როგორ იქცევიან ხშირად დიდ ქალაქში ჩასული ადამიანები
რა არის კონფორმიზმი? რა საფრთხის წინაშე აყენებს ის ხშირად საზოგადოებას? – უმრავლესობას უჭირს კონფორმიზმის სწორი გაანალიზება, ზოგისთვის კი, მსგავსი ტერმინი უცხოა. ადამიანთა ნაწილი ხედავს კონფორმიზმის აუცილებლობას, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის საშიში ძალა. კონფორმიზმზე და მის შედეგებზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს, რომელიც რეალურად მომხდარ მაგალითებზე დაყრდნობით მნიშვნელოვან რჩევებსა და ცოდნას მისცემს ჩვენს მკითხველს.
გაგა ნიჟარაძე: კონფორმულობა – ეს არის ისეთი ძალა, რომელიც ყოველ საზოგადოებაში მოქმედებს, ზოგჯერ დადებითად და ზოგჯერ – უარყოფითად. სიტყვა კონფორმულობა განიმარტება – „როგორც სხვები“. სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ კლასიკოსს მოჰყავს მაგალითი: მის უნივერსიტეტში გამოსაშვები ცერემონიალია, რომელსაც საკმაოდ ბევრი სტუდენტი ესწრება. ისინი დგანან მანტიაში გამოწყობილები და არ იციან, დასხდნენ თუ არა. მოქმედება ხდება უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედანზე. ბოლოს ვიღაც ერთმა უთხრა და დასხდნენ. ვინმე რომ დამჯდარიყო, ძალიან დიდი შანსია, რომ სხვებიც მიბაძავდნენ. კონფორმულობა – ეს არის ადამიანის ქცევის ან აზრის შეცვლა, ჯგუფის ან სხვა ადამიანის რეალური თუ წარმოსახვითი დაწოლის შედეგად. ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი მაგალითი არის მოდა. ჯერ ჩნდება რაღაც მოდური ელემენტი, რომელზეც სიცილით ვიხოცებით, მაგრამ, გადის რამდენიმე დღე და ყველა ატარებს ამ აქსესუარს. ადამიანების ტენდენციაა, მოერგონ რეფერენტული ჯგუფის სხვა წევრების ქცევებს, განწყობებს და ღირებულებებს. რეფერენტული – ეს არის ჯგუფი, რომლის აზრი მაინტერესებს, პატივს ვცემ და მინდა, რომ მისი წევრი ვიყო და რა თქმა უნდა, შევეცდები, მივბაძო მას. ძალიან ხშირია, სხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ისე იწყებს ქცევას, როგორც ჰგონია, რომ საჭიროა აქ – თბილისში და ზოგჯერ ეს არ გამოსდის, რაც ხალხის მხრიდან დაცინვას იწვევს და ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია. არის ნორმატიული გავლენის პროცესები, როდესაც ვიქცევი ისე, როგორც სხვები, მაგრამ არ ვეთანხმები ამ ქცევის შინაარსს. ხშირია ადამიანის ცხოვრებაში, როცა ისეთ რამეს ამბობს, რისიც არ სჯერა, ან ხმას არ იღებს, ისეთ საკითხებზე საუბრისას, რომელსაც არ ეთანხმება. მეც მქონია მსგავსი მაგალითი, როცა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოვიქეცი – სუფრაზე დავლიე სტალინის სადღეგრძელო. ყოველი ჩვენგანი რაღაც დოზით არის – კონფორმული.
– სხვადასხვა კულტურა როგორ აღიქვამს კონფორმიზმს?
