რატომ ცდილობს დასავლეთი, მუქთად მიიღოს საქართველოს პროდასავლურობა და რა საფრთხეს გვიქმნის რუსეთის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გადადება
ჩვენ კი მოველოდით უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, მაგრამ გრილი წყალი გადაგვასხეს (გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო, რომლებსაც ბოლოს იტალიაც დაემატა) და ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გადადეს. გერმანიის წარმომადგენელმა სალანძღავი სიტყვებიც არ დაიშურა საქართველოს მისამართით, პათოსით: არც „ნატოს“ იმსახურებენ და არც ევროკავშირსო. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ 2008 წლის აპრილის „ნატოს“ სამიტზე სწორედ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მივიღეთ „მაფი“, რაც რუსეთმა, დიდი ალბათობით, საქართველოზე გამოსალაშქრებლად ანთებულ მწვანე შუქად შეაფასა. ამდენად, იბადება კითხვა, ამ უარით რა გზავნილს მიიღებს რუსეთი, ანუ რა საფრთხეს უნდა ველოდოთ ჩრდილოეთიდან, – ამ თემას პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.
– არ მჯერა, თითქოს მთელი ევროკავშირი მოწადინებულია, რომ მოგვცეს უვიზო მიმოსვლა და აი, საფრანგეთსა და გერმანიას ვერ უხერხებენ ვერაფერს?
– ჩემი აზრით, ამჯერად რუსეთის ფაქტორი აქ არ მუშაობს. მე დაწვრილებით გავეცანი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლებს არა მხოლოდ ბუნდეხსტაგის დახურულ სხდომაზე, არამედ ადრინდელსაც. ჩვენ საკუთარი თავი ევროპას გავაცანით ძალიან ცუდი მხრიდან. მათი ლიბერალური კანონმდებლობით, ადამიანი რომ დააპატიმრონ, 500-პროცენტიანი ბრალდება უნდა ჰქონდეთ. იქ მუშაობს პრინციპი, ჯობია, 99 დამნაშავე გარეთ იყოს, ვიდრე ერთი უდანაშაულო – ციხეში. ჩვენთან კი, ტრადიციულად, კომუნისტებიდან მოყოლებული და განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს, მუშაობს პრინციპი, ჯობია, 99 უდანაშაულო ციხეში იყოს, ვიდრე ერთი დამნაშავე – გარეთ. ასეთ ვითარებაში ჩვენი ხუთი ათასამდე თანამემამულე მხოლოდ გერმანიის ციხეში ზის. საქმე ისაა, რომ ის ქურდიც, როდესაც აღარაფერი აქვს მოსაპარი საქართველოში, მიდის იქ, სადაც შეიძლება რაღაცის მოპარვა. მოდი, ისე ვილაპარაკოთ, თითქოს სამზარეულოში ვსხედვართ და ვჭორაობთ: ვისაც რამე შეიძლება, მოჰპაროს ქურდმა, მას ვერ მოჰპარავს, რადგან ასეთებს დაცვა ჰყავთ; თქვენ და ჩემნაირთან კი ქურდი არ მოვა, ავეჯს ხომ არ წაიღებს?! ასე რომ, მთელი მსოფლიოდან კრიმინალები მიდიან იქ, სადაც მოსახლეობა გულარხეინადაა და პოლიციის იმედზეა.
– მაგრამ, სტატისტიკური მონაცემებით, ქართველები არაგერმანელ კრიმინალთა რეიტინგში ბოლოდან მეორე ადგილზე არიან და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ საერთო კრიმინოგენურ სურათზე.
– ჩვენთან არავინ მიაქცია ყურადღება ლტოლვილების საკითხში ბელგიის სახელმწიფო მინისტრის განცხადებისას.
– მე მივაქციე ყურადღება.
