კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭარბ წონასა და არტერიულ წნევას შორის პირდაპირი კავშირია


ასაკში შესვლის დროს, უმეტესობას აწუხებს ჭარბი წონა. გაითვალისწინეთ, რომ ჭარბ წონასა და არტერიულ წნევას შორის პირდაპირი კავშირია. ამიტომ, ჰიპერტენზიასთან ბრძოლა ადამიანმა კვების რეჟიმის გამოსწორებით უნდა დაიწყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხიმის დაგროვებას მუცლის ირგვლივ. სხეულის მასის შემცირება კი ამცირებს არტერიულ წნევას. აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას. ძირითადი მნიშვნელობა ამ მხრივ მოხმარებული ცხიმისა და მარილის რაოდენობას ენიჭება. ცხოველური ცხიმები, რომლებიც ორგანიზმში საკვების სახით ხვდება, შეიძლება, გახდეს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით დაგროვების მიზეზი. ქოლესტერინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ, მისი გადაჭარბებული რაოდენობა ქმნის ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს.
სასურველია, ადამიანმა საკვებ რაციონში შეზღუდოს ცხიმები, ხორცის პროდუქტები, შემწვარი საჭმელი, უპირატესობა კი მიანიჭოს რძისა და მცენარეულ პროდუქტებს, რაც მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმებს.
ასევე, აუცილებელია მარილის შეზღუდვაც, რადგან ის ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს.
თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, უნდა დაიცვათ წონასწორობა საკვებით მიღებულ და დახარჯულ ენერგიას შორის. თუ მიღებული ენერგიის რაოდენობა ჭარბობს მის დანახარჯს, მაშინ ენერგიის ეს სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების სახით გროვდება. ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კი, აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკული დანახარჯის რეალურ დონეს.
მიირთვით უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი, მარცვლოვანი კულტურები. უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან და მიკროელემენტებით: კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარ საკვებს. ეცადეთ, საკვები დაძინებამდე 5 საათით ადრე მიიღოთ, რათა ორგანიზმი ღამით დაასვენოთ.
ზომიერი ფიზიკური აქტივობა ათეროსკლეროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, გულის იშემიურ დაავადებას ეფექტურად ებრძვის. ვინც ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევა, სისტემატურად ვარჯიშობს, აღენიშნება სისხლის ლიპიდური სპექტრი, უმცირდება თრომბის წარმოქმნის საშიშროება, უვითარდება დამატებითი, წვრილი სისხლძარღვები, რაც კვებავს გულის კუნთს. ასეთი ადამიანის ორგანიზმი ადვილად თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისა და წიდებისგან.
 ასევე, საჭიროა რეგულარული ვარჯიში, კვირაში 3-ჯერ მაინც. სულ მცირე, 1 საათის განმავლობაში, კარგია ფეხით სიარული, ცურვა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს, გადაღლას.

მოციმციმე არითმია ინსულტის ერთ-ერთი ნიშანია
მოციმციმე არითმიის დროს წინაგულებში მკვეთრად ნელდება სისხლის დინება. ეს კი თრომბების აღმოცენების მიზეზი ხდება. როცა მკურნალობის შედეგად გულის მუშაობის ნორმალური რიტმი აღდგება, შესაძლებელია, თრომბის ფრაგმენტები მოწყდეს და რომელიმე ორგანოს სისხლძარღვებს დაეცოს. უფრო ხშირად ეს ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი. ამიტომ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის პრეპარატები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.
მოციმციმე არითმიის დროს დარღვეულია იმპულსის წარმოქმნა. ამ დროს წინაგულები კარგავს სინქრონული შეკუმშვის უნარს და იწყებს ქაოსურ ციმციმს.
წინაგულების ციმციმი განპირობებულია თავად გულის პათოლოგიით ან გარეშე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით. მისი აღმოცენების ძირითადი მიზეზია მიოკარდიუმის ინფარქტი, ჟანგბადის ნაკლებობა, თირეო-ტოქსიკოზი, გულის მანკი, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ინფექციური დაზიანება.
ასაკში შესული ადამიანებისთვის ახლად აღმოცენებული მოციმციმე არითმია შეიძლება, ფარულად მიმდინარე იშემიის, ანუ გულის კუნთის კვების მოშლის შედეგი იყოს. ახალგაზრდებში კი ამის მიზეზი ხშირად მიტრალური სარქველის პროლაფსის არასწორი მუშაობის შედეგია.
ხშირად არითმია დაავადების არსებობის გარეშეც აღმოცენდება, მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას. მოციმციმე არითმიის განვითარების დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა. წინაგულების ციმციმი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა სახის არითმიასთან და იმპულსის გატარების მოშლასთან.
ასევე, ხშირად მას თან ერთვის ტაქიკარდია, ანუ პულსის გახშირება. ამ დროს გული დიდ სამუშაო დატვირთვას იღებს, რის შედეგადაც შეიძლება, აღმოცენდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ეს კი, სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია.
არითმიის გამო შეიძლება, დაქვეითდეს გულის მუშაობის ეფექტურობა, რაც მეორე გართულების, კერძოდ კი, გულის უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს.
წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს მკურნალობის მიზანია პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირის შემცირება და ნორმალური რიტმის აღდგენა. უმჯობესია, არითმიის აღმოცენების, პირველ დღეებშივე ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი.

