კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირში არიან გურამ შარაძის მკვლელობასთან მეგის ქარდავა, სოსო თოფურიძე, ოლეგ მელნიკოვი და გოგა ხაინდრავა

რუსუდან შარაძე გიორგი ბარათელის დაკავების დღიდან დარწმუნებულია, რომ  გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს. მისი აზრით, მკვლელის აღნაგობა მაინც კარგად უნდა ჩანდეს  მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ სათვალთვალო კამერებში. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად არავის აქვს უფლება პასუხი მოსთხოვოს კომპანიას, რატომ არ შეინახა საკუთარი დოკუმენტაცია, შარაძე „ალდაგს“ აკისრებს მორალურ პასუხისმგებლობას, ეს დოკუმენტაცია გამოაჩინოს და გამოძიების კითხვებს უპასუხოს: თუ რომელი ტიპის სათვალთვალო კამერა იყო მათ ოფისთან დამონტაჟებული 2007 წლის 20 მაისს როცა გურამ შარაძე მოკლეს? რატომ ეყენა მკვლელობის დღეს ორი კამერა ერთი მიმართულებით და მეორე დღეს რატომ დამონტაჟდა ან ვინ დაამონტაჟა საპირისპირო მიმართულებით?.. ბოლო დროის ამ ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეში ახალი მოწმეები და შესაძლო შემსრულებლები გამოჩნდნენ. გამოძიება მიმდინარეობს. ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს, იტყვიან თუ არა ვისი დაკვეთით იქნა მოკლული აკადემიკოსი გურამ შარაძე, იქნებ აქვე, მისი ვაჟიშვილის, ლაშა შარაძის მკვლელობის საქმეც გაიხსნას, რომელიც 1998 წლის 17 ივნისს საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში მოკლული იპოვეს.   
– რუსუდან, მამათქვენის მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე  გამოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით  ადრე, მეგის ქარდავამ დაიბარა და გურამ შარაძის მკვლელობის ორგანიზება დაავალა. თქვენ როგორ გაიგეთ ამის შესახებ და რა არგუმენტებით და ფაქტებით არის გამყარებული ის, რასაც მოწმე ამბობს?
– ეს ამბავი გავიგე  ჟურნალისტ ნანა ფაჟავასგან („მაესტროს“ რეგიონალური ჟურნალისტი – ავტორი). მას უამბო ამ მოწმემ  ზუდგდიდიან.  ამის მერე ეს მოწმე წავიდა პროკურატურაში და ჩვენება მისცა. სხვათა შორის, არაერთხელ დაიკითხა, რაც შეეხება ინფორმაციის უტყუარობას, მართალია თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და მტკიცებულებებით გაამყაროს. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ საქმეში არსებული ყველა მოწმის ჩვენება სიმართლეა. მეგის ქარდავა ვინ არის, რომ მას გურამ შარაძის მკვლელობა მოეფიქრებინა?! ის არის ერთი ჭანჭიკი, შემსრულებელი მკვლელი, მწამებელი და კაცების გამაუპატიურებელი, რომელიც თავისნაირებს მეთაურობდა სამეგრელოს რეგიონში.  კოხტა კოდუაც, მეგის ქარდვას მსგავსად, ჭანჭიკია ამ საქმეში. ისიც მკვლელი და მწამებელია.
– თანდათან ჩნდებიან მოწმეები, თითქოს წინ მიიწევს გამოძიება, მაგრამ მთავარი მაინც გამოცანად რჩება – ვისი დაკვეთით მოკლეს გურამ შარაძე?  და საერთოდ, მე მგონი, დღემდე ყველა გახმაურებული განზრახ ჩადენილი მკვლელობის საქმე ასეა.  ვერ იგებენ ან მალავენ, ვინ არის დამკვეთი.       
– მამაჩემის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა. ვინ შეასრულებდა მას დათა ახალაიას ბანდაზე უკეთ? მოგეხსენებათ, თითქმის ყველა დანაშაულის, რაც საქართველოში სააკაშვილის დროს ხდებოდა, მონაწილეა ახალაიას მკვლელების ხროვა და მათ შორის მეგის ქარდავაც. 
– თქვენ მანამდე არ გქონდათ მინიშნება, ეჭვები ამ კონკრეტულ პიროვნებებზე. თქვენ ხომ თავად გამოიძიეთ აქამდე ბევრი რამ? ვიცი, თავს იკავებთ მოწმეების დასახელებისგანაც,  მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ, დაასახელოთ ვინ არიან ეს მოწმეები?    
– პირველად, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია 2013 წელს, საჯაროდ გავავრცელე. ეს მოწმე გახლავთ სამეგრელოდან, ყოფილი პოლიციელი – გურიკა ქადარია. ის ჯერ კიდევ მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი იყო, როცა ქარდავამ მას დაავალა ზუგდიდიდან ორი კონკრეტული სპეცრაზმელის – გია ფაჩულიასა და თემურ ჯგერენაიას თბილისში წაყვანა გურამ შარაძის მოსაკლავად.  ეს უკანასკნელი 2012 წელს, უკრაინაში, გაურკვეველ სიტუაციაშია გარდაცვლილი. რაც შეეხება გია ფაჩულიას, ის დღესაც სამეგრელოში, ძალოვან უწყებაში, არც ისე დაბალ თანამდებობას ინარჩუნებს. 
–  ისიც გეცოდინებათ, რა გეგმით მიდიოდნენ?
– გეგმის მიხედვით, თბილისში, მოწმეს დაუკავშირდებოდა ეგრეთ წოდებული „მასტერა“, რომელიც მკვლელობის დეტალურ გეგმას გააცნობდა. მოწმემ ავადმყოფობა მოიმიზეზა და ეს დავალება არ შეასრულა, რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. ამის გამო, მოხდა მასზე ანგარიშსწორება. მკვლელობისთვის მიცემული (5 ათასი) ფული და იარაღი წაართვეს. ის კი არა, სწორედ, ამ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ციხეში ჩააგდეს… „მასტერას“ ექსტრადიცია ახლახან მოხდა და იმედი მაქვს, თუნდაც, თავის გადარჩენის მიზნით, ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან და მოყვება სიმართლეს. „მასტერა“ რომ ამ საქმეში იყოს, რა გასაკვირია. თითქმის ყველა დანაშაულში ფიგურირებს დათა ახალაიასთან ერთად.
– უშუალოდ ვინ განახორციელა მკვლელობა, ვინ ესროლა?
– მოწმემ დანამდვილებით არ იცის, საბოლოოდ, ვინ შეასრულა მკვლელობა. ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს ასე ხელის დადება, მით უმეტეს, გარდაცვლილ ადამიანზე, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. რადგან მეგის ქარდავა მათ მოიაზრებდა გურამ შარაძის მკვლელობის შემსრულებლებად, ესე იგი, მათ შეეძლოთ, ეს ჩაედინათ, ამაზე წამსვლელები იყვნენ.  დანარჩენს გამოძიება დაადგენს და თავად ფაჩულიაც იტყვის ბევრ რამეს, როცა მიხვდება, რომ სხვა გზა არ აქვს. ან მოეხსნება ეს ეჭვი, ან წავა იქ, სადაც მისნაირები მიდიან.
– ესე იგი, ისე მოკლეს კაცი, რომ მოტივით არც კი დაინტერესებულან, რატომ კლავდნენ?  
– რაც შეეხება მოტივს, ამას ქილერებს არ უხსნიან. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ერთუჯრედიანი ქარდავასთვის რამე მოტივს მნიშვნელობა ჰქონოდა. როგორც აღვნიშნე, ის იყო ჭანჭიკი ამ და სხვა საქმეებში – კაცების გამაუპატიურებელი და მკვლელი. უთხრეს და მანაც შეასრულა…
– მაინც. რატომ უნდოდა სააკაშვილს გურამ შარაძის თავიდან მოცილება, ნუთუ ასეთი საშიში იყო ეს ადამიანი ქვეყნისთვის. თქვენ რას ფიქრობთ – მაინტერესებს თქვენი აზრი, რა ვერსიები გაქვთ?
– მოტივი თავად გურამ შარაძის პიროვნება გახლდათ, ხოლო უფრო კონკრეტულად – თავიდანვე ვამბობდი და დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელობა იმ დროს, იმ მომენტში იმიტომ ჩაიდინეს, რათა თავისუფლად ენიავებინათ ჩვენი საგანძური და მიეღოთ ახალი კანონები ეგრეთ წოდებული თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ, რაც ჩაიდინეს კიდეც – მამაჩემის მკვლელობიდან 1 თვის შემდეგ, 2007 წლის 22 ივნისს, საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა გრიალ-გრიალით მიიღო ახალი კანონი ეგრეთ წოდებული თურქი მესხების საქართველოში დასახლებასთან დაკავშირებით. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ ორ საკითხს, გურამ შარაძე შეაკვდებოდა და არ დაუშვებდა. რასაც აკეთებდა კიდეც მთელი მოღვაწეობის განმავლობაში.
– მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ სხვა ცნობილი გვარები ფიგურირებს: ოლეგ მელნიკოვი, სოსო თოფურიძე, გოგა ხაინდრავა...        
– დიახ, მოწმის ჩვენებას თუ დავეყრდნობით, საქმეში ფიგურირებენ ოლეგ მელნიკოვი, სოსო თოფურიძე. გაისმა გოგა ხაინდრავას გვარიც და რა კონტექსტში, ამას ახლავე გიამბობთ. ეს ინფორმაცია, რასაც ახლა გიამბობთ, დეტალურად მაქვს საჯაროდ მონათხრობი, მაგრამ ეს იყო 2014 წლის ზაფხულამდე, მაშინ, როდესაც გამოძიება ოფიციალურად განახლებული ჯერ არ იყო. კბილაშვილის პროკურატურის ყურადღება ვერაფრით მივიპყარით და მაშინ, იძულებული ვიყავი, ასე, საჯაროდ მეთქვა ყველაფერი. ამჟამად, პროკურატურასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობ. რა ეტაპზეა გამოძიება და რა გეგმებია, ყველაფრის თქმის უფლება არ მაქვს. ვშიშობ, საქმე არ დავაზიანო.  
–  კარგი, გასაგებია. რა თქმა უნდა ყველაფრის თქმის უფლება, როცა გამოძიება მიმდინარეობს, არავის აქვს. ხაინდრავას გვარი რა კონტექსტში გაისმა,  პირადად მე და ბევრმა არ ვიცით.  ეს გააგრძელეთ.
– არსებობს ასეთი კაცი,  გიორგი გათენაძე, წარმოშობით აჭარიდან. ის სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში სასჯელს, ჯერ კიდევ, 2002 წლიდან იხდიდა (გათავისუფლდა 2013 წელს). გათენაძე ყვება, რომ 2011 წელს, შუაღამისას, გაიყვანეს ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც დახვდნენ ოლეგ მელნიკოვი და სოსო თოფურიძე (მისი თქმით, ტელევიზიით ნანახი ჰყავდა და ამოიცნო). მათ თავისუფლების სანაცვლოდ, შესთავაზეს ასეთი რამ: მასთან შეიყვანდნენ გურამ შარაძის „მკვლელს“, გიორგი ბარათელს. ამის შემდეგ, გათენაძეს ბარათელი უნდა დაერწმუნებინა, რომ მას მოეთხოვა გამომძიებელი და „ეღიარებინა,“ რომ გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა გოგა ხაინდრავამ. მეტი დამაჯერებლობისთვის, გათენაძეს აღუწერეს გოგა ხაინდრავას სახლის ინტერიერი, რომელიც, მართლაც, ფრიად ორიგინალურია. ბარათელს ეს უნდა დაეზეპირებინა, თან დაემატებინა, რომ ხაინდავასთან შეხვედრაზე, სადაც გოგამ მას მკვლელობა შეუკვეთა, საუბარში, ისიც დააყოლა, რომ ეს ავეჯი მისი მეგობრის გაკეთებულია და აჩუქა, რაც სინამდვილეში მართლაც ასეა – გუგა კოტეტიშვილს ეკუთვნის. ბარათელს ისიც უნდა ეთქვა გამომძიებლისთვის, რომ გოგა ხაინდრავამ მას მკვლელობისთვის ხუთასი ათასი დოლარი, პასპორტი და უცხოეთში გაპარება შესთავაზა. გათენაძეს უთხრეს, რომ თუ ამ დავალებას შეასრულებდნენ, ბარათელს ბრალს შეუმსუბუქებდნენ, მას გაათავისუფლებდნენ. თუ არადა, ციხეში ამოალპობდნენ. გათენაძესთან ბარათელი მართლაც შეიყვანეს, მაგრამ როგორც ყვება, ის დარწმუნდა მის უდანაშაულობაში, შეეცოდა და უთხრა, როცა გაიყვანდნენ, უკან დაბრუნებაზე სასტიკი უარი ეთქვა, რადგან მასთან ვითომ პრობლემები  ჰქონდა. იმის გამო, რომ გათენაძემ დავალება ვერ შეასრულა, მას სისტემატურად აწამებდნენ, სცემდნენ. ინვალიდს, არ აძლევდნენ წამლებს. მას პირადად აწამებდნენ ციხის უფროსი სერგო კეკელაშვილი და მისი ნათესავები. საბოლოოდ, გიორგი გათენაძეს ამინისტია შეეხო და გათავისუფლდა 2013 წელს. მან ეს ისტორია ჯერ კიდევ ციხიდან გამოსვლამდე უამბო ჩვენს ადვოკატს, ირაკლი გაბრიჭიძეს. ეს თუ მართალი არ არის, საინდან ეცოდინებოდა გიორგი გათენაძეს, რომელსაც 2002 წლიდან ციხიდან ფეხი არ გამოუდგამს, გოგა ხაინდრავას ავეჯი და მისი ავტორი? მადლობელი ვარ მისი, ისევე, როგორც სხვა მოწმეების.
–  არ ფიქრობენ თვითონ, ვისაც ირიბი თუ პირდაპირი კავშირი აქვს ამ საქმესთან,  რომ კარტები გახსნილია და არაფრის დამალვას აზრი აღარ აქვს?
– ბევრი მოწმე დღემდე თავს იკავებს გამოძიებას ჩვენება მისცეს. მე ვთხოვ ყველას, რომ მიბაძონ ქადარიას, გათენაძეს და ასე შემდეგ. ამით ისინი საქმის გახსნასაც დააჩქარებენ და ვალსაც მოიხდიან მამაჩემის წინაშე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კარგად ყოფნის გარდა, არაფერი უნდოდა ცხოვრებაში და მთელი მისი მოღვაწეობა ამის ნათელი მაგალითია.

скачать dle 11.3