– კონფორმულობაზე განსხვავებული შეხედულებებია სხვადასხვა კულტურაში. ამერიკაში ვინმეს რომ კონფორმისტი დაუძახო – ეწყინება. იაპონიაში, პირიქით – გაუხარდება. არსებობს ორი ანდაზა – ამერიკული და იაპონური. ამერიკული ანდაზა ამბობს: „მოჭრიალე ბორბალს ზეთავენ“, ანუ იჭრიალე და მიიღებ ზეთს. იაპონური ანდაზა ამბობს: „თავამოყოფილ ლურსმანს, ჩაქუჩი ურტყამს“, ანუ, ნუ იქნები იქ, სადაც არაა საჭირო და მოიქეცი ისე, როგორც დადგენილი წესებია. თუ დაუკვირდებით, ორივე შემთხვევაში პრინციპული განსხვავებებია. ხშირად, სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების 5-6 პროცენტი არ უღალატებს საკუთარ პრინციპებს, 10-12 პროცენტი ყოველთვის წავა არსებული ნორმების დარღვევაზე და დარჩენილი 85 პროცენტი იქცევა ისე, როგორც წესია მოცემულ მომენტში. ეს ის 85 პროცენტია, რომელმაც ხმა მისცა ჯერ გამსახურდიას, შემდეგ შევარდნაძეს და სააკაშვილს. მაგალითად, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, დაიწყო ფაშიზმის შეფასება და იყო აზრი, რომ მასობრივი სიგიჟე დაემართა გერმანელ ერს. ამ თემაზე ჩაატარა ყველაზე გახმაურებული ექსპერიმენტი სოციალურ ფსიქოლოგიაში ბატონმა სტენლი მილგრენმა. გადაწყვიტა, ეჩვენებინა ადამიანი, რომელიც სჩადის ამორალურ საქციელს და გამოეკვლია, ფსიქოპათია ის თუ ჩვეულებრივი ადამიანი. ჩაატარა ექსპერიმენტი. დაიქირავა მსახიობი, რომელსაც ხელზე დაუმაგრეს დენის დამრტყმელი მოწყობილობა, რომელშიც, რა თქმა უნდა, დენი არ გადიოდა. ექსპერიმენტის შინაარსი ასეთია, უნივერსიტეტი ატარებს ცდებს, ახალი მეთოდიკაა სწავლის გაუმჯობესების მიზნით – ტკივილის გამოყენება. მასწავლებელს უსვამენ მოსწავლეები შეკითხვებს და არასწორი პასუხის შემთხვევაში, ევალებათ, მას დაარტყან დენი. მილგრენმა აღწერა მოქალაქეებთან ექსპერიმენტი და ჩაატარა გამოკითხვა, თუ რამდენი დააჭერს სასიკვდილო ღილაკს ხელს. სასიკვდილოზე პასუხი იყო – 0. ფსიქოლოგებმა დაუშვეს, რომ შეიძლება 1-2 სადისტი გამოჩნდეს და დააჭიროს სასიკვდილო ღილაკს ხელი. როდესაც ექსპერიმენტი განხორციელდა, აღმოჩნდა, რომ რეალური შედეგი იყო კატასტროფული. 3/4-მა დააჭირა ხელი სასიკვდილო ღილაკს. ბევრი მათგანი წუხდა, არ უნდოდა ღილაკზე ხელის დაჭერა, მაგრამ ეს იყო მათი ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით და იხსნიდნენ პასუხისმგებლობას. ზუსტად ასე იქცეოდა გერმანელების უმრავლესობა და ასე იქცეოდნენ საბჭოთა კავშირის დროს 30-იან წლებში. მე პირადად ვიცნობდი ქალს, რომელიც ბეჭდავდა რეპრესიებისთვის განწირული ხალხის სიებს და თავად ყვებოდა, ვინმე თუ არ მომეწონებოდა, მივაბეჭდავდიო. თან იცოდა, რომ რეპრესიების დროს ადამიანს მინიმუმ 10 წელი უშვებდნენ ციმბირში, უარეს შემთხვევაში – ხვრეტდნენ. ასეთი წესი იყო. ეს არის კონფორმიზმის ძალიან უარყოფითი შედეგი. როცა ყველა ქრთამს იღებს, მეც ავიღებ და ეს დასაშვებად ჩაითვლება. ფსიქოლოგებმა დაიწყეს მსგავსი ფენომენის კვლევა. ერთ-ერთი თემა იყო – როგორ იქცევა ადამიანი ლიფტში. ლიფტში მას ერღვევა პიროვნული სივრცე. უცხო ადამიანები ერთმანეთთან ახლოს დგანან. არსებობს დაუწერელი წესი, რომ ყველა დგას სახით კარისკენ და იყურება სადღაც სივრცეში. მოხდა ისე, რომ მინიმუმ ორი ადამიანი შედიოდა ლიფტში, დგებოდა საპირისპირო მიმართულებით და მზერით იწვევდა ადამიანის შევიწროებას. შედეგად მიიღეს, რომ ყველა ერთმანეთს ბაძავდა და დგებოდნენ კართან საპირისპირო მიმართულებით.