ვახშმობისას თაფლიანი რძე ტკბილ ძილს მოგგვრით
მიანიჭეთ უპირატესობა ახალ ხილსა და ბოსტნეულს. იყიდეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ, რადგან ერთი დღის განმავლობაში მაცივარში დებისგან ის სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავს. ნუ მოამზადებთ რამდენიმე დღის მარაგს, რადგან წინა დღით მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.
საუზმეზე კარგია ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. ადამიანს დილით ჩაი უფრო აფხიზლებს და ენერგიით ავსებს, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან ვინც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს ამას ვახშამზე. ეს კი, ორგანიზმისთვის არ ვარგა.
სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ, ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.
რაციონალური ვახშამი გამოგივათ, თუ დაძინებამდე ორი ან სამი საათით ადრე ბოსტნეულს, თევზსა და ორცხობილას მიირთმევთ. ჭამის დროს არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.
საუზმეზე, სადილობასა თუ ვახშამზე სუპებიც კარგია. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია. თან, სუპის შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ.
კვირაში სამი დღე საუზმეზე უცხიმო ყველი მიირთვით, თან უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი დააყოლეთ. ლანჩზე, შეგიძლიათ, უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ და ზედ, ერთი ჭიქა კეფირიც მიაყოლოთ.
სადილად შეგიძლიათ, ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი მიირთვათ; ვახშმის დროს კი ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, ერთი ჩაის კოვზი თაფლით ტკბილ ძილს მოგგვრით.

ძილის დარღვევა ნევროზის ნიშანია
ძილის დარღვევა ნევროზის ერთ-ერთი სიმპტომი ან მისი მომასწავებელი ნიშანია. უძილობის მიზეზი, ასევე შეიძლება, იყოს სექსუალური მოშლილობა, გადაღლა, ნერვიულობა, სტრესი, უარყოფითი ემოციებით გადატვირთული მდგომარეობა და ასე შემდეგ.
მედიკამენტური მკურნალობის გარდა, არსებობს ზოგადი რჩევები, რაც ძილის აღდგენისა და ნერვული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას იძლევა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
*სანამ დასაძინებლად დაწვებით, საძინებელი ოთახი კარგად გაანიავეთ. უმჯობესია, ღამით ფანჯარა ოდნავ შეღებული დატოვოთ.
* ლოგინი ზომიერად რბილი შეარჩიეთ, სასთუმალი, უმჯობესია, ჩრდილოეთით გქონდეთ.
* დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და ჰაერი ღრმად ისუნთქეთ.
* სანამ დასაძინებლად გაემზადებით, მიიღეთ თბილი შხაპი.
*ძილის წინ ნუ მიეძალებით საკვებს.
*არ არის სასურველი, ძილის წინ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყურება და უარყოფითი ემოციებით გადატვირთვა; ნერვული სისტემის აღგზნება არასასიამოვნო წიგნის კითხვით ან გადაცემებით.
*ძილის წინ მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან სასიამოვნო თემებზე, ნუ აჰყვებით ცუდ ფიქრებს და ნუ დაიწყებთ მომავალი დღის გეგმების დასახვას.

ახალი ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია, ალკოჰოლი კი – მტერი
ღვიძლის უჯრედებს შესწევს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს გარკვეულ ზღვრამდე. ალკოჰოლმა, ზოგიერთმა წამალმა, ვირუსებმა, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვიძლს, რაც მაშინვე აისახება მთელ ორგანიზმზე. ამ დროს იცვლება სახის ფერი, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროთ სისხლის ბიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, აუცილებელია ანალიზი ჰეპატიტის ვირუსზე, რომელიც შვიდი სახისაა. მათგან A და B ჰეპატიტით დასნებოვნება დაკავშირებულია წყალთან და ჰაერთან, ასევე, საკვებთან.
ღვიძლის დაუძინებელი მტერია ალკოჰოლი. სპირტი გადამუშავდება ღვიძლის უჯრედებით. მაგრამ, თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ღვიძლში ირღვევა ცვლის პროცესი, უჯრედები კვდება და ვითარდება ციროზი. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ღვიძლი ალკოჰოლით. ასევე, დიდი რაოდენობით არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, მწარე და შებოლილი პროდუქტები.
ახალი ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია, რადგან მათი დახმარებით ორგანიზმიდან გამოიდევნება მძიმე ლითონები და ტოქსინები. ღვიძლისთვის კარგია ვიტამინები ნატურალური სახითაც, ზეთებიდან კი სიმინდის, ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთი.
როგორ ადამიანებს ეკრძალებათ სოლარიუმში გარუჯვა
მათ, ვისაც აქვთ თეთრი კანი, ქერა თმა, ჭორფლი და ცისფერი თვალები, რომელთაც ძალიან სწრაფად ეწვებათ კანი მზისგან, მაგრამ არ ირუჯებიან, ეკრძალებათ სოლარიუმში ულტრაიისფერი დასხივება. ასევე, აუცილებელია, რეგულარულად გაისინჯოს კანზე ხალი, ყურადღებით დაათვალიეროთ, რათა არ გამოგეპაროთ მელანომის განვითარების პირველი ნიშნები.
მელანომა არის კანის სიმსივნე, რომელიც მის ზედაპირზე ჩნდება. ის ძირითადად ვითარდება ხალებისგან, მაგრამ, შეიძლება წარმოიქმნას სუფთა კანზეც. კეთილთვისებიანი ხალები თანაბარი და გლუვია, ბრტყელი ან ოდნავ ამობურცული და არ იზრდება. ხალის გარეგნული სახის ნებისმიერი ცვლილება, მაგალითად, ქავილი, სისხლდენა ან ტკივილი მიანიშნებს მის გადაგვარებაზე.
მელანომა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან წარმონაქმნად. სასურველია ამ დაავადებების ადრეულ ასაკში აღმოჩენა, რადგან, დაგვიანებული დიაგნოზი, როგორც წესი, ავადმყოფისთვის ტრაგედიით მთავრდება.
განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც კანზე ბევრი თანდაყოლილი ხალი აქვს, მით უფრო დიდი ზომის.

скачать dle 11.3