კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელობა თამაშის ელემენტებით

მისის მიკერი უკვე ხანში იყო შესული – არისტოკრატული წარმოშობის, ერთ დროს ულამაზესი და უმდიდრესი ქალი, ახლა ქმრის საგვარეულო ციხე-კოშკისა და მამულის ამარად იყო დარჩენილი. მეუღლის, სერ მარკუს უფროსის გარდაცვალების შემდეგ, მათმა ერთადერთმა ვაჟმა, მარკუს უმცროსმა მამის ქონება გაანიავა... საყვარელი ცოლი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მან კი ჯერ სმას მიჰყო ხელი, მერე აზარტულ თამაშებსაც შეეჩვია და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ერთადერთი ქალიშვილი დარჩა, რომელიც მისის მიკერთან, ანუ ბებიასთან იზრდებოდა. როცა მიკერმა შვილი გამოიგლოვა, აღმოაჩინა, რომ სრული ფინანსური კატასტროფის წინაშე იდგა. შვილმა ის, ფაქტობრივად, უფულოდ დატოვა. წლების განმავლობაში ციხე-კოშკი გავერანდა და ძვირფასი ნივთებისგან დაიცალა. მისის მიკერი მტკივნეულად განიცდიდა საყვარელი ნივთების გაყიდვას, მაგრამ რა ექნა, შიმშილით ხომ არ მოკვდებოდა შვილიშვილთან ერთად? დაგირავებული მამული კიდევ ცალკე უნდა ედარდა, მაგრამ მისი გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. პატარა პოლი რომ გაიზარდა, მისის მიკერი უკვე ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული. გაუმართლა, რომ  პოლი შეუყვარდა იმ საადვოკატო კომპანიის მეპატრონის ვაჟიშვილს, რომელსაც მისი მეუღლე ენდობოდა. თავის ოფისშიც კი დააწყებინა მუშაობა და კრედიტორებსაც აჩერებდა. მისის მიკერს იმედი ჰქონდა, რომ პოლი როდესმე ცოლად გაჰყვებოდა ფრეზერ-უმცროსს და მათი პრობლემებიც მეტ-ნაკლებად მოგვარდებოდა.
სწორედ იმ დღეს, როცა მისის მიკერს დაბადების დღე ჰქონდა და ფიქრობდა, როგორ გადაიხდიდა პოლის ნაჩუქარი ვერცხლის გულსაბნევით მებაყლის ვალს, მასთან ვიღაც მამაკაცი მივიდა... ერთადერთმა მსახურმა, რომელიც მისის მიკერს ერთგულების გამო შემორჩა, მისი მოსვლა აუწყა. პოლიც მაშინ შემოვიდა ოთახში, როცა უცნობმა მისის მიკერს თავაზიანად აკოცა ხელზე და მოწნულ სავარძელზე ჩამოჯდა. ცდილობდა, თავაზიანი ყოფილიყო მაგრამ ჩაცმულობითაც და მანერებითაც ბანდიტს ჰგავდა და მისის მიკერზე უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. რასაც ვერ იტყოდი პოლიზე, რომელიც სტუმარს დაუფარავი ინტერესით ათვალიერებდა.
– მისის მიკერ, საქმიანი კაცი ვარ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. დიდი ხანი არ არის, რაც გავმდიდრდი და მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრებას ვცდილობ. არ დაგიმალავთ, ჩემი სტატუსის შესაფერი რეზიდენცია მჭირდება. თქვენი მამული ამისთვის შესაფერისია, ამიტომ მისი ყიდვა გადავწყვიტე.
– მამული არ იყიდება, – ცივად მოუჭრა მისის მიკერმა.
– ყველაფერი იყიდება, ძვირფასო ქალბატონო. მე მასში წარმოუდგენელ თანხას გადაგიხდით – ორასი ათას დოლარს, ნაღდი ფულით. ეს ძალიან ბევრია. თქვენც ფუფუნებაში იცხოვრებთ, რომელიც ასე გაკლიათ და გენატრებათ. ეს ლამაზი ქალიშვილიც თავისი ძვირფასი სამოსით, სასუსნავით თუ გასართობით გაინებივრებს თავს.
– მამული არ იყიდება! შეგიძლიათ, მიბრძანდეთ!
– მისის მიკერ, თქვენს თავაზიანობასა და სტუმართმოყვარეობაზე ამ არემარეში ლეგენდები დადის. მეგობრად მაინც მიმიღეთ და ნება მომეცით, საღამო თქვენთან ერთად გავატარო – გაგართობთ.
– რით უნდა გამართოთ?
– ბრიჯით... თქვენ თამაშობთ ბრიჯს?
– ძალიან ცუდად, – იცრუა მისის მიკერმა და გამაფრთხილებლად გახედა შვილიშვილს. მაგრამ, ამის გაკეთება საჭიროც არ იყო. სტუმრით მოხიბლულ ქალიშვილს კარგად არც გაუგონია ნათქვამი. მისის მიკერს შეეშინდა, რომ მამულთან ერთად შვილიშვილსაც დაკარგავდა... და რომ ორივეს ეს განგსტერი ჩაიგდებდა ხელში. სტუმარს მაინც თავაზიანად გაუღიმა და პოლს ბანქოს მოტანა სთხოვა.
