ცოლები და საყვარლები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-22(805)
ლევანმა სიჩქარეს უკლო და ტელეფონს, გაუჩერებლად რომ რეკავდა, უკმაყოფილოდ დახედა.
– ისევ დენის დედაა?
– არა. მგონი, ამ ზარს უნდა ვუპასუხო.
– რა ხდება?
– რამდენიმე წუთით მანქანას გავაჩერებ. გზას აუცილებლად გავაგრძელებთ...
– ესე იგი, ეჭვიანი ცოლი ნერვიულობს, – დაასკვნა მაქსმა და გაჩერებული მანქანის კარი გააღო, – ცუდია, რომ ბარიდან სასმელი არ წამოვიღეთ. ვწუხვარ, რომ ჩემ გამო პრობლემები შეგექმნება ნანასთან.
– არა, არა, ეს ეჭვიანი ცოლის ზარი არ არის, მეგობარი მირეკავს ჩემი ქვეყნიდან. იქ ახლა ძალიან ადრეა – ეტყობა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა...
***
ნანამ ფეხსაცმელები შესასვლელშივე მიყარა და სამზარეულოსკენ ფეხშიშველი გაემართა. შიმშილის გრძნობა ყოველთვის უმძაფრდებოდა, როგორც კი ნერვიულობას იწყებდა. უცნაურმა ხმებმა მიიქცია მისი ყურადღება. ხმები ზედა სართულის ერთ-ერთი ოთახიდან მოდიოდა. სხვა დროს, შესაძლოა, ყურადღება არ მიექცია, მაგრამ, გაღიზიანებულმა ლევანის გაუჩინარებით და იმით, რომ ამაში მის შვილსაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, უხმაუროდ აირბინა კიბე. ვრცელ, რბილი ხალიჩებით მოფენილ მისაღებში, იატაკზე დენისა და სამანტას შიშველი სხეულები ვნებით ეხვეოდნენ ერთმანეთს. ნანა არც შეუმჩნევიათ, ისე იყვნენ რეალობას მოწყვეტილნი. ნანა გაშრა. ერთხანს გაშტერებული შესცქეროდა აღტკინებულ წყვილს, მერე შებრუნდა და თავდახრილი დაეშვა კიბეზე. როცა ორი საათის შემდეგ დენი სამზარეულოში წყლის დასალევად ჩავიდა, ნანა მაგიდასთან იჯდა, გამალებული ჭამდა სენდვიჩებს და ვისკის აყოლებდა.
– დედა, მეგონა, გეძინა. აქ რას აკეთებ?
– ვერ ხედავ? ვჭამ... – შეუბღვირა ქალმა და სენდვიჩის მორიგი ლუკმა გადაყლაპა.
დენიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, სკამი აიღო და მაგიდას მიუჯდა.
– რატომ ნერვიულობ, ლევანი რომ არ არის სახლში? ხომ გითხარი, მაქსს გაჰყვა-მეთქი და მალე დაბრუნდებიან.
ნანამ ხმამაღლა გაიცინა:
– როგორი მზრუნველი შვილი მყავს – ჩემთვისაც მოიცალა... სამანტა კარგი საყვარელია?
– დედა... – დენი გაწითლდა, – შენ რა, გვითვალთვალებდი?
– ეს ჩემი სახლია, საყვარელო, მეორე სართულზე ტანსაცმლის გამოსაცვლელად ამოვედი, თქვენ კი ძალიან ხმაურობდით... იატაკზე...
– აჰა, ესე იგი, დაგვინახე...
– ჰო, ასე გამოვიდა. გიყვარს ეგ გოგო?
– სულელური შეკითხვაა, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ბიჭმა.
– ესე იგი, არ გიყვარს...
– დედა, ეს ჩემი პირადი საქმეა, მარტო ჩემი და შენ ამას ყოველთვის ითვალისწინებდი.
– ახლაც ვითვალისწინებ. მაგრამ, არ მიგაჩნია, რომ, რადგან ეს ყველაფერი ჩემს სახლში ხდება, უნდა ვიცოდე, რა გეგმები გაქვს და რისთვის უნდა ვიყო მზად?
– ვერ ვხვდები, რას მეკითხები... შენ რა, გგონია, თუ გოგოსთან სექსი მაქვს, მის მიმართ აუცილებლად გეგმებიც უნდა მქონდეს?! დედა, ბავშვი აღარ ვარ... ეს ცხოვრებაა, ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება, არაფერი განსაკუთრებული...
– ვითომ? დენი, სამანტა „შემთხვევით გოგოს“ არ ჰგავს.
– არც არის „შემთხვევითი გოგო“, – ამოიოხრა დენიმ, – ოჰ, დედა, რაზე ვლაპარაკობთ? თუ გაინტერესებს, მამოძრავებს თუ არა სამანტას მიმართ თბილი გრძნობები, გეტყვი, რომ არა! დამშვიდდი.