– დიახ… მან თქვა, ერთი კრიზისიდან ძლივს გამოვდივართ და მეორე კრიზისში ხომ არ გავყოფთ თავსო. ამას გარდა, ქართული დიპლომატიის საშინელი შეცდომა იყო საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის ერთმანეთთან მიბმა. ჩვენ, დავუშვათ, სამმილიონიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ უკრაინა 40-მილიონიანი ქვეყანაა. ერთ პარალელს მოგიტანთ: გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში გაიმართა სახალხო დეპუტატთა პირველი ყრილობა, რომელზეც შევარდნაძე გადადგა. იმ დღეებში მოსკოვში ვიყავი, ბალტიისპირელები უკვე აქტიურობდნენ, განსაკუთრებით, ლანდსბერგისი და პრუსკენე. ჩვენები სთხოვდნენ, ერთად მივაწვეთო, მაგრამ ბალტიისპირელებმა ახლოს არ გაიკარეს. მაშინ ჩვენი დეპუტატები გაოცებულები იყვნენ, ერთმა მითხრა კიდეც, ძმობას გვეფიცებიან თითქოს, მაგრამ გვეუბნებიან, თქვენ თქვენთვის იომეთ, ჩვენ – ჩვენთვისო. იმიტომ რომ, ბალტიისპირელების აზრით, დამოუკიდებლად უფრო შეეძლოთ, მიეღწიათ მიზნისთვის, ერთად კი გაჭირდებოდა. მართლაც, ბალტიისპირეთმა ჩვენზე ადრე მიიღო ყველაფერი.
იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან დიპლომატიაში არის მდგომარეობა, როდესაც ჯობია, შენთვის იმოქმედო, რადგან შენი პრობლემა უფრო მცირეა და, ამდენად, დიდია იმის შანსი, რომ მოსალოდნელ გართულებაზე ადვილად დახუჭავს თვალს ევროპა, ვიდრე 40-მილიონიან უკრაინისაზე.
– თანაც, კოსოვოსთან ერთადაც ვართ.
– დიახ, მაშინ, როდესაც კოსოვო ბანდიტიზმის ბუდეა, მათი პრემიერ-მინისტრი ტაჩი, მეტსახელად „გველი“, ბანდიტი და ყაჩაღია. ამიტომ ეშინიათ ევროპელებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს დიპლომატიას რომ მოეხერხებინა, ჩვენი საკითხი ცალკე განხილულიყო, უფრო მეტი წარმატების იმედი გვექნებოდა. ხომ იყო პერიოდი, როდესაც ჩვენს საკითხს უკრაინისგან დამოუკიდებლად განიხილავდნენ?! მაგრამ შემდეგ არ ვიცი, რატომ, მიაბეს უკრაინას. ალბათ, იმიტომ რომ, ჩვენთან დიპლომატიური ქაოსი იყო და ხელთათმანებივით იცვლებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. ქართული დიპლომატიის კატასტროფაა, რომ ჩვენ ერთ პაკეტში გავდივართ ორ დიდპრობლემიან ქვეყანასთან ერთად, ამ დროს კი ჩვენი პრობლემა ძალიან მცირეა.
– მაგრამ ქურდები ყოველთვის ქურდობდნენ და სამი თვით ადრეც იცოდნენ გერმანიაში, რამდენი ქართველი კრიმინალი იჯდა მათ ციხეში.
– რასაკვირველია, მაგრამ ახლა ფიქრობენ, თუ აქამდე 100 ქურდი შემოდიოდა, ახლა 1 000 შემოვა, დაემატება უკრაინიდან და კოსოვოდან და არ გვინდა ეს თავისტკივილიო.
– ისიცაა, რომ ქურდები ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არ აუპატიურებენ მაინც ევროპელ ქალებს, განსხვავებით აღმოსავლელი ლტოლვილებისგან?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ერთი რამ, თუ რამდენად მგრძნობიარენი არიან ევროპელი კანონმდებლები და ჩინოვნიკები თავიანთი ხალხის განწყობისადმი. ჩვენთან შეიძლება, მინისტრიც არაპოპულარული იყოს, მაგრამ მინისტრად რჩებოდეს, მაშინ, როდესაც იქ, მაგალითად, პოსტზე არ გაჩერდებოდა ქალაქის მერი, ნარმანიასნაირი რეიტინგი რომ ჰქონდეს; ან როგორ შეინარჩუნებდა მინისტრის სკამს ისეთი განათლების მინისტრი, ჩვენ რომ გვყავდა?! თავისით გადადგებოდნენ. თანაც, მეორე მხრივ, ლტოლვილების მოძალების გამო ევროპაში თავი წამოყო მემარჯვენე ძალებმა. ასევე, არავინ იცის, რა მოხდება ბრიტანეთში 23-ში. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ბრიტანეთი გავიდეს ევროკავშირიდან, მაშინ არანაირი გაფართოება, არანაირი სხვების დახმარება, მათი ერთადერთი საზრუნავი იქნება, როგორ მიხედონ თავიანთ თავს. ყოველდღიურად 53 მილიონ ევროს ურიცხავს ბრიტანეთი ევროკავშირს. ეს რომ დააკლდება ევროპას და საბერძნეთი მხოლოდ მისი სარჩენი იქნება, ვიღას ეხსომება საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობა?! ამდენად, ასეთ ვითარებაში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ალბათ, საკითხის განხილვა გადაიდება შემოდგომისთვის.
კემერონმა ბევრი შეღავათი გამოსძალა ევროკავშირს, ოღონდაც არ გასულიყო ბრიტანეთი, მაგრამ ახლა თავისსავე ხაფანგში გაება: ინგლისელებმა რომ გაიგეს სიმართლე, რამდენს იღებს და კარგავს ევროკავშირთან, თქვეს, აღარ გვინდაო. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ჩვენთვისაც ძალიან ცუდ დროს დადგა ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
– ეს გადადება საქართველოს წინააღმდეგ უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ მისცემს რუსეთს?
– რასაკვირველია, თანაც, ბოლო დღეებში რუსეთში საქართველოდან ძალიან ცუდი გზავნილები მიდის. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, მაგრამ მაროშკინას ინიციატივა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის, თანაც, პარტიის სახელით, მით უფრო, რომ ამ პარტიის ლიდერი ივანიშვილის ახლო მეგობარია, უცნაურია. რუსეთში ამ ყველაფერს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ნებისმიერ სფეროშია საშიში დილეტანტიზმი, მაგრამ დააკვირდით: დილეტანტ ქირურგს შეუძლია, ათი პაციენტის სიცოცხლე ჩააგდოს საფრთხეში; დილეტანტ მშენებელს – რამდენიმე ასეული ადამიანის, დილეტანტმა დიპლომატმა კი შეიძლება, მთელი ქვეყანა დააყენოს საფრთხის ქვეშ. ამის მაგალითია 2008 წლის ომი. ის ომი უპირველესად იყო დიპლომატიური დამარცხება. სამხედრო მარცხი იყო კატასტროფული დიპლომატიური შეცდომების მთელი თაიგულის შედეგი. არადა ისევ იმ გზით მივდივართ. თანაც, როდესაც მხოლოდ კარასინ-აბაშიძის ფორმატია. ზურა აბაშიძე ჩემი ნახევრსაუკუნოვანი მეგობარია, მაგრამ არ არის ის ბარიკადებზე ამსვლელი. მე მის ადგილას გადავდგებოდი. ვიტყოდი, ან მომეცით უფლება, რაღაც გავაკეთო, ან თავი დამანებეთ-მეთქი. მაგრამ ზურა ინტელიგენტურად რბილია და ამ დროს ერთი პარტია მიზნად ისახავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას.
დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ფაქტს ვერ გავექცევით, მაგრამ არ შეიძლება, ეს გაკეთდეს სპონტანურად, მოუმზადებლად და დილეტანტების მიერ. ჩვენ უკვე დავუშვით ერთხელ შეცდომა, როდესაც აბაშიძის თანამდებობა შეიქმნა ისე, რომ რუსეთმა არაფერი გააკეთა და მხოლოდ ორი თუ სამი თვის შემდეგ დაავალა ერთ-ერთ ჩინოვნიკს აბაშიძესთან ურთიერთობა. არ შეიძლება, იჩქარო დიპლომატიაში და პირველი ნაბიჯი გადადგა. რა თქმა უნდა, რუსეთი აკვირდება ყველაფერს, მას არსად ეჩქარება; ხედავს, რაც მეტი სირთულე გვიჩნდება დასავლეთის მიმართულებით, ეს უფრო გაუადვილებს მას ჩვენთან თავისი კურსის გატარებას.
– ზუსტად იმავე გზით მიდის ევროკავშირი დღეს, რა გზითაც მიდიოდა ევროპა პირველი ქართული რესპუბლიკის პერიოდში?
