„სპარტა” – ფიტნესის კომფორტული გარემო და პროფესიონალი ინსტრუქტორები საუკეთესო შედეგის მიღებაში დაგეხმარებიან
ვარჯიში და სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების წესის ორი უმთავრესი შემადგენელია. დღეს თბილისში საკმაოდ მომრავლდა ფიტნეს-კლუბები, სადაც თქვენ შეძლებთ, ვარჯიშის შედეგად სხეულის სასურველი ფორმების მიღებას. ამიტომ, ამ მიმართულებით კონკურენციაც მაღალია. ფიტნეს-კლუბი „სპარტა” ერთ-ერთია, სადაც სასურველი შედეგის მიღწევაში პროფესიონალი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან. ჩვენ „სპარტას” მთავარ მწვრთნელს, ტატო ჯოგლიძეს ვესაუბრეთ.
– როგორ განვითარდა თქვენი სპორტული კარიერა?
– თავდაპირველად, ვთამაშობდი ფეხბურთს. 2011 წელს, ჩემი მეგობრის, ნოდარ თეთრაშვილის დახმარებით, გადავწყვიტე, ბედი მეცადა ბოდიბილდინგში. ის წელი მოვემზადე და 2012 წელს საქართველოს ჩემპიონატზე, მე-2 ადგილი ავიღე. მერე პატარა ტრავმებმა შემაწუხა და ვეღარ გავედი შეჯიბრებებზე. 2015 წელს შეიქმნა ბოდიბილდინგისა და ბოდიფიტნესის მეორე ფედერაცია. შეხვედრა ჩატარდა „ივენთ ჰოლში”, სადაც ჩემს კატეგორიაში მოვიგე და გავხდი აბსოლუტური ჩემპიონი. შემდეგ დავდექი სამი კატეგორიის გამარჯვებულებთან ერთად და იქაც გავხდი ჩემპიონი. მყავს პროფესიონალი მწვრთნელი, რომლის მეთვალყურეობითაც ვვარჯიშობ. მე თავადაც ვამზადებ რამდენიმე სპორტსმენს. 5 ივნისს ისევ „ივენთ ჰოლში” ჩატარდა შეჯიბრება, სადაც 5 სპორტსმენი გავიყვანე სხვადასხვა კატეგორიაში. შესაბამისი კურსები გავიარე, სადაც ვისწავლე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მწვრთნელისა და კლიენტის ურთიერთობა; როგორ შევისწავლო კლიენტის პრობლემები, რომ შესაბამისი ვარჯიშები შევურჩიო და ასე შემდეგ.
– როგორია თქვენი ცხოვრების წესი?
– როდესაც შეჯიბრებისთვის არ ვემზადები, კვირაში დაახლოებით 3-4-ჯერ ვვარჯიშობ ერთი საათი – საათ-ნახევრის განმავლობაში. სექტემბერში არის არნოლდ შვარცენეგერის სახელობის ტურნირი. იქამდე, უნდა ჩავიდე ესპანეთში, სადაც კატალონიის ტურნირია. ამისთვის უკვე დავიწყე მომზადება. კვირაში 6-ჯერ მაქვს ვარჯიში. გამარჯვების 70 პროცენტი კვებაზეა დამოკიდებული. ჩემი მეუღლე მაქსიმალურად მიწყობს ხელს ამ საკითხში. თავად ისიც მწვრთნელია, „სპარტა” – ფიტნესში გოგონებს ავარჯიშებს. ყოველ სამ საათში ერთხელ ვიკვებები. თუ ღამის 12 საათზე არ მძინავს, ამ დროსაც ვაგრძელებ ჭამას. ის, რომ არ შეჭამ და გახდები, მცდარი მოსაზრებაა. შიმშილის დროს ორგანიზმი სტრესშია და ცხიმს ინახავს.
– როდის გაიხსნა ფიტნეს-ცენტრი „სპარტა” და რითაა ის გამორჩეული?
