ძიძა
ხუთი დღის იყო, პირველად ხელში რომ აიყვანა. იმის მერე ხელიდან არ გაუშვია: ღამის თენებებიო, მთელი ღამე წინ და უკან სირბილიო, ხან მაღალი ტემპერატურაო, ხან გაზებიო, ჩაბჟირებებიო, პირველი „აღუო,” მერე კბილების ამოსვლაო, პირველი სიტყვაო, პირველი ნაბიჯიო... დაარიგეს:
– არ შეგიყვარდეს, მერე გაგიჭირდებაო! – ვერ გაუძლო, შეუყვარდა – თავს ერჩივნა; არა, უფრო მეტად – შვილივით შეუყვარდა.
***
ფიქრია ხვედელიძე ხაშურში დაიბადა, შეძლებულ ოჯახში. მამას კულინარიული საწარმო ჰქონდა გახსნილი – ნამცხვრებს აცხობდა და მაღაზიებს აბარებდა. საქმე კარგად აეწყო, თბილისიდანაც კი ჩადიოდნენ შეკვეთის მისაცემად. ოჯახი უზრუნველად ცხოვრობდა.
საქართველოში ბანკების ბუმი დაიწყო – ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით ახალგახსნილ ბანკებს. ანაბარზე 30%-იან სარგებელს ჰპირდებოდნენ მოსახლეობას. მამამისს დიდი დანაზოგი ჰქონდა და ის შეიტანა თბილისში, ბანკ „აჩიში”. პირველ თვეს მიიღო სარგებელი. ნამცხვრებიდან ამხელა მოგება არ ჰქონდა, ამიტომ, გაყიდა საწარმო და ის თანხაც იმავე ბანკში, დეპოზიტზე დადო. ერთ თვეში სარგებელის ასაღებად რომ მივიდა, იმ ადგილას საპარიკმახერო დახვდა – ბანკი „აჩი” აორთქლებულიყო. გალურჯებული ჩავიდა სახლში, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. მალე დედაც გარდაიცვალა. ძმამ სახლი და კარმიდამო მეზობელს მიჰყიდა და საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. ფიქრიამ უნივერსიტეტში ჩააბარა და თბილისში გადმოვიდა ნაქირავებში. მამის ხელობა გამოადგა: დღისით ლექციებზე დადიოდა, ღამით ნამცხვრებს აცხობდა და დილით პეროვსკაიაზე აბარებდა.
***
დედა ეჭვიანობდა:
– ბავშვი მე აღარ მეკარებაო!
ბებია ითხოვდა:
– გვერდზე დააწვინე, თორემ, თავი გაუბრტყელდებაო!
პაპა ბუზღუნებდა:
– გააჩუმეთ, ხელი მეშლებაო!
ნათესავი ჩიოდა:
– ბავშვმა ჩემს შვილს ჩაარტყაო!
ვისაც არ ეზარებოდა, ზოგად მითითებებს აძლევდნენ
– ნუ ანებივრებო!
– ბავშვი არ გააფუჭოო!
– ჭირვეულობსო!
ყველაფერი რომ მისთვის ემეტებოდა?! მის ტირილზე რომ ეტირებოდა?! მის სიცილზე რომ ცა იხსნებოდა?! უნდოდა, ეყვირა:
– რა თქვენი საქმეა, მე ვიცი, ჩემს შვილს როგორც გავზრდიო! – მაგრამ, არ შეიძლებოდა, დედობრივი გრძნობები უნდა მოეთოკა, არ უნდა გაემჟღავნებინა.
– ფიქია მინდაო! – ფიქრია იქ გაჩნდებოდა.
– ფიქია, ამიკანეო! – ფიქრიას ხელში აჰყავდა.
– ფიქია, ტააში მინდაო! – ფიქრიას სასეირნოდ მიჰყავდა.
კვირაში ერთი დღე ჰქონდა დასვენება. ვაი ამ დასვენებას, თვალცრემლიანი დადიოდა – ბავშვი ენატრებოდა. შვებულებაში არ გადიოდა პატარა არ დამეჩაგროსო!..
***
ბოლო კურსი რომ დახურა, გათხოვდა – რუსთაველ ბიჭს გაჰყვა, თანაკურსელს. ქმრის სახლში გადავიდა, რუსთავში, საძმო, ორსართულიან და ეზოიან სახლში. ქმარი თბილისში მუშაობდა ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ბუღალტრად. სტაბილური, მაღალი ხელფასი ჰქონდა. ფიქრია სახლის საქმეს აკეთებდა. ცოტა ხანში მაზლმა ძმას უთხრა:
– სახლი გავყიდოთ, ჩემი წილი მინდაო!
– კარგიო! – გაყიდეს სახლი, მაზლმა თავისი წილი აიღო და რუსეთში წავიდა. ამათ რუსთავშივე იყიდეს კორპუსის 4-ოთახიანი ბინა.
ერთ წელიწადში მაზლი თავის ძმას მოადგა:
– რუსეთში სესხს არ მაძლევენ, შენ გამოიტანე და ყოველთვიურად მე გადავიხდიო! – ბანკში ბინა ჩადეს და 40 000 დოლარი სესხი გამოიტანეს. მოჰკიდა მაზლმა ფულს ხელი და ისევ რუსეთში გაიქცა. რა თქმა უნდა, არ გადაიხადა, დაიკარგა. ამასობაში, ის ორგანიზაცია დაიხურა და ქმარი უმუშევარი დარჩა. რა უნდა ექნათ? გააქირავეს თავისი 4-ოთახიანი და იმავე კორპუსში იქირავეს ერთოთახიანი ბინა. ცოტა ხანში ბანკიც მოადგა. იდავეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ბანკმა ბინა აუქციონზე გაყიდა. აღებული ფული ძლივს ეყო ძირისა და პროცენტის დაფარვას, თავისი საურავით. დარჩნენ უბინაოდ, ერთოთახიან ნაქირავებში.
გაზეთში გადააწყდა განცხადებას – ვეძებთ ძიძას ახალშობილისთვისო! – ასე მოხვდა წყნეთში, ერთ შეძლებულ ოჯახში - ძიძად. ბავშვის დედა დიდ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და ყოველდღე ღამის 12 საათამდე სამსახურში იყო, მამა იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა – გაყიდვების მენეჯერად.
ნორმალური ხელფასი ჰქონდა, პირობებსაც არა უშავდა, კვება არ აკლდა. დიდი სახლის აბაზანიან, ვერანდიან, იზოლირეულ ოთახში ცხოვრობდა ბავშვთან ერთად. ასე გაიარა სამმა წელმა.
– ისრაელში გიშოვე ძიძის ადგილი, 1 700 დოლარს იხდიანო! – შემოუთვალა ახლობელმა.
– უნდა წახვიდეო! – განაჩენი გამოუტანა ქმარმა.
– მერე, თაკოო?!
– დაგავიწყდებაო!
***
– ფიქია მინდაო! – ასე იწყება ყოველი დღე.
– ფიქიამ მაჭამოსო, ფიქიამ მათამაშოსო, ფიქიამ დამაძინოსო!
– წავიდა შენი ფიქრიაო!
– მინდაო! – ტირის, სადღაა მოღიმარი თაკო. ძიძის ნაჩუქარ ნაჭრის დათუნიას ხელიდან არ უშვებს, ღამით მხოლოდ ფიქრიას ბალიშზე იძინებს, ზედ გული რომ არის ამოქარგული. გახდა, თვალები ჩაუცვივდა. ხშირად ავადმყოფობს. ექიმმა – სისხლის ანალიზში ცვლილებებიაო! – ახლაც მაღალი სიცხე აქვს.
– ფიქია, მიშველეო! – ბოდავს პატარა...
***
ახლა ისრაელშია, იქაურ ოჯახში ბავშვს ზრდის. თაკოსნაირად რომ აღარავინ შეუყვარდება, ეს ნამდვილად იცის. საწოლთან მისი სურათი უდევს, დილა-საღამოს კოცნის და თან ტირის, სურათს ცრემლის ლაქები ეტყობა.
– ფიქია, მიშველეო! – ჩაესმა ძილში. ლოგინიდან წამოვარდა...
***
სიცხისაგან გათანგულ ბავშვს დილით, ადრე გაეღვიძა. საწოლზე, მის ფეხებთან, ქალი იჯდა
– სიხარულოო! – ჩურჩულებდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
– ფიქიაო! – დაიკივლა პატარამ და ძიძას ჩაეკრა. ერთ საათში სიცხე გაუზომეს – თერმომეტრი 36,2 გრადუსს უჩვენებდა.