– ზუსტად, ერთი ერთზე. როგორც კი დისკომფორტი ექმნება დასავლეთს, ყველას ივიწყებს და ამას ჰქვია ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმი. შემთხვევითი კი არ არის, რომ ტრამპის ლოზუნგია: ამერიკა უპირველეს ყოვლისა?! ჩვენც ამ პრინციპიდან უნდა ამოვიდეთ. როგორ შეიძლება, იმაზე ვიყოთ დამოკიდებული, როდის გააღებს და დაკეტავს რუსეთი ბაზარს?! დიპლომატია იმიტომ გაგაჩნია, რუსეთს გაახსნევინო ბაზარი და მერე აღარ ჩააკეტვინო. დიპლომატიის მთელი ამოცანა ისაა, რომ თვითონ რუსეთისთვის უნდა გახდეს დისკომფორტული ბაზრის ჩაკეტვა. მაგრამ შენ რომ დილეტანტები გყავს საგარეო საქმეთა მინისტრებად, სამინისტროში კი ერთი კონცეფცია არ არის რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, შედეგიც ისეთია, როგორიც არის. ყველა ამბობს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო, მაგრამ ილფი და პეტროვია?! დილით ფული და საღამოს სკამები?! არ ხდება ასე დიპლომატიაში.
– ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიგვატოვა ევროკავშირმა რუსეთთან პირისპირ?
– დასავლეთი ისეა, მელას ძვალი არც ეხვრებოდა, არც ეთმობოდაო. თან, დასავლეთს ძალიან უნდა, რომ ამ სტრატეგიულ რეგიონში დაიბევოს ერთგული მოკავშირე, მაგრამ ამის მიღება უნდა, რაც შეიძლება, იაფად. ანუ მუქთად უნდა, მიიღოს საქართველოს პროდასავლურობა, არადა დღეს მუქთად ყველიც არ არის სათაგურში.
– მაგალითად, ალიევი მუქთად არაფერს აძლევს მათ.
– იმიტომ, რომ ალიევს ხელში კოზირი აქვს – ნავთობი, ჩვენი მთავარი კოზირი კი შეიძლება, იყოს მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატია და ვიღაც-ვიღაცეების წანააღმდეგობებზე თამაში. ამის კლასიკური მაგალითია მეცხრამეტე საუკუნის თურქეთი, რომელსაც არანაირი სიმდიდრე არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, სრუტეები და ოსმალური დიპლომატია სულ თამაშობდა წინააღმდეგობებზე. დაკარგეს თავიანთი იმპერია, მაგრამ დღეს თურქეთი 80-მილიონიანი ქვეყანაა და როგორც ტოლი ტოლს ისე ელაპარაკება მთელ დასავლეთს ერდოღანი, იმიტომ რომ, ძლიერი დიპლომატია აქვს. ჩვენ დიპლომატია არ გვაქვს, არც ინტელექტუალური რესურსი. რა ხდება დღეს ჩვენთან მეცნიერებასა და განათლებაში?! სრული მორალური უფლება მაქვს, შევაფასო: სრულიად უმწიგნობრო თაობა მოდის. და არც კი ვიცი, ამას უშველის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნა?! დიპლომატია არ არის ვუნდერკინდების სფერო. ასი ათასი წიგნი მაინც უნდა წაიკითხო. ვუნდერკინდები შეიძლება, იყვნენ მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ოღონდ – არა დიპლომატიაში. კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი იყო, ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლი. ვიცით, რომ იაპონია ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიის მერე მიწასთან გასწორდა და მაშინ მიიღეს კანონი, რომ ბიუჯეტის 30 პროცენტი მოხმარებოდა მეცნიერებას. ძალიან მცირე ბიუჯეტი ჰქონდათ, ახლა ის გაიზარდა საგრძნობლად, მაგრამ ის 30-პროცენტიანი დაფინანსება არ შეუმცირებიათ. ამიტომ დღესაც იაპონია, რომელსაც არ აქვს არანაირი წიაღისეული, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ჩვენ კი ფული არ გვაქვს განათლებისთვის, მაგრამ გვაქვს ტაშ-ფანდურისთვის და პრემიებისთვის.
– იზიარებთ ვერსიას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეფერხება შესაძლოა, „ნაციონალების“ სინდისზე იყოს?
– ქაჩალმა რომ თმის ამოსვლის წამალი იცოდეს, თავის თმას მოუვლიდაო. მეცინება, როდესაც „ნაციონალების“ ჰიპერშესაძლებლობებზე ლაპარაკობენ. თუ ამხელა გავლენა აქვთ მსოფლიოზე და ჯიბეში უზით მთელი ევროპა, მაშინ თავად რატომ ვერ მოახერხეს „მაფი“ ან ვიზალიბერალიზაცია 2008 წლის ომამდე ან მის შემდეგ?! 2003 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში! ევროპა არაფერს გააკეთებს, თუ ეს მისი ინტერესი არ არის! ევროპაზე გავლენას ვერავინ მოახდენს.