– ივნისში გავიხსენით. შეჯიბრისათვის ვემზადებოდი და ყველა ტრენაჟორი ჩემთვის შევარჩიე. გვაქვს ეგრეთ წოდებული ჰამერის ტიპის ტრენაჟორები. რაც იმითაა გამორჩეული, რომ იმ კონკრეტულ ადგილზე მუშაობს, რისი დატვირთვაც უნდათ. ვისაც კი ოდესმე უვარჯიშია, როგორც კი ამ ტრენაჟორზე დაჯდება, მაშინვე იგრძნობს განსხვავებას. ჩვენ, „სპარტას” ტრენერები ვართ მოქმედი ჩემპიონები. ჩემთვის მხოლოდ კარგ ფორმაში ყოფნა არაფერს ნიშნავს, თუ ამ მიმართულებით კარიერულ წინსვლაზეც არ ვიზრუნე. ვფიქრობ, მწვრთნელი, უპირველესად, უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი. დარბაზში შეგნებულად არ გვაქვს WiFi, რომ მხოლოდ ვარჯიშით ვიყოთ დაკავებული და სხვა რამეზე ფიქრისთვის დრო არ დაგვრჩეს.
– რა შეთავაზება აქვს „სპარტას” მისთვის, ვისაც არასდროს უვარჯიშია?
– ჩვენთან რომ მოდიან, აუცილებლად ვეკითხებით, თუ რა გამოცდილება აქვს ამ კუთხით. თუ აღმოჩნდა, რომ დამწყებია და აქამდე არასდროს უვარჯიშია, მას ინდივიდუალურად ვუდგენთ ვარჯიშის პროგრამას, შევურჩევთ კვების რაციონს. რამდენივე ვარჯიშს აუცილებლად გაივლიან ინსტრუქტორთან ერთად. ჩვენი უმთავრესი დაინტერესებაა, „სპარტა” – ფიტნესში ვინმემ არასწორად არ ივარჯიშოს. ხშირია შემთხვევა, როცა ორი მეგობარი მოდის და გვთხოვენ, ერთნაირი დატვირთვით ვავარჯიშოთ. მაგრამ, როცა კონკრეტულ ვარჯიშებს ვაკეთებინებთ, აღმოჩნდება, რომ ერთს შეუძლია ის, რაც მეორეს არა, ან – პირიქით.
– როგორ ხდება კვების რაციონის შედგენა?
– უპირველესად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ წონაში დასაკლებად არ არის აუცილებელი დიეტა და შიმშილი. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სწორ კვებას. რაც შეეხება საკვებ დანამატებს, ამისთვის დარბაზში გვაქვს პროტეინ-ბარი. ხშირად დიდი დრო და ძალისხმევა გვჭირდება ადამიანების დასარწმუნებლად, რომ საკვები დანამატი არ არის ცუდი. ეს ჩვენი ორგანიზმის საწვავია, რომელსაც ვარჯიშის დროს ვხარჯავთ. ამიტომ, როდესაც ორგანიზმი იფიტება, მას სჭირდება მივაწოდოთ დანამატი. ეს ეხებათ იმათ, ვისაც აქტიური ცხოვრების რიტმი აქვს და არა მათ, ვინც არ ვარჯიშობს. თავიდან ჩვენთან მოდიან ბიჭები და გოგონები, ჭარბი წონის გამო, ისეთი სამოსი აცვიათ, მათ ნაკლს რომ ფარავს. რამდენიმე თვეში კი, როცა მათი სხეული, ნელ-ნელა იღებს სასურველ ფორმას, მათი ჩაცმის სტილიც იცვლება.
– როგორია „სპარტა” – ფიტნესის სამომავლო გეგმები?
– ბევრი გეგმა გვაქვს და სხვადასხვა მომსახურების დამატებას ვგეგმავთ, მაგრამ, უპირველესად, აუცილებლად უნდა გავაფართოოთ სავარჯიშო დარბაზი, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არის.