როგორი ამინდი გველოდება ზაფხულის თვეებში და აიწევს თუ არა ტემპერატურა ანომალიურ ზღვრამდე
თუ ასაკში შესულ ადამიანებს დავუჯერებთ, მათი თქმით, ბოლო წლებში ამინდი მკვეთრად შეცვლილია. წლევანდელი გაზაფხული საკმაოდ ნალექიანი აღმოჩნდა. წვიმამ, სეტყვამ და წყალმოვარდნებმა დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს მთელ რიგ რეგიონებს და მოსახლეობის უმრავლესობა მოსავლის გარეშე დატოვა. თუ როგორი ამინდი გველოდება ზაფხულის თვეებში, აიწევს თუ არა ტემპერატურა ანომალიურ ზღვრამდე და ახდენს თუ არა ამაზე გავლენას დედამიწაზე დაწყებული გლობალური დათბობისგან გამოწვეული კლიმატური ცვლილებები – ამასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე გვესაუბრება.
– გლობალური დათბობის პროცესებმა, რასაკვირველია, გამოიწვია კლიმატის შეცვლა დედამიწაზე. თუმცა, ეს საკმაოდ ნელი პროცესია. კლიმატის ცვლილება საქართველოში მაინცადამაინც თვალშისაცემი არ არის. მართალია, ყველას უკვირს და ბევრი მეკითხება, რატომ იყო წლევანდელი გაზაფხული ასეთი გრილი და წვიმიანიო, მაგრამ, მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, შედარებით გრილი გაზაფხული გვქონდა. მაისი, აღმოსავლეთ საქართველოსთვის გაზაფხულზე ყველაზე ნალექიანი თვეა. წელს ზედმეტად გრილიც იყო და სეტყვიანიც, თუმცა ამას, ანომალიურს ვერ დავარქმევ.
– ამბობენ, ასეთი გრილი და ტენიანი გაზაფხულის შემდეგ, საკმაოდ ცხელი ზაფხულის დღეები გველისო. „ნასას“ დასკვნაც დაიდო ამის შესახებ, სადაც წერია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ანომალიურად ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი. თქვენ თუ გაქვთ წინასწარი გათვლები და პროგნოზები. საქართველოში, ანომალიურად ცხელი სეზონი დგება?
– ჩვენი წინასწარი გამოთვლებით, უახლოეს პერიოდში, მაღალ ტემპერატურას არ უნდა ველოდოთ. ივნისში, შესაძლოა ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში, 40 გრადუსს გადააჭარბოს, თუმცა, წვიმიანი დღეებიც ხშირი იქნება. თბილისში, რამდენიმე დღის წინ, 29 გრადუსიც დაფიქსირდა, თუმცა, ივნისში ველოდებით ნალექსაც. ივლისი, კლიმატურად, ზაფხულის თვეებთან შედარებით, ცხელია და წელსაც არ იქნება გამონაკლისი. 1 გრადუსით მოიმატებს ტემპერატურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხელი იქნება. რაც შეეხება „ნასას“ დასკვნას, რომ ანომალიურად ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი, ეს ეხება ევროპის ზოგ ქვეყანას და არა საქართველოს. კიდევ ვიმეორებ, საქართველოში, ჩვენი გამოთვლით, წინ გველის ცხელი, მაგრამ, არა ანომალიურად ცხელი ზაფხული. შესაძლოა, 42 გრადუსს გადააჭარბოს ზოგ დღეებში სიცხემ, თუმცა 45 გრადუსზე მაღალი, ნამდვილად არ იქნება. საკმაოდ მცირე ალბათობაა იმისა, რომ იყოს 46-47 გრადუსი. თუ ასე მოხდა და ასეთი ტემპერატურა დაფიქსირდა, მაშინ ანომალიურად ცხელი ივლისი, ნამდვილად იქნება. ზოგადად, ივნისში გველის შერეული, წვიმიან-მზიანი ამინდები. ივლისი და აგვისტო კი შედარებით ცხელი იქნება. ცალკეულ დღეებში 40 გრადუსი დაფიქსირდება და ამ დროს, მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
– უახლოეს წარსულში, რომელ წლებში დაფიქსირდა და საქართველოს რომელ ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა ზაფხულის სეზონზე?
– მაგალითად, 2011 წელს ფოთში დაფიქსირდა 45 გრადუსი, შარშან კი, – კახეთში 42-43-გრადუსიანი 3 დღე. ისიც მახსოვს, რომ ივლისში, რამდენიმე წლის წინ, იმდენად გრილი ამინდი იყო, რომ ქურთუკებით დავდიოდით. ასეთი შემთხვევებიც იყო. თუმცა, წელს ზაფხულში რომ ქურთუკის ჩაცმა არ დაგვჭირდება, ამის გარანტიას გაძლევთ (იცინის). გლობალური დათბობა დედამიწის მასშტაბით მიმდინარეობს. რაც შეეხება წლევანდელი ზაფხულის წინასწარ პროგნოზს, ანომალიურად ცხელი ზაფხული ნამდვილად არ გველის, თუმცა არ არის გამორიცხული რამდენიმე დღე საკმაოდ აიწიოს ტემპერატურამ. 7-8 წლის წინ, აპრილში, ორჯერ მოვიდა თოვლი. 70-იან წლებში, ზამთარში, საქართველოში რამდენიმე დღე 20 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა და აყვავდა ხეხილი. ეს ნამდვილად ანომალიური მოვლენა გახლდათ. თუმცა, ბოლო წლებში ასეთი რამ არ მომხდარა.
– თქვით, ივნისი შედარებით წვიმიანი იქნებაო. ეს ხომ არ გამოიწვევს წყალმოვარდნებს და რომელი რეგიონია ამ მხრივ საშიშ ზონაში?
– წყალდიდობის საშიშროება გავლილია, ვინაიდან წყალი ნელ-ნელა იკლებს მდინარეებში. თუმცა, წყალმოვარდნები შესაძლოა აღინიშნოს ძალიან ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, მთაში და მაღალმთაში, საქართველოს მასშტაბით. ის, რომ ივნისი იქნება შედარებით წვიმიანი, ეს არ ნიშნავს, წყალმოვარდნებს ველოდოთ. თუმცა, ამის წინასწარ გათვლა რთულია. ძლიერი ნალექი თუ მოვიდა, ამისგან არ ვართ დაზღვეული და ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ. თუმცა, სექტემბრამდე დიდი წყალმოვარდნებისგან ნამდვილად დაზღვეულები ვართ.