დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-22(805)
ხუთიოდე წუთის შემდეგ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა კაცმა ლოგინოვის კაბინეტში ლანგრით ორი ფინჯანი ყავა შემოიტანა, მაგიდაზე დადგა და გასვლის წინ თქვა:
– მე მისაღებში ვიქნები და, თუ რამე დაგჭირდებათ, მითხარით.
ვარლამმა და პეტრემ უხმოდ დალიეს ყავა, თან სიგარეტი დააყოლეს, შემდეგ კი შანიძემ თქვა:
– მოსკოვში რომ ამ ამბავს შეიტყობენ, ალბათ, გაგიჟდებიან. მოსაკლავია გაგნიძე, მოსაკლავი, ეს რა გააკეთა?! მთელი ანტიტერორისტული ქსელი ამერიკელებს ჩააბარა და, ვინ იცის, რა ხდება ან მომავალში რა მოხდება? ხუმრობა ხომ არაა, ამ ქსელს წლების განმავლობაში ვქმნიდით და ვხვეწდით, საბოლოოდ კი რა გამოვიდა?!
– ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ სათადარიგო ვარიანტის იმედი მაქვს. არ შეიძლება, რომ „გრუს“ სათადარიგო ვარიანტი არ ჰქონდეს შემუშავებული ასეთი უკიდურესი შემთხვევისთვის, – მიუგო ვარლამმა.
– ალბათ, აქვთ, მაგრამ უპირატესობა მაინც ამერიკელების მხარეზეა. ეხუმრები შენ? უკვე ნახევარი წელია, თურმე, რაც „გვაძოვებენ“.
– ცუდია, მაგრამ რას იზამ? – მხრები აიჩეჩა კაკუბავამ და პაუზის შემდეგ დაამატა: – რატი მადარდებს ძალიან. როგორაა ნეტავ და რას უპირებენ?
– ცენტრშიც სერიოზულად ამუშავებენ ამ საკითხს და, როგორც მითხრეს, რამდენიმე ვარიანტიც აქვთ, – თქვა შანიძემ, ჩაფიქრდა და დაამატა: – მაგრამ, მათ ხომ არ იცოდნენ, რომ მთელი ქსელი ჩაუვარდათ და, ალბათ, არასწორი დასკვნები ექნებათ. ეჰ, მერაბ, მერაბ, შე მოღალატევ. როგორ გაგვყიდე ყველა თხებივით?
– მაინც, რას ფიქრობენ ცენტრში, როგორ აპირებენო ამერიკელები რატის გამოყენებას?
– კონკრეტულად არაფერი უთქვამთ. მითხრეს, – რამდენიმე მოსაზრება გვაქვს ამის თაობაზე და საჭირო დროს კონკრეტულ მითითებებს მოგცემთო, მაგრამ მათ ხომ არ იცოდნენ ქსელის ჩავარდნის ამბავი და, ძველ ინფორმაციებს, უფრო სწორად კი – დეზინფორმაციებს ეყრდნობოდნენ თავიანთ გათვლებში.
ვარლამმა სიგარეტი გააბოლა და შანიძეს ჰკითხა:
– შენ თვითონ რას ფიქრობ ამის შესახებ?
– ვფიქრობ, რომ ამერიკელები რატი პეტრიაშვილს „პადსტავკად“ გამოიყენებენ, მაგრამ, სად და როგორ, ღმერთმა უწყის, – მიუგო შანიძემ.
– სად და როგორ, სად და როგორ... – ესაა მთავარი და სულ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ვერაფერს ვხვდები. ეს ყველაფერი საერთო ლოგიკაში არ ჯდება და ფაქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. დრო კი არ ითმენს და, რატის მდგომარეობა, ჩემი აზრით, უფრო და უფრო მძიმდება, თანაც მას ძალიან დიდი საშიშროება ემუქრება.
