რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოქალაქემ იარაღის შესაძენად და რა შემთხვევაში ეთვლება გამოცდა ჩაბარებულად
იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას აბარებენ. კანონი გამკაცრდა ცეცხლსასროლი იარაღისა თუ სხვა საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება თუ გასაღებისთვის. საგამოცდო ტესტში სულ სამი კატეგორიაა. მოქალაქეს მოეთხოვება შემდეგი სახის საგამოცდო ბილეთების ჩაბარება, ეს არის: თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის მოხმარების წესები, რომელიც მოითხოვს შესაბამისი კანონების ზედმიწევნით ცოდნას. სამოქალაქო პირი უნდა ერკვეოდეს იარაღის სახეობებში და შეეძლოს მათი ერთმანეთისგან განსხვავება. ასევე, უნდა იცოდეს, თუ რა შემთხვევაშია დასაშვები და დაუშვებელი თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. უნდა ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას დამზადებული იარაღის შემადგენელ ნაწილებზე. უნდა იცოდეს, სად შეინახოს მის სახელზე დარეგისტრირებული იარაღი. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარების წესები მოიცავს კანონებისა და სამედიცინო სამართლის ცოდნას. სამოქალაქო პირმა უნდა იცოდეს, რა ტიპის იარაღებზე გააჩნია ლიცენზია, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან განსხვავებით, რომელსაც გარკვეული შეზღუდვები აქვს იარაღის ყიდვასთან დაკავშირებით. უნდა იცოდეს, რა შემთხვევაშია დაუშვებელი იარაღის შეძენა და როდის უქმნდება ლიცენზია. აუცილებლად უნდა ერკვეოდეს სანადირო იარაღის სხვადასხვა ტიპში და მოეთხოვება მათი სწორად შენახვის ცოდნა. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის წესები, რომელთა მიხედვითაც მოქალაქე უნდა ერკვეოდეს ყველა იმ შემაფერხებელ პროცესში, რის გამოც შესაძლებელია, ვერ მოიპოვოს იარაღის დარეგისტრირების უფლება. მან უნდა იცოდეს იარაღის სტრუქტურა, მოვლის, შენახვისა და გამოყენების წესები. რა აუცილებელი პირობების დაცვაა საჭირო ამ მხრივ და რისი ცოდნა მოეთხოვება მოქალაქეს იარაღის შენახვა-შეძენისთვის; რა პროცედურების გავლაა საჭირო და რა შემთხვევაში ითვლება გამოცდა ჩაბარებულად; რა შემთხვევაში ერთმევა მოქალაქეს იარაღის ფლობის ლიცენზია – ყოველივე ამაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს უფროსი, იმედა მაკასარაშვილი: საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე „იარაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 2015 წელს წარადგინა. მისი ძირითადი მიზანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების ნებართვის მაძიებელ თუ ასეთი ნებართვის მქონე პირთა მიმართ რეგულაციების გამკაცრება და ამ კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან შესაბამისობაში მოყვანაა, რაც კიდევ უფრო მყარ გარანტიებს შექმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და სხვა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი, რომელიც ეხება იარაღის წვდომაზე წესებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრებას. ამასთან, პრევენციას, რომ მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება იყოს უკეთესად დაცული. იარაღის შენახვისთვის დაკავებულ პირს, ოთხ წლამდე, ხოლო იარაღის უკანონოდ ტარებისთვის, 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამკაცრდა ყველა იმ სასჯელის ზომა, რაც, ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას უკავშირდება.
– რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს ამჟამად მოქალაქემ იარაღის შესაძენად და რა შემთხვევაში ეთვლება გამოცდა ჩაბარებულად?
– 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი, ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში აბარებენ. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეძლებს. გასათვალისწინებელია, რომ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინონ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დაინტერესებულ პირებს საგამოცდო ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა.
– თუ პირმა გამოცდა ჩააბარა და კვლავ გადაწყვიტა სხვა სახის იარაღის შეძენა, ამ შემთხვევაში ხელახლა გადის გამოცდაზე?
– ამ შემთხვევაში, საქმე მარტივადაა, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე სახის სხვა იარაღის შეძენისას, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს. გამოცდის ჩაბარებით ვლინდება ის შესაბამისი ცოდნა, რაც აუცილებლად მოეთხოვება მოქალაქეს.
– კანონპროექტი რა ასაკობრივ ცენზს აწესებს იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის მოპოვების მსურველ პირთათვის?
– სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის უფლება მოიპოვება 18 წლის ასაკიდან, ხოლო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ფლობის – 21 წლის ასაკიდან. კვლავ დავაკონკრეტებ: ყველა ის პირი, ვისაც სურს ნებართვა მოიპოვოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ამიერიდან ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა თეორიულ მომზადებაში და ჩააბაროს იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. აგრეთვე, პირი შემოწმდება პიროვნულად იმისთვის, რომ მისი სანდოობის და ფსიქიკური თავისებურებების მიხედვით გაიცეს ან არ გაიცეს ნებართვა.
– იარაღის ფლობის ლიცენზია რა შემთხვევაში უქმდება?
– იარაღის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა უქმდება შემდეგ შემთხვევებში: თუ ნებართვის მფლობელი ნებართვაზე ნებაყოფლობით ამბობს უარს, თუ ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნები დაირღვა, ასევე, იარაღის ჩამოწერისას და იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას, ასევე, ფსიქიკური და ზოგიერთი ფიზიკური ნაკლის შემთხვევაში. მოქალაქეს ჩამოერთმევა ნებართვა, თუ სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ასევე, თუ პირი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის გამცემი ორგანოსთვის. ასეთ შემთხვევებში იარაღის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა უქმდება.
– თუკი პირი იქნება დეპორტირებული უცხოეთის ქვეყნიდან იმ მიზეზით, რომ მან იქ ჩაიდინა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაში?
– მოცემულ შემთხვევაში, მას საქართველოში არ ექნება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლების მოპოვების საშუალება.