რამდენჯერ დაუგო სასიკვდილო მახე ბედისწერამ ნინო ბაშარულს და ვის სულს დაატარებს ის სხეულით
მომღერალმა ნინო ბაშარულმა სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში, თუმცა გადარჩა და სჯერა, რომ ეს ბედისწერის ბრალია. როგორც თავად ამბობს, კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის ბედს ენდობა და ცდილობს, შიშსა და პანიკას არ აჰყვეს. მისთვის არც წინათგრძნობაა უცხო და ხშირად, მასზე დაკვირვებით, საფრთხეებს თავიდან იცილებს. თუ რატომ სჯერა რეინკარნაციის, როგორ იგრძნო მამის სიკვდილი წინასწარ, ვის სულს დაატარებს და რატომ ცხოვრობს მის სხეულში რამდენიმე ადამიანი ერთდროულად, ამაზე თავად გვესაუბრება.
ნინო ბაშარული: ბედისწერის ძალიან მჯერა. ჩვენს წინაპრებსაც სჯეროდათ საკრალური ბედისწერის და მისი კანონების. ბედისწერის გარდა, ასტროლოგიისაც მჯერა. რომ ვაკვირდები ჩემსა და გარშემო მყოფთა ცხოვრებას, დავასკვენი, ჩვენზე ძალიან მოქმედებს ის ვარსკვლავი, რომელზეც დავიბადეთ; ის ციფრი და დღე, როცა მოვევლინეთ ამ ქვეყანას. რეინკარნაციისაც მჯერა და დარწმუნებული ვარ, ერთხელ არ მოვსულვარ, რამდენჯერმე მოვევლინე ქვეყანას – ხან ბოშა ქალის, ხან დედოფლის, ხან მამაკაცის და ხანაც მონაზვნის სახით. არქაული პერიოდიდან დავეხეტები დედამიწაზე. ბევრჯერ გამოვიჭირე ჩემში მამაკაცური თვისებები. ჩემი ცხოვრების ეტაპებზე, ისეთი რამეების გაკეთება შევძელი, რაც მხოლოდ მამაკაცის პრეროგატივაა და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ოდესღაც მამაკაცი ვიყავი. ის თვისებები, რომელიც თავმოყრილია ჩემში, წინა ცხოვრებიდან დაგროვილი გამოცდილება და რეინკარნაციის შედეგია.
– ხომ შეიძლება, ეს თვისებები გენეტიკის ბრალია და არა რეინკარნაციის?
– ვერ დაგეთანხმებით. ეს ყველაფერი არ შეიძლება მხოლოდ გენეტიკის ბრალი იყოს. ხანდახან, ისეთი მოკრძალებული ვარ, თავაწეული, რომ ეს წინა ცხოვრებაში დედოფლობის შედეგია. სხვათა შორის, ასტროლოგს გავაკეთებინე პირადი კოსმოგრამა და მითხრა: შენ წინა ცხოვრებაში მონაზონიც იყავიო. ეს ჩემი ენერგეტიკიდანაც იგრძნობა. ბავშვობიდან მაქვს ლტოლვა, წავიდე მონასტერში, ვიცხოვრო ბენ-მონაზვნურად და ხშირად მიფიქრია ამაზე.
– ანუ, თუ დაგიჯერებთ, შენში ცხოვრობს ბოშა ქალი, მამაკაცი, მონაზონი, დედოფალი... და, მაინც, ამ ყველაფერს როგორ იტევს მხოლოდ ერთი, გარეგნულად მშვიდი, ნაზი და ქალური აღნაგობის ორგანიზმი?
– შინაგანად ვგრძნობ, როგორ დუღს ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი ქალი და კაცია ჩემს ორგანიზმში და ეს ჩემს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ შემოქმედებაშიც აისახება. ხშირად ძალიან ვიღლები, როცა რამდენიმე ადამიანი იბრძვის ჩემში. ყველა მათგანს უნდა პირველობა და ყველა სათავისოდ მებრძვის. ეს ბრძოლა იმდენად ორგანული გახდა ჩემთვის, დაღლას ვეღარ ვგრძნობ და მე მაინც ვიმარჯვებ. მე მებრძოლი ქალი ვარ. ერთ ადგილას ვერ გავჩერდები, აღმოჩენები მიზიდავს.