– რატი ერთია, მაგრამ, საინტერესოა, რა შედეგზე აქვთ ეს ყველაფერი ამერიკელებს გათვლილი და რა საშინელებას გვიმზადებენ, – თქვა შანიძემ. ამ დროს კაბინეტში ლოგინოვი დაბრუნდა და თქვა:
– მოსკოვს დავუკავშირდი და ყველაფერი გადავეცი. პასუხი კი ასეთია: თქვენ ახლავე თბილისში დაგაბრუნებენ საიდუმლოდ და დიდუბეში დაგტოვებენ. „სამთო ქიმიის“ შენობასთან ამა და ამ ნომრის „მერსედესის“ ტაქსიში ჩასხდებით, რეზო ჩიტაძის აგარაკზე ახვალთ წყნეთში და თქვენს თანმხლებ პირს მერაბ გაგნიძეს შეახვედრებთ, დანარჩენი კი მან იცის და გეტყვით, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ, – პოლკოვნიკმა პაუზა გააკეთა და ვარლამს ჰკითხა: რეზო ჩიტაძე სანდოა?
– თავს დავდებ, რომ სანდოა, – მტკიცედ მიუგო კაკუბავამ.
– კარგი, მეტი კითხვა არ მაქვს. თქვენ ხომ არ გაქვთ კითხვები?
– როგორც ვხვდები, ჩვენ აქედან თქვენი ხალხი წაგვიყვანს თბილისში და ჩემს „ჯიპს“ რა ბედი ეწევა? – ჰკითხა ლოგინოვს შანიძემ.
– დარდი ნუ გაქვთ, თქვენი მანქანა ალბათ უკვე თქვენი ერთ-ერთი რესტორნის ავტოსადგომზე დგას, რომელიც აეროპორტის ტრასაზე მდებარეობს, – მიუგო პოლკოვნიკმა პეტრეს.
– მე მეტი კითხვა არ მაქვს, – თქვა შანიძემ. ვარლამმა კი დაამატა:
– მე მაქვს კითხვა.
– ბრძანეთ.
– რატი პეტრიაშვილის ბედი ძალიან მაღელვებს და მისი უსაფრთხოების საკითხი მაინტერესებს.
– ცენტრი ყველაფრის საქმის კურსშია და მუშაობენ, მათ შორის ამ საკითხზეც და, იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ჩაივლის. დანარჩენს კი თბილისში შეიტყობთ.
– იმ კაცს რა ჰქვია, ვისაც თბილისში უნდა შევხვდეთ და წყნეთში ავიყვანოთ?
– ის თვითონ გაგეცნობათ.
– წყნეთში ასვლამდე რეზო ჩიტაძე უნდა ვნახო, რომ წამოვიყვანოთ და როგორ მოვიქცე?
– ყველაფერს ის კაცი გეტყვით. ახლა კი იჩქარეთ, მეგობრებო. დრო არ ითმენს და ყოველი წამი გადამწყვეტია ჩვენთვის, – უთხრა ვარლამს ლოგინოვმა, რომელიც საკმაოდ ხალისიანად გამოიყურებოდა მოსკოვთან საუბრის შემდეგ.
პოლკოვნიკმა სერგეი ლოგინოვმა ვარლამი და პეტრე სათადარიგო კიბით ჩაიყვანა დახურულ ეზოში და შემინული „ჯიპის“ უკანა სავარძელზე მოათავსა. „ჯიპს“ გაეროს ლოგო ეკრა, საჭესთან კი ორმოციოდე წლის მამაკაცი იჯდა, რომელიც ასევე გაეროს უნიფორმაში იყო გამოწყობილი. მას მერე, რაც ლოგინოვი შანიძესა და კაკუბავას გამოემშვიდობა და მანქანის კარი მიხურა, მძღოლმა „ჯიპი“ ადგილიდან დაძრა და გრუს დახურული ეზოდან ხშირ ტყეში გავიდა, სადაც საავტომობილო ბილიკი იყო გაყვანილი, რომელზეც მხოლოდ ერთი მანქანა ეტეოდა. მძღოლმა ასიოდე მეტრი გაიარა და ტყის პირას მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს რომ გასცდა, რომელსაც სპეცრაზმელები იცავდნენ, კიდევ ასი მეტრი გაიარა და ცხინვალის შესასვლელთან შეჩერდა; გუშაგს რაღაც უთხრა და ნეიტრალური ტერიტორიის გავლის შემდეგ ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ქართულ საგუშაგოზე „გაეროს“ „ჯიპი“ არ შეჩერებულა და მანქანამ დიდი სისწრაფით აიღო გეზი თბილისისკენ. მძღოლს მთელი გზა ხმა არ ამოუღია და, როდესაც „ჯიპი“ დიდუბის ხიდთან გააჩერა, თავის მგზავრებს უთხრა:
– აქ ჩამოდით, სამთო ქიმიამდე ფეხით მიხვალთ.
