ნატო ვაჩნაძესთან მიახლოების გამო მამაკაცების ხანჯლებით აკუწვის საშიშროება იყო
„ყველა მამაკაცი, რაიკომის მდივნებიდან დაწყებული მწყემსებით გათავებული, ბედნიერად მიიჩნევდა თავს, ცოტა ხანს მაინც ახლოს შეხებოდა ამ სილამაზეს. კარგად მახსოვს, ვიყავით თუშეთში, ბახტრიონზე, მეცხვარეებთან. თან, გვახლდა ახმეტის რაიკომის მდივანი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე, დევივით ვაჟკაცი, თუში. მთელი ღამე ბახტრიონის მთაზე გავატარეთ. დაკლეს რამდენიმე ცხვარი, ზოგი შეწვეს, ზოგი მოხარშეს, ზოგი კი ნაცარში ჩათუთქეს მეცხვარეების წესზე. მთელი ღამე გაგრძელდა ღრეობა. უკრავდნენ ფანდურზე და ბუზიკაზე. გამართული იყო ცეკვა-თამაში. და, აი, გადმოცქრიალდა ნატო… მართლაც ქალღმერთს წააგავდა, სახე გაბრწყინებული, ბროლივით თეთრი კბილებით. მიგოგმანებდა ეს მზეთუნახავი და საცეკვაო წრის ირგვლივ მდგარი თუში მწყემსები, ამ სურათის მნახველნი, აღტაცებას ვერ მალავდნენ. ნატოს კოლმეურნეობის თავმჯდომარე გამოეთამაშა… როდესაც „ქართულის” წესის მიხედვით ნატო შედგა და ცეკვა მისმა პარტნიორმა განაგრძო, გადახტა ერთი მოხუცი მწყემსი და ჩაერია ცეკვაში. ამ დროს რაიკომის მდივანი ეუბნება ნატოს: ქალბატონო ნატო, შეწყვიტეთ ცეკვა, თორემ ხომ ხედავთ, როგორ ატოკდნენ მწყემსები. შეიძლება აქ ყველანი ხანჯლებით აგვკუწონო”- იხსენებს ალექსი მაჭავარიანი (წყარო: „ბურუსი“).
დღეს სწორედ ამ მშვენიერების, ნატო ვაჩნაძის დღიური მინდა შემოგთავაზოთ. ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ის მართლა ლეგენდა იყო არამხოლოდ თავის სილამაზით, შინაგანი ბუნებით და ცხოვრებით – მართლაც ხელშეუხებელი, სულ სხვაგვარად აღიქვამდნენ მას თუნდაც იმ დროში, რომელშიც ის არსებობდა. მისი წასვლაც ამქვეყნიდან გამორჩეული იყო, ცაში ვარსკვლავივით იკაშკაშა და გაუჩინარდა.
გიორგი შენგელაია: „ქართული გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ, ახალმა თაობამ შეიძლება არც კი იცის, რომ მას სხვადასხვა სისხლი ერია. თვითონ იყო ანდრონიკაშვილი, დედამისი – ეკატერინე სლივიცკაია – პოლონელი, ბებია კი იტალიელი მომღერალი ყოფილა, გვარად ვოზოლი. თბილისში იტალიური ოპერა რომ დაარსებულა, ვორონცოვს ის სხვა მომღერლებთან ერთად მოუწვევია. მას მშვენიერი მეცოსოპრანო ჰქონია, მაგრამ გათხოვილა კაპელმეისტერ შონინგზე, სცენა მიუტოვებია და თბილისში დარჩენილა. მათი შვილი – დედაჩემის დედა, ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელიც დედით რუსი იყო. დედას გარეგნობაში ეს ინტერნაციონალური სილამაზეც ჩანს. მაშინ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსახიობის გარეგნობას. იცით, რა არის პარადოქსი? საბჭოთა კინოს სათავეებთან თითქმის ყველა მთავარი როლის შემსრულებელი მაღალი წოდების წარმომადგენელი იყო. გარეგნულადაც გამორჩეულები იყვნენ და შინაგანადაც, მორალითაც... ისეთი წარმატება, როგორც მუნჯ ფილმებს ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ჰქონდა, არაფერს ჰქონია იმ წლებში. დედა ხმოვან ფილმებშიც მონაწილეობდა, მაგრამ, როგორც კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ და მეც ვეთანხმები, ნატოს მთელი სიძლიერე ისაა, რომ ძალზე