მცენარეები – თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურში
ჯანმრთელობისა და სილამაზის მისაღწევად და შესანარჩულებლად, როგორც ცნობილია, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვებაა საჭირო, მაგრამ, შედეგი გაცილებით უფრო სწრაფი და ხანგრძლივი იქნება, თუ ამ ყველაფერს ფიტოდახმარებასაც დაუმატებთ.
ჩვენ დღეს გასწავლით მცენარეებზე დამზადებულ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ხელს შეგიწყობთ, გაიჯანსაღოთ ორგანიზმი და გაიახალგაზრდავოთ სხეული.
თუ არყის ხის ფოთლების ნახარშით დაიბანთ თავს, შეგიწყდებათ თმის ცვენა: 6-7 ცალ ნედლ (ან 1 სადილის კოვზ ხმელ) ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 25 წუთი. დაუმატეთ 200 მილილიტრი ადუღებული წყალი და თავის დაბანის შემდეგ რეგულარულად გადაივლეთ ფოთლების ნახარში.
ნედლი არყის ხის ფოთლების ფაფისებური მასით მკურნალობენ დახეთქილ ქუსლებს: დანაყილი ფოთლების მასა დაიდეთ ქუსლებზე, შეიხვიეთ დოლბანდით და გაიჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი.
კედრისგან მომზადებული მურაბა ამაგრებს იმუნიტეტს: 1 ჩაის ჭიქა დაფქულ წიწვებსა და ნახევარ ჭიქა დაღერღილ ასკილს დაასხით 1,5 ლიტრი ქაფქაფა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში თერმოსში. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ დოლბანდში, დაუმატეთ 500 გრამი თაფლი. საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ დაბალ ალზე, შესქელებამდე (თან სულ ურიეთ). ბოლოს ჩაუმატეთ 2 ცალი ლიმონის წვენი და ხარშეთ კიდევ 2 წუთი. მიიღეთ თითო კოვზი, დილა-საღამოს.
ცაცხვის ყვავილების ნახარში ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია: 6-7 კუნწულა ნედლ (ან 1 სადილის კოვზ ხმელ) ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. თუ ამ ნახარშით ყოველდილა-საღამოს დაიბანთ პირს (და ტანსაც), თქვენი კანი წლების განმავლობაში შეინარჩუნებს სიმკვრივესა და ხავერდოვნებას. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გაგრილებული ნახარში ჩაასხათ ფორმებში, გააკეთოთ ყინულის კუბიკები და ყოველ დილით დაიმასაჟოთ სახე.
ორგანიზმის ვიტამინებით მოსამარაგებლად მოამზადეთ შემდეგი სახის ნაყენი: 1 სადილის კოვზი ხმელი ყვავილი ჩაყარეთ 200 მილილიტრ მდუღარე წყალში (ჩაიდანში), ჩაიდანი თბილად შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. დალიეთ დილა-საღამოს, თითო სადილის კოვზით.
ნეკერჩხლის ფოთოლი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმავე დანიშნულებით (ჭრილობის შესახორცებლად), რა დანიშნულებითაც მრავალძარღვას იყენებთ: ხელით ისე მოსრისეთ ფოთოლი, რომ წვენი გამოუვიდეს და დაიდეთ პრობლემურ მონაკვეთზე. გარდა ამისა, ფოთლების ნაყენი კარგია ნერვიული გადაძაბვისა და სტრესის დროს; მისი თესლების ნახარში კი – სტომატიტისა და პირის ღრუში ნებისმიერი ანთებითი პროცესის სამკურნალოდ: 1 სადილის კოვზ გამხმარ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ხარშეთ 30 წუთი. გააგრილეთ, გაწურეთ დოლბანდში, დაამატეთ 200 მილილიტრი გადადუღებული წყალი და მიღებული ხსნარი გამოიყენეთ სავლებად.