ვინ აჩუქა გია ჯაჯანიძეს მტკვრის პირას სამსართულიანი სახლი და ტყე
ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. საოცნებო, სამსართულიანი სახლი მტკვრის პირას მეგობრის საჩუქარია, რომელმაც ტელესახეს სიურპრიზი მოუწყო. რა მაგიური ნივთი დახვდა გია ჯაჯანიძეს ახალ სახლში და რატომ არ უშვებს ის სტუმრებს ფლიგელში, სადაც იდუმალი „ბუდე” მოიწყო, ამის შესახებ თავად გია ჯაჯანიძისგან შეიტყობთ.
გია ჯაჯანიძე: ბოლო წლებში საკუთარ, ეზოიან სახლზე ვოცნებობდი. არ ვიცი, რატომ? ალბათ, ასაკის ბრალია, რომ მიწასთან სიახლოვე და ბალახზე ფეხშველი სიარული მომინდა. ალბათ, გენეტიკამ გაიღვიძა და ჭიათურაში „დავბრუნდი”. მთელი ცხოვრება მაქვს ოცნებები, რომელიც მისრულდება – არასდროს მდომებია საკუთარი გემი, თვითმფრინავი, ოქრო-ვერცხლი და სასახლეები. აქედან გამომდინარე, ყველა ჩემი ოცნება ადრე თუ გვიან სრულდება. ასე მოხდა ამ სახლის შემთხვევაშიც. ასეთი დიდი და ძვირად ღირებული სახლის ყიდვას, ნამდვილად ვერ შევძლებდი. მაგრამ, ერთ დღეს, მეგობარმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, წარმატებული ბიზნესი აქვს და იცოდა ჩემი ოცნების შესახებ, მითხრა, რომ ჩემთვის სახლის ყიდვას აპირებდა და სახლი მომეძებნა.
– ამ სახლზე არჩევანი რატომ გააკეთე?
– არ ვიცი, თვითონ „დამიძახა”. ოთხი თვის განმავლობაში გამალებული ვეძებდი სახლს. დღეში სამ სახლს მაინც ვნახულობდი. მოვიარე თბილისის მიმდებარე ტერიტორიები, ოქროყანა, წყნეთი, უამრავი მაკლერი გავიცანი და ერთი-ორი ისეთი შემთხვევაც მქონდა, ლამის თაღლითების მახეში გავები. მათთან ურთიერთობა მთელი ფილოსოფიაა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. დამიჯერებთ, რომ ეს სახლი სიზმარში მაქვს ნანახი?! როდესაც აქ პირველად შემოვედი, მაშინვე „ვიცანი”. შორიდან რომ დავინახე ამ სახლის დიდი ფანჯრები, ვიცოდი, რომ ჩემი იყო. ეს ენერგეტიკა, სიმყუდროვე, სინათლე, რაც ამ სახლს აქვს, აღმოჩნდა „მაცდუნებელი”. აქ ისეთი აურაა, მჯერა, ვინც ჩემს სახლში კეთილი გულით შემოვა, ყოველთვის ბედნიერი იქნება.
– სახლში ბევრი რამ შეცვალე?
– თითქმის არაფერი. როგორც ჩანს, ამ სახლის წინა მეპატრონეებისა და ჩემი გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდა. ერთადერთი, რაშიც ვერ დავემთხვიეთ, ისინი მაღლები იყვნენ და ყველაფერი საკუთარ სიმაღლეზე ჰქონდათ გათვალისწინებული (იცინის). ეზო მაქვს დასამთავრებელი და პირველ სართულზეა ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები. აქ იქნება აზიური ოთახი, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს ჩემთვის. მეორე სართულზე – სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ჰოლია; მესამე სართულზე კი – სამი საძინებელი და კაბინეტი. ფართი არ მკითხოთ, რამდენია. ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი. ის კი არა, ეს სახლი რომ შევიძინე, მეგობარმა მირჩია, როცა კერძო სახლი გაქვს, „კლუჩები”, სახრახნისები, ლურსმნები და უამრავი ტექნიკური ხელსაწყო დაგჭირდებაო. წავედი ელიავას ბაზრობაზე და ზოგიერთი ისეთი უსარგებლო ნივთი მიყიდია, – ჩემთვის ამოუცნობი, რომ თუ ვინმე სპეციალისტი არ მიხვდა რა არის, პირადად მე, ვერასდროს გამოვიყენებ (იცინის). ამ სახლს უკეთდება ლიფტი, რომლითაც შესაძლებელია ასვლა სახლის სახურავზე, სადაც იდეაში, აუზი უნდა იყოს. თუმცა, მას ფუნქციას შევუცვლი და ბაღს გავაკეთებ. რომ წარმოვიდგენ, მძინავს სახლში, რომელსაც სახურავზე წყლით სავსე „ბასეინი” აქვს, შიშით გული გამისკდება. ეზოში „ბასეინი” არაა და არც ვდარდობ. რად მინდა „ბასეინი”, აგერ მტკვრის პირასა ვარ დაბანაკებული, თუმცა, ჭყუმპალაობის დიდი მოყვარული არ ვარ. „ბასეინი” მიყვარს სხვის ეზოში. სამაგიეროდ, ნახეთ რა კაკლის ხე მაქვს. როგორ ასხია და როგორი ბოსტანია. სამი კვირაა, არც მწვანილი გვიყიდია და არც ბოსტნეული. დედაჩემმა გული იჯერა, ყველაფერი დარგო და დათესა, რისი დარგვაც შეიძლებოდა. ამ ბოსტნით დედაჩემი ისეთი ბედნიერია, მე ეს მაბედნიერებს. ჩემს ეზოში იქნება ბევრი ყვავილი, ვარდები და კიდევ ძალიან მინდა, ეზოში დადიოდეს სირაქლემა.