– ამას შენ ამბობ? – მშვიდად ჩაილაპარაკა ნანამ და ვისკი მოსვა.
– რა?! – ვერ მიხვდა დენი.
– რა და... წარმოდგენა არ გაქვს, სამანტა რას ფიქრობს, მას რა უნდა.
– ნუ ნერვიულობ-მეთქი, რა დაგემართა? მე და სამანტას ყველაფერი გარკვეული გვაქვს. ვწუხვარ, რომ უხერხულ მომენტში მოგვისწარი. არა, არაფერს ვმალავ. უბრალოდ, არც ისეთი სასიამოვნო იქნებოდა შენთვის იმის ნახვა, როგორ იკმაყოფილებს შენი შვილი ბუნებრივ მოთხოვნილებას.
ნანამ წყრომით შეხედა ბიჭს:
– დენი, შენი სიტყვები ძალიან ცინიკურად ჟღერს. კარგი, მოვრჩეთ ამაზე. წყლის დასალევად ჩამოხვედი? დალიე და წადი, მიხედე იმ გოგოს...
– ახლა შენ მელაპარაკები ცინიკურად. პირდაპირ მითხარი, სამანტას საწინააღმდეგო გაქვს რამე?
– არაფერი. უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა მატყუებენ.
დენიმ მხარზე დაადო ქალს ხელი:
– ყველაფერი გავიგე – შენ იმის გამო ნერვიულობ, ფიქრობ, რომ გატყუებ. კარგი, გეტყვი: მაქსმა აიხირა, ჩემი ყოფილი საცოლე უნდა ვნახოო. არ მინდოდა მისი გაშვება, მაგრამ ვერაფრით გადავათქმევინე – მეჩხუბა და კატეგორიული უარი მითხრა, გავყოლოდი. მარტო ვერ გავუშვი და ლევანს ვთხოვე, გაჰყოლოდა. ძალიან გთხოვ, არ გაუბრაზდე.
– ვის, ლევანს თუ მაქსს? – ჩაიცინა ნანამ. დენის გულზე მოეშვა:
– მორჩა, აღარ ბრაზობ და ეს უკვე კარგია. ახლა მართლა სამანტასთან ავალ, შენ კი გთხოვ, მეტს ნუღარ დალევ.
ნანამ თავი დაუქნია შვილს და ნაძალადევად გაუღიმა.
***
ოთახში დაბრუნებულ კახას თეონა საწოლში წამომჯდარი დაუხვდა. თვალებგაფართოებული მისჩერებოდა აივანზე გასასვლელ კარს და კითხვით სავსე მზერას არ აშორებდა კაცს.
– რატომ გღვიძავს? – გაღიზიანებული ტონით ჰკითხა კახამ, მობილური იქვე, კომოდზე მიაგდო და საწოლზე ჩამოჯდა.
– ავდექი, რომ ბავშვისთვის დამეხედა, შენ კი არ იყავი და შემეშინდა.
– აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად, დაიძინე...
– კახა, რა მოხდა?
– არაფერი, რა უნდა მომხდარიყო? – კახა საბნის ქვეშ შეწვა და თეოს გაუღიმა.
– მობილური რად გინდოდა აივანზე?
კახამ არ უპასუხა. თეონამ მუდარით შეხედა ქმარს:
– უნდა მითხრა, ვის დაურეკე. კახა, გთხოვ, უარყოფას აზრი არა აქვს.
– კარგი, ოღონდ, არ იტირო. ლევანს ველაპარაკე.
– რა?! ლევანს დაურეკე ამერიკაში და ელაპარაკე?
– ჰო. გაოცებული რატომ მიყურებ? ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა.
– ღმერთო... კი მაგრამ, რა უთხარი?
– ყველაფერი...
– რა?! რა ყველაფერი? კახა... – შეძრწუნდა თეონა.
– ჰო, ყველაფერი და ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა. ახლა გულზე მომეშვა და თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.
– ბავშვი? ბავშვიც უთხარი? – თეონა მაჯაზე ჩაებღაუჭა. კახამ ქალს ბრაზით შეხედა:
– ბავშვი ჩემია, ჩემი შვილია და, ძალიან გთხოვ, მეორედ ამ თემაზე არაფერი თქვა...
ეს სიტყვები ისეთი მკაცრი ტონით იყო ნათქვამი, რომ თეონა შეკრთა.
***
მაქსი მანქანიდან გადავიდა, გაშეშებულივით მდგარ ლევანს მკლავზე მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია:
– რა ხდება?
