როგორ ესწრებოდა ინტერნეტით ანიტა რაჭველიშვილი საქმროს მიერ მამამისისთვის მისი ხელის თხოვნას და რატომ მოუწია მას დანიშვნისთანავე თავისი რჩეულის მარტო დატოვება
ანიტა რაჭველიშვილის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – ცოტა ხნის წინ ის მუსიკოს ოთო მაისურაძეზე დაინიშნა. ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს და, პირადად მე, უნიჭიერეს და ძალიან კარგ ადამიანს, ანიტას, ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ. გარდა პირადი ცხოვრებისა, ანიტას კარიერაც, რა თქმა უნდა, კვლავ დიდი წარმატებით გრძელდება – ამჟამად ის პარიზში იმყოფება და სპექტაკლისთვის ემზადება.
ანიტა რაჭველიშვილი: ამწუთას პარიზში ვარ (ინტერვიუ ჩაწერილია 2 ივნისს – ავტორი), „აიდას“ რეპეტიციები მიდის. სამი წლის წინ იყო ამ სპექტაკლის პრემიერა. ძალიან საინტერესოა – თანამედროვედ გადაწყვეტილი, რის გამოც მას დიდი სკანდალები მოჰყვა. არ მოეწონა მაყურებელს, ძალიან ბევრი „ბუუ“ უყვირეს და მთელი სპექტაკლის განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნობოდა მაყურებლის მხრიდან. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც იდგმება სპექტაკლი, რომელსაც ძალიან საინტერესო და რთული დეკორაცია აქვს. შემადგენლობა ფანტასტიკურია – დღესდღეობით წამყვანი მომღერლები ვინც არიან, თითქმის ყველა ამ დადგმაში მონაწილეობს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ, ამ ძალიან კარგი მომღერლების შემადგენლობაში, ჩემ გარდა, კიდევ ერთი ქართველია – გია გაგნიძესთან ერთად ვმღერი, ის მთავარ პარტიას ასრულებს. მეამაყება, რომ 13 ივნისს ორი ქართველი ვიდგებით ოპერა „ბასტილიის“ სცენაზე და „აიდას“ ამ არაჩვეულებრივ დადგმას ვიმღერებთ.
– რა არ მოეწონა მაყურებელს, რატომ გახდა ეს სპექტაკლი სკანდალური?
– როგორც იცით, „აიდას“ ისტორია ეგვიპტეში ხდება, მაგრამ რეჟისორმა ყველაფერი მეფე ვიქტორ ემანუელის დროინდელ იტალიაში გადმოიტანა და აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტა მისცა კოსტიუმებს: მე ქერა თმა მაქვს სპექტაკლში და კონსერვატიული შავი კაბა მაცვია; ჯარისკაცებს თანამედროვე სამხედრო ფორმა აცვიათ და იარაღით არიან სცენაზე, გუნდის მომღერლები კი შიშვლები არიან... შესაბამისად, ოპერაში ბევრი რამ არის ფრანგი მაყურებლისთვის მიუღებელი და, ამიტომაც, დადგმამ სამი წლის წინ დიდი სკანდალი გამოიწვია. მაგრამ, ვნახოთ, ახლა როგორ ჩაივლის, არა მგონია, კიდევ „ბუუ“ იძახონ. პირადად ჩემთვის სპექტაკლის ასეთი გადაწყვეტა საინტერესოა, მაგრამ, რეჟისორს არ ვეთანხმები ჩემი პერსონაჟის ხასიათის გადაწყვეტაში და ყველანაირად შევეცდები, ჩემი პერსონალური შტრიხები შევიტანო. ბევრი ამნერისი მაქვს ნამღერი და ჩვეული ეგვიპტური ამპლუიდან გამოსვლა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. მაშინ სულ სხვა შემადგენლობა იყო, თუმცა, მაშინ ეს „ბუუ“ არ ეხებოდა დასს, ეხებოდა რეჟისურას.
– ყოველთვის ცდილობ, შეცვალო, რაც არ მოგწონს რეჟისორის გადაწყვეტაში?
– ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თვალსაზრისი გავუზიარო რეჟისორს, დირიჟორს ან მას, ვისთანაც მიწევს მუშაობა – მუსიკა თანამშრომლობით იქმნება. თუ რეჟისორი არ მეთანხმება, კატეგორიულად წინააღმდეგია, თავისი მოსაზრებით სურს სპექტაკლის გაგრძელება და ჩემთვის სკანდალური არ არის მისი გადაწყვეტილება, მაშინ ვცდილობ, ისე გავაკეთო, როგორც მან მთხოვა; მაგრამ, თუ არ ვეთანხმები და, ამასთან ერთად, მისი მოსაზრება სკანდალურიც არის, ერთი ხრიკი მაქვს: ვიღიმები, ვეთანხმები და მერე მაინც იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. საბოლოო ჯამში, ვერაფერს მეუბნებიან. პრემიერის დღეს სცენაზე მე ვდგავარ, ჩემს ავტორიტეტს ვდებ, ამიტომ, მოეწონება თუ არა, საყვედური, შეუძლია, სპექტაკლის მერე მითხრას. ძირითადად, საყვედურები არ არის ხოლმე, უფრო მოსწონთ, რადგან, ვცდილობ, ყველაფერი დახვეწილად, მაღალ დონეზე გავაკეთო. წარმატება, რომელიც სპექტაკლის ბოლოს არის ყველაფერს ფარავს.
– რა ყოფილა შენთვის რეჟისორის მხრიდან ყველაზე სკანდალური?
– რაღაცეები იყო სკანდალური, მაგრამ შეთანხმებას მივაღწიეთ. ერთხელ მითხრეს, რომ, ფაქტობრივად, შიშველი უნდა გამოვსულიყავი სცენაზე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. შემდეგ შემიკერეს კანისფერი სამოსი, რომელიც, მათი მოსაზრებით, შორიდან არ ჩანდა, მაგრამ, სინამდვილეში, კარგად ჩანდა, რომ ჩაცმული ვიყავი და არა გახდილი. ყველაზე სკანდალური მოთხოვნა არ გავაკეთე ესპანელი რეჟისორის „კარმენში“, რომელიც ტურინში ვიმღერე. სცენაზე ქვედა საცვლის გახდას მთხოვდა რეჟისორი. რა თქმა უნდა, ქვედა საცვლის ქვეშ კიდევ მეცვა საცვლები, მაგრამ, სცენა იმაში მდგომარეობდა, რომ მე კაბა უნდა ამეწია და საცვალი გამეხადა. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მარტო იმიტომ კი არა, რომ საჭიროდ არ მიმაჩნდა ქვედა საცვლის გახდა სცენაზე, რეჟისორს ვეკამათებოდი იმაზე, რომ კარმენისნაირ ქალს არ სჭირდება ქვედა საცვლის გახდა იმისთვის, რომ მამაკაცი დააკავოს. თანაც, ვუხსნიდი, რომ კარმენი არის ბოშა ქალი, რომელსაც, შეიძლება, საერთოდ არ ეცვას ქვედა საცვალი. მოკლედ, სერიოზული კამათი მოგვივიდა და, მართალია, მე ვერ გავიმარჯვე სიტყვიერად, მაგრამ გავიმარჯვე სცენაზე, როდესაც ეს არ გავაკეთე.
– რა გეგმები გაქვს პარიზის შემდეგ?
