რა კავშირშია დაბინძურებული ენერგეტიკა და ოჯახის წევრების არასწორი დამოკიდებულება ადამიანის უიღბლობასთან
ცხოვრების განმავლობაში ბევრი დაუგეგმავი ფაქტი ხდება. ადამიანები ერთი არასწორი ნაბიჯით, არა მარტო საკუთარ თავს, შთამომავლობასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ამიტომ, უმჯობესია, დღეს დაფიქრდეთ და ისე დაგეგმოთ მომავალი. ბევრი არ ერიდება შემთხვევით სექსუალურ კონტაქტს, ან, გარკვეული მიზეზების გამო, არ უნდა შვილის გაჩენა საყვარელ მამაკაცთან და როდესაც ფაქტის წინაშე დგება, სწორედ მაშინ უშვებს საბედისწერო შეცდომას. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა ამბობს, თუ ბავშვის დაბადება მშობლებს არ სურთ და ის მაინც მოევლინა ქვეყანას, უბედობისთვისაა განწირული. შესაძლებელია თუ არა ამ სიტუაციის გამოსწორება და ბედში გარკვეული ცვლილებების შეტანა, ამასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნანამ, მეტად საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.
ნანა: როდესაც დედას არ სურს ჩასახული შვილის დაბადება და მის მოცილებაზე ფიქრობს, ბავშვში უიღბლობის კოდი იდება. ის თავის გადასარჩენად იბრძვის და თუ ბედმა გაუღიმა და ღმერთმაც არ გაწირა, ამქვეყნის მზესაც სევდიანი თვალით იხილავს. ასეთებს, როგორც წესი, არასდროს უმართლებთ და ყოველ ნაბიჯზე პრობლემები და წინაღობები ხვდებათ. რასაკვირველია, ცხოვრების განმავლობაში ბედნიერი დღეებიც აქვთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ბედს უჩივიან. ამ პრობლემური საკითხით იმიტომ დავინტერესდი, რომ არც ჩემი გაჩენა სურდათ მშობლებს. თუმცა, სადღაც, მათ საქციელს გამართლებაც აქვს – როცა ოჯახში სამი ქალიშვილია და მეოთხის გაჩენას მხოლოდ იმიტომ რისკავენ, ბიჭი, ანუ გვარის გამგრძელებელი უნდათ, ამ დროს კი გაიგებენ, რომ ისიც გოგოა, უარყოფითი რეაქცია ბუნებრივია. ხშირად, ქუჩაში რომ გავივლიდი, მეზობლების გადალაპარაკებაც გამიგია: რად უნდოდათ ახლა ამის გაჩენა, ზედმეტ ტვირთად რომ დააწვათ კისერზეო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ღმერთმა არ გამწირა და დავიბადე. ბებიაჩემი კი მთელი ბავშვობა იმას ჩამჩიჩინებდა, ბიჭი გვინდოდა, შენ დაბადებას არ ველოდითო. სულ წუწუნებდა, რა გახდა ამ სახლში გვარის გამგრძელებელი რომ არ დადისო. გეგონება, გოგო შვილი არ იყო. მაგრამ, ხომ იცით, ძველი ხალხის აზროვნება. ასე, უაზრო წუწუნში გავიზარდე და ასევე უიღბლოდ მომაქვს ეს ცხოვრება.
– ანუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი უიღბლობა ოჯახის წევრების არასწორი დამოკიდებულების ბრალია?
– დიახ, ჩემი უიღბლობის მიზეზიც ეს არის, ანუ არასწორი დამოკიდებულება ამქვეყნად ჩემი მოვლენისადმი. დამიჯერეთ, ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ დაბადებამდე ჩემში ჩადებული უიღბლობის კოდი მუშაობდა. თავს ვიკლავდი სწავლით და მაინც არ ვიყავი წარმატებული მოსწავლე. უმაღლესისთვის მთელი ორი წელი ვაკლავდი წიგნებს თავს და რომ ამბობდნენ: ამას რა უჭირს, ეს კი ჩააბარებსო, პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. კითხვა მიყვარდა და ყველანაირ წიგნს ვკითხულობდი. ერთხელ ისეთი წიგნი ჩამივარდა ხელში, რომელმაც მთელი ჩემი უიღბლობის საიდუმლო ამოხსნა. რეალური ფაქტები იყო მოყვანილი და თან, ფსიქოლოგიურ-პარაფსიქოლოგიური ანალიზიც ერთვოდა. ეწერა, რომ უცხოეთში სწორედ ჩემნაირად არ სდომებიათ ერთ-ერთ ოჯახში ბავშვის დაბადება, მაგრამ ის მაინც მოვლენილა ამქვეყნად. როცა გაზრდილა, ყველაფერს ძნელად აღწევდა. არც სიყვარულში უმართლებდა და ვერც დედობის სიხარული განუცდია, მრავალი სამედიცინო ჩარევის მიუხედავად. ბოლოს პარაფსიქოლოგიური კვლევა ჩაუტარებიათ მასზე და აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი, სწორედ დედის ორგანიზმშივე დაბინძურებული ენერგეტიკა გახლდათ. მაშინ, კიდევ ვერ მივხვდი ბევრ რამეს, მაგრამ რომ გავთხოვდი და იგივე პრობლემის წინაშე მეც აღმოვჩნდი, კიდევ უფრო მეტი მსგავსება აღმოვაჩინე ჩემსა და იმ ადამიანის ცხოვრებას შორის. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი და მშრომელი ადამიანია. ცდილობს, როგორც შეუძლია, გამანებივროს, მაგრამ შვილი არ გვყავს. რამდენჯერაც დავფეხმძიმდი, იმდენჯერ მომეშალა მუცელი და საშინელი სტრესი გადავიტანე ყოველ ჯერზე. ათი წელია, ერთად ვცხოვრობთ და ერთი ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს ქმრისგან. მაგრამ, როცა სასმელს დალევს, მხოლოდ მაშინ მეუბნება გულდაწყვეტილი: მე შვილი მინდა და მაპატიე, თუ ამის გამო ვთქვი შენზე უარიო. არ ვყრი ფარ-ხმალს, განვაგრძობ ცხოვრებას და არც ჩემს დარდს ვაჩვენებ სხვას. წუწუნით თავს არ ვაბეზრებ ახლობლებს, მაგრამ, გული დამძიმებული მაქვს.