– რატომ სირაქლემა, ზებრა არ ჯობია?
– არა, ასეთი ამბიციურიც არ ვარ. მე რაც მინდა, ის უნდა მყავდეს ეზოში. თურმე, სირაქლემას აქვს თვისება, რომ თუ ადამიანი ცუდი გულით შემოვა სახლში, პანჩურს ურტყამს, ამ ტესტს მეც ჩავატარებდი.
– სახლში ავეჯი დაგხვდა თუ შენ იყიდე?
– ავეჯი მე ვიყიდე. არც დიზაინერების დახმარება დამჭირვებია ავეჯის შერჩევაში და არც სხვა სპეციალისტების. ერთმა მეგობარმა მიყიდა ავეჯი, მოხატული სარკეებით, რაც ძალიან მოდური ყოფილა; მეორემ – ფარდები და ეს იყო მათი საჩუქრები ახალმოსახლეობის ნიშნად. ცოტ-ცოტა თვითონაც ვიყიდე. მაგალითად, ჭაღი, რომელიც ძვირფას მაღაზიაში ნამდვილად არაა ნაყიდი და არც ბევრი გადამიხდია, თუმცა ჩემს სასტუმრო ოთახს ძალიან უხდება. ვიყიდე მაგიდა, სკამები სამზარეულოში. ჩეთვის მთავარი იყო ფერების შეხამება და გარდერობები ტანსაცმლისთვის, რის ნაკლებობასაც აქ არ განვიცდი. მე რომ აქ რემონტი გამეკეთებინა, ასეთ ძვირფას მეტლახს არ დავაგებდი. დედაჩემი ისე განიცდის, თუ რამე დაესხა და დაესვარა, მის ნერვიულობას, მერჩივნა, იაფფასიანი და უბრალო მეტლახი ყოფილიყო. ავანგარდზე, მოდერნსა და დიზაინის სხვა მიმართულებებზე არ მიფიქრია. სახლი ისეთი უნდა იყოს, რაც მე გამომადგება. ძალიან „გაპრანჭული” ნივთები არ მიყვარს. ამ დიდ აბაზანაში, რომელსაც თქვენ „მეფური” უწოდეთ, სარეცხის საპნითა და ჩვეულებრივი სოდით ვბანაობ. ამ სახლში არ იქნება უსარგებლო ნივთები, მხოლოდ ის მაქვს, რასაც პრაქტიკული დანიშნულება აქვს. თუმცა, ძველი სახლიდან ჩემი ხარახურა და ავლადიდება მაინც წამოვიღე, რომელსაც პირველ სართულზე განვათავსებ (იცინის).
– მაგალითად, ეს აკვანი?
– აკვნებს რომ ვაგროვებ, ეს ყველა ჩემმა ახლობელმა იცის. სასწაული ის არის, რომ ეს აკვანი აქ დამხვდა. ეზოში პატარა სახლია, რომლის სახურავზეც ეს აკვანი იყო. ძველ მეპატრონეს რომ დავურეკე და ვუთხარი, აქ აკვანია და ალბათ, წაიღებთ-მეთქი, მითხრა, მისი არსებობის შესახებ წარმოდგენა არ მაქვსო. აი, ასეთი მაგიური დატვირთვა აქვს ამ აკვანს – რაც მიყვარს, სახლში დამხვდა უცნაურ ვითარებაში.