გამომსახველად თამაშობდა, იმ სურათებში სიტყვა ზედმეტი იყო... მაშინ ხალხი კინოში მსახიობისთვის დადიოდა. „არსენა ყაჩაღი”, „სამი სიცოცხლე”, „მამის მკვლელი” – ანშლაგით გადიოდა რუსეთში. ამ ფილმებმა უდიდესი პოპულარობა და შემოსავალი მოუტანა ქართულ კინოს... იმ წლებში ჩვენც, როგორც ყველას, გვიჭირდა. დედა, თამარ ჭავჭავაძე, ვასო გოძიაშვილი, კირა ანდრონიკაშვილი, მწერლებთან ერთად, რაიონებში კონცერტებს მართავდნენ, რომ ლუკმაპური ეშოვათ… ნამდვილი ვარსკვლავი იყო, თუმცა ვარსკვლავური ცხოვრება არ ხიბლავდა. სადა და უბრალო იყო ყოფაცხოვრებაში. თავს განსაკუთრებულად არ უვლიდა, ჩაცმით თუ სამკაულებითაც არ ყოფილა გატაცებული… დედას რომ შეხედავთ ეკრანზე, მიხვდებით, როგორი თბილი, რბილი ადამიანი იყო. ხალხს არ უყვარს ცივი სილამაზე. ლამაზი ქალი ბევრია, მაგრამ მისი თვალებიდან სიკეთე, სიმშვიდე გამოსჭვიოდა... არაჩვეულებრივი სისადავე და მომხიბვლელობა უბრალო ადამიანებს უადვილებდა დედასთან ურთიერთობას. მისი უბრალოება გამოიხატებოდა მის დემოკრატიულ საქციელში (იმ გაგებით კი არა, ახლა რომ ვხმარობთ). სულ ხალხში იყო, არ მიილტვოდა განსაკუთრებული გარემოსკენ. მთაწმინდაზე ვცხოვრობდით და სადმე მისვლას საათობით ვუნდებოდით (მაშინ ქალაქი უნივერსიტეტთან თავდებოდა), რადგან დედას გზაში აჩერებდნენ, ესაუბრებოდნენ... ჩვეულებრივ თბილისურ ეზოში ერთად ვცხოვრობდით ქართველები, რუსები, ბერძნები, სომხები, ქურთები... უყვარდათ უშურველობის, თავმდაბლობის გამო. პურიც კი გამოუცხვია მეზობლებთან ერთად… მარტომ გაგვზარდა თენგიზი, ელდარი და მე. მისი გაბრაზება, დასჯა არ მახსოვს. ხმას არასოდეს აუმაღლებდა, მაგრამ მისი მცირეოდენი საყვედურიც კი ჩვენზე მაგიურად მოქმედებდა. ომის დროს პური ბარათებით იყო. ოჯახში რამდენი სულიც იყო, იმდენად ვყოფდით. ერთხელ ქუჩის ბიჭმა დამიყოლია, შინიდან ერთი ნაჭერი პური მოვიპარე და გავუტანე. დედას საყვედური არ უთქვამს, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა, აღარ მეფერებოდა. მერჩივნა, დავესაჯე…“
ელდარ შენგელაია: „მამა რომ დავკარგეთ, მე-9 წელში ვიყავი, გიორგი 4-ის იყო. ოჯახში მამის კულტი იყო. ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი გახლდათ მისი შეხედულებები, ყველაფერი მისი თვალთახედვით იზომებოდა. ისეთი სიტუაცია იქმნებოდა, თითქოს უმამოდ არ ვიზრდებოდით. დედას ძალიან უნდოდა, შვილებს მამის სამშობლო გვენახა. ეს მაშინ ძნელი იყო. მამის სოფელში – ობუჯში მოვხვდი, როცა დედა ცოცხალი აღარ იყო. ზუგდიდში თავად წაგვიყვანა მამაჩემის ბიძასთან, თომა შენგელაიასთან. ამ მხრივაც ხიდი გადო მამასთან და მის ნათესავებთან. მერე უკვე თვითონ გავიკვლიეთ გზა სამეგრელოსკენ. ობუჯში პატარა მუზეუმის მოწყობასაც ვაპირებდით. 4 თვალი ოდა გვქონდა. ერთში მამის კუთხის მოწყობა გვინდოდა, მისი ნივთებითა და ფოტოებით, დანარჩენი ოთახებისთვის კი – ეთნოგრაფიული იერის მიცემა. იმიტომ რომ, არაჩვეულებრივი ეზო-ყურე იყო. მამაჩემის ბაბუას ეზოში ხელოვნური ტბა გაუკეთებია და თევზი მოუშენებია, პატარა წისქვილიც გაუმართავს... საუბედუროდ, 90-იან წლებში ეს სახლი დაწვეს. შემდეგ აღდგენა გვინდოდა, მაგრამ ჩვენს დროში ამ ყველაფრის გაკეთება იოლი არ არის.“
