რომელი ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნას და კოშმარულ სიზმრებს და მოქმედებს თუ არა ამინდი ადამიანის აგრესიაზე
ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აგრესიული ქცევა ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ხშირი და არასასიამოვნო სოციალური მოვლენა გახდა. როგორც ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ გახოკიძე ამბობს, ჰაერის ზომიერად მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს აგრესიული ტენდენციების გამწვავებას. ასევე, მისივე თქმით, ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ფუნქციონირების ძირითადი პირობა მისი ქიმიური შედგენილობის ბალანსირებაა, რაც მაღალხარისხოვანი და სრულფასოვანი კვებითა და საკვების შეუთავსებლობის პრინციპის დაცვით მიიღწევა.
რამაზ გახოკიძე: აგრესიას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ასეთებია: ფსიქოლოგიური მიზეზები – გადაღლა, ქრონიკული უძილობა, შიში, სტრესული სიტუაცია, ნარკოტიკული დამოკიდებულება, ნიკოტინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება; ფიზიოლოგიური მიზეზები – ჰორმონული ცვლილებები, გამოწვეული ორსულობით, კლიმაქსით, წინამენსტრუალური სინდრომით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით. კლიმაქსის პერიოდში ქალების გამაღიზიანებლობას იწვევს ჰორმონული ცვლილებანი და ჰიპოვიტამინოზი. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმს აკლია B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავები. მამაკაცთა გამაღიზიანებლობა კლიმაქსის დროს კი, გამოწვეულია ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირებით. ამ ჰორმონის დეფიციტი მამაკაცებში იწვევს აგრესიას. ამ შემთხვევაში, აუცილებელია სრულფასოვანი ძილი. ტესტოსტერონი მრავალ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. როგორც კაცებში, ისე ქალებში ჰორმონი იწვევს „სექსუალურ ლტოლვას“. ტესტოსტერონი იშლება სხვა ნივთიერებებად, მაგალითად, სიხარულის ჰორმონებად - დოფამინად და სეროტონინად. ჭარბი ტესტოსტერონი კი იწვევს აგრესიას.
– მართალია, რომ ორგანიზმში ჰორმონების დონეზეა დამოკიდებული, როგორ იღებს რუჯს კანი?
– ამა თუ იმ ჰორმონის დაქვეითებული გამომუშავებით, თქვენ მზეზე ცუდად ირუჯებით და სწრაფად იწვებით. ტესტოსტერონის სინთეზს აფერხებს ალკოჰოლი. არსებობს მრავალი ნივთიერება, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის გაზრდა და ესტროგენის დონის დაქვეითება. ჰორმონული ბალანსისთვის აუცილებელია კალციუმის გლუკონატი, რომელიც შედის ბოსტნეულში; თუთია – ჰორმონის მუშაობისთვის; სელის ზეთი – ხელს უწყობს ნორმალური ფიზიკური მდგომარეობისა და ესტროგენის დაბალი დონის შენარჩუნებას, ამუხრუჭებს სიმსივნეების წარმოქმნას; კვერცხი, რომელიც ტესტოსტერონის სინთეზის საფუძველია, უჯრედისი, რომელსაც ცხიმებთან ერთად გამოაქვს ესტროგენები, რაც შეუცვლელია მისთვის, ვისაც გახდომა სურს. აგრესია, როგორც დაავადების სიმპტომი, შეიძლება განვითარდეს შემდეგი პათოლოგიებისას: ინფექციური დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ტრავმით მიღებული სტრესის, ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების, მაგალითად, ნევროზის დროს. ზოგჯერ აგრესია შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო პრეპარატთა შეუთავსებლობამაც.
– აქვს თუ არა აგრესიულობას კავშირი არსრულფასოვან და უხარისხო საკვებთან?