– ვიცი, შენს ცხოვრებაში იყო მომენტები, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედე. მიგაჩნია, რომ ესეც ბედისწერის ბრალია?
– დიახ, ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როცა სიკვდილს თვალებში ჩავხედე და თუ დამიჯერებთ, ერთი წამითაც არ შემშინებია იმის, რომ ჩემი სული სხეულს დატოვებდა. რვა წლის ვიყავი, როცა მდინარე არაგვში გადავვარდი. მამასთან ერთად ვიყავი, ვთამაშობდი, ქვიდან ქვაზე ვხტებოდი. ერთი ქვა ხავსიანი აღმოჩნდა, დამისრიალდა ფეხი და ადიდებულ არაგვში გადავვარდი. ტალღამ გამიტაცა, თუმცა საერთოდ არ შემშინებია. ვიცოდი, უარეს ადგილას არ მოვხვდებოდი და არც ბრძოლა დამიწყია, ბედს მივენდე. უცბად ვიგრძენი, მამა როგორ მწვდა მკლავსა და თმაში და ნაპირზე ამათრია. ეს ბედის გამოცდასავით იყო, რომ მეტად დამეფასებინა სიცოცხლე. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ფაქტი მოხდა. ერთი იყო ავარია, როცა გაქანებული მანქანით ბორდიურს შევასკდით და მაშინაც გადავრჩი. ამ დროსაც არ მქონდა სიკვდილის შიში. ყველაზე საოცარი ისტორია კი ის იყო, როცა ცხენიდან გადმოვვარდი, ფეხი გამეჭედა და ასე მათრია ცხენმა რამდენიმე წუთი. ბაკურიანში ვისვენებდი. ძალიან მიყვარდა ცხენზე ჯდომა და ბავშვობიდან იპოდრომზე ვაჭენებდი ცხენს. მოკლედ, ბაკურიანში ერთი კაცი ასეირნებდა ცხენით დამსვენებლებს. საოცრად ლამაზი ცხენი იყო. ვიფიქრე, დამოუკიდებლად გავაჭენებ-მეთქი და აღმოჩნდა გიჟი, გადარეული. მივედი და ვუთხარი, მე კარგად ვიცი ცხენზე ჯდომა და გავაჭენებ-მეთქი. გამოვართვი აღვირი და გავაჭენე. გავაჭენე და გავაჭენე... ვეღარ გავაჩერე. თოვლში უსხლტებოდა ფეხი, უცბად შემოტრიალდა და გადმომაგდო. ფეხი უზანგში გამეჭედა და ნახევარი კილომეტრი მათრია. არც ამ დროს მიბრძოლია. ვიფიქრე, ახლა რომ ბრძოლა დავიწყო, უზანგში მაქვს ფეხი გაჭედილი და ცხენი გადამივლის. სადამდეც მათრევს, მათრიოს და ბოლოს ხომ გაჩერდება-მეთქი. თუმცა, ის ხუთი წუთი, უსასრულოდ გაიწელა. სიკვდილის მოახლოების ჟამს, დიდი მნიშვნელობა აქვს რას მოიმოქმედებს ადამიანი. შეიძლება, ის დააჩქარო და პირიქით – ხელი შეუწყო. მოკლედ, ცხენმა მათრია და ბოლოს პატრონთან მივიდა. სულ ვამბობ, სიკვდილი ბევრჯერ მოვიდა ჩემთან, მაგრამ მე ის შევაჩერე, ახლოს არ მოვუშვი-მეთქი. რეალურად, სიკვდილის შეჩერება ორჯერ შევძელი. სიკვდილს თუ არ დაუმეგობრდი და შეგეშინდა, ის ამას გრძნობს და თავისკენ გითრევს. მე კი მასთან ვმეგობრობ და მისი არ მეშინია.
– ამ ფაქტებამდე, რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონია? ან გამაფრთხილებელი სიზმარი ხომ არ გინახავს?
– სხვათა შორის, დედას, წინა დღეს, სანამ ცხენი გადმომაგდებდა, ჰქონდა ხილვა და ჩემს დაქალს დაურეკა, სთხოვა, ნინოს უყვარს ცხენზე ჯდომა და უთხარით, არ დაჯდეს. წმიდა გიორგი გამომეცხადა ცხენზე ამხედრებული, გამაფრთხილა და იქნებ გადააფიქრებინოთო. მე რასაკვირველია, ეს არ დავიჯერე, თუმცა ფაქტია, ეს დედობრივი ინსტინქტი და გამოცხადება, რეალურად ამიხდა. თავადაც მაქვს მსგავსი წინათგრძნობები. მაგალითად, თუ სადმე მივდივარ და ორგანიზმი სხვანაირად იწყებს შფოთვას, გული მიგრძნობს, რომ არ უნდა წავიდე, ყოველთვის თავს ვიკავებ. თუ შევეწინაარმდეგე ჩემს წინათგრძნობას, ყოველთვის ხიფათს ვაწყდები. ასეთი წინათგრძნობა, ხალხთან ურთიერთობასთან დაკავშირებით მაქვს, ანუ ზუსტად ვიცი, ახლო მომავალში ვინ მატკენს გულს. სხვათა შორის, არასდროს მინახავს წინაწარმეტყველური სიზმარი, ხიფათს ყოველთვის ორგანიზმის რეაქციით ვხვდები. ტანში თუ მეწყება ფორიაქი, ესე იგი, საფრთხე მიახლოვდება. ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც არავისთვის მითქვამს. სანამ მამა გარდაიცვლებოდა, წინასწარ ვიგრძენი მისი გარდაცვალება. სამწუხაროდ, მისი გაფრთხილება და გადარჩენა ვერ შევძელი. ბზობა დღეს, მამას მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. წინა დღეს კი სარკეში რომ ჩავიხედე, თვალებს არ დავუჯერე – სხეული მთლიანად გალურჯებული მქონდა, და იმწუთას მამა გამახსენდა. მივხვდი, რაღაც საფრთხე მელოდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ვერ გავაცნობიერე. თან მამაზე ნაწყენი ვიყავი და სულ ვფიქრობ, ეს წყენა რომ დამევიწყებინა იმწუთას, დამერეკა და შევხვედროდი, იქნებ საფრთხე ამეცილებინა მისთვის. მის სიკვდილში წლების განმავლობაში ვიდანაშაულებდი თავს, თუმცა მერე მივხვდი, რომ ეს მისი ბედისწერა იყო. მე კი ეს წინასწარ ვიგრძენი. სხვათა შორის, 12 წელი გავიდა, არასდროს დამსიზმრებია, სულ გონებაში მყავს და სულ ვგრძნობ ჩემში მის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილები არიან, მამა და პაპა, რომლებიც სიგიჟემდე მიყვარდა, ორივეს სული ჩემს ორგანიზმში ცხოვრობს და სადაც არ უნდა წავიდე, სულ თან დამყვებიან. ნებისმიერ სიტუაციაში მათ დახმარებას აშკარად ვგრძნობ. მისტიკა ჩემს შემოქმედებაზეც აისახება. მუსიკათმცოდნეები ამბობენ ჩემზე, სამი ხმა ამოგდის ყელიდანო. როცა ასეთი ბგერა და ტემბრი გაქვს, ეს მისტიკასთან და რეინკარნაციასთან არის კავშირში და იმასთანაც, ჩემში დედოფალი, მონაზონი და ბოშა ქალი რომ ერთდროულად ცხოვრობს.