კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააგებინა მთელ მსოფლიოს ციხიდან გაქცეულმა ქართველმა პატიმარმა „კაგებეს“ საიდუმლო საპყრობილის ამბავი

ბანაკი ¹23
1967 წლის იანვარში შორეული ურალის დასახლება იანტარნაიაში ახალი საპყრობილე გაიხსნა, რომელსაც ბანაკი ¹23 ეწოდებოდა. საბჭოთა პენიტენციალური სისტემის ეს დაწესებულება 300 პატიმარზე იყო გათვლილი. იქ, ეგრეთ წოდებული, „ვიშკიანები“ იყვნენ განთავსებულები. „ვიშკა“ ქუჩურ ჟარგონზე სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. ანუ, ¹23 ბანაკის პატიმრები დახვრეტილებად ითვლებოდნენ. სინამდვილეში კი, „ვიშკიანებს“ ურანის საბადოებზე ამუშავებდნენ, რომელიც იანტარნაიას დასახლებაში მდებარეობდა. პატიმრის სიცოცხლის ხანგრძლივობა ¹23 ბანაკში 6-დან 18 თვემზე მერყეობდა – ამ პერიოდში მძიმედ დაავადებული, დასხივებული პატიმარი კვდებოდა. გარდაცვლილებს სპეციალურად გათხრილ საერთო საფლავში 5 მეტრის სიღრმეზე აგდებდნენ და მიწას აყრიდნენ. დასახლება იანტარნაია ურალის მიუდგომელ მთებს შორის იყო მოქცეული. ირგვლივ კი რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გადაჭიმული, გაუვალი, ჭაობიანი ტყეები აკრავდა. პატიმრები ბანაკში მანქანებით გადაჰყავდათ და კლდეში გაჭრილი, 36-კილომეტრიანი გვირაბი უნდა გაევლოთ იანტარნაიაში მოსახვედრად. იმავე გზით გამოჰქონდათ მოპოვებული ურანიც, რომელსაც სპეციალურად დაცულ კონტეინერებში ათავსებდნენ და საცავში აბარებდნენ. ¹23 ბანაკი „კაგებეს“ დაქვემდებარებაში გახლდათ. მას საბჭოთა უშიშროების 100-კაციანი, კბილებამდე შეიარაღებული და საგანგებოდ გამოწვრთნილი რაზმი იცავდა. მათვე ჰყავდათ ადამიანებზე დაგეშილი 20 უზარმაზარი ნაგაზიც. ეს ობიექტი უაღრესად გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ საგანგებოდ შედგენილ რუკებსა და სიებში ფიგურირებდა. იანტარნაიაში განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ურანი მოიპოვებოდა, რასაც სამხედრო-ატომურ მრეწველობაში იყენებდნენ.
პატიმარი ¹37
¹23 ბანაკის პატიმრებს უნიფორმებზე მხოლოდ ნომრები ჰქონდათ მიკერებული და ზედამხედველები მათ სწორედ პირადი ნომრებით მიმართავდნენ. ვინაობის ხსენება კი „ვიშკიანებს“ სასტიკად ეკრძალებოდათ და ერთმანეთში არც საუბრის უფლება ჰქონდათ. ისინი ერთ საერთო ბარაკში ცხოვრობდნენ და იქ ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. დუმილის დარღვევისთვის, რასაც ბანაკის ზედამხედველები ლაყბობას უწოდებდნენ, პატიმარი შეიძლებოდა ადგილზევე დაეხვრიტათ. ამის შესახებ ახალმოყვანილ პატიმარს საგანგებოდ აფრთხილებდნენ და ინსტრუქტაჟს პირადად ბანაკის უფროსი, „კაგებეს“ გენერალ-მაიორი იური პავლოდარსკი უტარებდა. პავლოდარსკივე ჰპირდებოდა თითოეულ მათგანს, რომ თუკი 2 წლის განმავლობაში პატიოსნად, ყოველგვარი დარღვევის გარეშე იმუშავებდნენ საბადოზე, მათ საერთო რეჟიმის საპყრობილეში გადაიყვანდა და 10 წელიწადში გაათავისუფლებდა. თუმცა, 2 წელიწადს ბანაკში ვერავინ ცოცხლობდა და რომც ეცოცხლა, მაინც არავინ გაუშვებდა, რადგან დახვრეტილად ითვლებოდა... პატიმრების 95 პროცენტი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული და  სიკვდილმისჯილი. დანარჩენი 5 პროცენტი კი, დიდი რაოდენობით ფულის გაფლანგვის გამო, ანუ ეკონომიკური დანაშაულისთვის. ბანაკის ბინადრებს შორის აბსოლუტური თანაწსორობა სუფევდა და რომ არ გცოდნოდათ, თუ რა კაციჭამიები ისხდნენ იქ, იფიქრებდით, კეთილშობილ ქალწულთა პანსიონში მოვხვდიო... საქმე კი ის გახლდათ, რომ თითოეულ პატიმარს სიცოცხლის შენარჩუნების დაუოკებელი სურვილი ჰქონდა და ამიტომ იცავდნენ ასე ზუსტად გენერალ პავლოდარსკის ინსტრუქციას. ბანაკში ¹37-ე პატიმარი 57 წლის თბილისელი სულხან მინდაძე იყო, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვისთვის დახვრეტა მიუსაჯეს.
აკრძალული საუბარი
სულხან მინდაძე ბანაკის უხუცესი ბინადარი გახლდათ და გახსნის დღიდანვე იქ იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს ბუღალტერი იყო და 800 ათასი მანეთის გაფლანგვისთვის გაასამართლეს. მინდაძე უკვე წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა ურანის მოპოვებაზე. მძიმედ იყო დაავადებული და გრძნობდა, რომ მისი აღსასრული ახლოვდებოდა.
1968 წლის ივლისში ¹23 ბანაკში 28 წლის ახალგაზრდა კაცი მიიყვანეს. მას ¹300 ჰქონდა მიკერებული უნიფორმაზე და ჯერ არ იყო ნამყოფი ურანის საბადოზე. ახალმოყვანილი მინდაძის „კოიკიდან“ ორი „კოიკის“ მოშორებით განათავსეს და ინსტრუქციის მიხედვით, სამი დღის შემდეგ პირველად უნდა გაეყვანათ სამუშაოზე. 8 ივლისს, ღამის 3 საათზე სულხან მინდაძე ¹300 პატიმრის „კოიკასთან“ მიიპარა, გააღვიძა და უთხრა:
– ჩუმად. ხმას არ აუწიო. ქართველი ხარ?
მიუხედავად იმისა, რომ ¹300 პატიმარს გენერალ პავლოდარსკის ინსტრუქტაჟი ჰქონდა გავლილი, მიუგო:
– დიახ.
– მე სულხან მინდაძე ვარ. დიდი მაყუთის გაფლანგვისთვის გამასამართლეს, შენ?
– მე თემურ გაბუნია ვარ. ჩემი ცოლი და ძმაკაცი მოვკალი. საყვარლები იყვნენ, – თქვა ახალგაზრდამ.
– მომისმინე, თემურ, აქ ურანს მოვიპოვებთ და წელიწად-ნახევარსაც კი ვერავინ ძლებს. ყველაზე ძველი პატიმარი მე ვარ. დანარჩენები დაიხოცნენ და მეც მალე მივყვები მათ. აქედან გაქცევის შანსი არაა, მაგრამ მგონი, მე აღმოვაჩინე გასაქცევი. თუ მომეხმარები, გაგიმხელ და ერთად წავიდეთ. თბილისამდე მინდა, ჩავაღწიო. იქ კი შენთვის ერთი სიურპრიზი მაქვს. მოკლედ, ასე ვქნათ: სამი დღის შემდეგ შენ სამუშაოდ გაგიყვანენ. გვირაბში რომ შევალთ, უკან გამომყევი და გზას გიჩვენებ. სულ ესაა. ჩემთან გამოლაპარაკება გაქცევამდე არ გაბედო, თორემ მოგკლავენ, – მინდაძემ რომ ლაპარაკი დაასრულა, თავის ადგილს დაუბრუნდა.
გაქცევა
1968 წლის 11 ივლისს წერაქვებით შეიარაღებული „ვიშკიანები“ კლდეში გამოჭრილ გვირაბში შევიდნენ და მადნის კუსტარულ მოპოვებას შეუდგნენ. მინდაძემ ორმოცდაათიოდე მეტრი გაიარა და მარცხნივ შეუხვია. გაბუნია  უკან მიჰყვა. კიდევ ორმოციოდე მეტრი რომ გაიარეს, მინდაძე შეჩერდა. მიიხედ-მოიხედა და გაბუნია მოიხმო. შემდეგ თავისი წერაქვი კლდეს ამოსდო და გაბუნიას უთხრა:
– აქ თხელი კედელია და მის მიღმა მიწისქვეშა მდინარე გადის, თუ გადარჩენა გვიწერია, გავაღწევთ. თუ არა და, მაინც განწირულები ვართ.
წყვილმა კლდიდან ლოდი გამოიღო და მეორე მხარეს გაძვრა. შემდეგ ის ლოდი რის ვაი-ვაგლახით დააბრუნეს უკან და ცოტა სული რომ მოითქვეს, მიწისქვეშ გამავალ სწრაფ დინებაში ჩახტნენ... გაქცეულებს გაუმართლათ, რადგან დინება ოთხმოცმეტრიანი გვირაბის გავლით კლდიდან გამოდიოდა და ჩანჩქერი ტბაში ეშვებოდა.
მინდაძემ და გაბუნიამ ტბიდან გამოაღწიეს და მიუხედავად იმისა, რომ 57 წლის მინდაძე ძალიან დასუსტებული იყო, აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი. გზაში ორჯერ შეისვენეს. ღამე ტყეში, ხეზე ეძინათ. დილით კი დაავადებულმა მინდაძემ გაბუნიას უთხრა:
– თბილისამდე ვერ ჩამოვაღწევ და აქ დავლევ სულს. შენ კი სულ აღმოსავლეთით იარე და ღმერთმა ქნას,  გაგიართლოს. თბილისში კი, აი ამ მისამართზე, ღვინის მარანში ორი სამალავი მაქვს. ერთში ჩემოდანია შენახული, მეორეში კი – სამლიტრიანი ქილა. ჩემოდანში 2 მილიონი მანეთი და 20 ცალი ერთკილოგრამიანი ოქროს ზოდია. ქილა კი ძვირფასი სამკაულებითაა სავსე. სულ რაღაც 800 ათასისთვის მომისაჯეს დახვრეტა, იქ კი მილიონებია, რაც ვერ აღმომიჩინეს. ეს ქონება შენია. მე მარტოხელა ვარ და გასაყოფი არავისთან გექნება.
სულხან მინდაძემ ორიოდე საათის შემდეგ სული დალია და თემურ გაბუნიამ ის ხის ძირში დაასაფლავა. შემდეგ კი აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი.
თვითმკვლელობა
¹23 ბანაკში პატიმრების გაქცევის შესახებ 11 ივლისს, საღამოს 8 საათზე შეიტყვეს და მათ ტოტალური ძებნა დაუწყეს. ინფორმაცია მოსკოვში გადასცეს და მობილური ჯგუფები 100 კილომეტრის რადიუსში, ყოველ კუთხე-კუნჭულს ჩხრეკდა. მიუხედავად ამისა, თემურ გაბუნიას გაუმართლა. მან ურალის მთები გადალახა და 22 ივლისს მოსკოვში ჩავიდა. ერთი კვირა თავის ყოფილ თანაკლასელთან, ეთერ შონიასთან იმალებოდა, რომელიც ექიმი გახლდათ. 2 აგვისტოს გაბუნია უკვე თბილისში იყო და მინდაძის მიერ მითითებულ მისამართს ეწვია. ჩემოდანი და ქილა სამალავიდან ამოიღო და ეთერ შონიასთან ერთად მის ბინაში, დიღმის მასივის მშენებარე მიკრორაიონში გადაიტანა.
გაქცეული თემურ გაბუნია „ფსკერზე დაწვა“ და მიუხედავად იმისა, რომ „კაგებე“ გაძლიერებულად ეძებდა, საიმედოდ დაიმალა, არ გაშიფრულა. გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, საბჭოთა კავშირიდან გაეღწია და მთელი ქონებაც გაეტანა თან, თავისი 4 წლის გოგონაც წაეყვანა, რომელიც ბებიამისთან (თემურის სიდედრთან) იზრდებოდა.
1968 წლის 25 დეკემბერს, წინასწარი შეთანხმების შედეგად, თემურ გაბუნია, მისი პატარა გოგონა მარიამი და ეთერ შონია, ერთ-ერთი საკრუიზო გემით ბათუმის პორტიდან გავიდნენ. თან, წაიღეს გარდაცვლილი მინდაძის ქონება. ისინი ტრიუმში იყვნენ დამალულები, რაშიც გემის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს 1 მილიონი მანეთი გადაუხადეს.
გაქცეულები ჯერ ურუგვაიში ცხოვრობდნენ. 1971 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდნენ და სწორედ იქ მოუთხრო გაბუნიამ ერთ-ერთ ჟურნალისტს ¹ 23-ე საიდუმლო საპყრობილის შესახებ, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოში. გენერალ-მაიორ იური პავლოდარსკის კი ყველა რეგალია ჩამოართვეს და მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

скачать dle 11.3