– აგრესიულობის მიზეზი შესაძლოა, გენეტიკურიც იყოს. ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობა შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაეცეს. გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აგრესიულ მამაკაცებს აქვთ დეფექტური გენი, რომელიც განსაზღვრავს განსაკუთრებული ფერმენტის - მონოამინოქსიდაზის მუშაობას, რომლის მოლეკულები ნაწილდება ნერვული უჯრედების შეერთების წერტილის გარშემო. სწორედ ამ წერტილებში ხდება ნერვული იმპულსის გადაცემა ერთი უჯრედიდან მეორეზე, განსაკუთრებული „შუამავალი“ ნივთიერებების – ნეირომედიატორების საშუალებით. ამიტომ, შუამავალ ნივთიერებათა ნაწილი რჩება უჯრედშორის სივრცეში. აღმოჩნდა, რომ თუ ისინი ადვილად იშლებიან მონოამინოქსიდაზით, აგზნება სწრაფად ცხრება და ადამიანი მშვიდდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა მონოამინოქსიდაზი დაზიანებულია, აგზნება გაიწელება და ადამიანი იმყოფება ძლიერ გაღიზიანებულ მდგომარეობაში, რაც მას სასტიკი საქციელისკენ უბიძგებს. აგრესიის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არასრულფასოვანი და უხარისხო საკვებიცაა. საკვების შედგენილობამ, ასევე წყლის ხარისხმა, შეიძლება გავლენა იქონიოს აგრესიულობაზე. რაციონში ცილების დეფიციტი გავლენას ახდენს ამინომჟავათა დეფიციტზე, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს აგრესიას. ასევე, აგრესიას იწვევს ვიტამინების, განსაკუთრებით, B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. მაგალითად, 200 მილიგრამი ნიაცინის (B3 ვიტამინი, PP ვიტამინი) დამატება ერთ კილოგრამ რაციონში ამცირებს აგრესიას. აგრესიის თავიდან აცილება, შეიძლება პანტოთენის მჟავის (B5 ვიტამინი), პირიდოქსინის (B6 ვიტამინი) და თიამინის (B1 ვიტამინი) საშუალებით. ისინი მონაწილეობენ ნერვულ ფუნქციებში. სტრესებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი პირდაპირ არის დაკავშირებული ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის (B9 ვიტამინი) საკმარის რაოდენობასთან. აღნიშნული ვიტამინი მონაწილეობს სეროტონინის გამომუშავებაში. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის სიმპტომებია: თავის ტკივილი, სისუსტე, სწრაფი დაღლა, უძილობა, ცუდი მახსოვრობა, უხასიათობა, კანის დაავადებები. მისი მწვავე უკმარისობით, სისხლში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი და ვითარდება აგრესია, მანიაკური მდგომარეობა. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ცილების ნორმალურად შეთვისებას, დადებითად მოქმედებს სისხლის ხარისხზე და ხელს უშლის ანემიის განვითარებას. ის აუცილებელია ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ფოლიუმის მჟავის ბუნებრივი წყაროებია: ოხრახუში, მწვანე სალათა, კომბოსტო, ასკილი, შავი მოცხარის, ჟოლოს, ცაცხვის, არყის ხის ფოთლები და სხვა. მას შეიცავს ლობიო, ჭარხალი, გოგრა, სტაფილო, კიტრი, გარგარი, ფორთოხალი, ბანანი და სხვა. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან B9 ვიტამინით მდიდარია ყველი, რძე. B9 ვიტამინს ორგანიზმი ვერ ითვისებს B12 ვიტამინის დეფიციტის დროს. აგრესიას იწვევს მიკროელემენტების ნაკლებობაც. თითოეული მათგანი აკონტროლებს ორგანიზმის განსაზღვრულ ფუნქციას. ჰიპერაქტიურობას და აგრესიას იწვევს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, მაგნიუმის უკმარისობა. მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში ქმნის ტყვიის დაგროვების ხელსაყრელ პირობებს. ტყვია კი განსაკუთრებით მავნეა ცენტრალური ნერვული სისტემისთვის. მაგნიუმი პასუხისმგებელია ნერვული სისტემის მუშაობაზე და გვეხმარება სტრესებთან ბრძოლაში, აცხრობს ჭარბ აგზნებადობას. აგრესიული ქცევის სტუდენტთა ჯგუფში მაგნიუმის დონე თითქმის ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე არააგრესიულ სტუდენტებში. მაგნიუმის, ისევე როგორც რკინის, კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების შეთვისებას, აქვეითებს ანტიბიოტიკები. მაგნიუმი განსაკუთრებით სჭირდება მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ქუთუთოების თამაში, კიდურების დაბუჟება, ტირილის სურვილი, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, რეაქცია ამინდის ცვლილებაზე, არითმია და გულმკერდში მკვეთრი ტკივილი, თმის ცვენა, მსხვრევადი ფრჩხილები, კოშმარული სიზმრები, უძილობა – ყოველივე ეს მაგნიუმის დეფიციტზე მეტყველებს. ყოველდღიურად ჯანმრთელ ადამიანს სჭირდება 300 მილიგრამი მაგნიუმი. ამ რაოდენობას შეიცავს 6 გრამი ნიგოზი და 3 ნაჭერი შავი ჭვავის პური. მაგნიუმს შეიცავს ბოსტნეული, ხორცი, ყველი, ჩირი, სოია, წიწიბურას ბურღული. აგრესია შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის დეფიციტმაც.
– მართლია, რომ ამინდი, გარკვეული სუნი და მუსიკაც განაპირობებს ადამიანში აგრესიის გამძაფრებას?
– ჰაერის ზომიერად მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს აგრესიული ტენდენციების გამწვავებას. ასევე, აგრესიული რეაქციები ძლიერდება სიგარეტის ბოლის და არასასიამოვნო სუნის შემთხვევაშიც. აგრესია შეიძლება, გამოიწვიოს როკ-მუსიკამაც, თავისი ხშირი დისონანსითა და ბგერის სიმაღლით. ასეთი ბგერითი სტრესის გამო თირკმელზედა ჯირკვლებიდან გამოიყოფა სტრესული ჰორმონი - ადრენალინი. ადრენალინის ჭარბად გამომუშავებისას ხდება მისი ნაწილობრივი დაშლა ადრენოქრომად, რაც ფსიქიკაზე მოქმედებს ნარკოტიკის მსგავსად.