– იმ პატარა სახლში, ეზოს კიდეში რომ დგას, რა გაქვს მოწყობილი?
– ეს ჯერ საიდუმლოა, აქ ჩემი იდუმალი ბუდეა, სადაც სტუმრებს არ ვუშვებ. დადგება დრო, ამ ფართის „პრეზენტაციას” მოვაწყობ ახლო მეგობრებისთვის, რაც ყველასთვის სიურპრიზი იქნება.
– ასეთ დიდ სახლს რა კომფორტი აქვს?
– ბევრი. თუმცა, თავიდან შეჩვევა გამიჭირდა. პირველი ღამე, ამ სახლში რომ დავრჩი, თეთრად გავათენე. დაბადების დღე მქონდა, ვიფიქრე, საკუთარ თავს სიურპრიზს ვერ მოვუწყობ და მოდი, ახალ სახლში ამ დღეს გადავალ-მეთქი. მე და დედაჩემი ერთმანეთს შეცბუნებულები ვუყურებდით. ისე ვიყავით შეჩვეული ჩვენი ძველი სახლის მცირე ფართობს, რამდენიმე დღე ერთმანეთს ვეძებდით სართულებს შორის (იცინის) ცხოვრება ასეთი უცნაურია. როცა თბილისში ჩამოვედი, ჩემი ოცნება პატარა „კამორკა” იყო, სადაც თავს შევაფარებდი. უამრავი ადგილის შეცვლა მომიწია, ხან ვის შევეფარებოდი, ხან – ვის. ერთხანს კინოსტუდიის მოცუცქნულ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მერე მე და ჩემმს ცოლმა მუხიანში მივიღეთ პატარა ბინა. მერე ქალაქის ცენტრში ცხოვრება მომინდა, რადგან ხშირად ფეხით მიწევდა მუხიანიდან ცენტრში გამოსვლა. როცა კორპუსებში გაჩახჩახებულ შუქს ვხედავდი და მახსენდებოდა, რომ მე ფეხით უნდა გავსულიყავი მუხიანში, იმ ბედნიერი ადამიანების ადგილზე ყოფნას ვნატრობდი, ვინც ცენტრში ცხოვრობდა. რა დალევს კეთილ ადამიანებს! ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა საბურთალოზე მაჩუქა სახლი, სადაც 16 წელი ვცხოვრობდი.
– იღბლიანი ხარ.
– კი, და არც ვმალავ. გინდათ, მისტიკაში ჩამითვალეთ, გინდათ – მოხერხებულობასა და დიპლომატიაში. მე მჯერა, რომ სიკეთე, რაც ჩემგან მოდის, ყოველთვის სიკეთით მხვდება წინ. იმის მიუხედავად, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ასე მოგვდევდა ჭიათურიდან და სტუმრების მიღებაზე არც მუხიანის სახლში ვამბობდი უარს. არ ვდარდობდი იმას, რომ იქ არანაირი კომფორტი არ იყო და „კერასინკით” უნდა გამეთბო სახლი. ერთ დღეს უცხოეთიდან ჩამოსულ ჩემს სტუმარს, სასტუმროს ნაცვლად, შევთავაზე, მუხიანში ჩვენთან დარჩენილიყო. რომ შემოვიდა, გაოცდა – როგორც გარეთ ციოდა, ისე ციოდა სახლში. ორი ღამე გაათენა ზრდილობისთვის. თავიდან კი იძახა, ეს ჩემთვის ეგზოტიკააო, მაგრამ მეორე დღეს ძვლები რომ გაეყინა, წასვლისას მითხრა: აქ როგორ ცხოვრობ, მომავალ წელს ბინას გიყიდიო. ერთ წელიწადში პირობა აასრულა.
– მოკლედ, სახლის კი არა, სახლების მფლობელი ხარ.
– მარტო სახლების? საკუთარი ტყეც მაქვს. რამდენიმე წლის წინ, თბილისთან ახლოს, სააგარაკე მიწის ყიდვა გადავწყვიტე. იქვე, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ აგარაკი და ვიფიქრე, მათთან ახლოს, პატარა სახლს ავაშენებდი. მოვძებნე ნაკვეთი, აღარ მოვყვები იმ დიდ ისტორიას, რაც მის ყიდვას ახლდა. უკვე ჩემს სახელზე გაფორმებული იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ტყის ნაწილი, სადაც უამრავი ხე იდგა. ამ ხეებს ხომ არ მოვჭრიდი და ასე შემრჩა, სააგარაკე ნაკვეთის ნაცვლად, საკუთარი ტყე (იცინის).