ინტიმური საუბრები
იმედია, ჩემი შვილი გამიგებს
შეიძლება ყველას გაუკვირდეს და ყველამ გამამტყუნოს, ასეთ წერილს რომ გიგზავნით დასაბეჭდად, მაგრამ, ძალიან ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადავწყვიტე, გულწრფელად მოგწეროთ ყველაფერი და ამით საიმედოდ თუ არა, დროებით მაინც გავაჩერო ჭორიკნობისა და სხვის ცხოვრებაში ცხვირების ჩაყოფის მოყვარულები, რომლებიც თავიანთ ბინძურ თეთრეულს საგულდაგულოდ მალავენ და სხვების ლოგინში იქექებიან, რომ იქნებ რამე ისეთი აღმოაჩინონ, საკუთარი ცოდვები და სიბინძურე გადაფარონ.
ეს შესავალი იყო. ახლა საქმეზე გადავიდეთ: ისე მოხდა, რომ როგორც ბევრმა სხვა ქალმა, მეც ვერ ავაწყვე პირადი ცხოვრება. 19 წლის გავთხოვდი და ქმარს 5 თვეში გავშორდი, რადგან საშინელი სადისტი და დესპოტი აღმოჩნდა. მერე ხან ვის მირიგებდნენ, ხან ვინ მთხოულობდა და ხან ვის ვხვდებოდი, მაგრამ, არცერთთან არ გამომივიდა ურთიერთობა: ზოგი ჩემთვის აღმოჩნდა მიუღებელი, ზოგისთვის მე გამოვდექი არასტანდარტული და, მოკლედ, რომ ეგონათ, მეზობელ-ახლობლებს, რომ, ჰა და ჰა, საცაა გავთხოვდები, ისევ მარტოს მხედავდნენ. ასე იყო თუ ისე, სულ დაკვირვების ქვეშ ვიყავი და მომბეზრდა სათვალთვალო ობიექტის როლში ყოფნა; ისე ძალიან მომბეზრდა, რომ გადავწყვიტე, რადიკალური ზომები მიმეღო და, შესაბამისად, რადიკალურად შემეცვალა ჩემი პირადი ცხოვრება.
ყველა ქალს უდიდეს ბოდიშს მოვუხდი, ვისაც შვილი არ ჰყავს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ელემენტარული საშუალება გაქვს, ყველაფერი უნდა გამოიყენო, რომ დედობის ბედნიერება განიცადო. როცა მივხვდი, რომ ვეღარ გავთხოვდებოდი, შვილის გაჩენა გადავწყვიტე, მაგრამ ამ საქმისთვის საჭირო იყო სასურველი მონაცემების მქონე მამაკაცი, თანაც, არცთუ ცოტა ხნით (ჩემი ასაკის გათვალისწინებით, ერთჯერადი ურთიერთობა, შესაძლოა, საკმარისი არ ყოფილიყო), ასეთი მამაკაცი კი არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ, გადავწყვიტე, თანამედროვე სამედიცინო მიღწევები გამომეყენებინა. ვიცოდი, რომ ამისთვის სერიოზული თანხა იყო საჭირო და გავყიდე ბებიაჩემისეული ბინა, ერთი მეგობრის მეშვეობით, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს და შესაბამის კლინიკაში მუშაობს, შევარჩიე ჩემსვის სასურველი დონორი მამაკაცი და გამიკეთეს ხელოვნური განაყოფიერება. ამის გამო თითქმის ორი თვე ვიყავი საქართველოდან წასული. მუცელი ჩამოსვლიდან ოთხი თვის შემდეგ დამეტყო. არ ვმალავდი ჩემს ორსულობას, მაგრამ მთელი ჩემი კორპუსი საგონებელში იყო ჩავარდნილი – ვერა და ვერ დაადგინეს, ვისგან ვაჩენდი შვილს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთმა ქალმა საკუთარ ქმარზეც კი მიიტანა ეჭვი და მთელი ამბები ატყდა. ბოლოს რაღა არ დამწამეს, ლამის სამარცხვინო ბოძზე გამაკრეს, თითქოს ჩემ მეტს არავის გაუჩენია შვილი გათხოვების გარეშე. ბავშვი რომ გაჩნდა, ლამის ყველა მეზობელი მოვიდა მოსანახულებლად და ვითომ სხვათა შორის მეკითხებოდნენ ბავშვის მამის ეროვნებას, სახელსა თუ გვარს.
ახლა მინდა ყველას საჯაროდ განვუცხადო (ვინც მიცნობს და ამ წერილს წაიკითხავს, იმასაც მიხვდება, ავტორი ვინ არის): ჩემს შვილს მამა არ ჰყავს, ის მხოლოდ და მხოლოდ ჩემია. მამის სახელად მამაჩემის სახელი ჩავუწერე და გვარიც ჩემი მივეცი. შეიძლება, ბავშვის მიმართ მთლად სწორად არ მოვიქეცი, რადგან როცა გაიზრდება, აუცილებლად მკითხავს, მამაჩემი ვინ არისო და მართლა არ მექნება ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ, რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარ შევცვლი. იმედს ვიტოვებ, ჩემი შვილი რომ გაიზრდება, მის თაობას სხვანაირი მენტალიტეტი და ცნობიერება ექნება და გამიგებს.
ლიანა, 41 წლის.