გიორგი შენგელაია: „ჩემს მშობლებს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ და მეგობრობდნენ. მათი შეხვედრა იდეალური შემთხვევა იყო – ერთმანეთს ჰგავდნენ, ორივე მოსიყვარულე, უბრალო, დადებითი მუხტის მქონე ადამიანი იყო. მატერიალური კეთილდღეობა არასდროს უძებნიათ. მამა გადაღების შემდეგ უკანასკნელი ფულით მთელ ჯგუფს პატიჟებდა…“
***
1926 წელს თბილისში, ლიტერატურული საღამოს მოსაწყობად ჩამოსულა ვლადიმირ მაიაკოვსკი, ნიკოლოზ შენგელაიას მეგობარი. ნატოს და ნიკოლოზს თეატრში დაგვიანებიათ და ხალხით გაჭედილი დარბაზის გასასვლელის ბოლოში გაჩერებულან. პოეტს ისინი სცენიდან დაუნახავს და თავისი ძლიერი ხმით დაუძახია: რას დამდგარხართ მანდ სვეტივით, მოიწიეთ აქეთ ახლოს და ჯვარს დაგწერთო. „მე ახალგათხოვილი ვიყავი, ვნერვიულობდი, ასე რომ მივიპყარით ყურადღებაო, – წერს ნატო, – ამ სიტყვებზე დარბაზში სიცილი ატყდა და ჩვენც გულზე მოგვეშვა… ამიერიდან, ლეგალიზებული იყო ჩვენი ურთიერთობაო.…“
ელდარ შენგელაია: „დედა ოცნებობდა მეოთხე შვილზე, ძალიან უნდოდა ქალიშვილი, მაგრამ მისი ცხოვრება ისე წარიმართა, არ დასცალდა. თითქმის სულ ბიჭებით გარემოცული თავის ძმისშვილს, კირა ანდრონიკაშვილს განსაკუთრებით ეფერებოდა... დედას დისშვილებთან და ძმისშვილებთან ერთად ვიზრდებოდით და ერთმანეთს ძმებს ვეძახდით. დედას ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ბუნებრივია, ოჯახში მოთხოვნებიც იყო, მაგრამ დედა ყოველთვის რბილად და სიყვარულით გვეპყრობოდა. თუმცა, მე და გიორგი სხვადასხვანაირები ვიყავით. ის გამგონი იყო და კარგადაც სწავლობდა (სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა), მე კი რთული ბავშვი ვიყავი და დედას პრობლემებს ვუქმნიდი. 12-13 წლის ვიქნებოდი, ისე გავამწარე, გადაწყვიტა, სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში გავეგზავნე. ეს რომ გავიგე, შინიდან გავიქეცი და რამდენიმე დღე სხვენში ვცხოვრობდი. ერთი ამბავი ატყდა… ბოლოს გადაიფიქრა. მეც დავპირდი, რომ კარგად მოვიქცეოდი, მაგრამ ძველებურად ვაგრძელებდი. 14 წლის რომ შევსრულდი, დედამ პატარა სუფრა გამიშალა, მესტუმრნენ მეგობრები, შემოუსხდნენ მაგიდას. დედამ დაგვლოცა, ცოტა მოსვა და დანარჩენი სუფრას გადაასხა. ასეთი ჟესტი გააკეთა – სუფრა „ახადა”, იქეიფეთო და დაგვტოვა, რომ თავისუფლად გვეგრძნო თავი. ასეთი იყო მეგობრებთანაც. ზოგჯერ გვეტყოდა ხოლმე – დღეს ჩემთან მეგობრები მოდიან და დიდ ოთახში გეკრძალებათ გამოსვლაო. ისეთ დროს ატარებდნენ მწვანილსა და ერთ ბოთლ ღვინოზე (მეტის საშუალება არ იყო)…“
გიორგი შენგელაია: „არ „ვარსკვლავობდა” და არც შვილებს გვქონდა ამის შეგრძნება. კულმინაცია, როცა ხალხმა ყველაზე მეტად გამოხატა დედასადმი სიყვარული და ვიგრძენით მისი პოპულარობა, იყო – 1947 წელს დედას კინოში მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო საღამო ოპერის თეატრში. ეს დიდ მოვლენად იქცა. ყველა ცდილობდა თეატრში მოხვედრას. ცხენოსანი მილიცია იცავდა შენობას. შვილები და ახლობლები ძლივს შევედით...“
