გამოუძინებელი
ანუ ვინ გაახალისებს
პრ. პუტინს?
თუმცა უმადობას ადრეც არ უჩიოდნენ, მაგრამ ახლა, რაკი ხედავენ, რომ ევროკავშირი თითქმის ისე იქცევა, როგორც ერთა ლიგა 1920-ში, ოკუპანტები შემოცოცებასაც განაგრძობენ და ჩვენი თანამემამულეების დაკავებასაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ შემოტევა უფრო საფუძვლიანი გახდება, თუკი ევროკავშირი ისევ გაგვიჯანჯლებს უვიზო მიმოსვლასაც კი.
ამასობაში კი რფ-ის პრ. პუტინი პრეზიდენტ ლუკაშენკოს სტუმარია და მინსკშივეა დაგეგმილი რუსეთისა და ბელორუსიის რეგიონების მესამე პლენარული სხდომის ჩატარებაც. როგორც სტუმარმა შენიშნა (მომყავს ციტატა): „ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ სოციალური საკითხების გადაჭრასაც.“
ან კი რატომ არ დაუთმობენ, როდესაც საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა რფ-ისთვის სანქციების მოხსნას (პათოსით: დააფარე, დააფარე, არ გაცივდესო, ან, სულაც, „შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია“).
სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, რფ-ელ პრ.-ს თავის ბელარუს კოლეგასთან დაუჩივლია, ცოტა მძინავსო. კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „გუშინწინ ოთხი საათი მეძინა, წუხელ – მხოლოდ ხუთიო“.
თუ გავიხსენებთ, რომ 2011 წელს ვლ. პუტინი აცხადებდა, რომ ძილს მხოლოდ ექვს საათს უთმობს, დანარჩენ დროს კი – მუშაობას, რადგან, „როდესაც ადამიანი სიამოვნებით აკეთებს თავის საქმეს, ეს მას სიამოვნებას ანიჭებს“, როგორც ჩანს, რფ-ელ პრ.-ს მოუწყენია და, იმედი ვიქონიოთ, რომ მაინცდამაინც ჩვენს ტყავზე არ მოისურვილებს გამოფხიზლებას. –