– რა შემთხვევებში იწვევს კონფორმულობა საზოგადოებაში ფატალურ შედეგებს?
– დიდ ქალაქში ჩამოსულმა ადამიანმა ხშირად არ იცის, როგორ მოიქცეს და ბაძავს სხვას, რაც ხშირად ქმნის უხერხულ სიტუაციას. მსგავსი გაუგებრობებიდან შეიძლება, მივიდეთ ავტორიტარულ ან ტოტალიტარულ რეჟიმებამდე. ცხადია, კონფორმულობა ყოველთვის უარყოფითი არ არის. ფსიქოლოგმა, ირვინგ ჯეინსმა შემოიღო ტერმინი – ჯგუფაზროვნება. მან გააანალიზა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი მარცხები და საერთო ნიშნები. როდესაც კარგად შეკრული ჯგუფი იწყებს მუშაობას, კარგავს კრიტიკული აზროვნების უნარს, ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერი. ეს მარცხები იყო: კარიბის კრიზისი, ჩელენჯერის დაღუპვა, ვოთერ გეითის საქმე... ეს არის ჯგუფური მუშაობის მარცხი, ხოლო ჯგუფაზროვნება, ეს არის აზროვნების წესი, რომელიც ეუფლებათ ადამიანებს სიტუაციაში, როცა ჯგუფში თანხმობის ძიება დომინირებს და ძლევს ალტერნატივების რეალისტურ შეფასებას. ჯგუფური მუშაობის ეფექტები ძალიან ახლოსაა კონფორმულობასთან.
– სოციალურ შედარებებზე რას გვეტყვით?
– ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური შედარებები. მაგალითად, მიხვედით მეგობართან, სადაც უყურებენ ფილმს და ძალიან ჩართულები არიან ამ პროცესში. თქვენც ჯდებით და იწყებთ ფილმის ყურებას, მაგრამ არ გესმით ფილმის შინაარსი, თუმცა იწყებთ სიცილს, როცა იცინიან თქვენი მეგობრები. რატომ ვაკეთებ იმას, რაც არ მინდა, ან ჩემთვის გაუგებარია? ბოლო გამოკვლევებით დადასტურდა, რომ უფრო სიტუაციებს აქვს დიდი გავლენა ადამიანებზე, ვიდრე შინაგან თვისებებს. ეს დაასაბუთეს ერთ-ერთი ირონიული ექსპერიმენტით სოციალური ფსიქოლოგიის ისტორიაში. სასულიერო კოლეჯის კურსდამთავრებულებს დაუნიშნეს პირველი რადიოქადაგება. თემა იყო „კეთილი სამარიტელი“. ჩაწყობილი იყო ისე, რომ ვისაც ეს უნდა ეთქვა, გზაში ხვდებოდა კაცი, რომელიც მის წინ ვარდებოდა და სთხოვდა დახმარებას. შეიქმნა ზუსტად ის სიტუაცია, რა თემაც უნდა წაეკითხათ. დროის დეფიციტის გამო, მხოლოდ 7 პროცენტი დაეხმარა უმწეოს. ძალიან უხერხული სიტუაციაა, როდესაც ქადაგებ ისეთ რამეს, რასაც თავად ვერ აკეთებ. კონფორმულობა ძალიან სერიოზული ძალაა. მაგალითად, ხართ აეროპორტში და გაქვთ ტრანზიტული რეისი. დგებით რიგში და ხედავთ, რომ ყველას უჭირავს ბლანკი, რომელსაც ავსებენ. ცხადია, იმავეს გაკეთებას გადაწყვეტთ. ეს არის ინფორმაციული კონფორმულობა, როდესაც მოცემულ სიტუაციაში შესაბამის კორექტულობას იჩენთ. ამ შემთხვევაში ხდება სოციალური შედარება, როცა უყურებთ და ბაძავთ მას, ვინც იცის, როგორ უნდა მოიქცეეს. ეს სავსებით სწორი სტრატეგიაა.