– პარიზის შემდეგ ცოტა ხნით თბილისში ჩამოვდივარ, რომ დავისვენო. შემდეგ კონცერტი მაქვს ესპანეთში დათუნა ალადაშვილთან ერთად. სექტემბრიდან პარიზში ვბრუნდები – „სამსონ და დალილას“ ახალი დადგმა იქნება, ცნობილი იტალიელი რეჟისორის, დამიანო მიკელეტოს რეჟისურით გაკეთებული. მიხარია, რომ სწორედ მასთან მომიწევს მუშაობა და, გარდა ამისა, ეს იქნება ჩემი პირველი დალილა სპექტაკლის ფორმატში. 2018 წელს ამ დადგმას, იმავე შემადგენლობით წავიღებთ უკვე „მეტროპოლიტენ ოპერაში,“ ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი მელოდება პარიზში. „მეტროპოლიტენში“ 2017 წელს მაქვს, ასევე, „ტრუბადური“, „აიდა“ და კიდევ ბევრი რამ. წელს 19 დეკემბერს მე და დათუნა „ლა სკალაში“ დავბრუნდებით, რაც ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ორი ქართველი ვიდგებით ასეთი მნიშვნელოვანი თეატრის სცენაზე და ქართულ სიმღერებსაც შევასრულებთ იტალიელი მაყურებლის წინაშე. 7 აგვისტოს კი ნიკორწმინდობაა და ნიკოლოზ რაჭველთან და მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რაჭაში გავაკეთებთ კონცერტს, შემდეგ, 10-15 აგვისტოს ჩათვლით, რამდენიმე კონცერტი გვაქვს ბათუმში, სადაც ნიკოლოზ რაჭველი ფესტივალის დაფუძნებას გეგმავს.
– მახსოვს, ბოლოს რომ ვისაუბრეთ, მითხარი: ძალიან კარგია წარმატებები, მაგრამ, როცა შინ ბრუნდები, მაინც მარტო რჩები და ვერავის ვერ გაუზიარებ შენს ემოციებს, რადგან გვიანია, შენები შორს არიან და ვერ გააღვიძებო. ახლა შენს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელსაც, ალბათ, ნებისმიერ დროს გააღვიძებ და მოუყვები შენი წარმატებებისა და ემოციების შესახებ.
– ზუსტად ასეა, როგორც შენ ამბობ. 24-საათიანი სატელეფონო რეჟიმში ვართ მე და ოთო და ეს ახლა არ დაწყებულა, ასე იყო მაშინაც, როცა შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა. შეიძლება, ოჯახის წევრი ვეღარ გააღვიძო ღამის 12 საათზე, მაგრამ შემიძლია, მას დავურეკო, გავაღვიძო და ისიც მზად იქნება, მიპასუხოს. ოთო დიდი ხნის განმავლობაში ხალხურ ანსამბლში მღეროდა საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ ახლა იქიდან წამოვიდა, რადგან მის გეგმაშია, ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლოს – კონსერვატორიაში ჩააბაროს. ოთოს ძალიან ლამაზი ხმა აქვს და, შეუძლია, წარმატებული საოპერო მომღერალი გახდეს, ამისთვის მას ყველაფერი აქვს: ხმის გარდა – გარეგნობა და, ასევე, ბრძოლის უნარი.
– შენც ხომ არ გახდი მისთვის ამ მხრივ სტიმული?
– დიახ და, ჩვენი ისტორიაც იწყება იქიდან, რომ ოთო, როგორც ჩემი ხელოვნების თაყვანისმცემელი, დიდი ხნის განმავლობაში უსმენდა ჩემს ვიდეოებს, ჩანაწერებს. მას უყვარს საოპერო მუსიკა და, იმ მომღერლებს შორის, ვისაც ის უსმენდა, მეც ვიყავი.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– მეგობრები ვიყავით „ფეისბუქზე“. დიდი ხნის წინ გამომიგზავნა მეგობრობა, მაგრამ კონტაქტი არ გვქონია. როცა მისი ფოტოები მხვდებოდა, ვიწონებდი – მომწონდა როგორც ტიპაჟი, როგორ პოსტებს დებდა, რაზე ამახვილებდა ყურადღებას. ერთხელაც, მახსოვს, რაღაც ვიდეო დავდე, რომელსაც უყურა და, გადაწყვიტა, მოეწერა, როგორ დიდ პატივს სცემს ჩემს ხელოვნებას და პირადად მე. მეგობრულ დონეზე დაიწყო ჩვენი საუბარი, მაგრამ, როდესაც მივხვდით, რომ ჩვენ შორის დიდი ადამიანური კავშირი იყო, გადავწყვიტეთ, ერთ-ერთ ჩამოსვლაზე შევხვედროდით ერთმანეთს. პირველად შარშან ზამთარში შევხვდით და ასე დაიწყო ჩვენი პატარა სასიყვარულო ისტორია. შევთანხმდით, რუსთაველზე შევხვედროდით. მივედი პირველ სკოლასთან – არავინ დამხვდა. მაშინ ჯერ მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი. უცბად ვიღაც მომეპარა და თვალებზე ხელი ამაფარა: აბა, გამოიცანი, ვინ ვარო. პირველივე შეხვედრისას ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ბევრი ლამაზი სიურპრიზი მომიწყო, ბევრი რომანტიკული რამ გააკეთა, რითაც თავი შემაყვარა და დიდ პატივს ვცემ. თითქოს წარსულიდან გადმოსული ადამიანია, რომელიც ბევრჯერ მაოცებს თავისი განსხვავებული საქციელით. ზოგჯერ ფილმის გმირი უფრო მგონია, ვიდრე რეალური ადამიანი, მაგრამ, არ არის კინოს გმირი, რეალური პიროვნებაა, რომელსაც პირადად ვიცნობ და რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელი მთხოვა.
– მომიყევი, როგორ სიტუაციაში გთხოვა ხელი.
– მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, ცხადი იყო მისი სერიოზული ზრახვები. ამაში არც თვითონ ეპარებოდა ეჭვი, ასე მითხრა: ლოგიკური დასასრული, როდესაც შენნაირი გოგოს ხვდება კაცი, არის ის, რომ ეს კაცი ხელს სთხოვს; მაგრამ, მეორეა, ქალი თანხმობას თუ იტყვისო. მას გაუმართლა, რადგან მე ვთქვი – „კი”. ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ლამაზი პაემანი ვახშამი იყო გაბრიაძის კაფეში, სადაც ხელი მთხოვა. შემდეგ მე პარიზში ვიყავი, როდესაც ოთო ჩემს მშობლებთან მივიდა და ჩემ გარეშე სთხოვა ჩემი ხელი, მე კი ამ ყველაფერს „ფეის თაიმით“ ვესწრებოდი – ინტერნეტით დავესწარი ჩემი ხელის თხოვნას. დღეს თითქმის არავინ აკეთებს ამას, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამას ძალიან ესიამოვნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი პატარა გოგო აღარ არის.
– ხშირად გიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა. როგორ დაარეგულირებთ ყველაფერს, როგორ მოახერხებთ ერთად ცხოვრებას?
– ოთო პარიზში აპირებს ჩამოსვლას ჩემს დაბადების დღეზე – 28 ივნისს. როცა შევძლებთ, მე წავალ და ვიქნები სახლში, როცა ის შეძლებს – ჩემთან ჩამოვა. თუკი მოინდომებ, ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. ეს მონდომება და დიდი სიყვარული კი ორივეს მხრიდან არის და რაღაცას მოვიფიქრებთ ისე, რომ არცერთი არ დავიტანჯოთ. ახლა ერთი კვირაა, წამოსული ვარ და ორივეს ძალიან გვიჭირს, არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს: ხელის თხოვნა, ქორწილის ციებ-ცხელება და ასე შემდეგ. ადრე არ იყო ასეთი რთული, რადგან თავიდან ასეთი არაფერი ხდებოდა, მაგრამ, ბოლო დროს, როცა ამ ყველაფერს სახელი დაერქვა და ვთქვით, რომ ერთად ვართ, ძალიან გართულდა, რადგან ტორონტოში მომიწია თვენახევრით წასვლა. დროში 9-საათიანი განსხვავება სირთულეს გვიმატებდა, რადგან, ხან ოთოს არ ეძინა, ხან – მე. მაგრამ, ასეთია ჩემი პროფესია. მან ეს იცოდა, აღიქვა ამ პროფესიის სირთულეები და, მიხარია, რომ, იმდენად მებრძოლი ადამიანია, არაფერს შეუშინდა, ყველაფერს წინ დაუდგა და გადაწყვიტა: ის, ვინც მას უნდოდა მთელი გულით, მისი გამხდარიყო.
– როდის აპირებთ დაქორწინებას?
– აგვისტოში გვინდა, მაგრამ, არ ვიცი, ჩემი გრაფიკის გამო თუ მოვახერხებთ. თუ არადა, შესაძლებელ პერიოდს გამოვნახავთ.