ვარლამი და პეტრე მანქანიდან გადმოვიდნენ. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი უკვე ტაქსიში ისხდნენ და ქალაქის ცენტრისკენ მიემგზავრებოდნენ. „ჯიპის“ მძღოლისგან განსხვავებით, „ტაქსისტი“ საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. მან „მგზავრებს“ გაუღიმა და ჰკითხა:
– საით მიბრძანებთ წაყვანას, მეგობრებო?
– თქვენს გემოვნებას ვენდობით, მეგობარო, – მიუგო ვარლამმა მძღოლს, რადგან ლოგინოვის ინსტრუქცია კარგად ახსოვდა და იცოდა, რომ მოსკოვიდან გამოგზავნილ ახალ კურატორს უნდა შეხვედროდა. კურატორი კი, ლოგიკურად, ტაქსისტი უნდა ყოფილიყო.
– კეთილი. მაშინ, მოდი, პატარა ექსკურსიას ჩაგიტარებთ საქართველოს დედაქალაქში და შემდეგ ცოტა სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ აგარაკზე, – გაიღიმა „ტაქსისტმა“ და კაკუბავა მიხვდა, რომ მძღოლი „ექსკურსიაში“ მანევრების ჩატარებას გულისხმობდა „კუდის“ აღმოსაჩენად.
– ექსკურსიის დაწყებამდე ერთმანეთს ხომ არ გავეცნოთ?
– დიდი სიამოვნებით, ბატონო ვარლამ და ბატონო პეტრე, – მძღოლმა სათითაოდ ჩამოართვა ხელი „მგზავრებს,“ – მე სიმონი მქვია.
– დავიძრათ, ბატონო სიმონ, დრო არ ითმენს. ერთი სული მაქვს, თბილისი დავათვალიერო, – თქვა კაკუბავამ და „ტაქსისტმა“ „მერსედესი“ ადგილიდან დაძრა.
სიმონი უზადო მძღოლი აღმოჩნდა და ისე ოსტატურად დაყავდა მანქანა გადატვირთულ ქუჩებში, რომ ვარლამ კაკუბავა გულწრფელად იყო გაკვირვებული. ხოლო, როდესაც სიმონმა ბოლო მანევრი შეასრულა და დარწმუნდა, რომ არავინ მოსდევდა, „მგზავრებისთვის“ მოულოდნელად სერიოზული სახითა და ტონით თქვა:
– სუფთაა, არავინ „გვაძოვებს“. ახლა კი შეგვიძლია, საქმეზე თამამად გავემართოთ.
– ბატონო სიმონ, თქვენი საუბრიდან მივხვდი, რომ ყველაფრის შესახებ დაწვრილებით ხართ ინფორმირებული და ჩვენი მარშრუტის თანმიმდევრობაც კარგად გეცოდინებათ, – უთხრა ვარლამმა სიმონს.
– ვიცი. რეზო ჩიტაძეს დაურეკეთ და უთხარით, რომ სკვერში გამოვიდეს. შემდეგ მას მანქანაში ჩავისვამთ და წყნეთში ავალთ, – მშვიდად მიუგო სიმონმა.