***
სტალინის ეპოქის სუსხი არც ნატო ვაჩნაძის ოჯახს ასცდა... განსაკუთრებით სასტიკ, რევოლუციის, 20-იან წლებში მოუხდა მოღვაწეობა. ელდარ შენგელაია: „დედა იგონებდა, რომ ყოველწლიურად კინოსტუდიაში დიდი კრება იმართებოდა, სადაც კოლექტივს კლასობრივი თვალთახედვით აფასებდნენ და „ასუფთავებდნენ”. დედას სცენაზე გამოიყვანდნენ ხოლმე (სულ ოციოდე წლის იქნებოდა) და იტყოდნენ: ნატო ვაჩნაძე თავადის ქალია და ამიტომ მისი კოლექტივიდან გარიცხვის საკითხი უნდა დაისვასო. მერე იწყებოდა მსჯელობა და ბოლოს გადაწყვეტდნენ – თუ ნატოს გავუშვებთ, ჩვენი საქმეები მაინცდამაინც კარგად არ წავაო და დროებით ტოვებდნენ… საბედნიეროდ, მალე დაანებეს თავი. დედას ბევრი მეგობარი დაიჭირეს. მათ შორის იყო ტიციან ტაბიძე, რომლის ოჯახიც ჩვენი ძალიან ახლობელი იყო. ჩვენი სიძე, დეიდაჩემის ქმარი, ცნობილი რუსი მწერალი ბორის პილნიაკი დახვრიტეს. დეიდა სამშობლოს მოღალატეთა ცოლების საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს ციმბირში. ქართული კულტურის ერთ-ერთ დეკადაზე დედამ გაბედა, სტალინთან მივიდა და მისი გათავისუფლება სთხოვა, – ჩემი და არაფერ შუაშია და ჩემს თავზე ვიღებ ყოველგვარ პასუხისმგებლობასო. მართლაც, დეიდა ცოტა ხანში გაათავისუფლეს, მაგრამ თბილისში დასახლების უფლება არ მისცეს… მე უკვე სტუდენტი ვიყავი, ჩვენს ინსტიტუტში პირველი საგამოცდო წელი იყო. ვინც თავს ვერ გამოიჩენდა, კომისია რიცხავდა. დედა ჩემი ხასიათის გამო ძალიან ღელავდა, როგორ ჩავაბარებდი გამოცდებს, რადგან უცნაური ვიყავი, მხოლოდ საყვარელ საგნებს ვსწავლობდი. იმ დროს მოსკოვთან ახლოს ჯარში მსახურობდა ჩემი მეგობარი თემიკო ჩირგაძე, ჩემი ფილმების („არაჩვეულებრივი გამოფენა”, „ცისფერი მთები”…) მომავალი გმირი და თავისუფალ დღეებში ბიჭები მასთან წავედით. დედამ მითხრა, თუ დროზე არ ჩამოხვალ, თბილისში არ წავალო. იქ ვიქეიფეთ, დავლიეთ. მაინც დილის 4-ზე გამომეღვიძა (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძილი ძალიან მიყვარდა), თემიკო გავაღვიძე – დედას დავპირდი და აუცილებლად უნდა ჩავუსწრო-მეთქი. საბარგო მატარებლით ვიმგზავრე, რამდენიმე ტრანსპორტი გამოვიცვალე და როგორც იქნა, სახლამდე მივაღწიე. დედა უკვე ბილეთების ჩასაბარებლად მიდიოდა. საუბედუროდ, ისე მოხდა, რომ დედა მე ჩავსვი ავტობუსში, მივაწოდე ბარგი, ბოლოჯერ შევხედე, დავემშვიდობე, ხელიც დავუქნიე, გავაცილე დედა და გავაცილე… დედას ასეთი ტრაგიკული წასვლა ჩემს გულში განსაკუთრებულ ტკივილად რჩება...“
გიორგი შენგელაია: „1953 წელს, ეს უდიდესი ტრაგედია თავს რომ დაგვატყდა, თხუთმეტნახევარი წლის ვიყავი. უმცროსი შვილი, დედას, ბუნებრივია, მეტად ვყავდი განებივრებული. ივნისი იყო (იმ დღეს თბილისშიც იყო ჭექა-ქუხილი). შემზარავად მახსოვს ის დღეები. დედა გაქრა… თვითმფრინავმა ჭექა-ქუხილში ვერ გაიარა და ჩამოვარდა… მამას სოფელთან ახლოს, ტყეში, მამა კი კახეთის გზაზე გარდაიცვალა. ეს თითქოს, სიმბოლური იყო… დედას პანაშვიდებზე აუარება ხალხი მოდიოდა... გალაკტიონი შემოვიდა, მოთქმით ტიროდა. მიცვალებულს შემოუარა და რატომღაც მე ჩამეკრა. ჩვენს ოჯახთან ახლოს არ იყო, მაგრამ, ეტყობა, იგრძნო, რომ მე ვიყავი უმცროსი და ყველაზე ცოდო, მე მომატირა… დედის გარდაცვალების შემდეგ ძმები მარტო ვცხოვრობდით და დამოუკიდებლად გავიკვლიეთ გზა...“