– ჰა? რა მკითხე? – ლევანმა შუშის თვალებით შეხედა. ხელში ისევ მობილური ტელეფონი ჰქონდა ჩაბღუჯული.
– ისეთი სახე გაქვს... ასეთი რა გითხრეს?
ლევანმა დაბნეული მზერა მიაპყრო. მაქსი სერიოზულად შეშფოთდა.
– კარგად ხარ? არ მეტყვი, ვინ დაგირეკა?
– ჩემმა მეგობარმა... უფრო სწორად, ჩემმა ყოფილმა მეგობარმა... თუ, არ ვიცი... მოკლედ, ჩემი ყოფილი ცოლი გათხოვდა. ჰო, ყოფილი ცოლი გათხოვდა...
– ეს შენმა მეგობარმა გითხრა? ამისთვის დაგირეკა?
– ჰო, იმისთვის დამირეკა, რომ ეთქვა... ეთქვა... შენი ცოლი ცოლად შევირთეო... – ლევანმა შუბლზე მოისვა ხელი. მაქსმა თანაგრძნობით შეხედა:
– ჰო, არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ, ყოფილი მაინც ყოფილია და არ ღირს ნერვიულობად.
– ჩემი ცოლი... ყოფილი ცოლი, ცოლად გაჰყვა ჩემს მეგობარს... უკვე ჩემს ყოფილ მეგობარს...
– შენ ეს ამბავი გაწუხებს?
ლევანმა მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, შეიძლება, მაწუხებს კიდეც...
– რას აპირებ?
– რას უნდა ვაპირებდე? თეონა ჩემი ცოლი აღარ იყო, ახლა არც მეგობარი მყავს – სულ ესაა. წავიდეთ.
ლევანი ცდილობდა, არ ეფიქრა იმაზე, რომ კახას ზარმა ტკივილი მიაყენა. ხომ შეიძლებოდა, თეონა სხვა კაცზე გათხოვილიყო?! – ამის ალბათობა მაშინვე დაუშვა, როცა ნანასთან ერთად თვითმფრინავში ჩაჯდა – ცოლთან ხომ არც ულაპარაკია. არც წასვლის მიზეზი აუხსნია და არც ერთგულების ფიცი მოუთხოვია მისგან... საჭეს ატრიალებდა და ისევ და ისევ კახას ნათქვამს აანალიზებდა. უცებ მიხვდა, რომ ამ ყველაფერზე – მეგობრისა და ყოფილი ცოლის შეუღლებაზე მძიმე გაბრიელასთან შეხვედრა იქნებოდა...
ეზოს ჭიშკარიც კი ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ ლევანს ლამის მეტყველების უნარი წაერთვა. მაქსიც არ იყო უკეთეს დღეში, მაგრამ, სულ სხვა მიზეზით – მას გაბრიელასთან მოსალოდნელი შეხვედრა აფრთხობდა.
– უნდა ვნახო, – თქვა გადაჭრით.
– გვიან არის. ასეთ დროს სტუმრობა?! არა მგონია, მის მშობლებს მოეწონოთ...
მაქსმა ხელი ჩაიქნია:
– მის მშობლებთან პრობლემა არ იქნება, აი, გაბრიელას კი ნამდვილად არ ეძინება.
გაბრიელას მართლა არ ეძინა. ოჯახში, მშობლებთან დაბრუნებამ მისი ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა. მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ოჯახში მიღებულ მკაცრ განაწესს უნდა დამორჩილებოდა. რამდენიმე დღეში ამან ისე დაღალა, რომ ლამის ინანა თავისი გადაწყვეტილება, თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ოჯახის მხარდაჭერა ძალიან სჭირდებოდა, სჭირდებოდა მშობლების ზრუნვაც. დედას ვერასდროს უგებდა. გაბისგან განსხვავებით, დედამისი კეთილშობილ ქალთა პანსიონში აღზრდილივით იქცეოდა – დახვეწილი მანერები და უწყინარი ხასიათი ჰქონდა, რაც საერთოდ არ არის დამახასიათებელი ლათინურამერიკული წარმოშობის ქალებისთვის. ფიცხი, ზედმეტად ფეთქებადი და სპონტანური ხასიათით კი მამას ჰგავდა, ყავის მაგნატს, უმდიდრეს და ანგარიშგასაწევ კაცს, რომელსაც პარლამენტში ყველაზე გავლენიანი ფრთა ლობირებდა. მკაცრ ტრადიციებზე აღზრდილი კაცისთვის შვილის ცხოვრების წესი აბსოლუტურად მიუღებელი იყო, მაგრამ, როცა რამდენიმე გრანდიოზული სკანდალის შემდეგ, რომელშიც ჩაშლილი ქორწილიც შედიოდა, გაბრიელა სახლიდან წავიდა, მამის რკინის გული მოლბა. ერთადერთი ქალიშვილი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, ამიტომ, მის მიმართ გამოწერილი „სანქციების“ შერბილება დაიწყო: უგზავნიდა ფულს – არც ისე დიდ თანხას, მაგრამ, სტაბილურად, ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. შვილთან დარეკვა და ლაპარაკი ცოლსაც აუკრძალა, თუმცა თავის ერთ-ერთ დაქვემდებარებულ ადამიანს (ასეთები ბევრი ჰყავდა), გაბიზე თვალყურის დევნება დაავალა მისი უსაფრთხოების მიზნით. ამბები, რომლებიც შვილზე მოსდიოდა (ისიც სანახევროდ შერბილებული) ძალიან აბრაზებდა, თუმცა, როცა გაბრიელა მოულოდნელად დაბრუნდა, ისე გაუხარდა, ერთი სასაყვედურო სიტყვაც კი არ უთქვამს მისთვის; არც იმაზე ამოუღია ხმა, გაბიმ ხმაურიანი წვეულებების მოწყობა რომ დაიწყო და ყოველღამე, გვიანობამდე, ეზოში, აუზის გარშემო, გაურკვეველი პროფესიის, ჩაცმულობისა და მსოფლმხედველობის ადამიანები იყრიდნენ თავს...