იმ საღამოს მერე მისტერ მეიერი ბებიას და შვილიშვილის ხშირი სტუმარი გახლდათ. ბანქოს თამაშის დროს, თითქოს სხვათა შორის, სიტყვას იმ ვალებზე ჩამოაგდებდა, მისის მიკერს მამულის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე რომ აყენებდა. არისტოკრატი ქალბატონი ფიქრობდა, გამოსავალი ეპოვა... პოლი უკვე აღარ მალავდა თავის თბილ დამოკიდებულებას მისტერ მეიერის მიმართ. მდგომარეობა ფეთქებადსაშიში ხდებოდა. მისის მიკერმა ფრეზერ-უმცროსი დაიბარა და სთხოვა, მისტერ მეიერის შესახებ ცნობები შეეკრიბა. ფრეზერ-უმცროსი არანაკლებ განიცდიდა პოლის შესაძლო დაკარგვის საფრთხეს.
– თქვენ რაღაც გეგმა გაქვთ? ძალიან ვნერვიულობ, პოლი მიყვარს. მის დაკარგვას ვერ გადავიტან. რა მოხდება, თუ თქვენი გეგმა არ გაამართლებს?
– ფრეზერ, ძვირფასო, უნდა მენდო. შენ მხოლოდ საჭირო ინფორმაცია მომიტანე.
ორი დღის შემდეგ ფრეზერმა მისის მიკერს განსაცვიფრებელი ცნობები მიუტანა.
– მოკლედ ასე, მისტერ მეიერი დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ის ცნობილი განგსტერის, მიხალიკ იეგერეუს მარჯვენა ხელია. მამულის ყიდვაც სწორედ მიხალიკს უნდა. ფული მისია. მეიერი დავალებას ასრულებს და როგორც ჩანს,  გეგმა შეიმუშავა. თქვენგან მამულს იყიდის. მერე პოლს აცდუნებს და ორასი ათასი დოლარის დაბრუნებას შეძლებს. ვინ იცის, შეიძლება, თქვენი მოკვლის გეგმაც აქვს...
– ვნახოთ, ვისი გეგმა გაამართლებს, – ჩაილაპარაკა მისის მიკერმა.
მეორე დღეს, საღამოს, ქალბატონმა მისტერ მეიერს ავანტურისტული გეგმა შესთავაზა. ითამაშებდნენ ერთ პარტიას, მხოლოდ ერთს და გამარჯვებული ყველაფერს მიიღებდა. მისის მიკერი თუ მოიგებდა, ორასი ათასი დოლარი მას დარჩებოდა, თუ წააგებდა, მამულს შეელეოდა. მისტერ მეიერი ღიმილით დათანხმდა და ალბათ, იფიქრა, ეს ქალი სიბერეში გამოშტერებულაო. დარწმუნებული იყო, რომ ამ თამაშს მოიგებდა და ასეც ხდებოდა პირველ ეტაპზე. მაგრამ, როგორც კი მისტერ მეიერმა იფიქრა, ახლა კი მოვიგეო, მისის მიკერმა ბრიჯის ისეთი წესი გამოიყენა, რომლის შესახებ მხოლოდ ბრიჯის პროფესიონალმა მოთამაშეებმა იციან. თამაში დასრულდა. მისტერ მეიერზე წაგებამ წარმოუდგენლად იმოქმედა. შეშლილივით წამოხტა და უშვერი სიტყვებით დაიწყო გინება. პოლიც კი დაავიწყდა და როცა ქალიშვილი მის დამშვიდებას შეეცადა, უხეშად ჰკრა ხელი. მერე კი კარი ისე გაიჯახუნა, ლამის ფანჯრების მინები ჩამოამსხვრია.
მისის მიკერმა ეშმაკური ღიმილით შეხედა ფრეზერ-უმცროსს.
– როგორ ფიქრობთ, შემიძლია, დამშვიდებული სინდისით დავიტოვო ეს ფული?
– დიახ, რა თქმა უნდა. ბანქოს ვალების დაბრუნება მეიერისა და მიხალიკ იეგერეუს ყაიდის ხალხში წმიდათაწმიდაა. ამ მხრივ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მიხალიკი თქვენ არ შეგეხებათ, მაგრამ მისტერ მეიერის საქმე  ცუდად არის. მის ადგილას, სასწრაფოდ გადავიხვეწებოდი სადმე, ძალიან შორს, სიცოცხლე რომ გადამერჩინა.
ფრეიზერ-უმცროსი მართალი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ადგილობრივ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის გარეუბანში მოკლული მამაკაცის გვამი იპოვეს. პოლიციამ მასში მეიერი ამოიცნო. ბრალდება განზრახ მკვლელობაზე მიხალიკ იეგერეუს წაუყენეს. მან თავი დაიძვრინა მოტივის არქონის მიზეზით. მხოლოდ მისის მიკერმა და ფრეზერ-უმცროსმა იცოდნენ მოტივი. მეიერმა მიხალიკის ფულით გარისკა – გარისკა და წააგო.

скачать dle 11.3