– ბატონო სიმონ, როგორც გვითხრეს, საქმეზე სრულ ინფორმაციას თქვენგან შევიტყობთ.
– უბრალოდ სიმონი, ბატონის გარეშე, – შეუსწორა ვარლამს „ტაქსისტმა“ და დაამატა: – ჯერ ლოკალური გეგმა უნდა შევასრულოთ, შემდეგ კი სიტუაცია გვიჩვენებს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ძალიან რთული მდგომარეობაა შექმნილი და, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. ლოკალური გეგმა კი ასეთია: პირველ ყოვლისა, ეგ მოღალატე მერაბ გაგნიძე უნდა ვნახო, დაველაპარაკო და ვუთხრა, რომ ამერიკელებს სასწრაფოდ დაუკავშირდეს და მათ უთხრას, რომ ვასო რუხაძე მოკლა. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ „ცეერუშნიკებს“ ამაზე და ჩვენი შემდგომი მოქმედებაც გარკვეულწილად ამაზეა დამოკიდებული.
– ანუ, გაგნიძე უნდა გავუშვათ? – თქვა ვარლამმა.
– სხვა გზა არ გვაქვს.
– თანხმობა რომ განაცხადოს და ისევ გვიღალატოს?
– არა მგონია.
– მაშინ, მისი ვაჟი უნდა ავიყვანოთ მძევლად.
– კოტიკო უკვე ჩვენთანაა. სანამ თქვენ თბილისში მოემგზავრებოდით, ჩვენებმა ის „მეშოკში“ გამოამწყვდიეს და საიმედოდ ჰყავთ მოყუჩებული.
– გასაგებია, – თქვა კაკუბავამ, რეზოს დაურეკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა. საუბარი რომ დაასრულა, ტელეფონი გამორთო, ელემენტი ამოიღო და სიმონს უთხრა:
– ათ წუთში რეზო ადგილზე იქნება.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კაკუბავა, შანიძე და რეზო სიმონის ტაქსით წყნეთში ადიოდნენ, აგარაკზე რომ მივიდნენ, მანქანა ეზოში გააჩერეს და სარდაფში დაეშვნენ, სადაც გაგნიძე ჰყავდათ გამომწყვდეული. პროფესორმა თვალი შეავლო ახალმოსულებს და შანიძეს უთხრა:
– როგორ ხარ, პეტრე?
– მოღალატევ, როგორ უნდა ვიყო, როდესაც მთელი ჩვენი საქმე ჩააგდე და, ჩვენზე რომ არაფერი ვთქვა, მთელი ქვეყანა დიდი დარტყმის ქვეშ დააყენე?
– ჩემი ბრალი არაა, შვილით დამემუქრნენ, – ამოილუღლუღა გაგნიძემ.
პეტრეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ლაპარაკში სიმონი ჩაერთო და პროფესორს უთხრა:
– ბევრი დრო არ გვაქვს და კარგად მომისმინეთ: თქვენი ვაჟი ჩვენთანაა...
– რაო?! – აღრიალდა გაგნიძე და „ტაქსისტს“ სიტყვა შეაწყვეტინა, სიმონმა კი მგლური მზერა ესროლა პროფესორს და კბილებში გამოცრა:
– ისტერიკა შეწყვიტეთ და ყურადღებით მომისმინეთ. თქვენს შვილს არაფერს დავუშავებთ, თუ, რა თქმა უნდა, კვლავ არ გვიღალატებთ. ახლა თქვენ აქედან გაგიშვებთ – მიდით სახლში და მოწესრიგდით. შემდეგ დონალდ ონილს დაუკავშირდით, სასწრაფო შეხვედრა სთხოვეთ და, რომ შეხვდებით, ვასო რუხაძის მკვლელობის ამბავი მოუყევით. ბოლოს კი ჰკითხეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. შეხვედრიდან რომ წამოხვალთ, მე შემხვდებით დათქმულ ადგილზე და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვებით. გასაგებია?