მაქსი ჭიშკართან შეჩერდა და შეეცადა, კედელსა და რკინის მასიურ კარს შორის დარჩენილ ნაპრალში შეეჭყიტა.
– აქ რაღაც ხდება, – თქვა და ლევანს გაუბედავად შეხედა, – ეზოში ბევრი ხალხი ირევა და მთლიანად გაჩირაღდნებულია აქაურობა.
– ეტყობა, გათხოვდა გაბრიელა და დააგვიანე, – გაეხუმრა ლევანი და მაშინვე ინანა. ისეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა მის სიტყვებზე ბიჭს – კარს მივარდა და, იმის მაგივრად, რომ ზარი დაერეკა, მუშტები დაუშინა. კარი გაიღო – ნელა და მძიმედ გასრიალდა მარცხნივ და შეიარაღებულმა დაცვის ბიჭმა უკმაყოფილოდ შეათვალიერა დაუპატიჟებელი სტუმრები.
– ვინ ხართ და რა გნებავთ? – იკითხა მკვახე, არაკეთილგანწყობილი ტონით, როცა მაქსმა საუბრის დაწყება დააგვიანა.
– გაბრიელასთან მოვედით... – სიტყვა შეაშველა ლევანმა.
– ქალბატონს სტუმრები ჰყავს. უნდა მითხრათ თქვენი ვინაობა და გადავცემ. თუ საჭიროდ ჩაივლის, რომ შემოხვიდეთ, მეტყვის.
მაქსმა სასოწარკვეთით გადახედა ლევანს.
– გადაეცით, რომ მისი მეგობარი მოვიდა, ძალიან ძველი მეგობარი, – უთხრა დაცვას ლევანმა და, როცა ახმახი კარს იქით გაუჩინარდა, ფერწასულ მაქსს მიუბრუნდა: – ძალიან იცავენ შენს ყოფილ საცოლეს.
– ჰო, ვერ მიცნო, ახალია, – ხელი ჩაიქნია მაქსმა, – როგორ ფიქრობ, გაბრიელა მოინდომებს ჩემს ნახვას?
– მე ხომ არ მითქვამს, ვინ არის ძველი მეგობარი, – ნაძალადევი ღიმილით გაამხნევა ლევანმა, – მე მანქანაში დაგელოდები, კარგი?
– იქნებ შემომყე... უფრო მშვიდად ვიქნები.
– მირჩევნია, გარეთ დაგელოდო. ნუ ნერვიულობ, წყნარად დაელაპარაკე, ყველაფერი უთხარი, რაც გინდა და რასაც ფიქრობ.
– მე მარტო ერთი რამე მინდა – ჩემთან დაბრუნდეს, – ამოიოხრა მაქსმა.
ლოდინის მტანჯველი წუთები უსასრულოდ გაიწელა. ლევანს ეგონა, რომ მთელი საუკუნე გავიდა. ბოლოს, როგორც იქნა, კარი გაიღო და კაცმა გაბი დაინახა – თვალისმომჭრელ კაბაში გამოწყობილი და მხიარულად მოკისკისე, ხელში კოქტეილის ჭიქით. გაბრიელამაც დაინახა ლევანი და გაოგნებული მიაჩერდა.
– შენ ხარ? როგორ მომაგენი? – ჰკითხა შემცბარმა და ლევანმა იგრძნო, როგორ დაუარა ცხელმა ტალღამ მთელ სხეულში, მუხლები კი ისე აუკანკალდა, კინაღამ იქვე ჩაიკეცა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში