რას სწერენ ლუკა ახალაძეს გოგონები ნიუ-იორკიდან და როგორ ააცალა მეგობარმა მას ცხვირწინ შეყვარებული
მსახიობი ლუკა ახალაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენის შემდეგ გაიცნო უამრავმა ადამიანმა, სადაც ის დუდუს შვილის შეყვარებულის როლს ასრულებს. ლუკამ მაყურებლების, განსაკუთრებით კი გოგონების ყურადღება მაშინვე მიიპყრო, რაც მისი გარეგნობიდან გამომდინარე გასაკვირი ნამდვილად არაა.
ლუკა ახალაძე: სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურში, სარეჟისოროზე ვაბარებდი და შემდეგ სამსახობოზე გადასვლას ვგეგმავდი. მაგრამ, რაღაც ფაქტორების გამო, არ გამოვიდა. მეორე წელსაც ვცადე, მაგრამ ისევ არ გამიმართლა. პარალელურად, თსუ-ს კინო-ტელე ხელოვნებაზე ვცადე ჩაბარება და ჩავაბარე კიდეც. ერთი წელი ვსწავლობდი, მერე ლექტორმა მითხრა, რეჟისორობა არაა საშენო საქმე, სამსახიობო სცადეო და ასეც მოვიქეცი. მაგრამ, თეატრალურში რომ გადავსულიყავი, სემესტრი უნდა დამეკარგა, ამიტომ ილიაუნი ავირჩიე. ახლა მესამე კურსზე ვსწავლობ. ორი თვის წინ ილიაუნის თეატრის შტატიანი მსახიობიც გავხდი და ჩემი არჩევნით ძალიან კმაყოფილი ვარ.
– ყოველთვის ეს პროფესია გინდოდა, თუ მანამდე სხვა ინტერესებიც გქონდა?
– სკოლის პერიოდში, 14-15 წლის ასაკში, ცოტა ქარი რომ გიქრის, პარკურს მივყევი. კედლებზე სირბილი რომ დავიწყეთ, მაშინ დავიმტვრიე ძალიან ცუდად. ტკივილზე მეტად, შემეშინდა და ამ საქმეს შევეშვი, რადგან მივხვდი, – თუ მსახიობობა მინდოდა, გარეგნობას უნდა გავფრთხილებოდი. პარკურზე თუ დავიმტვრეოდი და თავს დავისახიჩრებდი, ეს მსახიობობაში ხელს შემიშლიდა, გარეგნობა ხომ პირველი იარაღია. შემდეგ იყო სპორტი – შერეული საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ ამასაც მალე დავანებე თავი, რადგან იგივე სიტუაცია იყო. ამის შემდეგ ხელოვნებისკენ წავედი – ვუკრავდი ბენდში, ვხატავდი კომიქსების სტილში, მაგრამ აბიტურიენტობისას ყველაფერზე უარის თქმა მომიწია და მთელი ჩემი დრო სწავლას დავუთმე. იმ პერიოდში გადავწყვიტე სამსახიობოზე ჩაბარება. სახლში გამაფრთხილეს, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა და მეც განსაკუთრებულად ვემზადებოდი.
– ოჯახის რომელიმე წევრი არის ამ სფეროს წარმომადგენელი?
– ბაბუა და ასე თუ ისე, დედაც. ბაბუა – დათო ბარბაქაძე ლაგოდეხის თეატრში თამაშობდა ძალიან ადრე, ვეტერანი მსახიობია. დედა – ირმა ბარბაქაძეც იქ თამაშობდა, მაგრამ შედარებით ცოტა ხანი. ბაბუა ქორეოგრაფია, დაახლოებით 45 წელი ცეკვავდა. შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თავი დაანება. დამსახურებული არტისტია, სხვათა შორის, ერთი თვის წინ მუშტაიდის ბაღში ჰქონდათ ძალიან კარგი გამოსვლა ვეტერანებს.
– ცეკვით შენ არ დაინტერესებულხარ?
– კი, ოთხი წელი დავდიოდი ქართულ ცეკვებზე „კავკასიონში,“ ანგული ქავთარაძესთან. შემდეგ ორი წელი – თანამედროვე სპორტულ ცეკვებზე, მაგრამ ბოლომდე არ გავყევი.
– როგორც ძირითადად ხდება, სერიალში ქასთინგის მეშვეობით მოხვდი?
– სერიალამდე რამდენიმე რეკლამაში მივიღე მონაწილეობა. ერთ-ერთს გიორგი ლიფონავა იღებდა და ძალიან კარგად ვიმუშავეთ. მერე როლი შემომთავაზეს. ეს გმირი ჩემგან ძალიან განსხვავებულია. ის ძალიან მარტივად დანებდა შექმნილ სიტუაციას. მე მის ადგილას ყველაფრის გარკვევას დავიწყებდი. „იცი რა, დედაშენი იმ კაცმა მოკლა და შენ მისი შვილი უნდა დაივიწყო“ ჩემთვის საკმარისი არ იქნებოდა, აუცილებლად გავარკვევდი, სინამდვილეში რა მოხდა, რა თქმა უნდა, თუ მიყვარს გოგო. მეგობრები მეუბნებიან, როგორ მიატოვე შეყვარებული და არაფრის გარკვევა არ დაიწყეო. მეც მაგას ვამბობ, მაგრამ ასეთი სცენარია და ვერაფერს ვიზამთ (იცინის).
– ძალიან მაგარ მსახიობთან ერთად მოგიწია თამაში, ალეკო ბეგალიშვილს ვგულისხმობ. როგორი იყო დუდუსთან შეხვედრის მოლოდინი?
– ალეკო ბეგალიშვილს მანამდე არ ვიცნობდი. რომ ამიყვანეს, მითხრეს, რომ დუდუს შვილის შეყვარებული უნდა მეთამაშა. მაშინ სახელი არ ჰქონდა ჩემს პერსონაჟს. მეგობრებს რომ ვახარე, გაგიჟდნენ: რა, დუდუ?! სანამ შევხვდებოდი, ცოტა შიშნარევი განწყობა მქონდა. რომ დამინახა, თქვა: ეს რამხელაა, ეს როგორ უნდა „მივაკაჩავო“ ახლაო. გავიცანი და მივხვდი, რომ დუდუსგან საერთოდ განსხვავებულია. კამერა გამოირთვება თუ არა, დიდი ბავშვი ხდება. ძალიან საყვარელია.
– როგორი იყო მეგობრების თუ სრულიად უცნობი ადამიანების შეფასებები სერიალში გამოჩენის შემდეგ?
– მეგობრები მეუბნებიან, რომ კარგია, მაგრამ რომ ვიცით, სინამდვილეში რა სხვანაირი ხარ, აქ ვერ აღგიქვამთო. ადრე მე და გოგა ოსეფაშვილი ვიღებდით ვიდეოების ხაზს „დედიკოს ბიჭი“, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო. ბევრმა მითხრა, რომ იქიდან ვახსოვდი და გაუხარდათ ჩემი ეკრანზე დაბრუნება. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ამას რომ გეუბნებიან.
– შენი გარეგნობიდან გამომდინარე, ალბათ ბევრი გოგო გწერს. რას გეუბნებიან?
– ძალიან დადებითად არიან განწყობილები. გაცნობის ბევრი ვარიანტი წამოვიდა და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათგან სამი-ოთხი, ვინც დამეკონტაქტა, ნიუ-იორკში ცხოვრობს. მეგობრები მეღადავებიან: მიდი, მიდი, შენც წაგიყვანონო (იცინის).
– შეყვარებული თუ ხარ?