– გასაგები კი არის, მაგრამ, ამერიკელებმა ჩემი თავიდან მოშორება რომ გადაწყვიტონ?
– ონილს ეტყვით, რომ, თუკი თქვენს მოშორებას გადაწყვეტენ, დისკზე ჩაწერილი თქვენი მონათხრობი ქვეყანას მოედება.
– მაინც რომ მომკლან? – აკანკალებული ხმით ჰკითხა გაგნიძემ სიმონს.
– მოსაკლავი კი ხართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამერიკელები ახლა ამას არ იზამენ. თან, ამ ამბის გაბაზრების შეეშინდებათ და, სანამ თქვენს მოშორებას გადაწყვეტენ, დისკის მოპოვებას შეეცდებიან. მაგრამ ეს, ალბათ, მოგვიანებით, ახლა კი თქვენ მათ სჭირდებით და ამას არ იზამენ, – უთხრა სიმონმა გაგნიძეს და დაამატა: – ახლა გაგათავისუფლებთ და გაგიშვებთ. როგორც გითხარით, ონილს შეხვდებით, ყველაფერს მოუყვებით და რჩევას სთხოვთ, თუ როგორ მოიქცეთ. გაფრთხილებთ, თუკი კვლავ ჩვენს მოტყუებას შეეცდებით და ორმაგ თამაშს გააგრძელებთ, თქვენს კოტიკოს დაღუპავთ.
– აღარ გიღალატებთ. ამხსენით, – ამოილუღლუღა გაგნიძემ.
მერაბ გაგნიძე სიმონმა ჩაისვა მანქანაში და, სანამ აგარაკიდან წამოვიდოდა, კაკუბავას უთხრა:
– მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ. დრო არ ითმენს და ყოველ წუთს დიდი საფრთხეა მოსალოდნელი. ყურადღებით იყავით და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ დამიკავშირდით. თუ მე მექნა რამე სასწრაფო, მე დაგიკავშირდებით.
***
ვარლამ კაკუბავა, რეზო და პეტრე შანიძე ტაქსით წამოვიდნენ წყნეთიდან. პეტრე თავისი მანქანის წასაყვანად გაემართა, ვარლამი და ჩიტო კი სამსახურში დაბრუნდნენ.
სიმონმა პროფესორი სპორტის სასახლესთან ჩამოსვა და უთხრა:
– ონილს დაურეკეთ და შეხვედრა მოსთხოვეთ.
გაგნიძემ ონილს დაურეკა, ერთი წუთი ელაპარაკა და, ტელეფონი რომ გათიშა, სიმონს უთხრა:
– შვიდ საათზე ვაკის პარკში მოვა.
– ესე იგი, ორმოცდახუთ წუთში, – თქვა სიმონმა და დაამატა: – თავი მოიწესრიგეთ და არაფერი შეგეშალოთ. გიმეორებთ, რომ თქვენი კოტიკოს სიცოცხლე თქვენზეა დამოკიდებული. თქვენი შვილი უკვე ჩვენთანაა და გაუფრთხილდით მას.
პროფესორმა უხმოდ დაუქნია თავი სიმონს და თავისი მანქანისკენ გაემართა, რომელიც დილით დატოვა შორიახლო. შემდეგ ჩაჯდა, ძრავა აამუშავა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად საკუთარ კლინიკაში გაემართა.
სიმონმა მზერით გააცილა გაგნიძე, შემდეგ თავის ტაქსიში ჩაჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა, თან მინი მიკროტალღოვანი გადამცემი ამოიღო ჯიბიდან, ღილაკს თითი დააჭირა და თქვა:
– „კიბორჩხალა“! „თევზი“ ვარ. სად იმყოფები?
– „თევზო“, შორიახლო ვარ და გხედავ. კუდზე გაზივარ, – გაისმა რაციაში.
– უკან მომყევი და, რომ გავჩერდები, მომიახლოვდი. სასწრაფო საქმე მაქვს და დავილაპარაკოთ.
– გასაგებია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში