამართი სადგურიდან. პატიოსანი ბიჭი, რომელსაც იქვე, პატარა სახელოსნოც ჰქონდა. უბედური შემთხვევის შემდეგ რვა საათი გავიდა... ბობმა ამოიოხრა. უჯრიდან ორი აბი ასპირინი ამოიღო და დალია. ეს საქმე როგორმე უნდა გაეხსნა. ჯინა მისი საგრაფოს ბინადარი იყო და საზოგადოება ყოველთვის ძალიან მწვავედ რეაგირებდა, როცა უბედური შემთხვევა მათ თანამოქალაქეს შეემთხვეოდა.
წითელი ფერის „პონტიაკი“ ჩარლის ბენზინგასამართ სადგურში საღამოს ცხრა საათზე შევიდა. ჩარლი მაშინვე მიხვდა, რომ მძღოლი აქაური არ იყო. მერე ისიც შეამჩნია, არაბუნებრივად რომ ირწეოდა მთელი სხეულით და „მოსაწევის“ სუნი ასდიოდა... მანქანაში რომ ბენზინს უსხამდა, დაინახა, წინა მხარეს ბამპერი ჰქონდა შეჭყლეტილი და უცებ ჩაფიქრდა... დიდი ხანი იყო, ჯინას თავიდან მოშორება უნდოდა და ვერ ახერხებდა. ამ გოგოს ატანა უფრო შეიძლებოდა, ვიდრე ელექტროსკამის ან სასიკვდილო ინიექციის... ამიტომ, რაღაც ისეთი იყო მოსაფიქრებელი, რაც მის დანაშაულს გაუხსნელს დატოვებდა და ეჭვსაც ვერავინ მიიტანდა, რომ მკვლელობა ჩარლიმ ჩაიდინა. ამიტომ იცდიდა. დრო კი გადიოდა და ჯინაც სულ უფრო პრეტენზიული და მომთხოვნი ხდებოდა. ბოლოს გამოუცხადა – ცოლად უნდა მომიყვანოო. ფეხმძიმედ ვარ, მგონი – მართალია, დარწმუნებული არ ვარ, რომ ბავშვი შენია, მაგრამ ალბათობა რადგან არსებობს, უნდა დავქორწინდეთო. ჩარლი გაგიჟდა. გააოგნა ქალის უტიფრობამ... იცოდა, ჯინა თავისას აუცილებლად მიაღწევდა. სკანდალი კი არაფერში აწყობდა. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო ერთი მომხიბვლელი, სათნო გოგო, რომლის ცოლად მოყვანის სურვილი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გაუჩნდა. ჯინას ეს რომ გაეგო, საშინელება მოხდებოდა. ჩარლი ძალიან ფრთხილობდა... ახლა კი ეს მანქანა – შეჭეჭყილი ბამპერითა და „კაიფში“ მყოფი, ძნელად მოაზროვნე მძღოლით. გადაწყვიტა, ბედი ეცადა...
– მისტერ, მისტერ! შორიდან მობრძანდებით?
– სენტ ლუისიდან შეშლილივით მოვქროდი. მიყვარს, როცა ავტომობილს სწრაფად ვმართავ.
– ავარია მოგსვლიათ... წინა მხარეს ბამპერი ძალიან გაქვთ დაზიანებული.
– ჰო, მგონი, რაღაცას დავეჯახე... ღორი იყო თუ ძაღლი, მართალი გითხრათ, ვერ გავარჩიე, – ტიპმა უშნოდ გადაიხარხარა.
– მე აქ სახელოსნო მაქვს, შემიძლია, შევაკეთო. ძვირი არ დაგიჯდებათ. ღამის გასათევსაც შემოგთავაზებთ. სუფთა პირსახოციც მომეძებნება. აბა, რას იტყვით?!
უცნობმა კეფა მოიქექა. აშკარა იყო, რომ კარგად ვერ აზროვნებდა... ან „მოსაწევი“ მოქმედებდა, ან კიდევ რაღაც სხვა. პრინციპში, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარია, მისი გეგმა გამოსულიყო.
– მისტერ, მისტერ, თქვენ გეძინებათ!..
– ჰო, რაღაც ამდაგვარი ხდება. კარგი, მაჩვენე ოთახი. რამე საჭმელიც გექნება. დილით კი ძალიან ადრე უნდა გამაღვიძო... შეძლებ?
– რა თქმა უნდა. რა პრობლემაა?!
– იყოს ასე... იმედია, არ გამატყავებ?!
– ო, არა...მისტერ, ყველაფერს მოგიგვარებთ ძალიან დაბალ ფასად.
სტუმარმა ჩარლის ერთადერთი, ყველაზე კოფმორტული ოთახი დაიკავა და კარი შიგნიდან ჩაკეტა, როცა ჩარლიმ ლანგრით ყავა და სენდვიჩები მიუტანა. ჩარლის გარანტია არ ჰქონდა, რომ ეს ვიღაც კიდევ არ „დაბოლდებოდა“, მაგრამ ახლა ეს ამბავი ნაკლებად აღელვებდა. ჯინასთან დარეკვა უნდა მოესწრო... ქალმა თითქმის მაშინვე უპასუხა.
– ჯინა, შეგიძლია, მნახო? ჩვენს ქორწილზე უნდა ვილაპარაკოთ. იცი, მგონი, შენ მართალი ხარ და ურთიერთობას ოფიციალური სახე უნდა მივცეთ. გვიანია, ვიცი, მაგრამ ამდენ ხანს საქმე მქონდა. მხოლოდ ახლა გავთავისუფლდი... ტაქსი აიყვანე და გზატკეცილამდე მოგიყვანოს. იქ დაგხვდები. ორმოცდაათი მეტრის გავლა მოგიწევს ფეხით, მეტის არა... ნუ წუწუნებ, ჯინა, გათხოვება ხომ გინდა?!
ჩარლი ფეხაკრეფით მიუახლოვდა ოთახს, სადაც უცნობ მძღოლს ეძინა და მიაყურადა. იქიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ჩარლიმ გადაწყვეტილება უკვე მიიღო... შეჯახების ხმა არ გაუგონია, არც ჯინას სახე დაუნახავს, მაგრამ მის მეხსიერებაში მაინც მყარად აღიბეჭდა იმ ღამის ყველა დეტალი, რომელიც, ალბათ, კარგა ხანს გააწვალებს. ჯინა მოკვდა... აი, მისი აჩრდილი კი დარჩა.
რა თქმა უნდა, წითელი ფურგონის შეკეთება არც უფიქრია. არც სისხლის ნაკვალევი მოუწმენდია.
ტელეფონის ყურმილს დასწვდა და შერიფის ნომერი აკრიფა...
– ბობი, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემს სახელოსნოში ღამეს ერთი მძღოლი ათევს... წითელი ფურგონი ჰყავს... შენი წასვლის მერე გამახსენდა... არ ვიცი, როგორ დამემართა, მაგრამ ჯინას ამბავმა თავზარი დამცა, ხომ გესმის? ჩვეულებრივი ტიპია, „მოწეული“ ჰქონდა და ფეხზე ძლივს იდგა. ღამის გასათევი ამიტომ შევთავაზე... მანქანა ვნახე ახლა და მარცხენა ბამპერი ერთიანად დაჭეჭყილია. სისხლის კვალიც ამჩნევია. არ ვიცი, ბობ... არ ვიცი... მოდი და გაარკვიე... შეიძლება, გამთენიისას წავიდა და დაბრუნდა. ავარიაც სწორედ ამ დროს მოხდა. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია... ბობი, მალე მოდი, თორემ ვგრძნობ, ბრაზი მერევა და შეიძლება... ეს ნაძირალა მივახრჩო... ჩემი ჯინა... ჯინა!..
ჩარლიმ ტელეფონის ყურმილი დააგდო, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. ეშმაკმაც წაიღოს... ის ახლა გულწრფელი იყო.