– არა და თან, იმდენი ხანია, რომ მგონი, მარტოობას მივეჩვიე. ასე უფრო კომფორტულია – შეგიძლია, მთელი დრო საქმეს დაუთმო. თეატრის, უნივერსიტეტისა და სერიალის გარდა, სხვაგანაც ვმუშაობ. სარეკლამო სააგენტოში მაქვს სივი გაგზავნილი და კიდევ მალე ლესელიძეზე იხსნება ლაბირინთის ვარიანტი, მსახიობები სჭირდებათ და იქ ვიწყებ მუშაობას. ბევრჯერ მქონია გოგოსთან ურთიერთობა, მაგრამ საქმეს პირველ ადგილას ვაყენებ და მათ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ. ამიტომ, ჰგონიათ, რომ არ მაინტერესებს.
– რაც აქამდე გქონია, იმ ურთიერთობების შესახებ მომიყევი.
– 15 წლისას ერთი გოგო მომეწონა სერიოზულად. მანამდე ბაღის და სკოლის პირველი სიყვარულები იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო გულწრფელია, არ ითვლება. 15 წლისას კი, უკვე მეგონა, რომ სერიოზულად იყო საქმე. მეგობარმა მითხრა, მოგეხმარები ამ გოგოზე რაღაცეების გარკვევაშიო. რად უნდა ამ საქმეს ორი კაცი, ერთია საჭირო, მაგრამ მაინც დავეთანხმე. კარგი, გაარკვიე და მერე მე მომიყევი ყველაფერი-მეთქი. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ამ გოგოს ჩემს მეგობართან უფრო კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ვიდრე ჩემთან და ასე, ჰაერში გამოკიდებული დავრჩი – ცხვრწინ ამაცალა გოგო (იცინის). შემდეგ პატარ-პატარა ურთიერთობები იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი. თსუ-ში პირველ კურსზე სწავლისას ცოტა სხვანაირი სტილი მქონდა – ინტელიგენტივით გამოწყობილი დავდიოდი (იცინის). ერთ დღეს, ერთი ჯგუფელი გოგო მეძახის და მეუბნება: ტელევიზიიდან იყვნენ მოსულები, სიმპათიურ, ინტელიგენტ ბიჭს ეძებდნენ, რომელსაც კარგად კითხვა და თემების წერა შეუძლია. პირველი შენ გამახსენდი, მაგრამ არც „ფეისბუქზე“ მყავდი და არც ნომერი მქონდა, რომ დაგკავშირებოდიო. არადა, ნახევარ უნივერსიტეტს იცნობდა, ისეთი გოგო იყო (იცინის). ხომ გასაგებია, რასაც ნიშნავდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაშინ ვერაფერს მივხვდი. იმ გოგოს დავემშვიდობე, ცოტა გავიარე, „სიგარეტი გავაბოლე“ და მერე გავაანალიზე ყველაფერი (იცინის). არადა, იმერელი ვარ და იქვე უნდა „გამეცრა“, რაც ხდებოდა. ერთი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი და ნერვები მეშლებოდა, ასეთი სისულელე რომ დამემართა (იცინის).
– როგორი გოგოები მოგწონს?
– ლამაზები და არ აქვს მნიშვნელობა შავთმიანი იქნება, ქერა თუ წითური. ხასიათით ჩემსავით, ცოტა გიჟი უნდა იყოს.
– საუბრისას მითხარი, რომ დედისერთა ხარ. ალბათ, განებივრებული ბავშვი იყავი...
– განებივრებული არ ვყოფილვარ. დედაჩემი ფილოლოგია და ჩემი მასწავლებელი, დამრიგებელი იყო. შატალოზე ერთხელაც არ ვყოფილვარ. სკოლაში არ ვაგვიანებდი და თუ ვინმე რამეს დააშავებდა, აუცილებლად მე მბრალდებოდა. თავიდან ვაპროტესტებდი, მაგრამ მერე მივეჩვიე (იცინის).
– ბოლოს შენი მიზნებისა და ოცნებების შესახებ მითხარი.
– მინდა, სერიალებსა და ფილმებში გავაგრძელო მონაწილეობა. ზოგადად კი, უცხოეთში მინდა წასვლა. ჰოლივუდი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდა. ვნახოთ, რა იქნება.