– იმაზე არ გიფიქრიათ, რომ მსგავსი ისტორია, შესაძლოა ნებისმიერს გადახდეს თავს და უიღბლობა თუ დაბადებამდე დაბინძურებული ენერგეტიკა, ამასთან კავშირში არ იყოს?
– თუკი სადმე მსგავს თემაზე ვინმე მუშაობდა, პარაფსიქოლოგს ვგულისხმობ, ყველასთან მივდიოდი და რჩევას ვეკითხებოდი. ერთმა ამ უიღბლო კოდის მოხსნის მეთოდი გამანდო, რომელსაც ძველი ტიბეტელები იყენებდნენ. მისგან შევიტყვე, თურმე, ბავშვს, რომლის დაბადებაც თავის დროზე არ სურდათ, კოდად აქვს ჩადებული თვითმკვლელობა, უიღბლობა და გაჭირვება. ამას კი ის თავად უნდა შეებრძოლოს ხორბლითა და წითელი სანთლით. ხორბალს დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს. სანთელი ჩვენს რწმენასთან ასოცირდება, წითელი კი – ბრძოლასა და სიყვარულთან. სამივე ერთად აღებული კი სამყაროსთან უხილავად გვაკავშირებს. მოკლედ, ბედნიერ ადამიანს უნდა შეაკერინოთ პატარა ტომსიკა, მასში ჩაყაროთ ერთი მუჭა ხორბალი და ჩადოთ წითელი სანთლის ნამწვავი. ეს ტომსიკა მუდამ თან უნდა ატაროთ. ასე რომ, თუ თქვენს დაბადებას თან უიღბლობა დაჰყვა, გირჩევთ, ეს მარტივი მეთოდი სცადოთ. ამით შესაძლოა, უიღბლობის კოდი შეაჩეროთ და ცხოვრება გაიმარტივოთ.
– ამბობენ, თუ ქალიშვილი მამრობითი სქესის ოჯახის წევრს ჰგავს, მას ბედნიერი მომავალი ელისო. ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?
– თუ ქალიშვილი მამას, ბაბუას ან ბიძას ჰგავს, ის ბედნიერი ნამდვილად იქნება და პირად ცხოვრებაში ან კარიერაში, ანდა ორივეში ერთად. თავადაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ ახლობლებს და მიხვდებით, რომ მართალს ვამბობ. ასევე, ანალოგიურად, თუ ვაჟიშვილი დაემსგავსა დედას, ბებიას, მამიდას ან დეიდას, ისიც ბედნიერი იქნება მომავალში. ასევე, დაბადების დღეს ნათქვამ სიტყვებს დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამ დროს ადამიანმა გააზრებულად უნდა იმოქმედოს, რომ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს საფრთხე არ შეუქმნას.
საკუთარ დაბადების დღეს, ადამიანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს და თითოეული სიტყვა, აზრი თუ ჩანაფიქრი აკონტროლოს. ამ დღეს სიფრთხილეა საჭირო, რადგან დიდი ენერგიების დაგროვება ხდება მის გარშემო და მათი კონტროლი საკმაოდ რთულია. ამიტომ ხდება სწორედ ამ დროს ყველაზე მეტი კონფლიქტი თქვენს გარემოცვაში – გაუგებრობები, დაბნეული სიტუაციები და ასე შემდეგ. რასაკვირველია, არ იფიქროთ, რომ ამ დღეს ყველაფერი ცუდი ხდება და საშინელებას უნდა ელოდოთ. ეს ასე სულაც არაა, უბრალოდ, მეტად უნდა აკონტორლოთ თქვენი ემოცია და შთაგონება. რომ ამბობენ: დასწყევლოს ღმერთმა ჩემი დაბადების დღე; ან, ნეტავ, სულ არ დავბადებულიყავი, ბედი მაინც არ დამყვაო – ეს ძალიან საშიშია და არავის ვურჩევ ასეთ ლაპარაკს. ამ სიტყვებით ადამიანები კოსმოსში აგზავნიან უარყოფით ენერგიას და ის უკანვე უბრუნდებათ რაღაც დროის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკუთარ დაბადების დღეზე უარყოფითი მოვლენების მიზეზიც გახდეს. ისიც ხომ გაგიგიათ, რომ ამბობენ, თითქოს ჩვენს ცხოვრებას სხვა ადამიანები აპროგრამებენო და ესეც სიმართლეა. ეს მაშინ ხდება, როცა ვინმეზე განაწყენებული, ჯავრს იყრიან. განსაკუთრებით, როცა ბებია შვილიშვილს უწყევლის ამქვეყნად მოვლენის დღეს. ეს უარყოფითად აისახება მასზე – ამ დროს, კოსმოსიდან დაგროვილი დიდი უარყოფითი ენერგიის ნაკადი მოდის. ის დამცველ აურას აზიანებს და ადამიანი ხიფათს აწყდება ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება.