კვერცხი თუ რიყის ქვა?!
ანუ ლაქები მზესაც აქვს
მართალია, დემოკრატიის აკვანია, მაგრამ, რაკი თვით მზესაც აქვს ლაქები, უღრუბლოდ ვერც აშშ-ურმა წინასაპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიამ ჩაიარა; ან კი როგორ ჩაივლიდა, როდესაც ერთ-ერთი ფავორიტი ექსტრავაგანტური მილიარდერი დონალდ ტრამპია, რომელიც ისეთებს ამბობს თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში, სრულიად დემოკრატიული სამყარო საკუთარ ორთავ ლიბერალურ ყურს არ უჯერებს.
როგორც უნდა იყოს, გასულ კვირას სან ხოსეში ბ-ნი ტრამპის მომხრეები სცემეს: კვერცხებიც დაუშინეს, მანქანის მინებიც ჩაუმსხვრიეს, ტრამპის გამოსახულებიანი ქუდები თავიდანაც მოხადეს და ცეცხლშიც დაუწვეს; მეტიც, ტრამპის გაქცეულ მომხრეებს ფეხითაც დაედევნენ (პრინციპით: „ჰკა მაგასო“).
საქმეში პოლიციაც ჩაერთო და, გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი თავდამსხმელი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთს პოლიციის ოფიცრისთვის შეურაცხყოფაც მიუყენებია.
ჯერჯერობით დასავლელ პოლიტიკოსებს შეშფოთება არ გამოუთქვამთ მომხდარის გამო და არც განგაშის ზარები დაურისხებიათ, რომ ამერიკული დემოკრატია სარფრთხეშია, თუმცა, როდესაც დემოკრატიის აკვანში ერთმანეთს კვერცხებს ესვრიან, ჩვენთვის, ანუ ბალღი დემოკრატებისთვის, რიყის ქვებიც მოსულა?! –